Home ახალი ამბები საქართველო თუ რამდენიმე ათეული ადამიანი ხმამაღლა იტყვის, რომ  შია, მათ ბევრი აჰყვება და...

თუ რამდენიმე ათეული ადამიანი ხმამაღლა იტყვის, რომ  შია, მათ ბევრი აჰყვება და შემდეგ ამ პროცესს ვერც ოპოზიცია შეაჩერებს, ვერც ხელისუფლება და ვერც სპეცრაზმი

ხელისუფლება ვალდებულია, ხალხს მოუსმინოს… ხალხი თუ გაბრაზდება, ვეღარ დაიჭერთ და ძალაუფლებაც ჩაილურის წყალს დალევს.

160

ტყუილად ჰქონდა იმედი ოპოზიციას, რომ სამოქალაქო სექტორის სახელით დაანონსებული და ჩატარებული აქციები სრულიად საქართველოს მოიცავდა, შემდეგ ეს ყველაფერი, ევროპისკენ სვლის ნაცვლად, მთავრობის კანცელარიისკენ სვლაში გადაიზრდებოდა და ქუჩაში გამოსული ათიათასობით მოქალაქე ხელისუფლების გადადგომას მოითხოვდა. ოპოზიცია აქციებზე არ ჩანდა, ლიდერები სცენაზე არ ადიოდნენ, მაგრამ აშკარა იყო, რომ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების უკან, რომლებიც აქციების ავანგარდში იმყოფებოდნენ, სწორედ ოპოზიცია, უფრო კონკრეტულად კი „ნაციონალური მოძრაობა“ იდგა.

 ქუჩაში გამოსული ხალხი როგორც კი  მიხვდა, რომ სამოქალაქო სექტორსაც და დროებით კულისებში გადასულ ოპოზიციასაც ევროპისკენ სვლა კი არა, ხელისუფლების ცვლილება სურდა, აქციაზე იმდენი ხალხი დარჩა, რამდენზე მეტიც ქორწილებსა და ქელეხებში დადის. ოპოზიციამ არათუ საბოლოოდ დაკარგა სახე და საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა, არამედ მუხტი რამდენიმე თვით (თუ საერთოდ არა) მოკლა და ახლა სასწაული უნდა მოხდეს, იმავე რაოდენობის ხალხი გარეთ რომ გამოვიდეს.

აქციის მონაწილეებს შორის რამდენიმეჯერ დაპირისპირებაც მოხდა, რადგან ე.წ. სამოქალაქო სექტორი აქტიურად მალავდა, რომ მთავარი მიზანი ხელისუფლების შეცვლა იყო და შესაბამისად, ბანერი წარწერით „თავისუფლება მიშას“ კონკრეტულ დრომდე არ უნდა გამოჩენილიყო, რადგან ხალხს გააღიზიანებდა და დაშლიდა. ეს იცოდა ოპოზიციამ, მაგრამ არ იცოდნენ რიგითმა ადამიანებმა, რომლებსაც გულწრფელად სჯერათ, რომ ქვეყნის  ერთადერთი მხსნელი მიხეილ სააკაშვილია. ამიტომ, როცა ისინი აქციაზე მიშას მხარდამჭერი პლაკატებით მივიდნენ, უბრალოდ, გაყარეს.

რაღა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კარგად დაინახა და გაიგო მმართველმა გუნდმა. ერთი შეხედვით, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა მშრალი ანგარიშით გამარჯვება მშვიდად აღიქვეს, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. „ძალაუფლება რყვნის და აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად“ _ სამწუხაროდ, ძალიან დიდი ნაბიჯებით მივდივართ ამ რეალობისკენ და  აგიხსნით, რას ვგულისხმობთ.

10 წელი ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა“ _ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არც ერთ ძალას ამდენი ხნის განმავლობაში ძალაუფლება არ ჰქონია. აუცილებელია იმის აღნიშვნაც, რომ მმართველ გუნდს ძალაუფლებას მოსახლეობა ერთადერთი მიზეზის გამო უნარჩუნებს – არ არსებობს სხვა პარტია, რომელიც მათზე უკეთესად შეიძლება ჩანდეს და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი იმ 9 წელიწადში, როცა ხელისუფლებაში იყო, იმდენი ცუდი გააკეთა, მისი დაბრუნების პერსპექტივა ყოველწლიურად არათუ ნულს უტოლდება, არამედ მინუსებშიც მიდის. ჰოდა, ძალიან კარგად გრძნობს ამას „ოცნება“ და სულ უფრო მეტად უჭერს მარწუხებს… მოსახლეობას – საკუთარ ამომრჩეველს, მათ, ვინც წლიდან წლამდე გაჭირვებას ითმენს, საარჩევნო ყუთთან მიდის და ნდობის მანდატს უგრძელებს მოქმედ ხელისუფლებას. ჰო, სწორედ რომ მოქმედს და კვლავ გავიმეორებთ: ამას აკეთებს ერთადერთი მიზეზით – უკეთესი არჩევანი, უბრალოდ, არ აქვს.

