მთავარი პოლიტიკა “სასტუმრო “რუმსში” პრეზენტაცია უნდა გაიმართოს თემაზე: “აფხაზეთისა და ოსეთის გარეშე ნატოში გაწევრება”

“სასტუმრო “რუმსში” პრეზენტაცია უნდა გაიმართოს თემაზე: “აფხაზეთისა და ოსეთის გარეშე ნატოში გაწევრება”

“ქართველი საზოგადოება ამას არასოდეს დათანხმდება”

3276
გააზიარეთ

გასულ კვირას ქართველი საზოგადოება ამერიკული გავლენიანი კვლევითი ცენტრის, სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტჰერიტეიჯ ფაუნდეიშენისექსპერტის, ლუკ კოფის, მიერ გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ შეაშფოთა: “ნატოს ზოგიერთი წევრი შიშობს, რომ საქართველოს ალიანსში მიღება მოსკოვის მიერ ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების გამო რუსეთთან ომს გამოიწვევს. საქართველოს ოფიციალური პირები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ მოხარულები იქნებიან, დათანხმდნენ ნატოს წევრობას კომპრომისის საფუძველზე. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ ალიანსის მეხუთე მუხლი, რომელიც კოლექტიურ თავდაცვასა და უსაფრთხოების გარანტიას გულისხმობს, დროებით არ გავრცელდეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სანამ ეს საკითხი რუსეთთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით არ გადაწყდება”, _ წერს ლუკ კოფი

წერილში აღნიშნულია, რომ ასეთ შემთხვევაში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთის რეგიონზე გავრცელდება ნატოს წესდების მეექვსე მუხლის შესწორება. რომელიც მიიღეს 1951 წელს, როდესაც ალიანსს საბერძნეთი და თურქეთი შეუერთდნენ. “ეს იქნებოდა მხოლოდ დროებითი ზომა, სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში აღდგება”, _ ნათქვამია აშშ-ის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის საგარეო პოლიტიკის ცენტრის მიერ მომზადებულ ანგარიშში. სარწმუნოა ლუკ კოფის ეს სიტყვები? გაბედავენ თუ არა ჩვენი ხელისუფლების სათავეში მდგომი ადამიანები ტერიტორიების დათმობას? _ ამ და სხვა თემებზე პოლიტოლოგები და პოლიტიკოსები გვესაუბრებიან:

ხელისუფლებას სათქმელი აღარაფერი აქვს და ახლა რაღაც ახლის მოგონება სურს, რადგან ქვეყანაში ნატოს მომხრეთა რაოდენობა იკლებს

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი:
_ შეარყია საქართველო ლუკ კოფმა. რასაც ის ამბობს, მხოლოდ გახმიანებაა ნატოს სათქმელის, მაგრამ საქმე ის არის, რომ ეს ადამიანი მართალია. მან გარკვევით თქვა, _ ამას ხელისუფლების მაღალჩინოსნები კულუარებში საუბრობენო. ეს “გენიალური” იდეა შემუშავებულია საქართველოში. ამ გეგმის შემუშავებაში კი წვლილი მიუძღვის ყველას, ვინც დღეს ქართულ პოლიტიკაშია, არავინ თქვას, რომ “ქართული ოცნება” არაფერ შუაშია.

ქართველ პოლიტიკოსებს ჰგონიათ, რომ “მაგრები” არიან და შეძლებენ ვიღაცის “გადაგდებას”. ისინი ფიქრობენ, _ მოდი, ახლა, ჩვენ ეს უთხრათ მათ, თავი შევყოთ ნატოში და მერე ვნახოთ, რა ბიჭები იქნებიან და როგორ არ დაგვეხმარებიანო. ამას ეუბნებიან იმ ადამიანებს, რომლებიც რამდენ რამეზე არიან გადამხტარი, კაცმა არ იცის.

