Home ახალი ამბები მსოფლიო საომარი მდგომარეობა რუსეთის 4 რეგიონში

საომარი მდგომარეობა რუსეთის 4 რეგიონში

170
ვლადიმერ პუტინი ვიდეოკონფერენციის საშუალებით ოპერატიულ თათბირს მართავს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან

რა განაცხადა ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე

20 ოქტომბრიდან რუსეთის 4 რეგიონში საომარი  მდგომარეობა გამოცხადდა, კიდევ რვაში შემოღებულია საშუალო დონის რეაგირების რეჟიმი. როგორც კრემლში განაცხადეს, 4 რეგიონში საომარი მდგომარეობის დაწესების გამო რუსეთის საზღვრების დახურვა არ იგეგმება. საგარეო საქმეთა სამინისტროში, აგრეთვე, დააზუსტეს, რომ რუსეთის ფედერაცია არ აპირებს ქვეყნიდან გასვლაზე დამატებითი შეზღუდვების შემოღებას. საომარი მდგომარეობის შესახებ განკარგულება უკვე გადაეგზავნა ფედერაციის საბჭოს, _ იუწყება aif.ru.

ოთხ ოლქში საომარი მდგომარეობის შესახებ

 “დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებში, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში საომარი მდგომარეობის რეჟიმი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში მათ შესვლამდეც მოქმედებდა. ახლა კი საჭიროა, ეს რეჟიმი რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის ფარგლებში გაფორმდეს, _ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე. _ ამიტომ მე უკვე მოვაწერე ხელი განკარგულებას რუსეთის ფედერაციის ამ ოთხ სუბიექტში საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ”.

კიდევ რვა რეგიონში შემოღებულიასაშუალო რეაგირებისრეჟიმი

ლაპარაკია კრასნოდარის მხარეზე, ბელგოროდის, ბრიანსკის, ვორონეჟის, კურსკისა და როსტოვის ოლქებზე, აგრეთვე, ყირიმსა და სევასტოპოლზე

„საშუალო რეაგირების” რეჟიმი გულისხმობს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის გაძლიერებასა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას, მცხოვრებთა დროებით გადასახლებას უსაფრთხო რაიონებში, მათ სავალდებულო უზრუნველყოფას სტაციონარული ან დროებითი საცხოვრებელი ფართობებით. ამ ტერიტორიებზე ამოქმედდება შესვლის სპეციალური რეჟიმი, სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება, ასევე დაწესდება კონტროლი იმ ობიექტების მუშაობაზე, რომლებიც უზრუნველყოფს ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და კავშირგაბმულობის ფუნქციობას, ტიპოგრაფიების, კომპიუტერული ცენტრებისა და ავტომატიზებული სისტემების მუშაობას.

გუბერნატორების ახალ უფლებამოსილებებზე

პრეზიდენტის თქმით, დღევანდელ ვითარებაში აუცილებელია რუსეთის ყველა რეგიონის ლიდერისთვის დამატებითი უფლებამოსილების მინიჭება. „შესაბამის განკარგულებას დღეს მოეწერა ხელი. ფედერაციის სუბიექტების უმაღლესი თანამდებობის პირებმა ყურადღება უნდა მიაპყრონ ზომებს, რომლებიც მიზნად ისახავს ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფას, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტების ანტიტერორისტულ დაცვას, ეკონომიკისა და მრეწველობის მუშაობის მდგრადობის ამაღლებას, სპეციალური სამხედრო ოპერაციისთვის საჭირო პროდუქციის წარმოების გაფართოებას”, _ თქვა პუტინმა.

 სპეციალური საბჭოს შექმნის შესახებ

„სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს წარმოქმნილი მოთხოვნების (მათ შორის, რომლებიც ეხება შეიარაღების, სამხედრო და სპეციალური აღჭურვილობის მიწოდებასა და შეკეთებას, მასალებით უზრუნველყოფას, სამედიცინო-სანიტარულ მომსახურებას, სარემონტო-აღდგენით, სამშენებლო-სამონტაჟო და სხვა სამუშაოებს, ლოჯისტიკას) შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მთავრობამ მოამზადოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი რუსეთის ფედერაციის მთავრობასთან საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ. ამ საბჭოს უხელმძღვანელებს რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარე, საბჭოში შევლენ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების, გვარდიის, უშიშროების ფედერალური სამსახურის, საგარეო დაზვერვის სამსახურის, რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური პროგრამების მთავარი სამმართველოსა და სხვა ფედერალური აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლები”, _ ნათქვამია პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ ბრძანებულებაში. საბჭოს შექმნის ვადა 20 ოქტომბერია. პასუხისმგებლად დაინიშნა პრემიერმინისტრი მიხეილ მიშუსტინი.

ნაწილობრივ მობილიზაციაში მყოფთათვის ხელფასების გადახდის შესახებ

„დღეს ხელი მოვაწერე დავალებას გადახდების დადგენილი ვადებისა და ოდენობების მკაცრად დაცვის შესახებ. შეგახსენებთ, რომ გადახდების ოდენობამ კალენდარულ თვეში, სულ ცოტა, 195 ათასი რუბლი უნდა შეადგინოს. ხაზგასმით აღვნიშნავ: გათვალისწინებული უნდა იყოს კადრების მომზადებისა და განათლების პერიოდიც”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის თქმით, მობილიზებულთა ოჯახის წევრებს სახელმწიფოს მრავალმხრივი მხარდაჭერა ექნებათ. “ვავალებ რეგიონების ხელმძღვანელებს, სახალხო ფრონტთან, მოძრაობასთან “ჩვენ ერთად ვართ” და მოხალისეებთან ერთად გააკონტროლონ მრავალმხრივი მხარდაჭერის უზრუნველყოფა იმ ოჯახებისთვის, რომელთა ნათესავები მობილიზებულნი არიან სამხედრო სამსახურში _ როგორ იღებენ დახმარებას მათი შვილები, მშობლები, ცოლები, ჩვენი ყველა დამცველის ახლობლები.

ჩვენ ვმუშაობთ რუსეთის უსაფრთხოებისა და საიმედო მომავლის უზრუნველყოფის ძალიან რთული, ფართომასშტაბიანი ამოცანების გადაჭრაზე, ჩვენი ადამიანების დაცვაზე. და მათ, ვინც დღეს წინა ხაზზეა, ვინც ემზადება პოლიგონებსა  და სასწავლო ცენტრებში, უნდა იგრძნონ ჩვენი მხარდაჭერა; იცოდნენ, რომ მათ უკან დგას უზარმაზარი, დიადი ქვეყანა, ერთად შეკრული ხალხი”, _ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here