Home რუბრიკები ისტორია სტალინის პორტრეტისთვის

სტალინის პორტრეტისთვის

ნიკოლოზ ბაიბაკოვი _ სტალინის ბოლო სახალხო კომისარი

972
პირველ რიგში მარჯვნიდან მეორე - ნიკოლოზ ბაიბაკოვი

ბაიბაკოვი თავმდაბლობითა და თავაზიანობით არ გამოირჩეოდა. პრინციპული, საქმიანი, პირდაპირი, სამართლიანი და დაუღალავი _ ასეთ პიროვნებად იცნობდა ბაიბაკოვს არა მხოლოდ საბჭოეთი, არამედ მსოფლიო. უდიდეს პატივს სცემდა სტალინს, მაგრამ მის წინაშე ქედი არასოდეს მოუხრია, ამიტომაც იყო ბაიბაკოვი სტალინისთვის ახალი ქვეყნის მშენებლის სახე. ბაიბაკოვს სტალინისადმი პატივისცემა მისი გარდაცვალების შემდეგ გაუმძაფრდა და საფლავში ჩავიდა, როგორც მგრძნებარე სტალინელი, რაზეც მიუთითებს მისი მოგონებები, რომლებიც სხვადასხვა დროს ჩაწერა თავის დღიურებში. გთავაზობთ ზოგიერთ შთაბეჭდილებას:

“სოციალისტური სისტემის დაგეგმვისა და ხელმძღვანელობის საბაზრო ტექნოლოგიებთან შერწყმის მომხრე ვარ… სტალინის პერიოდში დისციპლინა არსებობდა. დღეს მისი ხელმძღვანელობის მეთოდების შემოღების მომხრე ვარ, რა თქმა უნდა, რეპრესიების გარეშე. არაერთხელ დამისვამს საკუთარი თავისთვის კითხვა _ რით დაიმსახურა ბერიამ სტალინის განსაკუთრებული ნდობა, რომ იგი ესოდენ უზარმაზარი უფლებებით გაენებივრებინა? ეს ხომ არც ისე მარტივი იყო, რადგან სტალინი არ გახლდათ ადვილად მიმნდობი პიროვნება. ნუთუ ეს მხოლოდ ბელადის მიერ წამოყენებული რთული და საპასუხისმგებლო დავალებების წარმატებით გადაწყვეტის შედეგი იყო? მგონია, რომ საქმე სწორედ ამაში მდგომარეობდა _ ბერიას ჰქონდა უნარი, სტალინის უმნიშვნელოვანესი დავალებები წარმატებით შეესრულებინა.

რა თქმა უნდა, იგი ადამიანებში შიშს ნერგავდა, მათ კარგად იცოდნენ, რაც ელოდათ ბერიას დავალებების შეუსრულებლობის შემთხვევაში და ყველანაირი მსხვერპლის გაღებით შეუძლებელს აღწევდნენ.

სტალინი, როგორც ჩანს, არაერთხელ დარწმუნებულა, რისი გამკეთებელიც იყო მისი ერთგული გოშია და ამით სრულიად კმაყოფილი ჩანდა. იგი ინტერესსაც კი არ იჩენდა, რა გზებითა და საშუალებებით ასრულებდა ბერია დავალებებს. ბერია ხშირად აშკარა ავანტიურასაც კი მიმართავდა, როდესაც ქვეყნის საწვავისა და ენერგეტიკის განვითარების მიღწევების შესახებ სტალინს ინფორმაციას აწვდიდა.

ერთ-ერთ მაგალითს გავიხსენებ: 1941 წლის თებერვალში, როდესაც სტალინი დიდ თეატრში ამომრჩევლის წინაშე გამოდიოდა, სხვა დავალებებს დაურთო შემდეგიც _ 15 წლის შემდეგ ქვეყანას ყოველწლიურად 60 მილიონი ტონა ნავთობი უნდა მოეპოვებინა. ამის მოსმენისას თმები ყალყზე დამიდგა, საიდან აქვს მას ეს რიცხვები? ან ვინ მისცა? მომდევნო დღეს დამირეკა ბერიამ, რომელიც იმხანად საწვავის საწარმოებს კურატორობდა. დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემის შემდეგ ვუთხარი:

_ ლავრენტი პავლოვიჩ, ამხანაგ სტალინის მოხსენებაში ნავთობის შესახებ ასეთი რიცხვები საიდან მოხვდა? მე რატომ არავინ არაფერი მკითხა? ასეთ მოკლე ვადებში შევძლებთ ამ შედეგის მიღწევას? “მეორე ბაქოს” ათვისების შესაძლებლობა და იქ არსებული მარაგის განსაზღვრა ჯერ ხომ არ დაგვისრულებია? ბერიამ მიპასუხა:

_ ბაიბაკოვ, ეს შენი საქმე არ არის. სტალინმა უკვე თქვა, ახლა კი რაც გინდა, ის გააკეთე.

