“საქართველო და მსოფლიოს” წინა ნომერში გამოქვეყნდა სკანდალური მასალა, რომელშიც საუბარია იმის შესახებ, როგორ მუშაობენ დიპლომატიური საფარველის ქვეშ ამერიკელი მზვერავები და როგორ თანამშრომლობენ მათთან ქართველი პოლიტიკოსები, მაგრამ ამის შესახებ ხმას არავინ იღებს. ნიშნავს თუ არა ეს დუმილი იმას, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც “სტრატეგიული პარტნიორის” მითითებების მორჩილი შემსრულებელია და რატომ არ აქვს რეაქცია საზოგადოებას პოლიტიკური ისტებლიშმენტის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაზე? ჩვენ უშიშროების ყოფილ მინისტრს, ვალერი ხაბურძანიას, ვესაბრეთ, რომელმაც კონკრეტული ფაქტები გვიამბო, როგორ ერეოდა ამერიკის საელჩო ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების მმართველობაში.
_ ბატონო ვალერი, “საქართველო და მსოფლიოს” წინა ნომერში გამოქვეყნდა მასალა საქართველოში ამერიკის გავლენის აგენტებზე. მასალაში საუბარია იმაზე, როგორ მუშაობენ დიპლომატიური საფარვეის ქვეშ ამერიკელი მზვერავები და როგორ თანამშრომლობენ მათთან ქართველი პოლიტიკოსები. მაგალითად, სტატიაში ვკითხულობთ: “რამდენიმე შეკითხვას დავუსვამ ქალბატონ თინა ხიდაშელს, ბატონებს _ ბოკერიასა და უსუფაშვილს: ხშირად ხვდებოდით თუ არა საქართველოში აშშ–ის საელჩოს სამხედრო ატაშეს, პოლკოვნიკ ჯეფრი ჰარტმანს, რომელიც უზბეკეთის საელჩოდან გადმოიყვანეს საქართველოში და რომელიც ოფიციალურად თანამშრომლობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან, მაგრამ რისთვის შეხვდით მას თქვენ _ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, უშიშრობის საბჭოს ყოფილი მდივანი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე?” რას იტყვით ამ საკითხზე?
_ როგორც იტყვიან, საუკუნეა, რაც დათო უსუფაშვილს ვიცნობ, თინა ხიდაშელსაც _ დაახლოებით ასე, გიგა ბოკერიასაც ვიცნობ. ეს ადამიანები ორიენტირებულნი არიან ამერიკაზე, იქ მიიღეს განათლება, მათთვის პოლიტიკური კარიერის შექმნაში ამერიკას დიდი წვლილი მიუძღვის. ისინი მხოლოდ ამერიკის ჭრილში ხედავენ საქართველოს მომავალს, ხვდებიან ისეთ ადამიანებს, როგორიც, მაგალითად, ჯეფრი ჰარტმანია, და ატარებენ მათ პოლიტიკას.
_ რას ნიშნავს მათი პოლიტიკის გატარება? ნიშნავს თუ არა ეს უცხო ქვეყნის ინტერესების მსახურებას და ჯაშუშობას?
_ ეს ადამიანები ამით ცხოვრობენ, ამ აზრზე არიან, ასე ჩამოყალიბდნენ. შესაძლოა, ხვდებიან, რომ ეს ასე არ არის, მაგრამ, როგორც იტყვიან, “აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს”… უფრო დავით უსუფაშვილს ექნება, ალბათ, ასეთი განცდა, ვიდრე ბოკერიას ან თინას, რადგან ისინი ცნობიერებით უფრო ამერიკელები არიან, ვიდრე ქართველები. დღეს ჩვენს ქვეყანაში ამერიკის ინტერესების გატარება არ ითვლება კრიმინალად. საზოგადოების დიდ ნაწილსა და პოლიტიკურ ისტებლიშმენტში ჩამოყალიბდა მიდგომა, რომ ამერიკული ინტერესები _ ეს არის სწორი და მართალი ინტერესები. ამერიკის კატეგორიული ტონი, შანტაჟი არის იმის მიზეზი, რომ გაეროში იერუსალიმის საკითხის განხილვისას ჩვენი წარმომადგენელი დაიმალა. დიდ პატივს ვცემ ებრაელ ხალხს და მათი გულშემატკივარი ვარ, მაგრამ, როდესაც დიდი პოლიტიკა საფრთხეს უქმნის შენს სახელმწიფოს, უნდა გეყოს ჭკუაც და გამბედაობაც, მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც შენი ქვეყნის ინტერესებს არ დააზარალებს.
