Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე XXI საუკუნე: მზერა წარსულიდან

XXI საუკუნე: მზერა წარსულიდან

XXI საუკუნე: მზერა წარსულიდან

2019 წლის მიწურულს, 25 დეკემბერს გამოვაქვეყნეთ ვრცელი წერილი (იხ. “საქართველო და მსოფლიო” #47, 2019 .) “მომავალი წარსულის თვალით”, რომელშიც მოთხრობილი იყო, როგორ ხედავდნენ ადამიანები კაცობრიობის მომავალს საუკუნის შემდეგ და გადაადგილების როგორ საშუალებებზე _ სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტზე _ ოცნებობდნენ რამდენიმე ათეული წლის წინათ. დღეს გთავაზობთ ზუსტად 120 წლისწინანდელ ნახატებს, რომლებზეც ასახულია, როგორ ხედავდნენ ადამიანები დედამიწაზე ცხოვრებას XXI საუკუნეში.

1900 წელს პარიზში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე შოკოლადის გერმანელმა მწარმოებელმათეოდორ გოლდებრანდმა და შვილმადაბეჭდა ღია მისალოცი ბარათები, რომლებზეც გამოსახული იყო მომავლის სიუჟეტები, შემდეგ ეს მისალოცი ბარათები ღონისძიებაზე გასაყიდად გატანილ კანფეტების კოლოფებში ჩააწყო. ბარათებზე გამოსახული იყო, მათი აზრით, როგორი იქნებოდა ცხოვრება 2000 წელს.

პოლიციელის რენტგენი დამნაშავეების წინააღმდეგ

ნახატიდან გაუგებარია, როგორ დაეხმარება რენტგენი სამართალდამცველებს დამნაშავეებთან ბრძოლაში.

ქალაქი სახურავით

ქალაქის და, საერთოდ, ტერიტორიის გუმბათის ქვეშ მოქცევა, კარგი იდეაა, სანამ გვალვა არ გაგახსენდებათ.

თეატრი

იმას, რაც ერთ ადგილას ხდება, ხედავს და ისმენს სხვა ადგილას მყოფი. რაღაცას ხომ არ გაგონებთ ჩვენი ცხოვრებიდან?

წყალქვეშა ხომალდები

ოკეანის სიღრმეებში მცურავი ტურისტული წყალქვეშა ნავის გვერდით ვხედავთ ზღვის ველოსიპედს, ზღვის ეტლსა და წყლის ზედაპირზე სასეირნო ველონავს.

გასეირნება წყალზე

ნახატის ავტორის გენიალურობა გამოიხატება არა წყლის ბორბლიან მონოციკლში ან ფეხსაცმელ-კანოეში, არამედ ელეგანტურ პირად საჰაერო ბურთებში, რომლებიც მოსეირნეებს წყლის ზედაპირზე აკავებს. ასეთი საჰაერო ბურთი აქვს ცხენსაც.

სარკინიგზო ხომალდი

ეს მისალოცი ბარათი ბევრ კითხვას აჩენს. ზღვის მატარებელი ჩვეულებრივ საზღვაო ხომალდზე უკეთესია? ის მხოლოდ წყალმარჩხში “ცურავს”? რატომ უკიდია ცეცხლი?

მფრინავი მანქანები

რა არის მომავალი კერძო თვითმფრინავების გარეშე? ამ მისალოც ბარათზე გამოსახულია მფრინავი მანქანების რამდენიმე ვარიანტი, თანაც ყველა ძალიან სახიფათო.

კარგი ამინდის შემქმნელი იარაღი

ასე ხედავდნენ ჩვენს დროებაში ღრუბლების გასაფანტავ იარაღს 120 წლის წინათ მცხოვრები ადამიანები.

მოძრავი სახლები

ადამიანები ჯერ კიდევ იყენებენ ეტლებს, რომლებშიც ცხენებია შებმული, და ორთქლის მანქანებს, მაგრამ უკვე შეძლეს მრავალბინიანი სახლების შექმნა, რომლებსაც გადაადგილება შეუძლია.

მოძრავი ტროტუარები

ასეთი მოძრავი ბილიკები აეროპორტებსა და ჰიპერმარკეტებში სულის მოთქმის საშუალებას აძლევს ადამიანს, მაგრამ მოძრავი ტროტუარი სახიფათო ხომ არ იქნება?

მწერლები და მეცნიერები კაცობრიობის მომავალზე

ჰერბერტ უელსი

კაცობრიობის მომავალზე დაწერილი ნაწარმოებებით გამოირჩევა ინგლისელი მწერალი ჰერბერტ უელსი (1866-1946), რომლის ბევრი წინასწარმეტყველება ახდა. განსაკუთრებით საინტერესოა წიგნი “მომავლის ფორმა” (The Shape of Things to Come), რომელიც 1933 წელს გამოიცა. მასში უელსმა იწინასწარმეტყველა II მსოფლიო ომის დაწყება 1940-იან წლებში და ამ ომში სამხედრო-საჰაერო ტექნიკის ფართოდ გამოყენება, ბევრი ბრძოლა ცაში და მსოფლიოს დიდი ქალაქების დაბომბვა. ჩვენ ვიცით, რომ ეს ყველაფრი ახდა.

უელსმა, აგრეთვე, ივარაუდა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყებოდა ეპიდემია, დადგებოდა დიქტატურის ხანა და განადგურდებოდა ყველა რელიგია, ეს კი საბოლოოდ გამოიწვევდა გლობალურ უტოპიას. დრო გვიჩვენებს, შეესაბამება თუ არა უელსის ეს პროგნოზი სინამდვილეს.

ვერნერ ვინჯი და ირვინგ ჯონ გუდი

ტერმინი “ტექნოლოგიური სინთეზი” მოიგონა ამერიკელმა ვერნერ ვინჯმა _ მეცნიერმა, კომპიუტერული ტექნიკის სპეციალისტმა, სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის წიგნების ავტორმა. ის, თავის მხრივ, აღფრთოვანებული იყო სტატისტიკოსისა და კრიპტოლოგის, ირვინგ ჯონ გუდის, 1964 წელს გამოქვეყნებული მონოგრაფიით. ამ ნაშრომში გუდმა წამოაყენა თეზისი, რომ ადამიანმა თავის გადასარჩენად უნდა შექმნას მანქანა, რომელიც მასზე ჭკვიანი იქნება და გამუდმებით სრულყოფს თავის თავს. ვინჯის აზრით, ეს XXI საუკუნის შუა წლებში მოხდება და შეიძლება ბევრი არასასურველი მოვლენა გამოიწვიოს დედამიწაზე.

აღსანიშნავია, რომ ბევრი ფუტურისტი წინასწარმეტყველებს ტექნოლოგიების წარმოუდგენლად განვითარებას, მაგრამ შეიძლება სირთულეები შეიქმნას იმ რესურსის გამოყენების მიმართ, რომელიც ამ ტექნოლოგიების განვითარებისთვის არის საჭირო.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here