მაშინვე მივხვდი, რომ სტალინს ეს მონაცემები მან მისცა და ვუპასუხე:

_ რადგანაც ასეა, ამხანაგო ლავრენტი, მე გადაწყვეტილების პროექტი მოვამზადე და უნდა დამეხმაროთ.

_ ნებისმიერი დახმარებისთვის მზად ვარ, _ მიპასუხა ბერიამ.

საჭირო მატერიალურ-ტექნიკური დახმარება მისგან ნამდვილად მივიღეთ. 1945 წლის აგვისტოში მოლოტოვის კურატორობით უკმაყოფილო სტალინმა თავდაცვის სტრატეგიის სფეროში ბერიას უმნიშვნელოვანესი საქმე ანდო. ეს ბირთვული პროექტის ხელმძღვანელობა იყო. ბერიამ მითითებულ პროექტზე მუშაობის სრულიად საიდუმლო რეჟიმი და ყველა ობიექტის ზესაიმედო დაცვა უზრუნველყო. ბელადისგან დავალების მიღების შემდეგ ატომის დარგში ყველა მეცნიერს მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინა. ამ ყველაფრის დაგვირგვინება კი 1949 წლის 29 აგვისტოს საბჭოთა ატომური ბომბის წარმატებული გამოცდა იყო. ამის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტ ტრუმენის მხრიდან საბჭოთა კავშირის ბირთვულ შანტაჟს წერტილი დაესვა. ამ მხრივ ლავრენტი ბერიას როლი საკმაოდ მნიშვნელოვანია.

როგორც უკვე აღვნიშნე, სტალინს პირველად იმ დროს შევხვდი, როცა ნავთობის წარმოების სამინისტროში კაგანოვიჩის პირველი მოადგილე ვიყავი. სტალინი ქვეყნის ნავთობის წარმოების მდგომარეობით შეშფოთებული იყო. შექმნილ ვითარებაში, რომელიც ომის დაწყების საშიშროებით იყო გამოწვეული, სტალინმა ნავთობის მოპოვების პრობლემებს დიდი ყურადღება დაუთმო. სახელმწიფო და პარტიული მოღვაწეებიდან სტალინი ყველაზე ცნობისმოყვარე და პრაქტიკული პიროვნება იყო და ყველაზე მეტად ის გვეხმარებოდა.

ამ თათბირზე, რომელზეც ჩვენი საწარმოს პრობლემების გადაუდებელი საკითხები განიხილებოდა, ჩემს სამინისტროსთან ერთად ვიყავი გამოძახებული. აქ იმყოფებოდა, აგრეთვე, ცკ-ის თითქმის ყველა წევრი. კაგანოვიჩს სსრკ-ის ნავთობის მრეწველობაში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოსთხოვეს. რადგან კაგანოვიჩი ნავთობის მოპოვების დარგში სპეციალისტი არ იყო, ჯერ ჩემი მოსმენა მოითხოვა (ამის შესახებ წინასწარ ვყავდი გაფრთხილებული). დაახლოებით 30 წუთი ვილაპარაკე და ამ დროის განმავლობაში სტალინი ყურადღებით მისმენდა. სიტყვა ერთხელაც არ შეუწყვეტინებია. როდესაც ლაპარაკი დავასრულე, საკმაოდ მშვიდი ხმით დამისვა კითხვები. სახეზე ეტყობოდა, რომ ჩემი პასუხებით კმაყოფილი იყო.