რა შეიძლება სანაცვლოდ შესთავაზოს ხელისუფლებამ მოსახლეობას? პირველ რიგში, ადამიანური პირობები, რომელიც ნორმალურ სამსახურსა და  ანაზღაურებას ნიშნავს, მაგრამ არც ერთი ჩანს და არც მეორე. 2012 წელს დაანონსებული 100 ქარხნის მშენებლობას აღარავინ ახსენებს, თითქოს ეს დაპირება არც ყოფილა, მაგრამ სწორედ ეს დაპირება იყო მთავარი, რომლის გამოც 2012-ში ხალხმა ნდობა „ქართულ ოცნებას“ გამოუცხადა. ყველას ეგონა, რომ დასაქმდებოდა, რომ სამსახური ექნებოდა, რომ როგორც ადრე („ბნელი კომუნიზმის“ ეპოქაში), დილით სამსახურში წავიდოდა, საღამოს მოვიდოდა და უქმეებს ოჯახთან ერთად გაატარებდა. მაგრამ არ გამოვიდა ეს ყველაფერი და არა მხოლოდ არ გამოვიდა, არამედ ყოველწლიურად იმატებს ემიგრანტთა რაოდენობა და, სამწუხაროდ, აქამდე  ოჯახიდან რომელიმე წევრი თუ მიდიოდა, ახლა, დედა-ბუდიანად იყრებიან და საზღვარგარეთ ეძებენ ბედს.

ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო, რომ საკვებ პროდუქტებზე ფასმა ყოველდღიურად არ მოიმატოს; რომ გადასახადები არ გაიზარდოს და, რაც მთავარია, მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე არ გვპირდებოდეს, 2023 წელს დენზე და ბუნებრივ აირზე ფასი ისევ გაიზრდებაო. არ უნდა გვეუბნებოდნენ, რომ ტექდათვალიერებაზე ფასი 50%-ით მოიმატებს და, რაც მთავარია, სავალდებულო გახდება ავტოდაზღვევა, რაც ისევ და ისევ რიგით ადამიანებს დაარტყამს ჯიბეზე, რადგან მგზავრობის ფასი გაიზრდება, პროდუქციის გადატანის ფასი გაიზრდება.  კარგად გვესმის, რომ, თუ ძლიერი სახელმწიფოს აშენება გვსურს, ეს ყველაფერი აუცილებელია, აუცილებელია თუნდაც ის, რომ ავტოავარიის შემთხვევაში მტყუან-მართლის გარკვევა და გაწევ-გამოწევა კი არ დაიწყოს, ორივე მხარემ თავის სადაზღვევოს დაურეკოს და მშვიდად დაელოდოს მის მოსვლას. მაგრამ, იქნებ სჯობს, ნორმალური სახელმწიფოს მშენებლობა, გადასახადებისა და ფასების მატებით კი არა, იმით დავიწყოთ, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ადამიანური პირობები, ხელფასი, პენსია, სამსახური. პენსია რომ 260 ლარია, ეს ხომ ნიშნავს იმას,რომ ვერც ერთი პენსიონერი, რომელსაც შვილები არ ეხმარებიან, დასასვენებლად ვერ წავა. არადა, სწორედ პენსიონერებისთვისაა ჰაერისა და გარემოს გამოცვლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. მაგრამ ისიც სასწაულია, პენსიონერებს ეს თანხა საკვებად და გადასახადებისთვის როგორ ჰყოფნით. ან ის ყბადაღებული საწვავის ფასი ავიღოთ, რომელზეც პრემიერმა მინიშნება კი არ გააკეთა, პირდაპირ თქვა: არარეალურია და უნდა შევამციროთო, მაგრამ ყური არავინ შეიბერტყა. არც კონკურენციის სააგენტოს ამოუღია ხმა და დაუსაბუთებია,  ასეთი ფასები რატომ არის. სამაგიეროდ, ნავთობპროდუქტების შემომტანები ღიმილით ამბობენ, –  გაძვირების მიუხედავად, გაყიდვა არ შემცირებულაო, რაც ხელისუფლებისთვისაც პირდაპირი ნიშანია იმისა, რომ მოსახლეობა გადახდისუნარიანია და მორიგ გაძვირებას მარტივად აიტანს. ჩვენ კი… ჩვენ ზედმეტად ამაყები ვართ იმისთვის, შიმშილი რომ გავაპროტესტოთ. ჩვენ ხომ არასდროს გვშია… სახალხოდ არ გვშია, თორემ ადამიანების უდიდეს ნაწილს, წლები თუ არა, თვეებია, ხორცი და თევზი არ უჭამია, იმიტომ, რომ ძვირია და მთავარ საკვებად კარტოფილი აქვს, რომელიც… ყოველდღიურად ძვირდება.

