Home ახალი ამბები საქართველო თეირანის კონფერენციიდან თეირანის კონფერენციამდე

თეირანის კონფერენციიდან თეირანის კონფერენციამდე

დასავლეთის მზე აღმოსავლეთში ჩადის

862
სტალინი, რუზველტი და ჩერჩილი თეირანი. 1945 წ

1943 წლის 28 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე ირანში მიმდინარეობდა სამი ანტიფაშისტური სახელმწიფოსსაბჭოთა კავშირის, აშშისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერთა (სტალინი, რუზველტი, ჩერჩილი) შეხვედრა, რომელიც ისტორიას თეირანის კონფერენციის სახელით შემორჩა. თეირანის 1943 წლის კონფერენციას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა მეორე მსოფლიო ომის ბედისა და, საერთოდ, პლანეტის მომავლის გადაწყვეტის საქმეში. მიუხედავად იმისა, რომ ამ შეხვედრაზე მრავალი ისტორიული მნიშვნელობის საკითხი გადაწყდა (მოკავშირეების მიერ მეორე ფრონტის გახსნის; საბჭოთა კავშირის მიერ იაპონიისთვის ომის გამოცხადების; ირანის დამოუკიდებლობის; პოლონეთის და სხვა), თეირანის კონფერენციის უმთავრესი ისტორიული მნიშვნელობა იმაში მდგომარეობდა, რომ სწორედ ამ კონფერენციაზე გამოიკვეთა ომის შემდგომი მსოფლიოს მოწყობის კონტურები.

სათაური “თეირანის კონფერენციიდან თეირანის კონფერენციამდე” იმაზე მიანიშნებს, რომ სამოცდაცხრამეტი წლის გასვლის შემდეგ თეირანში ანალოგიური მასშტაბის მოვლენასთან გვქონდა საქმე, როდესაც რუსეთის, ირანისა და თურქეთის ლიდერები შეიკრიბნენ. ამ შეხვედრის უმთავრესი შედეგი სწორედ ისაა, რომ ახლაც, როგორც სამოცდაცხრამეტი წლის წინათ, ომის შემდგომი მსოფლიოს კონტურები გამოიკვეთა. ვინმეს შეიძლება გაუჩნდეს შეკითხვა _ იმ დროს მსოფლიო ომი მძვინვარებდა, დღეს კი უკრაინაში რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს, რომელიც მასშტაბით დიდად ჩამორჩება მსოფლიო ომსო. ეს შეცდომაა. დღეს უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობს კოლექტიური დასავლეთის ომი რუსეთის წინააღმდეგ, რომელსაც, მართალია, მსოფლიო ომის მასშტაბი ჯერ კიდევ არ მიუღია, მაგრამ სულაც არ არის გამორიცხული, რომ სულ მალე სწორედ ასეთი მასშტაბი ექნეს. დღეს უკვე შექმნილია მდგომარეობა, რომელიც მსოფლიოს ახლებური მოწყობის აუცილებლობის წინაშე აყენებს.

მსოფლიო არასოდეს აღარ იქნება ისეთი, როგორიც უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე იყო. მსოფლიო წესრიგი, რომელიც გაეროსა და მისი უშიშროების საბჭოს ეფუძნებოდა, დაინგრა. თეირანის ამ შეხვედრაზეც (1943 წლის კონფერენციის მსგავსად) სწორედ ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები გამოიკვეთა. ეს გარღვევაა საერთაშორისო პოლიტიკაში, გარღვევა, რომელსაც პუტინმა მიაღწია. ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ჰამენეიმ ღიად დაუჭირა მხარი რუსეთის სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უკრაინის ტერიტორიაზე. თეირანის სამმხრივმა შეხვედრამ მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. ამ შეხვედრის უდიდეს დიპლომატიურ, პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას ყველა აღიარებს, თვით ბრიტანული Timesის ჩათვლით, რომელიც წერს, რომ რუსეთის იზოლირების მცდელობამ მოსალოდნელი შედეგები ვერ მოიტანა:

“ირანმა უკვე შეიტანა განაცხადი ბრიჩსის წევრობაზე, რომელშიც შედიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკის სახელმწიფო. ეს ნაბიჯი შეფასდა ისე, რომ დასავლეთის მცდელობა რუსეთის იზოლაციაში მოქცევისა, კრახით დასრულდა, რადგან ამ გაერთიანების წევრებზე მოდის მსოფლიოს მოსახლეობის 40 პროცენტზე მეტი და მსოფლიო ეკონომიკის დაახლოებით 25 პროცენტი”, – წერს გამოცემა. შანხაის უნივერსიტეტის ახლო აღმოსავლეთის კვლევების ინსტიტუტის დირექტორ ჩჟუ ვეილის თქმით, თეირანის სამიტი აშშ-ისთვის სახეში დარტყმული მუშტი იყო. მისი აზრით, თეირანის სამიტმა უკვე მოიტანა შედეგები, ეს იმ დროს, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის ამასწინანდელი ტურნე საუდის არაბეთსა და ისრაელში სრული ჩავარდნა იყო. ამ შეფასებების ფონზე აშშ-ში იხტიბარს არ იტეხენ. მაგალითად, ბაიდენის ადმინისტრაციის უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელი ჯონ კირბი აცხადებს: “მე ვიტყოდი, რომ ეს ვიზიტი მაჩვენებელია რუსეთისა და პრეზიდენტ პუტინის იზოლირების ხარისხისა, რომელიც იძულებულია, დახმარებისთვის ირანს მიმართოს”. ამ სრულიად შეშლილი დასავლეთისთვის, როგორც ჩანს, საკუთარი თავის გარდა, დედამიწაზე არავინ არსებობს. პუტინმა შესანიშნავად იხუმრა ირანში: “ისინი ხომ არატრადიციული ორიენტაციის დიდი სპეციალისტები არიან. ენერგეტიკის სფეროშიც ფსონი არატრადიციულ სახეობებზე – მზისა და ქარის ენერგიაზე დადეს, მაგრამ ზამთარი გრძელი გამოდგა, ქარი კი არ ამოვარდა. სულ ეს არის”. პუტინმა ბუნებრივ აირზე ევროპული ფასები დინამიკაში წარმოადგინა: “შარშანწინ ევროპაში 1000 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი 100 ევრო ღირდა, შარშან _ 250 ევრო, წელს კი – 1700”. ვერაფერს იტყვი, მართლაც შთამბეჭდავი ციფრებია. ალბათ, სწორედ ეს შთამბეჭდავი მონაცემები ჰქონდა მხედველობაში უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანს, როდესაც პუტინზე არანაკლები ენამოსწრებულობითა და სარკაზმით ლაპარაკობდა: “ევროპამ რუსეთის ენერგომატარებლებზე ემბარგოს დაწესებით საკუთარ ფილტვებს ესროლა და ახლა უკვე იხრჩობა”. ირანის ეროვნულმა ნავთობკომპანიამ და “გაზპრომმა” ხელი მოაწერეს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას 40 მილიარდი დოლარის ოდენობით. ამერიკელები კი გაიძახიან, _ რუსეთს იზოლაციაში ვაქცევთო. ირანის სამმხრივი შეხვედრის განსაკუთრებული მნიშვნელობა იმაში კი არ უნდა ვეძებოთ, რომ რუსეთს დასავლეთი ვერანაირ იზოლაციაში ვერ აქცევს და ვერც ვერასოდეს მოაქცევს, ამ სამიტის უნიკალურობა, რომლის გამოც იგი თეირანის 1943 წლის ისტორიულ კონფერენციას შევადარე, იმაში მდგომარეობს, რომ პუტინმა ახალი მსოფლიო წესრიგისთვის საძირკვლის ჩაყრა დაიწყო და ეს სწორედ ბრიჩს-ის ბაზაზე მოხდება, რომლის წევრობის სურვილი არამხოლოდ ირანმა, არამედ თურქეთმა და ეგვიპტემაც გამოთქვეს. ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში სრულიად ახალი ფურცელია ირანისა და თურქეთის ლიდერების ერთ მაგიდასთან ჯდომა, თანაც  რუსეთის მონაწილეობით. არ იქნება საფუძველს მოკლებული, თუ ვივარაუდებთ, რომ მეორე მსოფლიო ომის შედეგად ჩამოყალიბებულ მსოფლიო წესრიგს, რომელსაც შესაძლებელია დასავლური მსოფლიო წესრიგი ვუწოდოთ, ჩაანაცვლებს მსოფლიო წესრიგი, რომლის სიმძიმის ცენტრი აღმოსავლეთში იქნება გადმოტანილი. გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივმოქმედი წევრიდან მხოლოდ ერთია აღმოსავლეთის წარმომადგენელი – ჩინეთი, რუსეთს თუ მხედველობაში არ მივიღებთ, რომელიც ისე უზარმაზარია, რომ ერთმნიშვნელოვნად ვერც აღმოსავლეთს მიაკუთვნებ და ვერც დასავლეთს. დანარჩენი სამი ხომ დასავლეთის წარმომადგენელია – აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი. გაეროს შტაბ-ბინაც აშშ-შია, ანუ დღევანდელი მსოფლიო წესრიგი, რომელიც, პრაქტიკულად, უკვე დაინგრა, როგორც უკვე ვთქვი, დასავლური მსოფლიო წესრიგი იყო. ახალ მსოფლიო წესრიგს კი, რომელსაც პუტინი უყრის საფუძველს და რომელიც, როგორც ჩანს, ბრიჩს-ის საფუძველზე უნდა აღმოცენდეს, აშკარად აღმოსავლური ელფერი ექნება, რომელშიც დასავლეთს (აშშ-სა და ევროპას) ერთობ მოკრძალებული ადგილი მიენიჭებათ. რუსეთის, ჩინეთის, ინდოეთის, ირანის, თურქეთის, აფრიკული ქვეყნებისა და ლათინური ამერიკის სახელმწიფოების გაძლიერებისა და ევროპის არნახული დასუსტების ფონზე აშშ-იც საგრძნობლად დასუსტდება. ამ პროცესს იმპერიაში მოქმედი სისტემური კრიზისი უფრო გააძლიერებს, რომელიც ნატოსა და ევროკავშირის შეუქცევად რღვევას დაედება საფუძვლად.