სამწუხაროდ, დღეს ამერიკელები ფართოდ არიან წარმოდგენილნი ქართულ პოლიტიკაში და ისეთი ვითარება შეიქმნა, რთული განსასაზღვრიც კია, სად არის ქართული სახელმწიფოს ინტერესი და სად _ ამერიკის. როგორც აღვნიშნე, პოლიტიკური ისტებლიშმენტი თვლის, რომ დასავლური ღირებულებები, ორიენტაცია არის სწორი და მისგან გადახვევაა კრიმინალი. დანაშაულად თვლიან, აგრეთვე, სხვაგვარ აზროვნებას. ფაქტია, რომ ბოლო 25 წლის განმვლობაში ამ მოქმედებამ და აზროვნებამ შედეგი ვერ გამოიღო. ახლა ზოგიმა შეიძლება კითხვა ასე შემომიბრუნოს: “რა, რუსეთთან 200-წლიანმა ურთიერთობამ გამოიღო შედეგი?” გეტყვით, რომ დიახ, რუსეთთან 200-წლიან ურთიერთობას შედეგი ჰქონდა. მართალია, საბჭოთა კავშირის დაშლით ეს ურთიერთობა ცუდად დასრულდა, მაგრამ ცუდად დასრულდა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ რუსეთისთვისაც. მერე რა გზასაც დავადექით, აგერ უკვე 25 წელია, ვუყურებთ და შედეგი არ ჩანს. ჩვენი საბოლოო ამოცანაა, საქართველო რეგიონში ანგარიშგასაწევი ქვეყანა გახდეს, განვითარებული ეკონომიკით და, რაც მთავარია, ტერიტორიული მთლიანობით, მაგრამ ამის გარანტიას არც ამერიკა იძლევა და არც ევროპა. ერთადერთი გზა ისევ რუსეთზე გადის, მაგრამ იქ დაბრუნება ძალიან რთულია, რადგან საზოგადოების დიდ ნაწილს ტვინი აქვს გადაბრუნებული და ყველაფერი დამყარებულია ზედაპირულ მოსაზრებებზე, რომ ამერიკა კარგი ქვეყანაა, რუსეთი კი _ ცუდი, რადგან ჩვენს დაბრუნებას ცდილობს საზიზღარ საბჭოთა კავშირში და, როცა ასეთი პრიმიტიული აზროვნებაა ქვეყანაში დომინანტი, რთულია საკითხის ჯანსაღად განხილვა. თემას რომ დავუბრუნდეთ, გეტყვით, საქართველოში მე რომ შევხვდე, ვთქვათ, რუსეთის რეზიდენტს და ეს დაინახონ, დამიჭერენ სხვა ქვეყნის სპეცსამსახურთან ურთიერთობისთვის, მაგრამ კრებსით ბოკერიებს, ხიდაშელებს ტაშს დაუკრავენ იმისთვის, რომ შეხვდნენ ამერიკის რეზიდენტს, რათა მისგან მიიღონ ინსტრუქციები. სამწუხაროდ, ეს ასეა.
_ ისრაელის საკითხზე ამერიკის შანტაჟი ახსენეთ, ნიშნავს თუ არა ეს ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევას?
_ ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენ ქვეყნად არ გვთვლის და, აქედან გამომდინარე, უხეშადაც არ ერევა ჩვენს საშინაო საქმეებში.