25 წლის განმავლობაში გაიძახოდნენ ტყუილებს: “ჩვენ გვიღებენ ნატოში”, “აი მაპი”, “აი მაპზე უკეთესი”… სათქმელი გამოელიათ. ასე რომ, სხვა გზა აღარ დარჩათ, ეს კულუარებში უნდა თქვან და შემდეგ ისინი საჯაროდ შესთავაზებენ ნატოში გაერთიანებას, ხელისუფლება კი გვეტყვის: მათ კი შემოგვთავაზეს, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ, არ ვიცითო…

_ რა სურთ ლუკ კოფის უკან მდგომ ადამიანებს?

_ რამდენიმე წლის წინათ, როდესაც ნაცები იყვნენ ხელისუფლებაში, ევროატლანტიკური ორგანიზაციის ერთ-ერთმა წევრმა მითხრა: აღარ შეგვიძლია თქვენი ევროინტეგრაციის მინისტრ ბარამიძის დანახვა, სულ ერთი და იმავე სისულელეს გაიძახის და ნატო-ნატო გაუდისო…

ნატომ არაერთხელ გვითხრა, რომ საკუთარ თავს უნდა მივხედოთ, ამას გვეუბნება ამერიკაც. გამუდმებით ნატოზე საუბარი სისულელეა. ამერიკელები გვეუბნებიან, თქვენ გაქვთ უამრავი პრობლემა, საზღვრებით დაწყებული, ეკონომიკით დასრულებული, ამ პრობლემებით კი ვერ შეხვალთ ნატოშიო. ეს ხალხმა იცის. ხელისუფლებას სათქმელი აღარაფერი აქვს და ახლა რაღაც ახლის მოგონება სურს, რადგან ქვეყანაში ნატოს მომხრეთა რაოდენობა იკლებს.

_ თუ ხელისუფლება კონფლიქტურ ტერიტორიებზე უარს იტყვის, მიგვიღებენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში?

_ არ მიგვიღებენ. მე-5 და მე-6 პუნქტის შეცვლის იმედად ნატოში შესვლა სისულელეა. ჩვენ გამო, ნატოს წესდებას არავინ შეცვლის ან ვინ ჰკითხავს ბრიუსელს? ნატოს წევრი 28 ქვეყანაა, მათ შორის, გერმანია და საფრანგეთი. ასეთი საკითხები სტოლტენბერგის გადასაწყვეტი არ არის.

ჩვენ ნატოში არავითარ შემთხვევაში არ მიგვიღებენ. ნატოსთვის საქართველო პრობლემური სახელმწიფოა აფხაზეთისა და ოსეთის გარეშეც, რადგან გამუდმებით ვსაუბრობთ რუსეთის აგრესიაზე, ნატო რუსეთს ჩვენ გამო არ დაუპირისპირდება, მას ახალი თავის ტკივილი არ სჭირდება. ყველა სიტყვა და ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგან ქართველებმა, ამერიკელებმა და ბრიუსელმა, თავის მოტყუებაა, უფრო ზუსტად _ ხალხისთვის გადაგდებული სატყუარა.

_ თქვით, ლუკ კოფი სიმართლეს ამბობსო, როგორ გაბედა ჩვენმა ხელისუფლებამ ასეთი რამ?

_ ჩვენები ყველაფერს ბედავენ. მითხარით ერთი რამ, რაც არ ან ვერ გაბედეს. ამ ხალხს ყველაფერს გაუბედავენ, თავზე გვიშვებიან და ქუჩაში არავინ გამოდის. ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ უტვინოები ვართ, თავის დაცვა არ შეგვიძლია, ამის გამო უფრო მეტსაც უნდა ველოდოთ მისგან.

ლუკ კოფმა თქვა ის, რაც რეალურად ხდება

სოსო ცინცაძე, პოლიტოლოგი:
_ ლუკ კოფი ამერიკელია, მისთვის პოლიტკორექტულობა უცხო ხილია, თანაც საქართველოში არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს, ამიტომაც თქვა ის, რაც რეალურად ხდება, მე მჯერა მისი ნათქვამის. მჯერა, რომ ხელისუფლების ერთ ნაწილს გულის კუნჭულში ეს აზრი ნამდვილად ღრღნის.

