Home ახალი ამბები საქართველო სანამ ადგილობრივებს ღირსეული ანაზღაურება  არ ექნებათ, მანამდე ემიგრაციას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს

სანამ ადგილობრივებს ღირსეული ანაზღაურება  არ ექნებათ, მანამდე ემიგრაციას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს

154

სახელმწიფო წელში რომ გაიმართოს, სამუშაო ადგილები  უნდა შექმნას, ოღონდ არა მხოლოდ ფურცელზე; მოსახლეობასაც არ უნდა დააყვედროს: სამუშაო გვაქვს, მაგრამ მუშაობა არავის უნდაო. უმრავლესობას მუშაობის სურვილიც აქვს, ცოდნაც და გამოცდილებაც, მაგრამ საკუთარ თავს მათხოვრული ხელფასისთვის ვერ იმეტებს

უცნაურ მდგომარეობაში ვართ: ათასობით ადამიანი ამბობს, რომ დასაქმების პრობლემა აქვს და ამ დროს  ათასობით ვაკანსიაა გამოცხადებული სხვადასხვა კომპანიასა თუ ორგანიზაციაში. ანუ, ხალხს მუშაობა უნდა, სამსახური არის და არავინ მუშაობს? მიზეზი მარტივია – ანაზღაურება. არავის სურს, 600, 700 თუ 800 ლარზე მუშაობა და მართლებიც არიან. როცა მთელი დღე შინიდან გასული, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ვირივით მუშაობ და თვის ბოლოს ანაზღაურებას იმდენს იღებ,  შინ არაფერი მიგყვება, მუშაობა არ ღირს. ჰო, არაფერი მიგყვება, რადგან ხელფასიდან ხელფასამდე აღებული თანხა არ გყოფნის, ამიტომ ისესხებ, იჭირვებ, მერე ვალს ისტუმრებ,   ხელახლა იწყებ სესხის აღებას და ასე გრძელდება დაუსრულებლად.

ჰოდა, ამ ყველაფერმა მიგვიყვანა იქამდე, რომ საქართველო მსოფლიოში  ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც თავისი  მოქალაქეები საზღვარგარეთ უფრო მეტი ჰყავს დასაქმებული, ვიდრე ქვეყნის შიგნით. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 860 ათასი ადამიანია დასაქმებული, ქვეყნის გარეთ კი დასაქმებულთა რაოდენობა მილიონს უტოლდება. ჰოდა, სწორედ ეს მილიონამდე ადამიანი ინახავს აქ მათ, ვისაც მუშაობის შესაძლებლობა ან  სურვილი არ აქვს. ჰო, სურვილი, ესეც გვჭირს  ქართველებს, მუშაობა გვეზარება. რაც შეეხება მათ,  ვისაც მუშაობა უნდა, მაგრამ სრულიად ლოგიკურად, ღირსეული შემოსავალი სურს,  ამ ადამიანებმა იციან, რომ მარტივად  შეუძლიათ წასვლა პოლონეთში ან გერმანიაში, 2-3 თვეს, უბრალოდ, იტაქსაონ და უკან 3-4 ათასი ევროთი დარბუნდებიან, მოგზაურობის წესებსაც არ დაარღვევენ და შემდეგ იმავე გზას გაივლიან, ოღონდ სამი თვის შემდეგ. ანუ საქართველოში ღირსეული ანაზღაურება რომ იყოს, ქვეყნიდან არავინ  წავიდოდა, მხოლოდ მუშახელზე არ არის ლაპარაკი,  საქართველოდან ბევრი გამოცდილი სპეციალისტი  წავიდა –  ექიმი, ინჟინერი, ეკონომისტი…

სხვათა შორის გასულ კვირას დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელ ივა ჭყონიას ჰკითხეს: ლარი გამყარდა, საწვავი გაიაფდა, ანუ ყველა პირობა შეიქმნა იმისთვის, რომ პროდუქტებზე  ფასებმა დაიკლოს და ასე რატომ არ ხდება?  მან   განაცხადა, რომ კომპანიებს ხელფასების გაზრდა მოუწიათ და კლება ფასებზე ამიტომ არ აისახაო. მას არ დაუკონკრეტებია, რომელმა კომპანიებმა გაზარდეს ხელფასები, მაგრამ  დისტრიბუტორები ამბობენ, –  არაფერი მოგვმატებია, ყველაფერი ძველებურად არისო. რეალურად, ბიზნესი ყოველთვის ხალხის გაყვლეფაზე მუშაობს, ძვირდება საწვავი,  უფასურდება ლარი და ფასები იმატებს, ხდება პირიქით და ფასები  მაინც მომატებული რჩება, რათა  ბიზნესმენებმა მეტი შემოსავალი მიიღონ. ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ ამ პროცესს ხელისუფლება არ თუ ვერ აკონტროლებს.