_ როგორ ფიქრობთ, ამხანაგო ბაიბაკოვ, “მეორე ბაქოს” სწრაფად ასათვისებლად რომელი საორგანიზაციო ზომებია საჭირო? ჩემთვის უკვე ცნობილი იყო, რომ სტალინს ზოგადი და ბუნდოვანი ფრაზების მოსმენა არ უყვარდა, მასთან მოსაუბრე კარგად უნდა ყოფილიყო საკითხის არსში გარკვეული და საკუთარ სიმართლეშიც დარწმუნებული. ბელადს პრობლემის ყველა შემადგენელი ნაწილი აინტერესებდა. ჩემი პასუხების შემდეგ სტალინმა მთავრობის მიერ მითითებული მოკლე ვადებითა და შესრულების გზებით დადგენლი პუნქტები ჩამოაყალიბა.

შემდეგ ყოველთვის ვცდილობდი, ნებისმიერი საკითხი ასეთი კონკრტული სტილით განმეხილა ხოლმე, გარშემო მყოფთა მოსაზრებების უგულებელყოფა არ მომეხდინა და თითოული მათგანის წინადადებისა და შენიშვნისთვის მომესმინა, რათა სწორი და კონსტრუქციული გადაწყვეტილება გვეპოვა.

ნიკოლოზ ბაიბაკოვი
ნიკოლოზ ბაიბაკოვი

1940 წლის ივლისში ნავთობის მრეწველობის სამინისტროს ხელმძღვანელობაში ცვლილება მოხდა. მინისტრად ივანე სედინი დანიშნეს. ამავე წლის ოქტომბერში მთელი სამინისტრო სტალინთან მიგვიწვიეს. ქვეყანაში ნავთობის მოპოვების მდგომარეობაზე, როგორც სახალხო კომისრის პირველ მოადგილეს, მცირე მოხსენება მქონდა მომზადებული. სტალინი ამჯერადაც ყურადღებით მისმენდა. კაბინეტში დადიოდა და დიალოგის რეჟიმში კითხვებს მისვამდა. განსაკუთრებით აინტერესებდა აღმოსავლეთში, ბაშკირეთის რესპუბლიკაში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის მდგომარეობა. სტლინმა უბის წიგნაკში ყველაფერი ჩაიწერა, თუ რა იყო საჭირო ქარხნის ასამუშავებლად. ბერიამ და ვოზნესენსკიმ კი შესაბამისი ოპერატიული დავალებები მიიღეს.

საუბრისას აქცენტი გაკეთდა ფოლადის მილებზე, რომლებიც საწარმოებს შეფერხებით მიეწოდებოდა, შემდეგ კი სწრაფად ზიანდებოდა და საბადოების ბურღვის პროცესს აფერხებდა. სტალინმა სედინს განმარტებები მოსთხოვა. იგი დაიბნა, საუბრისას ენა დაება და ბოლოს დამნაშავესავით გაჩუმდა. სტალინი მას დაჟინებით უყურებდა, თან თავს იქნევდა. სედინს კარგად მესმოდა, ის მენავთბე არასოდეს ყოფილა, საჭირო გამოცდილებც არ ჰქონდა.

სამინისტროს გადარჩენა მე მომიწია. სტალინს ავუხსენი, რომ ბურღვისას უამრავი ავარია ხდებოდა. ჩემი კრიტიკა შავი მეტალურგიიის სამინისტრომ დაიმსახურა, რომელიც მასიური ფოლადის მილების მიწოდებას აფერხებდა. სტალინი მაშინვე საწერ მაგიდას მიუჯდა და შავი მეტალურგიის მინისტრ ტევოსიანს დაურეკა: _ ამხანაგო ტევოსიან, დაკავებული ხომ არ ხართ? მაშინ დაუყოვნებლივ ჩემთან გამოცხადდით.

შავი მეტალურგიის სამინისტრო კრემლთან ახლოს იყო. ზუსტად ათ წუთში ტევოსიანი თათბირზე გაჩნდა. სტალინმა მას ხელი ჩამოართვა და უთხრა:

_ ამხანაგო ტევოსიან, ამხანაგი ბაიბაკოვი ჩივის, რომ არხების ბურღვის შეფერხებებში თქვენი უხარისხო მილები ტყუის. ამხანაგო ბაიბაკოვ, გთხოვთ, ზუსტად უთხრათ, საქმე რასაც ეხება…

ცნობილია, რომ თავდაცვის საუკეთესო ფორმა თავდახმაა და ტევოსიანმა ეს მეთოდი მაშინვე გამოიყენა. მან თავის მართლება დაიწყო, ამტკიცებდა, რომ თვითონ არაფერ შუაში იყო. ჩვენი კამათი რამდენიმე წუთს გაგრძელდა.

