Home ახალი ამბები საქართველო სოსო ცინცაძე: ელჩს არ აქვს უფლება, პოლემიკა გამართოს პარლამენტართან. ელჩმაც და პარლამენტარმაც...

სოსო ცინცაძე: ელჩს არ აქვს უფლება, პოლემიკა გამართოს პარლამენტართან. ელჩმაც და პარლამენტარმაც პროტოკოლი დაარღვიეს

“შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება, მაგრამ ამას მეტი გაბედულება სჭირდება”

505

ქართული ოცნებისყოფილმა წევრმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა აშშის ელჩ კელი დეგნანს გაუგზავნა ღია წერილი, რომელშიც აღნიშნა, რომ საქართველოს ომში ჩართვის ნარატივი არა რუსეთის უშიშროების ფედერალური („ეფესბე”) სამსახურიდან, არამედ აშშის საელჩოს მიერ დაფინანსებული და მხარდაჭერილი ადამიანებისა და ორგანიზაციებისგან  ისმის

ამერიკის ელჩმა მიხეილ ყაველაშვილის წერილზე პასუხი არ დააყოვნა: „ეს წერილი, რომელიც სავსე იყო ტყუილებითა და კონსპირაციული თეორიებით, სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერ წავიკითხე. ნამდვილად არ ჩანდა იქ, ეს რას ემსახურება. ავტორი, ალბათ, ვერ ხედავს, რომ აშშ მუშაობს და მხარს უჭერს არა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, არამედ საქართველოს ხალხს; მხარს უჭერს ქვეყნის დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, რომლებიც კონსტიტუციის თანახმადაა შექმნილი და მათ აქვთ კონსტიტუციური მანდატი. ძალიან საშიშია, როდესაც ხდება კონსტიტუციური ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა და შესუსტება. არ ვიცი, რამდენჯერ შეიძლება გავიმეორო ის, რაზეც უკვე მრავალჯერ ითქვა, რომ ტყუილია, აშშ-ს ან ვინმეს ომისკენ მიჰყავს საქართველო. აშშ-ს არ უნდა ომი და აკეთებს ყველაფერს, რათა ეს ომი არ გაგრძელდეს და დამთავრდეს. მზად არის, ითანამშრომლოს ყველასთან, ვისაც აქვს მშვიდობისთვის მუშაობისა და ძალისხმევის გაწევის სურვილი, _ განაცხადა კელი დეგნანმა და განაგრძო. _ ვფიქრობ, რომ პრემიერმინისტრმა ნატოს სამიტზე მადრიდში კარგად დაინახა ის ძალისხმევა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ, რაც შეიძლება, სწრაფად დასრულდეს პუტინის მიერ გაჩაღებული სასტიკი და აგრესიული ომი. ეს (ყაველაშვილის წერილი) მართლაც უცნაურია და ასევე მინდა აღვნიშნო, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის, პარლამენტარის ნარატივი რაღაცნაირად ეხმაურება პარტიის წევრების ნარატივსაც ომში ჩართვაზე, რაზეც უკვე ბევრჯერ ითქვა და გამოიხატა პოზიცია (საელჩოს მხრიდან), რომ არის სიცრუე და არ შეეფერება სიმართლეს. ჩემი შეკითხვა იქნება: რა არის ამ ყველაფრის მოტივი, რატომ გრძელდება ეს ნარატივი?”

დიპლომატიური იყო თუ არა ამერიკის ელჩის პასუხი პარლამენტარ ყაველაშვილის მიმართ და აქვს თუ არა უცხო ქვეყნის წარმომადგენელს უფლება, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრს გასცეს მსგავსი პასუხი? ამ საკითხზე პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გვესაუბრება:

_ ჩვენ ქვეყნის კონვენციის მიხედვით რომ ვიხელმძღვანელოთ, არც ყაველაშვილს ჰქონდა უფლება, ელჩისთვის წერილი მიეწერა, მიემართა; ამის კომპეტენცია მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს. უცხო ქვეყნის ელჩთან მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტრო ურთიერთობს. თავის მხრივ, არც უცხო ქვეყნის ელჩს აქვს უფლება, იმ ქვეყნის შიდა ურთიერთობებში ჩაერიოს, რომელშიც სტუმრად იმყოფება. ელჩს არ აქვს უფლება, პოლემიკა გამართოს პარლამენტართან. ამ შემთხვევაში ელჩმაც და პარლამენტარმაც დაარღვიეს პროტოკოლი.

_ და, მაინცაშშის ელჩმა ბევრი გაბედარატომ? ხომ წარმოუდგენელია, რომ საქართველოს ელჩმა ამერიკაში მსგავსი რამ გაბედოს?

_ საქართველოს ელჩი ვერასოდეს გაბედავს მსგავს რამეს, მეტიც, ალბათ, ყველას გვახსოვს,შევარდნაძის მმართველობის პერიოდში საქართველოს ელჩმა ავარია რომ გააკეთა და არავინ აპატია, იმუნიტეტმა ვერ დაიცვა და ის დააპატიმრეს, რაც წარმოუდგენელი იყო და არც ამერიკელები ითხოვდნენ მის დაპატიმრებას, მაგრამ ის შევარდნაძემ არ დაიცვა…

_ ღარიბაშვილი სიმართლის თქმას დაგვპირდა, მაგრამ ვერ თქვა. შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობას გამოეყო სამი დეპუტატი და ხელისუფლებამ გადაწყვიტა, სიმართლე ამ სამი ადამიანის პირით ეთქვა. ისინი სახელისუფლო გუნდის წევრები აღარ არიან, ამიტომ თავს უფლება მისცეს, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებს, ამერიკის ელჩისთვის ეთქვათ სათქმელი. რა არის ამაში მიუღებელი?

