Home ახალი ამბები საქართველო შინ ევროპა  შევედით დავბრუნდით შემოვიდა თუ…

შინ ევროპა  შევედით დავბრუნდით შემოვიდა თუ…

695

ეს სათაური ბოდვაა.

ბოდვა ფსიქიკური დაავადების ერთერთი არსებითი ნიშანია. ბოდვას ახასიათებს ლოგიკური აზროვნების დარღვევა, აფექტური დაძაბულობა და ეგოცენტრიზმი.

გუნებაგანწყობილების მიხედვით,  ბოდვა დეპრესიული ან ექსპანსიური; სტრუქტურის მიხედვითსისტემური (გარკვეული თანამიმდევრობითი ჩამოყალიბებული აზრები) და უსისტემო (წყვეტილი, ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცვალებადი აზრები), კონკრეტული შინაარსით კიდევნის, მოწამვლის, ეჭვიანობის, განდიდების გამოგონების და სხვ. ბოდვის პარალელურად არსებობს ჰალუცინაცია. ეს ორი რამ არსებითად არ განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც სხვადასხვაა. ჰალუცინაცია არის აღქმა, რომელიც ჩნდება რეალური ობიექტის გარეშე. ჰალუცინაცია სწორედ რომ აღქმაა და არა წარმოსახვა. ჰალუცინაციის დროს იმას, რაც რეალურად არ არსებობს, ხედავენ, ესმით, გრძნობენ, ეხებიან, ყნოსავენზოგიერთი ჰალუცინაცია მძაფრი, ემოციური, ხატოვანი და იმდენად დამაჯერებელია, რომ არ განირჩევა რეალობის აღქმისაგან, მაგრამ მისგან მთლიანად მოწყვეტილია.

ევროპა, რა თქმა უნდა, რეალურად არსებობს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ქართველებს იგი ჰალუცინაციად და ბოდვად გვექცა. ლიტერატურული ჩანახატი, რომელიც მინდა,  ამ სტატიაში შემოგთავაზოთ, ოცდაორი წლის წინათ  დაიწერა. იგი ევროპის მიმართ ჩვენს ავადმყოფურ დამოკიდებულებაზე ჩემი სუბიექტური რეპლიკა იყო, რომელიც საკმარისზე მეტად მწვავეა, თუმცა მე (ამ ჩანახატის ავტორი) იმხანად  მაინც ვერ წარმოვიდგენდი, ასე მძიმე ფორმას თუ მიიღებდა ჩვენი ეს უცნაური გატაცება, ჩვენი ეს კონტინენტური აბსურდი.

კონტინენტური აბსურდი                       

ჯადოს არსებობისა არ მჯეროდა. ვერ წარმომედგინა,  ადამიანის ფსიქიკასა და გონებაზე ისეთი ზემოქმედება თუ შეიძლებოდა, რომ იგი გარედან მართული შეიქნებოდა.

ახლა კი ვხედავ, რომ ადამიანები კი არა, მთელი ერი, მთელი ქვეყანა მოჯადოებულია. ყოველდღიურად იმდენ სისულელეს ვისმენთ, რომ ატანა შეუძლებელია. ამდენი ბოროტება, ამდენი სიძულვილი, ამდენი ბოღმა და გესლი სად იმალებოდა?! ამ ტელეეკრანებმა ხომ სულ გადაგვრია. თითქოს კამათობენ, თითქოს ქვეყანაზე მსჯელობენ, მაგრამ განა ეს კამათია, განა ეს მსჯელობაა? ერთმანეთს ლაფში სვრიან, აფურთხებენ, უშვერი სიტყვით ლანძღავენ

მინდა ვიყვირო და მოვუწოდო ქართველებს:  შეჩერდით, წინ უფსკრულია! ვყვირი კიდეც, მაგრამ ვინ მომისმენს, მე ხომ ევროპელი არ ვარ, ქართველი ვარ. ეს რა მოგვივიდა, ეს რა დაგვემართა?! სად წავიდა ის ხალხი – ის მშვიდი, კეთილი, აზრიანი ქართველები რა იქნენ? ჯერ ხომ ძალიან დიდი დრო არ გასულა, რაც ეს უბედურება გვჭირს, ასე მოკლე დროში მთელი თაობა ხომ არ გადაშენდებოდა? არადა, აღარ არის ის ხალხი – საქმიანი, მშრომელი, იმედიანი, მოსიყვარულე, სიკეთით სავსე, მშვიდი, ღიმილიანი. დღესაც ვხვდები ზოგიერთ მათგანს, თვალები რომ ამღვრევია, სულში თითქოს ვიღაც უცხო ჩასახლებია, გონებით სადღაც სხვაგან ქრის, ჯადო ადევს, მონუსხულია. ვიღაცას სადღაც თითქოს პულტი უჭირავს და ღილაკებზე დაჭერით ისე ათამაშებს ამ ჩვენს ქართველებს, გეგონება, ძაფზე გამობმული თოჯინები არიან. ვიღაც ყოველდღიურად, როგორც ქვევრს, პირდაპირ ყურში ჩასძახის ამ საცოდავ ხალხს რაღაცას და ეს, მოჯადოებული და თოკზე გამობმული, მუდამ ფეხის ხმას აყოლილი და მუდამ მიმბაძველი, მუდამ მოდურად შეშლილი ქართველი ზუსტად და უშეცდომოდ იმეორებს იმას, რაც ჩასძახეს, რაც ჩააგონეს.