სტალინი განზე გადგა, შუბლი უკმაყოფილოდ შეიჭმუხნა და გვითხრა:

_ თქვენ იკამათეთ და იჩხუბეთ, ჩვენ კი მოგისმენთ…

ორივე მაშინვე გავჩუმდით. ცოტა ხნის დუმილის შემდეგ ტევოსიანმა აღნიშნა, რომ მილები, რომლებზეც საუბარი იყო, არხების ბურღვისას უდიდეს დატვირთვას განიცდიდა, რომ ამ დროს მასიური ფოლადით დამზადებული მილებიც კი ზიანდებოდა…

_ როგორ მოვიქცეთ? _ კითხა სტალინმა.

_ უნდა ავითვისოთ, _ უპასუხა ტევოსიანმა.

სტალინმა მას მკაცრად შეხედა და ირონიულად უთხრა:

_ თუ არ გამოგივათ, იმ მოხუცივით აპირებთ ტანჯვას, ახალგაზრდაზე რომ დაქორწინდა და მასაც ტანჯავდა და თვითონაც იტანჯებოდა? უკეთესი იქნება, თუ გვეტყვით, ხარისხიანი მილების დასამზადებლად რა არის საჭირო!

დარცხვენილმა ტევოსიანმა, როგორც იქნა, გაგვარკვია, რომ ხარისხიანი მილების გამოსაშვებად ლეგირებული ფოლადი იყო საჭირო, ამისთვის კი ჩვეულებრივ ფოლადს მოლიბდენი უნდა დამატებოდა.

_ პირველ ჯერზე რა რაოდენობაა საჭირო? _ დაინტერესდა სტალინი.

ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ მინისტრმა უპასუხა, რომ დაახლოებით 300 ტონა მოლიბდენის გამოყოფა იქნებოდა საჭირო.

სტალინმა იქ მყოფ ვოზნესენკის მიმართა:

_ ამხანაგო ვოზნესენსკი, მოლიბდენის საჭირო დანამატს რატომ არ აძლევთ?

მან მშრალი, ოფიციალური ტონით უპასუხა:

_ ამხანაგო სტალინ, თავისუფალი რაოდენობით არ გაგვაჩნია, მხოლოდ ხელშეუხებელი მარაგი გვაქვს.

გავბედე და სასწრაფოდ საუბარში ჩავერიე, აღვნიშნე, რომ თითოეული დაზიანებული მილი სერიოზულ ავარიას იწვევდა, რომლის გამოსასწორებლადაც ათიათასობით რუბლი იყო საჭირო. მსგავსი ტიპის ავარია კი ჯერ კიდევ ბურღვის პროცესში არხის ლიკვიდაციას იწვევდა. სტალინს ჩემი დასკვნა დამაჯერებლად მოეჩვენა და თავმჯდომარეს კვლავ კითხვით მიმართა:

_ მითხარით, ამხანაგო ვოზნესენსკი, რისთვის არის შექმნილი ხელშეუხებელი მარაგი?

და შეკითხვას თვითონვე გასცა პასუხი:

_ ხელშეუხებელი მარაგი იმისათვის იქმნება, რომ ისეთ დროს გამოიყენო, როცა საჭმელი და სასმელი აღარ გაქვს. ასე არ არის? მაშ, მარაგს რატომ არ ვიყენებთ? ჩვენ ახლა 300 ტონა მოლიბდენს გამოვიყენებთ, თქვენ კი, ამხანაგო თავმჯდომარევ, გთხოვთ, ეს რაოდენობა, ხელშეუხებელ მარაგში რაც შეიძლება სწრაფად აღადგინოთ.

ბელადი მოლოტოვს მიუბრუნდა და ჰკითხა:

_ მითხარით, ვიაჩესლავ მიხაილოვიჩ, ხელშეუხებელი მარაგიდან მოლიბდენის გამოყოფის საბუთს ხელს ვაწერთ თუ არა?

მოლოტოვმა უპასუხა:

_ მზად ვარ, მხარი დაგიჭიროთ.

ყველამ თანხმობა გამოთქა და რამდენიმე დღეში საჭირო რაოდენობის მოლიბდენი იქნა გამოყოფილი.