იაპონიაში ყოველწლიურად ტარდება ჩრდილოეთის ტერიტორიების დღე და ქუჩაში გამოდის მილიონობით ადამიანი. ბოლოს როდის ნახეთ საქართველოში ქუჩაში პროტესტის ნიშნად გამოსული ხალხი?

ჩვენი ხელისუფლების არასწორი მიდგომით მხოლოდ იმას მივაღწიეთ, რომ აფხაზები და ოსები ქართველებს აგრესორებს გვიწოდებენ.

ლუკ კოფის სიტყვები გასაკვირი კიდევ იმიტომ არ არის, რომ ყველა ვხედავთ, ნელ-ნელა როგორ მცირდება ნატოსა და ევროკავშირში გაერთიანების მომხრეთა რაოდენობა. 20 წელია, ევროპიდან დახმარება არ მიგვიღია, რასაც რეალური დახმარება ჰქვია. რაღაც “ჯაველინები” გადმოგვიგდეს და ფრანგებმა ვითომ ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარი მოგვცეს, ისიც არ ვიცი, ჩამოვიდა აქამდე თუ არა. რუსეთს ყველა ერიდება, ძნელია, მისი აზრის გაუთვალისწინებლად საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ღიად დაუჭირო მხარი. ასეთი დამოკიდებულება მაძლევს იმის საფუძველს, რომ ვირწმუნო, ლუკ კოფი სიმართლეს ამბობს. იტყოდნენ, აუცილებლად იტყოდნენ ჩვენები, _ ტერიტორიების გარეშე შევალთ ნატოშიო.

_ ნატო ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად გვჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნატოს ფუნქცია რა უნდა იყოს?

_ საქმეც ეგ არის. რა ჯანდაბად გვინდა ნატო, თუ ტერიტორიებს არ დაგვიბრუნებს? რუსეთმა კარგად იცის, ჩვენ როგორც უნდა გავძლიერდეთ, ეს ქვეყანა მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

რას წარმოადგენს ქართული პოლიტიკური ელიტა? გადაავლეთ თვალი პარლამენტის წევრებს, რომელიმე მათგანისგან ელოდებით იდეოლოგიურ სიმტკიცეს? მათ სამშობლო თავიანთთვის უყვართ. დე გოლი ამბობდა: “არ მიყვარს ჩემი მომხრეები, რადგან მათ ფული უფრო უყვართ”. დღეს ქვეყანაში პატრიოტთა დეფიციტია, რაც ძალიან ცუდია. ასე რომ, ეს ვიღაც კოფი მართალს ამბობს, ტყუილის თქმის საბაბი მას არ ჰქონდა.

ევრაზიულ კავშირში გაერთიანების მომხრეთა რაოდენობა იმატებს და, თუ ეს ინიციატივა რეალური აღმოჩნდა, კიდევ უფრო გაიზრდება იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც ნატოს სკეპტიკურად უყურებდნენ

ვახტანგ მაისაია, ევროატლანტიკური საკითხების ექსპერტი:
_ ძალიან საინტერესო “სიურპრიზი” იყო კოფის ეს წერილი. კოფი ძალიან სერიოზული ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელია.

8 თებერვალს თბილისში, სასტუმრო “რუმსში” პრეზენტაცია უნდა გაიმართოს თემაზე: “აფხაზეთისა და ოსეთის გარეშე ნატოში გაწევრება”, რომელსაც დაესწრება ამერიკის ელჩი და წინა რეჟიმისდროინდელი სისხლიმსმელები, აგრეთვე, ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე. მოკლედ, ძალიან საინტერესო გუნდი “იჩითება”. ეს ინიციატივა, პირველად სააკაშვილის მმართველობის პერიოდში გახმაურდა. ისინი ქვეყნისა და ხალხის მტრები არიან, მათი ინიციატივები არ მაინტერესებს.