ამას წინათ, ერთი ფერმერი ამბობდა, კარტოფილის წარმოება უფრო ძვირი ღირს, ვიდრე შემოტანა და ამიტომ არ აწარმოებენო. რეალურად კი, წარმოება მაშინ არის მომგებიანი, როცა დიდი ოდენობით აწარმოებ და სწორედ დიდი ოდენობის წარმოებით სუნთქავს თურქეთი, ირანი… მერე რა, რომ იქიდან შემოტანილი კარტოფილის დიდ ნაწილს მცენარეული სიმსივნის დიაგნოზს უსვამენ და უკან აბრუნებენ, ყველას ხომ ვერ შეამოწმებენ, ყველას ხომ ვერ გააკონტროლებენ და…  რას ვჭამთ, კაცმა არ იცის.

ჰოდა, იმას ვამბობდით, რომ ხელისუფლება ვალდებულია, ეს ყველაფერი გაითვალისწინოს და არ იყოს იმის იმედად, რომ ძალაუფლებას ოპოზიციის ხარჯზე შეინარჩუნებს. რეალური სურათი იმისა,  რა დღეშია მოსახლეობა, მხოლოდ ხალხში გასვლით შეიძლება გაიგონ და ამიტომ ვალდებულნი არიან, მოსახლეობას შეხვდნენ. ჰო, იმ მოსახლეობას, რომელმაც ნდობის მანდატი მისცა და რომელიც, უკვე დიდი ხანია , აღარ უნახავთ. ბოლოს როდის იყო, ყოველგვარი პომპეზურობისა და „პაკაზუხობის“ გარეშე, რომელიმე მინისტრმა რიგითი ადამიანების აზრი რომ მოისმინა? იმ ადამიანების, რომლებიც თავის გადარჩენას ცდილობენ და არა მათი, სამსახურებიდან რომ გამოჰყავთ და ჯამაგირის დაკარგვის შიშით ტაშს რომ უკრავენ. არ უნდა ამას არანაირი ორგანიზება და დიდი ამბავი, გადით სოფლებში და ნებისმიერი სოფლის „ბირჟაზე“ გააჩერეთ ავტომობილი. მართალ და ძარღვიან სიტყვას სწორედ იქ მოისმენთ, მაგრამ ზუსტად იცით, რომ ეს სიტყვა მწარე იქნება და ამ სიმწარის მიღება არ გსურთ.

სოციალურ ნიადაგზე არაერთ ქვეყანაში მომხდარა რევოლუცია, მაგრამ  საქართველო ამ მხრივ იშვიათი გამონაკლისია. აქ მოსახლეობა არასდროს გამოსულა სოციალური მოთხოვნებით, მაგრამ ერთ დღეს შიმშილი აჯობებს სიამაყესაც, თავმოყვარეობასაც და, თუ რამდენიმე ათეული ადამიანი ხმამაღლა იტყვის, რომ  შია, მას ბევრი აჰყვება და შემდეგ ამ პროცესს ვერც ოპოზიცია შეაჩერებს, ვერც ხელისუფლება და ვერც სპეცრაზმი. შიმშილის გამო ადამიანები ყველაფერზე  წავლენ, შიმშილის დროს ადამიანები ერთმანეთსაც ჭამენ და ნუ შეეცდებით, გამოსცადოთ ის, რაც აქამდე არ გამოგიცდიათ. ხელისუფლება ვალდებულია, ხალხს მოუსმინოს და არ იყოს მხოლოდ იმის იმედად, რომ ოპოზიცია განულებულია, რომ მხარდამჭერები არ ჰყავს. ხალხი თუ გაბრაზდა, ვეღარ დაიჭერთ და  ძალაუფლებაც ჩაილურის წყალს დალევს. ისე, ჩაილური სოფელია საგარეჯოს რაიონში და არ გინდათ, ხალხთან შეხვედრა ამ სოფლიდან დაიწყოთ?!

ლევან გაბაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here