– მე ქართველი ვარ! – იტყოდა ქართველი და შეფარული სიამაყე ჟღერდა მის ამ სიტყვებში.

შემდეგ მოვიდა ვიღაც და…

– მე ევროპელი ვარ! – შეურყია ქართველს სიამაყის საფუძველი.

საქართველო კონტინენტზე შეიშალა, საქართველო მხარეზე (დასავლეთზე) გაგიჟდა. ამ დროს ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთისგანაც არ ვართ შორს, აღმოსავლეთი ვართ ფსიქიკური წყობით, ისტორიით, კულტურით, ხასიათით, ადათით, ზნე-ჩვეულებებით.

– მე ევროპელი ვარ! – ამ სიტყვებით თითქოს საფეთქელი გაუხვრიტეს აღმოსავლეთისა და დასავლეთის გასაყარზე უნიკალური კულტურის ჩამომყალიბებელ ქართველს და იგი იძულებულია, თავისი ქვეცნობიერი აღმოსავლურ-აზიური იმპულსი თვითონვე ჩაწიხლოს საკუთარ არსებაში, რადგან არ სურს, რომ არაევროპელად გამოიყურებოდეს, რომ არაევროპელობა დასწამონ. უფრო სწორად, ძალიან სურს ევროპელობა, ვინაიდან მოდად უქციეს და გაუფეტიშეს ეს კონტინენტური აბსურდი.

მხარი ეცვალაო, იტყოდნენ ადამიანზე, რომელსაც კომპასი აერეოდა და ალთას ნაცვლად ბალთას მიემართებოდა. დღეს თითქმის მთელი ერი მხარნაცვალივით დაბორიალებს და, რაკიღა საკუთარ გზას, საკუთარ ვინაობას, საკუთარ თავს ვერ აგნებს, თვალებში ცხოველური შიში ჩასდგომია, სულში ურვასა და კაეშანს დაუსადგურებია და, აზრდაკარგული, გათელილი, განადგურებული, რამდენიმე აკვიატებულ სიტყვას ლუღლუღებს: ევროპა, დასავლეთი, ნატო, ტრანში, კრედიტი, გრანტი, ინვესტორი, სქესობრივი უმცირესობაგადაშალეთ გაზეთები, ჩართეთ რადიოტელევიზია და ნახავთ, რომ ნებისმიერი გამომსვლელის მთელი სააზროვნო ლექსიკა ამ სიტყვებისგან შედგება. ქართველებმა ენაც დავკარგეთ, მამულიც, სარწმუნოებაც, რჯულიც და კონტინენტიც რაც მთავარია, სახე და თავი დავკარგეთ, ქართველები აღარ ვართ, ევროპელებად ვერ ვიქეცით, რუსეთსა და მართლმადიდებელ სამყაროს ზურგი ვაქციეთ, ევროკავშირში ვერ შევედით, ნატოში არ მიგვიღეს, ცასა და მიწას შუა ვკიდივართ, ღმერთსა და სატანას ერთდროულად ვინახავთ გულსა და სულში. საცაა, იხუვლებს და მოსკდება მეორედ მოსვლა, ქრისტეს ახალი გამოცხადება, აპოკალიფსი, უფსკრულსა და გეენაში დაინთქმება ყოველი და… აღსასრული დადგება, როგორც შვება და დასვენება…

დრო ცოტა რჩება, მიდით, მიდით, რაც შეიძლება მეტი სიგიჟე და სისულელე აფრქვიეთ, რაც შეიძლება მეტი ზიზღი, სიძულვილი და უზნეობა თესეთ, რაც შეიძლება მეტი ცოდვის ჩადენა მოასწარით, რათა მაქსიმალურად ძლიერი იყო ეფექტი!