ამ ეპიზოდის შესახებ დაწვრილებით იმიტომ გიამბეთ, რომ, ჩემი აზრით, სტალინის მუშაობის სტილს კარგად წარმოაჩენს. მსგავსი თათბირებისათვის ყოველთვის ყურადღებით ემზადებოდა და მათი ჩატარებისას გამუდმებით უდიდესი ცოდნის დემონსტრირებას ახდენდა. ყველაფრის მიმართ ინტერესს იჩენდა.

ნიკოლოზ ბაიბაკოვი და ჯუნა დავითაშვილი
ნიკოლოზ ბაიბაკოვი და ჯუნა დავითაშვილი

მახსოვს ერთხელ, კრემლში გამოსვლისას, კრასნოდარის ნავთობკომბინატის უფროს აპრიატკინს მხარეში ნავთობის მარაგის რაოდენობა გამოჰკითხა. ორატორმა 150 მილიონი ტონა დაუსახელა. მაშინ სტალინმა მარაგის კატეგორიების მიხედვით გაშიფვრა მოსთოვა, რაზეც პასუხი ვერ მიიღო. აპრიატკინი, უბრალოდ, საქმის კურსში არ იყო.

_ კარგმა უფროსმა, მარაგი კატეგორიების მიხედვით უნდა იცოდეს, _ შენიშნა სტალინმა.

სტალინი საქმის მცოდნე, პირდაპირ და სამართლიან ადამიანებს დიდ პატივს სცემდა. იგი მათ ყურადღებით უსმენდა და მათთან ნდობით აღსავსე და საქმიან კავშირებს ამყარებდა. მას შეეძლო თანამოსაუბრის აღელვების მიზეზს ჩაწვდომოდა და მისი გულწრფელობა დაენახა. ერთი მოძრაობით ახერხებდა, ადამიანისთვის დაძაბულობა მოეხსნა და დაემშვიდებინა.

მიუხედავად ამისა, “უმაღლესი პასუხისმგებლობის გრძნობით სავსესტალინთან მუშაობა არც ისე იოლი იყო. რკინისებური ლოგიკის, ფხიზელი გონების, უსაზღვრო განათლებისა და რთული ხასიათის მქონე სტალინი თითოეული ჩვენგანისგან საქმის უმაღლეს ცოდნას, შესრულების უნარსა და ინიციატივას მოითხოვდა.

სტალინის პერიოდში ჩვენი მუშაობის გრაფიკი ასეთი იყო: სამსახურში დილის 10 საათზე მივიდოდით და იქიდან მხოლოდ დილის 4-5 საათზე ვბრუნდებოდით. ვიდრე სტალინი იქ იმყოფებოდა, სახლში წასვლას ვერავინ ბედავდა. ბოლოს პოსკრებიშჩევი ბელადის უახლოეს გარემოცვას დაურეკავდა და შეატყობინებდა, რომ სტალინი დასასვენებლად წავიდა. შინ მხოლოდ ამის მერე მივდიოდით; პირველ რიგში _ მოლოტოვი, ბერია, მალენკოვი, მიქოიანი და ვოზნესენსკი; ჩვენ, მინისტრები, მხოლოდ მათი წასვლის შემდეგ ვტოვებდით იქაურობას. ჩვენს სამინისტროში ხშირად ისეც ხდებოდა, რომ პოლიტბიუროს ყველა წევრის წასვლის შემდეგ კაგანოვიჩი თავის მოადგილებს გამოიძახებდა და სხვადასხვა დავალებას აძლევდა, რომლებიც, როგორც წესი, ყოველთვის სასწრაფოდ შესასრულებელი იყო. როცა ვეკითხებოდით, როდისღა უნდა დაგვეძინა, გვიპასუხებდა:

_ ახალგაზრდები ხართ, შეგიძლიათ არც დაიძინოთ.

ათობით მაგალითის მოყვანა შემიძლია იმის თაობაზე, როგორი სულისკვეთებით შრომობდნენ ომის მძიმე თვეებში საწარმოები. მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია: ჩვენ დღე და ღამე მუხლჩაუხრელად ვშრომობდით და ბევრსაც ვაღწევდით.