კოფის წერილში ნატოს მე-5 და მე-6 მუხლების ამუშავებაზეა საუბარი, ნახსენებია 1952 წლის თურქეთისა და საბერძნებთის მაგალითები, მაგრამ წარმოუდგენელია, აფხაზეთი და ოსეთი დავტოვოთ და ისე შევიდეთ ნატოში. ალბათ, ფიქრობენ, რუსეთთან კონფლიქტი ჯერ არ დასრულებულა და დანარჩენი ტერიტორიები მაინც არ დავკარგოთო, მაგრამ ეს ლოგიკა მიუღებელია. გაოცებული ვარ. მოკლედ, უნდა დაველოდოთ, რა მოხდება, რა პრეზენტაციას გამართავენ 8 თებერვალს და მერე გამოჩნდება ყველაფერი.

_ გაბედავს ნატო თავის შემადგენლობაში საქართველოს შეყვანას?

_ შესაძლოა, ეს აზრი სტრატეგიული კვლევების ცენტრისაა, მაგრამ ხომ გეუბნებით, ეს სერიოზული ორგანიზაციაა, მას რესპუბლიკელები ლობირებენ, კოფიც, ვიღაცის აზრს ახმიანებს, ის ვიღაცის პირია. შესაძლოა, ვიფიქროთ, რომ ამერიკაშიც არის აზრთა სხადასხვაობა, თანაც არის რაღაც ჯანდაბა ორგანიზაცია, “ატლანტიკური კლუბი” თუ რას უწოდებენ, ზუსტად არ ვიცი, რომლის წევრებიც არიან სააკაშვილის ყოფილი მაღალჩინოსნებიც. ეჭვი ყველაფერზე მაქვს, რადგან ზუსტად არ ვიცი, ვისგან მოდის ეს ინიციატივა, მაგრამ ჯანელიძე რომ ინიციატივის განხილვას ესწრება, ეს დასაფიქრებელია. პრეზენტაციას მართავს ორი ორგანიზაცია: ერთი _ ამერიკული, რომელსაც კოფი წარმოადგენს, და მეორე, რომელსაც ნაცები ლობირებდნენ.

ვინც უნდა იყოს ინიციატორი, არა მგონია, რომ ასეთ რამეზე ნატოს წევრი ქვეყნები დათანხმდნენ. ბევრ ქვეყანას აქვს ტერიტორიული პრობლემა და მე-5 და მე-6 მუხლის ცვლილება, არა მგონია, მისაღები იყოს. იმედია, ეს ყველაფერი, უბრალოდ, გასროლილი სიტყვაა, რადგან აფხაზეთისა და ოსეთის რეგიონებზე დროებით უარის თქმა, ძალიან გასაოცარი ამბავია. ტერიტორიული მთლიანობის გარეშე ნატოში ინტეგრაცია მისაღები არ არის და, ალბათ, ნატოშიც კი არ იქნება ამაზე საუბარი. რაც ზუსტად ვიცი, არის ის, რომ ქართველი საზოგადოება ამას არასოდეს დათანხმდება. ვიცი ისიც, რომ ევრაზიულ კავშირში გაერთიანების მომხრეთა რაოდენობა იმატებს და, თუ ეს ინიციატივა რეალური აღმოჩნდა, კიდევ უფრო გაიზრდება იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც ნატოს სკეპტიკურად უყურებდნენ.

გაკვირვებული ვარ, მგონია, რომ რაღაც ვერ აღვიქვი სწორად, უცაბედი და მოულოდნელი დარტყმა იყო. ველოდები 8 თებერვლის შეხვედრას.

მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

6 COMMENTS

  1. ოცდახუთწელზე მეტია ქვეყანა საგიჟეთის სინდრომს ამჟღავნებს! შედეგებიც სახეზეა… უვიცი, უსინდისო და
    ავანტიურისტი ხალხი გაბატონდა ყველა სფეროში… ორად ორი პერიოდი ჰქონდა საქართველოს,როცა გონივრული მმართველობა გახორციელდა… მიმხვედრი მიხვდება… ისე, დღეს საიმედო არაფერი ჩანს…
    კოლაფსისკენ მივექანებით (ეთნიკური თვალსაზრისით), სახელმწოებრივი განვითარება და რეჟიმის გაძლიერება აშკარაა, ოღონდ ძირეული, სასიცოცხლო ინტერესების უგუველყოფის სანაცვლოდ… “როცა ერს
    ამდენი გამცემი ჰყავს მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს” … მაგრამ პარადოქსია, ასეთი ერი როგორ ახერხებს მუდმივად ყოფნ-არყოფნის ზრვარზე არსებობის სენარჩუნებას?! ალბათ, ისევ და ისევ დიდი, ერთგული, თავგანწირული შვილების მეოხებით… რომლებიც აუცილებლად მოძებნიან ხსნის გზას!

  2. იცით რა! მე არაფერი არ მიკვირს, რაც ირგვლივ ხდება. ეს ხომ ადრევე ვიცოდით. დაიშალა საბჭოტა კავშირი,და როგორც ყოველთვის საქართველომ დაღვარა სისხლი სახელმწიფოს დამოუკიდებლობისათვის. სხვებმა ეს დამოუკიდებლობა და თავისუფლება ” ლანგრით” მიიღეს.შეიქმნა დსთ.აუცილებლად უნდა შევსულიყავით ამ დსთ-ში. არ შევედით! რატომ? იმიტომ ,რომ ჩვენ უკვე არავინ გვეკითხებოდა რა გვინდა და საით მივდივართ. ჩვენს ნაცვლად ” იქ’ ‘ ყველაფერი უკვე იცოდნენ,ზ. გამსახურდია მდინარეს დინების საწინაამღდეგოდ მიცურავსო და რა, არ დაატრიალეს ჩვენმა ‘მეგობრებმა” ჩვენს თავს. დავიწყეთ ნატო-სკენ სწრაფვა,თუმცა ქვეყნის “ვითომ” მმართველებმა სულ იცოდნენ – რომ ნატო ბლეფია. მაგრამ ყოველ ახალ წელიწადს იძახდნენ, რომ სულ ახლოს ვიყავით ჩვენს მიზანთან.დაიწყეს ევროკავშირზე იმ დროს ზრუნვა, როცა ევროკავშრის წევრებმა დაიწყეს ფიქრი, როგორ უმტკივნეულოდ გავიდნენ ამ კავშირიდან და ამ დროს უვიზო რეჟიმების დარიგება ისევ პადნოსით მოხდა .ჩვენ კი?! ალბათ მალე მაგასაც აგვიკრძალავენ რადგან საქართველოში სულ რეგრესია. ცხოვრების დონე სულ ეცემა. დსთ-ს ქვეყნებიდან მოდიან, იღებენ საქართველოს მოქალაქეობას და გადიან ევროპაში და ღმერთმა უწყის რა “საგმირო” საქმეებს სჩადიან იქ. საქართველოს მოქალაქეობის მიღება სულ რაღაც თურმე 35.000$ ღირს.მითუმეტეს რა დაჩქარებული წესით ხდება ემიგრანტების მიღება და მათი აღიარება . მე მესმის უნდა დავეხმაროთ. მაგრამ.. ისე დავეცით რომ ერთმანეთს ვეჯიბრებით, ვინ უფრო მსუყედ გაყიდის საქართველოს. აფხაზეთი დავკარგეთ ,.სამაჩაბლო ზედ მივაყოლეთ… სამღვდელოება რას დაემგვანა?ხატებთან ერთად სააკიანცის სურათი უკიდიათ,მეორე აღმაშენებელი ხარო და როგორ ფიქრობთ:ღმერთი ამას გვაპატიებს? არა და არა არასოდეს!!! მე-XII საუკუნეში ვიცოდით : ლეკვი ლომისა სწორია ძუ იყოს თუნდა ხვადია’- ევროპამ და ამერიკამ მე-XXსაუკუნის ბოლოს აღიარა ეს ამბავი და ახლა აქეთ დაგვიწყეს სწავლება “გენდერულ” თანასწორებაზე .მე ყველაფერი ეს მომბეზრდა,ხალხნო საით მივექანებით,ხომ ხედავთ,გესმით რა ხდება ირგვლივ, რა გარემოცვაში ვართ, ვისი იმედით ვართ. მე კი მესმის ყველას – ღმერთის იმედი გვაქვს, მაგრამ, ღმერთმა- თქვენც გაანძრიეთ თავი და ხელიო! ჩვენ კი ეს ყველაფერი ჩვენმა კეთილმა “მეზობლებმა”დაგვავიწყეს.ხალხნო გავიღვიძოთ..კიდევ კარგი,ჯერ კიდევ არიან ნამდვილი ქართველები,პროფესიონალები თავის საქმის, ამოვუდგეთ ერთმანეთს ,მოვუსმინოთ ერთმანეთს ,და ბოლოსდაბოლოს გავიგოთ რა გვინდა, რა არის ჩვენი მიზანი,რაში გამოიხატება ჩვენი ეროვნულობა,და საერთოდ რა იდეოლოგიას უნდა გავყვეთ. მხოლოდ ჩვენ საზოგადოებას შეკრულს და მიზანდასახულს შეუძლია ეს. დავუდგეთ ერთმანეთს მხარში .შევეშველოთ ერთმანეთს, და რაც მთავარია სიყვარულით გავაკეთოთ და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. მხოლოდ გავერთიანდეთ ერთი მიზნის- სამშობლის გადარჩენის და მისი სიყარულით.ყოველთვის გვახსოვდეს ჩვენ თამარის და რუსთაველის შთამომავლები ვართ. ჩვენ ქ ა რ თ ვ ე ლ ე ბ ი ვართ .მიყვარხარ საქართველოვ და ქართველებო!