პუტინი, ჰამენეი და ერდოღანი. თეირანი, 2022 წ

20 ივლისს თეირანიდან გამთენიისას დაბრუნებული პუტინი შუადღისას უკვე მოსწავლეებს შეხვდა, რომლებიც მონაწილეობდნენ ფორუმში “ძლიერი იდეები ახალი ეპოქისთვის”. პრეზიდენტმა პუტინმა ქვეყანას ახალი იდეა დაუსახა: რუსეთი უნდა გამოვიდეს დამამცირებელი დამოკიდებულებიდან დასავლურ ტექნოლოგიებზე. რუსეთში უნდა გაჩნდეს საინჟინრო სკოლები, რადგან დგება ახალი ეპოქა და ზრდის მაღალი დინამიკის მიღწევა მხოლოდ ჭეშმარიტად სუვერენულ სახელმწიფოებს შეეძლებათ. დასავლური ტექნოლოგიები თანდათანობით ტოვებენ რუსეთის ბაზარს”. აქ პუტინმა ანდაზა მოიშველია: “არ გვქონდა ბედნიერება, მაგრამ უბედურებამ გვიშველა”. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა: “მათი წასვლა გვაიძულებს, რომ გავინძრეთ. მუდმივად ვისხდეთ უცხოურ ტექნოლოგიებზე, ნიშნავს, ვიყოთ დამოკიდებულ მდგომარეობაში. ეს არამხოლოდ დამამცირებელი, არამედ უაღრესად საშიში მდგომარეობაცაა, რადგან ეს დამოკიდებულება მუდმივად ფართოვდება და ერთი სფეროდან მეორეში გადადის; მათ შორის, უაღრესად კრიტიკულ სფეროებში, რომლებიც დაკავშირებულა სამხედრო ტექნოლოგიებთან”.

რუსეთი არამხოლოდ გააქტიურდა, არამედ ყოველმხრივ ძლიერდება და მსოფლიოს ლიდერი სახელმწიფოს პოზიციებისკენ მძლავრი ნაბიჯებით დაიძრა. ნათქვამია, ეშმაკს არ ძინავსო. უფრო სწორი კი, ალბათ, იქნებოდა, ეთქვათ: დასავლეთს არ ძინავსო, მაგრამ ჩვენ ვხედავთ დასავლეთს, რომელიც თავის საბრძოლო ილეთზე წამოეგო და წაიქცა; ჩვენ ვხედავთ ევროპას, რომელმაც, ევროპული სახელმწიფოს ლიდერის აღიარებით, საკუთარ ფილტვებს ესროლა; ჩვენ ვხედავთ აშშ, რომლის ლიდერი უმწეოდ (ლიდერის ფიზიკური სიძაბუნე არ მაქვს მხედველობაში, სახელმწიფოს სიძაბუნეზე მოგახსენებთ) დალასლასებს აქეთიქით, მაგრამ გამოსავალს ვერ პოულობს. ასე რომ, როგორც ჩანს, დასავლეთის მზე აღმოსავლეთში ჩავა რაც შეეხება რუსეთს, მისი მასშტაბიდან გამომდინარე, იგი აღმოსავლეთიც არის და დასავლეთიც, ჩრდილოეთიც და სამხრეთიც. მისი საზღვარი კი, პრეზიდენტ პუტინს თუ ვერწმუნებით, არსად არ მთავრდება…

ვალერი კვარაცხელია

P. S. “უნდა ვაღიარო, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და ირანის უმაღლესი ლიდერ აიათოლა ალი ჰამენეის შეხვედრის კადრების ხილვა ნოსტალგიურ გრძნობებს არ აღმიძრავს, _ განაცხადა აშშის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს შეფმა უილიამ ბერნსმა. _ ჭაღარა თმა ჩემს თავზე რუსეთისა და ირანის მოლაპარაკებების შემდეგ გაჩნდა”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here