_ რას ნიშნავს ქვეყნად არ გვთვლის?
_ ასეა! ვაშინგტონისთვის აპრიორია, რომ ჩვენ, როგორც კოლონია, უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც სურს ამერიკას, რადგან ისინი “გვეხმარებიან” და გვაძლევენ მიმართულებას “დემოკრატიის განვითარებაში” და ა.შ. “დემოკრატიის შუქურა” ხომ ვიყავით, საქართველოში ბუში რომ იყო ჩამოსული. ერთმა სომეხმა ბიჭმა ხელნაკეთი ყუმბარა ბოლომდე რომ ვერ ისროლა, გადარჩა ჩვენი “დემოკრატიის შუქურაც” და პრეზიდენტებიც. ახლა მთლად შუქურის დონეზე ვერ ვქაჩავთ, მაგრამ მაინც არ გვერჩიან, სანამ მათ ინტერესებში ვჯდებით და, როგორც კი ინტერესის სფეროდან ამოვვარდებით, ნახავთ, რა საზიზღარი ქვეყანა გახდება მათთვის საქართველო.
_ დღეს ქილიკობენ, საქართველოში აშშ–ის ელჩის, იან კელის, ნებართვის გარეშე დამლაგებელიც არ ინიშნებაო… რა ხდებოდა, როცა თქვენ იყავით უშიშროების მინისტრი? ერეოდა ამერიკის საელჩო მთავრობის მიერ გადაწყვეტილებების მიღებაში?
_ სამი თუ ოთხი დღის დანიშნული ვიყავი, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელი მოვიდა ჩემთან და მაგიდაზე ხელები მიბრახუნა იმის გამო, რომ არ მივეცი უფლება, ჩაეტარებინათ სპეცოპერაცია, რომელიც, დიდი ალბათობით, დიდი მსხვერპლით დასრულდებოდა. რომ ვკითხე, სპეცოპერაციის ჩატარების შესახებ პროკურატურამ თუ იცის-მეთქი, მიპასუხა პროკურატურა რა შუაშია, ამერიკის საელჩოს წარმომადგენელმა იცისო… ამერიკის საელჩოს წარმომადგენელი ვინ არის, არ წერია, საპროცესო კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული. მას აქვს ბრძანების გაცემის უფლება თუ რა? _ როგორც კი ეს კითხვა დავსვი, ზუსტად ერთ საათში ნასვამ მდგომარეობაში მოვიდა აშშ-ის დაზვერვის რეზიდენტი, ბატონი უილიამ მური, ეს იყო მისი სახელი და გვარი, რუსულად კარგად ვერ საუბრობდა და ასე მკითხა: “Вы почему не уважать интереси мая страна?” ვუპასუხე, რომ, პირველ რიგში, ჩემი ქვეყნის ინტერესებს ვცემდი პატივს. მასაც ვუთხარი, რომ ასეთი ოპერაციის ჩასატარებლად საჭირო იყო პროკურატურის თანხმობა და პროცედურული საკითხების დაცვა. დამოუკიდებელი ქვეყნის მინისტრი ვარ და უნდა ვიცოდე, რა ოპერაციას გეგმავს ამერიკის საელჩო ჩვენს ქვეყანაში პროკურატურის გვერდის ავლით–მეთქი. მესამე დღეს, პატარა ბავშვს რომ გალახავენ და მამას მოიყვანს, ისე მომიყვანა ამერიკის ელჩი რიჩარდ მაილსი და მანაც დაახლოებით იგივე განმიცხადა. ჩემი პასუხიც პრინციპული იყო, მაგრამ ძალიან მალე იმდენი პრობლემა შემიქმნეს, რომ იძულებული გავხდი, რაღაცები დამეთმო.
_ რას გულისხმობთ?
_ დავიწყე მათთან თამაში და ვცდილობდი, ვითარების ისე წარმოჩენას, თითქოს ყველაფერს ვაკეთებდი, რასაც ისინი ითხოვდნენ.