გაზეთი “2000”, #51, 2001 წლის აპრილი

იქნებ არც იყო საჭირო თითქმის მეოთხედი საუკუნის წინათ ნათქვამი ამ მკვახე სიტყვის აქ გამეორება, ვინაიდან წუთი წუთზე შეიძლება მოვიდეს ინფორმაცია, რომ გამოიმეტეს, მოგვცეს, მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. – ჰოდა, რატომ გვიფუჭებ ზეიმს, რას დაგვჩხავი ყვავივითო, – მკითხავენ უკვე “გაევროპელებული” ქართველები. ამ შეკითხვას მოგვიანებით გავცემ პასუხს.

დღეს კი, 14 დეკემბერს, ევროკავშირის სამიტი გაიმართება, სადაც საქართველო, ალბათ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს.

გუშინ, 13 დეკემბერს, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წერილობით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს.

ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისადმი მიმართვის ტექსტში ვკითხულობთ: “საქართველოს მიერ ნაჩვენები არსებითი წინსვლის, ისევე როგორც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების მიერ გადადგმული ბოლოდროინდელი ნაბიჯების საფუძველზე, მათ შორის – ევროკომისიის 8 ნოემბრის რეკომენდაციების გათვალისწინებით, მსურს, გამოვხატო მტკიცე რწმენა მასზედ, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარში დგომას კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილების მიღებით. ეს გადაწყვეტილება საქართველოს შეუქცევად გზაზე დააყენებს გაწევრიანების მოლაპარაკებებისკენ და, საბოლოო ჯამში, ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისკენ”.

ეს გასაგებია. გადაწყვეტილების მიღების წინა დღეს ევროპის ლიდერებს ერთხელ კიდევ შეახსენო თავი და ბოლო თხოვნითაც მიმართო, ალბათ, ბანალური, თუმცა სრულიად ლოგიკური ამბავია, მაგრამ მომდევნო აბზაცმა დამაბნია: “კანდიდატის სტატუსის მინიჭება დამატებით იმპულსს მისცემს საქართველოში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას”.

დასავლეთისკენ გადადგმულმა ნაბიჯებმა, დასავლური შეიარაღების რუსეთის საზღვრებამდე მიტანამ და და ევროპაამერიკის გაუთავებელმა ძახილმა უკრაინა ომამდე მიიყვანა და ჩვენ მშვიდობამდე რანაირად მიგვიყვანს? აქ ლოგიკას ვერ ვხადავ. ღმერთმა ქნასვცდებოდე, მაგრამ დასავლეთისკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯი, საბოლოო ჯამში, ომისკენ გადადგმული ნაბიჯი მგონია, რადგან დასავლეთს პოსტსაბჭოთა რესპუბლიკები, პირველ რიგში, მხოლოდ ამისთვის სჭირდება.

კიდევ უფრო დამაბნეველია შემდეგი წინადადება: “ნება მომეცით, მადლიერება გამოვხატო ევროკავშირისადმი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში შეტანილი ღირებული წვლილისა და მხარდაჭერისთვის”.

დასავლეთმა, ევროკავშირმა და მისმა ლიდერებმა რა არ გააკეთეს და რას არ აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველო რუსეთთან მუდმივად დაპირისპირებულ სახელმწიფოდ დარჩეს, პრემიემინისტრი კი მადლობას უხდის მათ “რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში შეტანილი ღირებული წვლილისა და მხარდაჭერისთვის”. რა მშვიდობიანი მოგვარება, დღე და ღამე იმას არ ჩაგვჩიჩინებენ, რუსეთი ოკუპანტი და ისტორიული მტერიაო?! და ბოლოს, რომ იტყვიან, მთლად სასწაული: “გვჯერა, რომ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების ძლიერი ჩართულობა გადამწყვეტი იქნება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მშვიდობიანი რეინტეგრაციის უზრუნველყოფისა და გახლეჩილი საზოგადოების წევრების შერიგების საქმეში”.

კანდიდატის სტატუსის მიღებით ჩვენ ოდნავადაც ვერ მივუახლოვდებით დასავლეთს, მაგრამ რუსეთთან ნდობის აღსადგენად გადადგმულ ნაბიჯებს, აც დასავლურ სანქციებთან მიერთებაზე უარის თქმითა და მეორე ფრონტის გახსნისგან თავშეკავებით გამოიხატა, შესაძლებელია,  ხაზი გადავუსვათ. ეს გაცილებით მეტი დანაკარგი იქნება ჩვენთვის, ვიდრე დასავლეთისკენ ხოხვით მოპოვებული არაფრისმთქმელი და არაფრისმომცემი სტატუსი.

სასაცილოა ის შეჯიბრება, რომელიც ამ სტატუსის მიღებაში უფრო მეტი წვლილის შეტანის მისათვისებლად ბოლო პერიოდში იმართება.