  3. პარიზის ოფიციალური პოზიცია : საქართველო არსებული დე იურე ტერიტორიებით ვერ შევა ნატოში, რადგან ეს ავტომატურად ნატოს რუსეტთან ომს გამოიწვევს და ამას ჩვენ არ მივესალმებით ! ეს გჰანაცხადა 2008 წლის სექტემბერში ლორან ფაბიუსმა, რომელიც მერე საგარეო მინისტრად დანიშნეს, ადრე კი სენატის პრეზიდენტი იყო.
    ვიცნობ ერთ ბრიუსელელ ქალბატონს,რომელიც ნატოს დელეგაციას მუდმივად დაჰყვება თბიილისში. ერტხელ დავუხატე აფხაზეთში არსებული ბომბორას, ეშერას, აგუშერას და ოჩემჩირის ნახევრადბირტვული რუსული ბაზები დ ვკითხე : რატომ ატყუებთ ქარტველებს, რომ ნატოში აფხაზეთიანად მიიღებთ-მეთქი ?! ეს ქაღალდი გამომგლიჯა და თან წაიღო. არაფერი უპასუხნია, შემდეგ კვლავ ვნახე და იგივე შეკითხვა დავუსვი. ამჯერად ასე მიპასუხა : “ნატოში საქართველო არასდროს გაწევრიანდება” ! მაშინ რატომ დადიხართ-მეთქი თბილისში ?! არაფერი მიპასუხა. ისე, ნათქვამი აქვს, რომ ძალიან მოსწონს თბილისი და მზიან ამინდებში ისტორიული ადგილების მონახულება, თუმცა საამისოდ დრო ცოტა რჩება. აი, რისთვის ჩადიან, თან ხელფასიც და სამივლინოებიც ხომ აქვთ გამოწერილი ? ჩვენ კი ისევ გვატყუებენ. ჟენევის ფორმატი კი შოფინგებისთვისაა უფრო განკუთვნილი, როგორც ქართველი დელეგატებისთვის, ისევე ოს-აფსუებისთვის… ამასობაში კი დევნილობის მეოთხედი საუკუნე მიილია და მალე არც ერთი დასაბრუნებელი ცოცხალი დევნილიც არ დაგვრჩება. დევნილებიც სპეციალურად მიმოფანტეს მთელ დარჩენილ საქართველოში, არადა ანაკლიაში უნდა დაესახლებინათ ყველა, რათა დამოკლეს მახვილივით ჩემოკიდებულიყო მტერზე ეს საკითხი, რაც დასავლეთსაც თვალსა და ყელში გაჩხეროდა. დევნილთა საკითხი ასე ლამაზად მიჩქმალეს და შესაბამისად ტერიტორიების დაბრუნების საკითხიც და აი, რატომ : დიდი ხანია უაფხაზეთოდ აპირებენ ნატოში შებრძანებას და ეს ახლა ამოღერღეს ! მათ შორის უკანონო ბინებით და გრანტებიტ თუ სამსახურებით მოსყიდული ბევრი დევნილი ქართველიც კი ჩაითრიეს ! აი, აქ წავაგეთ ბრძოლაც და ომიც ! აშ შტატებს და ნატოს ოს-აფსუებიან საქართველოში შემოსვლა არ სჭირდებათ, ამიტომაც ლამაზად მოგვაშორეს სააკასვილის და პუტინის ხელით და საკომპენსაციოდ სააკასვილს 4,5 მლრდ დოლარი სესხი და გრანტიც მიაშავეს.