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორ ამაღლდებოდა ხალხის განწყობა, როდესაც მოსკოვის შემოგარენში ფაშისტური დამპყრობლების მარცხი იხილა, თუმცა ომი გრძელდებოდა და წინ ახალი გამოცდა გველოდა. 1942 წლის ზაფხულში ჩვენს პატარპატარა წარუმატებლობებს ვგულისხმობ. როგორც ცნობილია, იმ დროს მოწინააღმდეგემ სერიოზულ წარმატებას მიაღწია. გაზეთპრავდაშიდაბეჭდილი წერილის პატარა ნაწყვეტს გაგაცნობთ: “კავკასიის მთიან ზოლში წარმოუდგენელი მასშტაბისა და განსაკუთრებული სისასტიკის ბრძოლა მიმდინარეობს. საბჭოთა სამშობლოს სერიოზული საფრთხე ემუქრება. მტერმა ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი რაიონები დაიკავა. მას სურს, პურისა და ნავთობის გარეშე დაგვტოვოს…”

მართლაც, საწვავის პრობლემა გერმანული რაიხისთვის მნიშვნელოვანი იყო. საბჭოთა კავშირზე თავდასხმამდე ხომ გერმანია მხოლოდ 8-9 ტონა ნავთობს აწარმოებდა და მას საკუთარი ნავთობი, ფაქტობრივად, არც ჰქონდა.

ამის შესახებ სტალინმა კარგად იცოდა. ჩვენი დაზვერვის სამსახური ომის დაწყებამდე ცნობებს აწვდიდა, რა შესაძლებლობები ჰქონდა გერმანიას, როგორ იღებდნენ გერმანელები თხევად საწვავს. გერმანიას გარკვეულწილად რუმინეთიც ეხმარებოდა, მაგრამ მისთვის ეს საკმარისი არ იყო.

როგორც უკვე ვთქვი, ჩვენი ნავთობის საბადოები გერმანელების ხელში რომ არ ჩავარდნილიყო, საბოლოო ჯამში, დაახლოებით სამი ათასი ჭაბურღილი გავანადგურეთ.

სტალინმა კარგად იცოდა, გერმანელები როგორ იღებდნენ ქვანახშირიდან ნავთობს. როდესაც ომი დამთავრდა დამირეკა და მითხრა:

_ ამხანაგო ბაიბაკოვ, გერმანიაში არსებული ყველა ქარხანა უნდა ჩამოიტანოთ და შეისწავლოთ, რომლებიც აქამდე ჰიტლერის ხელში იყო, და მას საწვავს აწვდიდა. ამ ყველაფრის განსახორციელებლად ორი წლის ვადა მომცა. სამწუხაროდ, ჩვენ საწვავის მიღების მსგავსი მეთოდი არ გაგვაჩნდა. მხოლოდ ლაბორატორიული გამოკვლევები და მოკრძალებული შედეგები იყო ჩვენი უპირატესობა. ცოტა ხნის დაფიქრების შემდეგ ბელადს ვუპასუხე:

_ ამხანაგო სტალინ, ასეთ მოკლე ვადაში ამ საქმეს ვერ გავუმკლავდებით. საკმაოდ სერიოზული ობიექტებია და, შესაბამისად, დავალებაც რთული.

_ კარგი, მაშინ ექვს თვეს დაგიმატებთ. არც მეტი, არც ნაკლები.

ქვეყანაში არსებობდა სამი პუნქტი, რომლებშიც ყველა დანადგარი განვათავსეთ, თანაც დროშიც ჩავეტიეტ, თუმცა არც ერთი ქარხნიდან ქვანახშირისგან თხევადი საწვავი არ მიგვიღია. რატომ? იმიტომ, რომ იმ წლებში ქვეყანაში უმდიდრესი ნავთობსაბადოების აღმოჩენამ “მეორე ბაქოს” ათვისებას შეუწყო ხელი, რამაც ნავთობის წარმოება მნიშვნელოვნად გაზარდა. ასე რომ, ჩვენ თვითონაც არ ვიცოდით, უდიდესი რაოდენობის მაზუთი სად წაგვეღო და ქვანახშირის გადამუშავება აღარ დაგვჭირდა.

როგორც მინისტრების უმრავლესობას, სტალინთან შეხვედრა ხშირად მეც არ მიწევდა. იგი ომის წლებში უფრო მეტად ომის საკითხებით იყო დაკავებული. დიდ ყურადღებას უთმობდა, როგორ მიმდინარეობდა საომარი პროდუქციის წარმოება. დღეს სტალინსა და სტალინიზმზე ბევრს საუბრობენ და წერენ, თანაც უმეტესად ნეგატიური თვალსაზრისით. არაერთი ფაქტი მოჰყავთ რეპრესიების განხორციელებაში მისი უშუალო მონაწილეობის შესახებ, თუმცა ამ ყველაფერში სტალინის დადანაშაულება არ შეიძლება.