_ არა, ასე არ ხდება. ყაველაშვილი არის პარლამენტის წევრი, ის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელია და მას უფლება არ აქვს, ელჩს მიმართოს. თუკი ქვეყანას ამა თუ იმ ელჩთან აქვს პრობლემა, ამას წყვეტს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელსაც აქვს უფლება, ელჩი გამოაცხადოსპერსონა ნონ გრატად”. ეს ვენის კონვენციის თანახმად ხდება, იმ კონვენციის, რომელიც ჩვენს პოლიტიკოსებს წაკითხულიც კი არ აქვთ და არა მარტო ჩვენებს, ვენის კონვენციას არღვევს ყველა ქვეყანა. არადა, 74 წლის წლის წინათ არის დაწერილი…

არადიპლომატიური საქციელი იყო ქართველი პარლამენტარის მხრიდან წერილის მიწერა ამერიკის ელჩისადმი და გეტყვით რატომაც: როდესაც პარლამენტში ხარ, ყველაზე კარგი ბერკეტია, დაიბარო საგარეო საქმეთა მინისტრი, მას გააძრო ტყავი და უთხრა: დაიბარე ელჩი, უთხარი სათქმელი და გამოაცხადე მიუღებელ პერსონად. თანაც ახსენი, რომ ვენის კონვენციის რამდენიმე მუხლი დააღვია.

ყაველაშვილის მხრიდანაც და მით უმეტეს ელჩის მხრიდან პასუხის გაცემა ქვეყნის პარლამენტარისთვის, თანაც ასე უტაქტოდ, იყო, მსუბუქად რომ ვთქვათ, არადიპლომატიური.

ვერ წარმომიდგენია, ახლა რატომ შევშფოთ-აღვშფოთდით, ჩვენ ხომ შარლ მიშელი მოვიწვიეთ იმისთვის, რომ ვერ გავერკვიეთ, რა გვექნა?! მოვიწვიეთ ეს კაცი და მის პატივსაცემად ფრაქციაც კი გავაკეთეთ… ასე რომ, ჩვენ ნორმალური ქვეყანა არ ვართ. მსგავს რამეს არ იზამდა, არც სანმარინო, არც ანდორა, არავინეს გამორიცხულია.

_ სახელისუფლო გუნდს გამოყოფილმა სამმა დეპუტატმა გადაწყვიტა, თქვას სიმართლე ევროკავშირის, ამერიკისა და ნატოს შესახებ. როგორ ფიქრობთ, უახლოს მომავალში ხომ არ უნდა ველოდოთ კიდევ სამი დეპუტატის გამოყოფას იმ მიზეზით, რომ ისაუბრონ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებაზე?

_ მსგავსი საქციელი მოსალოდნელია. 3 ივლისს უკვე წავიდა საქართველოდან რუსეთში დელეგაცია და იქ იყვნენ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები. წავიდნენ რუსეთის მიწვევით, რაც არ არის ცუდი.

არ გამიკვირდება, რომ ხვალ ირაკლი კობახიძე გამოვიდეს სფინქსის სახით და განაცხადოს: დამოუკიდებელი დეპუტატები გამოვიდნენ და თქვეს, რუსეთან ურთიერთობის მოგვარება ძალიან მნიშვნელოვანიაო…

სიმართლე გითხრათ, მოხარული ვიქნები რუსეთან ურთიერთობის მოგვარების, რადგან 140-მილიონიან ქვეყანასთან, რომელთანაც მთავარი ბაზარი გვაქვს, ათეული წლობით მტრობა არ შეიძლება. ეს ნონსენსია.  არ ვამბობ, სატელიტები ვიყოთ რუსეთის, მაგრამ საუბრები, ურთიერთობები უნდა გვქონდეს. ჩვენს პოლიტიკოსებს რიშელიე რომ ჰქონდეთ წაკითხული, ეცოდინებოდათ, რომ მტერთან, რომელთანაც საომარი მდგომარეობა გაქვს, საჭიროა მოლაპარაკებები. რუსეთს რომ ველაპარაკებოდეთ, ე.წ. საზღვრის ხაზის გადმოწევა არ მოხდებოდა. რომ წავსულიყავით რუსეთში, როდესაც დაგვიძახეს, ჩვენი ტერიტორიები არ შემცირდებოდა. ბოლოს და ბოლოს, იმაზე იფიქრონ, კახელ გლეხს რა ეშველება, რუსეთმა ატამზე უარი რომ გვითხრას?!

შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება, მაგრამ ამას ცოტა მეტი გაბედულება სჭირდება და ვერ შეძლებენ, განსაკუთრებით ახლა, როდესაც რუსეთსა და უკრაინას შორის ომია. რუსეთთან ურთიერთობა ცოტა ადრე უნდა მოგვარებულიყო, რადგან კაცობრიობას არ ახსოვს, ამდენი წელიწადი მეზობელთან საომარი მდგომარეობა ჰქონოდა რომელიმე ქვეყანას, რამდენიც ჩვენ გვაქვს.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here