_ ახერხებდით?
_ 12 ხელმძღვანელი ჰყავდა საქართველოს უშიშროების სამსახურს ჩემამდე, მე მეცამეტე ვიყავი. ალექსი ინაურმა იმუშავა 30 წელიწადს, ვახტანგ ქუთათელაძემ _ 3 წელიწადს, მესამე ადგილზე გახლდით მე _ 2 წლისა და 2 თვის განმავლობაში ვიმუშავე. ძალიან რთული იყო ყოველთვის ლავირება, მაგრამ ბევრი რამის გაკეთება ისე შევძელი, როგორც სწორად ვთვლიდი. ამ ვითარების გაძლება ძალიან რთული იყო, მით უმეტეს, უწყებაში მყავდა კონკურენტები, რომლებსაც ამერიკელები თავიანთ ფავორიტებად მიიჩნევდნენ.
_ ვის გულისხმობთ?
_ ირაკლი ალასანიას, რომელიც ამერიკელების მიერ იმთავითვე იყო მომზადებული, როგორც საქართველოს დაზვერვის ხელმძღვანელი.
_ რა დირექტივებს იღებდით ამერიკის საელჩოსგან?
_ ამერიკელები აბსოლუტურად გაუაზრებელ და საქართველოს ინტერესებისგან სრულად გამოშიგნულ დირექტივებს გვაძლევდნენ. მაგალითად, პანკისში ჩასატარებელი იყო სპეცოპერაცია, რომლის არც საშუალება გვქონდა და არც გამოწვეული შედეგის განეიტრალების შესაძლებლობა. ამერიკის საელჩომ გამოგვიგზავნა სპეციალისტი, ექსპერტი და ვიეტნამის ომის მონაწილე. ერთი თვე ვატარეთ პანკისში. მას უნდა დაეგეგმა ოპერაცია იქ მყოფი არაბების წინააღმდეგ. ერთი თვის თავზე ამ კაცმა მოიტანა “გენიალური” იდეა, რომ პანკისის ხეობაში უნდა დაგვეყენებინა “გაი” (ავტოინსპექცია _ გ.გ.), რომელიც ჩაატარებდა რეიდს და, თუ შემოწმებისას ტერორისტი, რომელსაც ვეძებდით, აღმოჩნდებოდა რომელიმე მანქანაში, მას იქვე, შორიახლოს დამალული სპეცრაზმი შეიპყრობდა. ვინც არ იცნობს პანკისის ხეობას, შესაძლოა, მისთვის უჩვეულო არაფერი იყოს ამ “გენიალურ” მიგნებაში, მაგრამ წარმოიდგინეთ, კომუნისტების პერიოდშიც კი იქ “გაი” არასდროს ყოფილა და ეს ექსპერტი გვიგეგმავდა პანკისში პოლიციის ჩაყენებას. მე პირდაპირ განვუცხადე მას, რომ ეს სულელური იდეა იყო. სხვათა შორის, ალსანიაც კი დამეთანხმა მაშინ, _ ეს რა სისულელე თქვაო. ამ ამბავმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, როგორ გავბედე და ვუთხარი ამერიკელ ექსპერტს, ეს სულელური იდეაა-მეთქი. მოკლედ, ამ ამბავმა ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელ ჯორჯ ტენეტის ყურამდეც მიაღწია, მან კი შევარდნაძეს დაურეკა, _ ხაბურძანია ხელს მიშლის სპეცოპერაციის ჩატარებაშიო. შევარდნაძემ რომ მკითხა ამბავი, ავუხსენი, რაც მოხდა და ისიც დავძინე, რომ ამ სისულელეს არ გავაკეთებდი. იყო ასეთი შემთხვევაც: სპეციალური დანიშნულების აპარატურა გვჭირდებოდა, ამერიკელებმა გამომიგზავნეს ძალიან დიდი ზომის აპარატი და მითხრეს: ეს ტერორიზმში ერთ-ერთი ეჭვმიტანილის “ნივას” უნდა მიაკრათო, რაც ასევე წარმოუდგენელი იყო. უკეთესი ვერ გაიმეტეს და ჩამოწერილი ტექნიკა გადმოგვიგდეს.