წარმოიდგინეთ, როგორ ვითარდებოდა და იზრდებოდა ომის დაწყებამდე ქვეყნის ეკონომიკა. გადავხედოთ, რა ხდებოდა ქვეყანაში პირველ, მეორე და მესამე ხუთწლედებში. ჩვენ ეროვნული შემოსავლების ზრდას საშუალო ტემპის ნაბიჯებით ვახდენდით და მაინც თანამედროვე ინდუსტრიული სახელმწიფო ისტორიულად მოკლე ვადებში ჩამოვაყალიბეთ. ხანგრძლივი გვალვებიდან ბირთვულ ენერგეტიკამდე და იარაღამდე მივედით, კოსმოსი პირველებმა დავიპყარით. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სტალინის დიდი დამსახურებაა.

ზოგიერთი თანამედროვე კრიტიკოსი ამბობს, რომ ეს ყველაფერი ხალხის დამსახურებაა და თითქოს ნამდვილი შორსმჭვრეტელი ხელმძღვანელობა იმ დროს არ არსებობდა. თითქოს სტალინი აქ არაფერ შუაშია და მეტიც, ქვეყანას უვარგისი ხელმძღვანელობა ჰყავდა. ნუთუ შეიძლება მსგავს პოპულისტურ მტკიცებულებებს დავეთანხმოთ? რა თქმა უნდა, არა.

ჩნდება კითხვა: როგორი იყო სტალინი, როგორც სამხედრო მოღვაწე, მეთაური და მთავარსარდალი? მე, როგორც სამოქალაქო პირი, მას კვალიფიციურად ვერ შევაფასებ, მაგრამ არაერთხელ მიმიდევნებია თვალი, როგორი აქტიურობით, კომპენტენტურობითა და კორექტულობით იყო სტალინი საომარი საქმეებით დაკავებული. ჩემი აზრით, უადგილო არ იქნება, ისეთი ავტორიტეტული და გამოჩენილი პირის მოსაზრებას დავეთანხმოთ, როგორიც საბჭოთა კავშირის მარშალი ჟუკოვი იყო. ერთხელ მას ვკითხე:

_ გიორგი კონსტანტინოვიჩ, ახლა, როცა სტალინი აღარ არის, მასზე სხვადასხვაგვარად მსჯელობენ. მაგალითად, იყო თუ არა ის ღირსეული სამხედრო მეთაური ან შეეძლო თუ არა სინამდვილეში ღირსეული მთავარსარდალი ყოფილიყო?

ჟუკოვმა მიპასუხა:

_ სტალინი უდიდესი სამხედრო მეთაური და გამოცდილი, უმაღლესი მთავარსარდალი იყო; ფენომენალური მახსოვრობის მქონე და ნიჭიერი ადამიანი, რომელსაც შრომისუნარიანობა და დაკვირვება არ აკლდა. არ მახსოვს შემთხვევა, რომ სტალინს რომელიმე გადაწყვეტილების მიღებისას თავი ემტვრიოს, თუნდაც ეს საქმეში უკან დახევას ან თავდასხმას ეხებოდეს; ყოველთვის ყურადღებით გვისმენდა და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ იღებდა.

ისეთი პირდაპირი, მამაცი და პატიოსანი ადამიანის მიერ სტალინის შეფასებას, როგორიც ჟუკოვი იყო, ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

მახსოვს, 1965 წელს, როდესაც კოსიგინის აგარაკზე ვისვენებდი, შევხვდი მარშალ ვასილევსკის, რომელთანაც ძალიან თბილი ურთიერთობა მქონდა. მასაც იგივე კითხვა დავუსვი და თითქმის იგივე მიპასუხა, რა ჟუკოვმა.

გასაგებია რომ სტალინი არა მხოლოდ გამოჩენილი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, არამედ მე-20 საუკუნის უდიდესი სამხედრო მოღვაწეც იყო”.

დიდია ბაიბაკოვის როლი სოციალისტური სისტემისა და მისი დაგეგმვის არნახულ წარმატებებში, მაგრამ ის მაინც ის “ბუზია”, რომელიც კამეჩის რქაზე იჯდა და მალ-მალე უკან იხედებოდა: “ეს რამხელა ტვირთს ვეზიდებითო”.

გრიგოლ ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here