.. ოპოზიცია (დასავლეთისმეხუთე კოლონა“) ყველაფერს კადრულობდა იმისთვის, რომ მთავრობისთვის ხელი შეეშალა სტატუსის მიღებაში, რათა შემდეგ ხმამაღალი ყვირილი მოერთო, რომ ხელისუფლებამ ეს საქმე ჩააფლავა, მაგრამ ახლა, როდესაც ხედავს, რომ სტატუსის მიღება თითქმის გარდაუვალია, ტაქტიკა შეცვალეს და იმას გაჰყვირიან, საქართველოს მთავრობა აქ არაფერ შუაშია, სტატუსი ჩვენი დაუღლელი საქმიანობის შედეგიაო. ევროპის მოედანზე ევროკავშირის ყველაზე დიდი დროშა გაიშალა. 33 მეტრის სიგრძის გიგანტური დროშის გაშლით საქართველოს დედაქალაქში, ღონისძიებაზე მყოფი მოქალაქეების განცხადებით, ისინი ხმას აწვდიან ევროკავშირს, რომ საქართველო მისი ნაწილია და კანდიდატის სტატუსი აუცილებლად უნდა მოგვანიჭონ. ღონისძიების ინიციატორი დასავლეთის “მეხუთე კოლონის” ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი იმპიჩმენტგადატანილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იყო, რომელმაც ამაყად გადახედა დაახლოებით ორას-სამას ადამიანს და განაცხადა: „ამდენი ხმა მოდის, ამდენმა ხალხმა თავისი ხმა მიაწვდინა ევროპას. ევროპა არის ის სივრცე, სადაც ადამიანებს აქვთ უდიდესი მნიშვნელობა, მათ თავისუფალ აზრს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს თავისუფალი აზრი იქნება გათვალისწინებული, ჩვენ შევძლებთ 15 დეკემბრის შემდეგ კიდევ ერთხელ ზეიმს!”

ერთი სიტყვით, დღეს თუ ხვალ (14-15 დეკემბერს) გადაწყდება, მივიღებთ თუ არა კანდიდატის სტატუსს. სტატუსის მიღების შემდეგაც ევროპა ზოგიერთისთვის ადამიანის უფლებების დაცვასთან იქნება ასოცირებული, ზოგიერთისთვის კი –  ინკვიზიციასა და გილიოტინასთან; ზოგიერთისთვის – თავისუფლებასა და ცივილიზაციასთან, ზოგიერთისთვის კი – ფაშიზმთან და საკონცენტრაციო ბანაკებთან. მე კი ევროპის გაგონებაზე ისლამური რევოლუციის ლიდერისა და ირანის სულიერი მამის – აიათოლა ომეინის მიერ დიდი ხნის წინათ ნათქვამი მახსენდება: “ევროპა სხვა არაფერია, თუ არა დიქტატურათა გროვა, რომელიც უსამართლობაზე დგას. კაცობრიობას თუ სურს, მშვიდობა დაიბრუნოს, მან ფოლადის მუშტი უნდა ჩაარტყას ამ ბოროტებას!”

ევროპისთვის ფოლადის მუშტის ჩარტყმა გაცილებით უფრო ძნელია, ვიდრე, ვთქვათ, უკრაინისთვის, ამიტომ ამგვარი პროვოკაციული ნაბიჯების გადადგმისას შიში მიპყრობს. მას შემდეგ, რაც რუსეთის მიმართ, მართალია, აუცილებლობით ნაკარნახები, მაგრამ მაინც გარკვეული კეთილი ნებაც გამოვავლინეთ, იქითა მხრიდანაც შემხვედრი ნაბიჯები გადმოიდგა – სავიზო რეჟიმიც გააუქმეს და პირდაპირი ფრენებიც აღადგინეს, რამაც ორივე ქვეყნის მოქალაქეებს მიმოსვლა გაუადვილა, მაგრამ, როდესაც რუსეთი ნახავს, რომ ჩვენ ისევ ეშმაკისკენ ვიყურებით, ურთიერთობა კვლავ დამძიმდება, რაც საბოლოოდ დაასამარებს ტერიტორიული მთლიანობის იდეასაც და აქამდე რის ვაივაგლახით მოტანილ მშვიდობასაც.

ეს იმ გაევროპელებული ქართველების პასუხად, წეღან რომ მკითხეს, საზეიმო განწყობას რად გვიფუჭებო.

იქნებ უადგილოა ჩემი სიფრთხილე და წინდახედულება?! ღმერთმა ქნას, სხვათა გაუფრთხილებლობა და წინდაუხედაობა უფრო სწორი და გამართლებული გამოდგეს. ღმერთმა ქნას!

ვალერი კვარაცხელია

                                                                        

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here