_ გამოდის, რომ ამერიკის საელჩოს მხრიდან ხელისუფლების კონტროლის მცდელობა შევარდნაძის ხელისუფლების პერიოდშიც საკმაოდ მაღალი ყოფილა…
_ იმხანად ძალიან მნიშვნელოვანი იყო პანკისის ხეობა და იმისთვის, რომ იქ თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობა მქონოდა, რაღაც მიმართულებებს, მაგალითად, კონტრდაზვერვას, ამერიკელები განაგებდნენ. მეტსაც გეტყვით, როდესაც ჩემთან რუსი კოლეგები ჩამოდიოდნენ, ამერიკელების მიერ მართული გარე მეთვალყურეობის სამსახური დაგვდევდა.
_ უფრო სავალალო მდგომრეობაში ვყოფილვართ, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს…
_ ვიცოდი, რომ გარე მეთვალყურეობის სამსახური მითვალთვალებდა. ასეთი ვითარება იყო იმ პერიოდში, როცა მე ვიყავი უშიშროების მინისტრი. წარმოიდგინეთ ჩემ შემდეგ რა მოხდებოდა… ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რა შედეგის მომტანია ყოველივე ეს. 2008 წლის ომი მოხდა? _ მოხდა. ჩავფლავდით? _ ჩავფლავდით! სად იყო მაშინ ამერიკა?!
_ წყალი და პამპერსები ხომ გამოგვიგზავნეს…
_ სწორია, პამპერსები გამოგვიგზავნეს… ჩვენი ქვეყანა რომ არ არის რეალურად დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, ეს აშკარაა. ფორმალური დამოუკიდებლობის გარდა, სხვა საფუძვლებიც არის საჭირო, მათ შორის, ფინანსური დამოუკიდებლობა. გაეროს სხდომაზე ჩვენი წარმომადგენლის შატალოც იმის ნათელი დასტურია, რომ ჩვენ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიმღები ქვეყანა არ ვართ, თუმცა, სიმართლე გითხრათ, ამ შემთხვევაში შატალოს უფრო ვემხრობი, ვიდრე სხვა სულელურ გადაწყვეტილებას.
_ ირაკლი ალასანია ამერიკის საელჩოს დავალებით დანიშნეთ თქვენს მოადგილედ?
_ არა, ჩემი ინიციატივა იყო, მაგრამ შექმნილი სიტუაცია გავითვალისწინე. მე ალასანიას დანიშვნა მჭირდებოდა იმისთვის, რომ ამერიკელებთან სიტუაცია დამებალანსებინა და ამ გადაწყვეტილების შედეგად გარკვეული პერიოდი ეს მოვახერხე.
_ ირაკლი ალასანიას გარდა, ასევე, გეცოდინებათ, რომელი პოლიტიკოსები მუშაობდნენ თუნდაც თქვენი უშიშროების მინისტრობისას ამერიკისთვის…
_ სჯობს, იკითხოთ, რომელი პოლიტიკოსი არ მუშაობდა ამერიკისთვის. თითქმის ყველა მუშაობდა. უშიშროების ერთადერთი მინისტრი ვიყავი, რომელიც რუსეთის შესაბამისი უწყების ხელმძღვანელს პირისპირ შევხვდი. საგარეო საქმეთა იმდროინდელი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი თავის რუს კოლეგას ერთი-ერთზე არ შეხვედრია. ეს არ გაუკეთებია საქართველოს არც ერთ მინისტრს, რადგან ასეთი რამ ამერიკის გვერდის ავლით არ მოხდებოდა. მეტი რა გითხრათ? საქართველოს დღევანდელ აქტიურ პოლიტიკაში არ მეგულება ადამიანი, რომელიც ამერიკელებისთვის არ მუშაობს. დღევანდელი ხელისუფლების პრობლემა კი არის ის, რომ ამერიკელებთან ურთიერთობაშიც მოიკოჭლებენ და არც რუსებთან აქვთ ურთიერთობა.