  4. აქ ყველაზე შაშიში ის სცენარია, რომელზეც არავინ ლაპარაკობს, კერძოთ კი ის, რომ, ნატოში არის ამერიკა რომელსაც უნდა საქართველომ ასეთი ნაბიჯი გადადგას, რა შემთხვევაშიც ორი. სცენარი შესაძლოა განვითარდეს, და ორივე ამერიკას აწყობს. პირველი, ნსკლებად სავარაუდო, რომ ამას რუსეთი დაუშვებს დს ნატო გახსნის ბაზებს რუსეთის სამხრეთ საზღვართან ახლოს, აფხაზეთი და სამაჩაბლო კი მუდმივად მოწყდება საქართველოს… მეორე სცენარი: რუსეთი მორიგჯერ არევს სიტუაციას, სამცხეჯავახეთის სომხებით და თურქეთის აჭარაში წახალისებით, რის შედაგად ჩვენ მორიგ ტერიტორიებს დავკარგავთ, რეგიონში სიტუაცია. კიდევ უფრო აირევა, რის შედეგადაც ამერიკას. საფუძვლიანი საშუალება მიეცემა მსოფლიოს რუსეთი მორიგჯერ აგრესორად წარუდგინოს… ანუ მათ რუსეთთან ომობანას თამაშში ჩვენ შესაწირ პაიკად გამოგვიყენებს ეფექტურად…

  5. დროა, ხალხი გაერთიანდეს და გამყიდველი, თავის ჯამში მაცქერალი ჩინოვნიკების ყურით გამოთრევა მოითხოვოს

  6. მე არ ვიცი, ამდენი ჭკვიანი და პოლიტიკურად ძლიერი მოაზროვნე ყავდეს ქვეყანას ( ვგულისხმობ
    პოლიტოლოგებს და კომენტატორებს) და ხელისუფლება პარლამენტიანად სავსე იყოს
    უტვინოებით, მოღალატეებით და ბაზრის
    დედაკაცებით.
    მეცოდები, ჩემო ქვეყანავ!

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here