_ იმ გახმაურებულ სპეცოპერაციაზეც მინდა გკითხოთ, რომლის მიმდინარეობისას ტერორისტების (მათ შორის, აჰმედ ჩატაევის) ლიკვიდაცია მოხდა…
_ ტერორიზმის წინააღმეგ ბრძოლა ნებისმიერ შემთხვევაში დადებითია, თუ ის ტერორისტის განადგურებით მთავრდება, მაგრამ ნებისმიერი შეთამაშება და გათამაშება ტერორისტებთან არასწორია. დღევანდელმა ხელისუფლებამ, როგორც თავის დროზე სააკაშვილის ხელისუფლებამ, მომხდარით ერთგვარი ლაფანყური მიიღო. ჩატაევი საქართველოში ვერ შემოვიდოდა ხელისუფლების წაყრუების გარეშე. შემოვიდა და მერე, სავარაუდოდ, ვითარებამ მოითხოვა მისი განეიტრალება, რასაც ის არ დათანხმდა და მივიღეთ ის შედეგი. ამიტომ, ოქროს წესია, რომ ტერორისტებთან არც მოლაპარაკება, არ თამაში, არც გათამაშება არ შეიძლება! საბედნიეროდ, უფრო მძიმე შედეგი არ მივიღეთ. ალბათ, გაგიკვირდებათ, რაღა ბედნიერებაა, როდესაც დაიღუპა სპეცრაზმელი და დაიღუპნენ ტერორისტები, დაინგრა სახლი, რამაც ასეთი არასახარბიელო საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვიაო, მაგრამ შეიძლებოდა უარესიც მომხდარიყო. დღეს შემიძლია ამაზე ვისაუბრო, მაშინ კი ცოტა რბილად შევაფასე, რადგან მე პანკისის სპეცოპერაციის ხელმძღვანელი ვიყავი და მესმის ის სირთულეები, რომლებიც ნებიმიერ დროს შეიძლება წარმოიშვას. სხვათა შორის, წინა ხელისუფლება თვითონ წვრთნიდა და ამზადებდა სადღაც გადასასროლად მათ, ვის წინააღმდეგაც მერე ე.წ. ლაფანყურის სპეცოპერაციის ჩატარება გახდა საჭირო. ამ შემთხვევაშიც ჩატაევის საქართველოში შემოსვლა ხელისუფლების წაყრუების გარეშე ვერ მოხდებოდა. ამ ტიპის ადამიანებთან ყოველთვის მიმდინარეობს ოპერატიული თამაში: მათ ხან ლმობიერად ექციევიან, ხან ცდილობენ მათ გამოყენებას, მაგრამ ისტორიამ, პრაქტიკამ დაამტკიცა, რომ შეუძლებელია ამ ადამიანების მართვა ყოველთვის და ამიტომ მათთან თამაშზე ერთხელ და საბოლოოდ უნდა ითქვას უარი. იმედია, ხელისუფლება ამ შეცდომას გაითვალისწინებს.
_ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზეც გკითხავთ: ჰპოვებს თუ არა იქ მიმდინარე პროცესები რევოლუციურ გაგრძელებას?
_ როგორც წინა ინტერვიუში გითხარით, მიხეილ სააკაშვილის მეტსახელი არის არმაგედონი და ეს კაცი არის დამანგრეველი მთელი თავისი არსით, სულით. ახლა, რასაც უკრაინაში აკეთებს, არის სრული მავნებლობა და ფაქტია, რომ მიშა უკრაინის დასანგრევად არის იქ მივლენილი. სააკაშვილი არ არის ის ფიგურა, რომ ვინმემ დამოუკიდებლად მიუშვას. თვითონაც აქტიურობს და ამას იყენებენ დასავლეთის ძალები, უწინარესად, ამერიკის და წარმოიდგინეთ, იქამდეც მივიდა, რომ რუსეთის გარკვეულმა ძალებმაც კი დაიწყეს მისი გამოყენება. სააკაშვილი იყო და არის ფულის მოყვარული კაცი. ის იყო საბჭოთა წითელი ინტელიგენციის წარმომადგენლის შვილი, ცხოვრობდა ყოველთვის კომფორტში და ვერასდროს იცხოვრებს კარავში. უკრაინაში ცხოვრობს ფეშენებელურ სახლში, რომლის ღირებულება თვეში 6 ათას აშშ დოლარს შეადგენს და იმის საშუალებაც კი აღმოაჩნდა, რომ იქიდან სახურავზე ამძვრალიყო და კარლსონივით ერბინა აქით-იქეთ.
_ როგორი სანახავი იყო თქვენთვის სახურავზე მორბენალი სააკაშვილი?
_ ეს კაცი ყველაფრის მკადრებელია, რაც მას, მისი აზრით, რაღაც დივიდენდს შესძენს დაბალი კატეგორიებით მოაზროვნე ადამიანების თვალში. სამწუხაროდ, დღეს უკრაინა იმ ეტაპზეა, როცა ადამიანები დაბალი კატეგორიებით აზროვნებენ და მათთვის მთავარია, დაამხონ, ჩამოაგდონ, წაართვან. როცა ასეთი ადამიანები უმრავლესობაში არიან, ხდება რევოლუციები. სააკაშვილს, სახურავზე რომ დარბოდა, ნახეთ, რა საათი ეკეთა? _ უძვირესი შვეიცარიული საათი და სად, რა ფასად ყიდულობს ამ საათებს? ასე რომ, ფუფუნების მოყვარულ სააკაშვილს ახლა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის, გარემოცვა აფინანსებს, მხოლოდ იმისთვის, რომ იყოს ბუნტი და სააკაშვილი ბუნტის მოწყობაში აკეთებს ფულს. სამწუხაროდ, უკრაინის ამჟამინდელი პრეზიდენტი არ აღმოჩნდა ის ფიგურა, რომელსაც პროცესების სამართავად ჭკუა ეყოფოდა. სააკაშვილისგან გმირი რომ შექმნა, სულელი უნდა იყო და, სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლება ამ გზით მიდის. “გიჟი მიუშვი ნებასა…” კარგი ქართული ანდაზაა, უნდა მიეშვათ ნებაზე და თვითონ მოიტეხდა კისერს. მაშინაც ვეუბნებოდი საქართველოს ხელისუფლებას: ნუ შექმნით ამ კაცისგან გმირს, მიეცით 36 საპარლამენტო ადგილი და თვითონვე დაანგრევს თავის თავს, რადგან სააკაშვილი ვერ უთავსდება ადამიანთა ერთობას, თუ მის გარშემო არ არსებობენ მონები. დღეს კი ამ შეცდომებს უკრაინის ხელისუფლება იმეორებს.
ესაუბრა გიორგი გელაშვილი
სწორ
Точно! ეგენი ყველანი სომხები არიან! დანარჩენს კი მიხვდებით….
მასეა! ეგენი სომხები არიან, დანარჩენს კი მიხვდებით …
მასეა! ეგენი სომხები არიან, დანარჩენს კი მიხვდებით …
ჭკვიანი კაცია
100% სიმართლეა! ჩვენ ამერიკის და დასავლეთის თვალში მესამე რანგის ქვეყანა ვართ…ქვეყანადაც არ გვთვლიან.არადა მათ ზედაპირულობას საზღვარი არ აქვს!
ის მაინც გაითვალისწინოს საზოგადოებამ,რომ ხაბურძანიას დონის მოღვაწე საქართველოს თითქმის არ ჰყავს!
egrea simartle
egrea simartle