მხოლოდ ევროპაში კი არა, აგერ, რუსეთში, სადაც მილიონამდე ქართველი ცხოვრობს, დასაქმება და მცირე ბიზნესის დაწყება მარტივია. ქართველების უმრავლესობას პატარა საცხობები აქვთ და ამ საცხობებს გარედან ჯადოსნური სიტყვა  „ხაჭაპური“ აწერია. ჰოდა, მას, ვინც კეთილსინდისიერად მუშაობს და მართლა ხაჭაპურს აცხობს, შემოსავალი სოლიდური აქვს. ჰო, ერთი სახაჭაპურე რუსეთში იმაზე მეტს ტოვებს დღეში, ვიდრე საქართველოში ერთი თვის ხელფასს სთავაზობენ დისტრიბუტორებსა თუ კონსულტანტ-მოლარეებს. მერე უკვირთ, –  ვაკანსიები გვაქვს და ხალხი სამუშაოდ არ მოდისო. მოლარეებს დღეში 15-20 ლარს რომ აძლევთ, დილის 8-დან საღამოს 10 საათამდე რომ ამუშავებთ და თან გიკვირთ, უკმაყოფილოები რატომ არიან, რატომ გარბიანო, სანამ არ მიხვდებით მათი უკმაყოფილების მიზეზსს, მანამდე არაფერი გვეშველება.  ისე, ბოლო კვირაა, სოციალურ ქსელში ერთი ამბავია ატეხილი, ხახვი როგორ გაძვირდა, ცეცხლის ფასი დაედოო. ვისაც არ ახსოვს, იმის გასაგონად ვიტყვით – მხოლოდ ქვემო ქართლში მოყვანილი ხახვი არა მხოლოდ სრულიად საქართველოს ჰყოფნიდა, არამედ საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკაშიც გადიოდა. ეს მიწა ახლაც არის, დამუშავება, დათესვა და მოყვანა უნდა მხოლოდ და პროდუქტი გაცილებით  იაფიც იქნება და  სასარგებლოც, მაგრამ მიწაზე მუშაობა ცალკე პრობლემაა, რომელსაც ვერ მივეჩვიეთ ქართველები და ჭკუა ვერც ნიდერლანდების მაგალითმა გვასწავლა. ამ ევროპულ ქვეყანას საქართველოზე ლამის ორჯერ ნაკლები  მიწა აქვს, იქ ოთხჯერ მეტი ადამიანი ცხოვრობს და… მსოფლიოში ბიოპროდუქტების მიწოდების მხრივ ლიდერია. ხომ წარმოგიდგენიათ, ჩვენთან რომ ისე აეწყოს სოფლის მეურნეობა, როგორც ნიდერლანდებშია, რა მოხდებოდა? საქართველოს მადლიან მიწაზე ყველაფრის მოყვანა შეიძლება და თანაც ისე, რომ გაცილებით გემრიელი და ხარისხიანი იყოს, მაგრამ…

ახალი წლის წინა დღეებში ხელისუფლების წარმომადგენლები ამაყად საუბრობდნენ, რომ საჯარო სამსახურებში ხელფასები, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, 10%-ით გაიზრდებოდა და საბოლოო ჯამში, ჯამაგირმა საშუალოდ 20%-ით მოიმატა. ახლავე გეტყვით, რატომ ვერ იგრძნო ეს მატება საჯარო სამსახურებში დასაქმებული ადამიანების უმრავლესობამ. მაგალთად, პარლამენტარის ხელფასი 5 ათას ლარს უტოლდება, მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს, სულ ცოტა, 4-4  ათასი ლარი აქვთ და მათ 20%-ით რომ მოემატათ ჯამაგირი, 1000 ლარი მოემატათ, აი, 800 ლარი რომ ჰქონდა სპეციალისტს, მისმა მატებამ 160 ლარი შეადგინა და 960 ლარს იღებს, რაც, უბრალოდ, სასაცილო ნაამატი გამოვიდა, მაგრამ აბა, მეორე მხრიდან შეხედეთ, როგორ ისმის  ხელფასის 20%-იანი მატება? არც ის დაგვავიწყდეს, რომ შარშან  სიკვდილიანობამ შობადობას რამდენიმე ათასით გაასწრო, ანუ, ყველა ლოგიკით, მოსახლეობა უნდა შემცირებულიყო, მაგრამ მოიმატა და მოიმატა სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოსული ადამიანების ხარჯზე, თორემ საქართველოდან, როგორც ადრე მიდიოდნენ, ისევ ისე მიდიან და მიდიან ერთადერთი მიზნით – შრომა ღირსეულად დაუფასდეთ და, რაც მთავარია, შიმშილით სიკვდილს გადარჩნენ.  ვიღაცამ შეიძლება თქვას, –  600 და 700 ლარად შიმშილით არ მოკვდებიო, მაგრამ,  როცა ადამიანი ხარ, ჭამის გარდა, ჩაცმაც გინდა, ხანდახან მეგობრებთან ერთად კაფეში ან რესტორანში წასვლა, ხანდახან ქალაქიდან გასვლა, ანუ ჩვეულებრივი, ადამიანური ცხოვრება და ამას ჯამაგირი ნამდვილად არ ჰყოფნის. მერე კი… საზღვარგარეთ წასული კაცის უკან დაბრუნება ძნელია. სულ გგონია, რომ ერთ მშვენიერ დღეს წამოხვალ, იტყვი: „მივდივარ, მორჩა!’’ და აუცილებლად გამოჩნდება რაღაც, რასაც ქართული ჯამაგირით ვერ გააკეთებ და კიდევ ერთი თვე ითმენ, მერე კიდევ, კიდევ და… ასე შემორჩნენ ემიგრანტი ქალები და კაცები უცხო ქვეყნებს, ასე წაიყვანეს ოჯახები, ასე დაითანხმა ფეხბურთის ფედერაციამ საფრანგეთში დაბადებული და გაზრდილი გიორგი მიქაუტაძე  ჩვენს ნაკრებში თამაშზე, ასე თამაშობს ჩვენს ეროვნულ გუნდში რუსეთში დაბადებული და გაზრდილი, დედით ქართველი საბა საზონოვი, მაგრამ ბევრი არ მოდის და არ მოდის იმიტომ, რომ იქ, სადაც დაიბადა და გაიზარდა, სურს, იმ ქვეყანას  გადაუხადოს მადლობა საკუთარი შესაძლებლობებით  და არა დედასამშობლოს. საზოგადოდ, პატრიოტიზმი  ევროპაში, ცოტა არ იყოს, მინავლებულია, უფრო პრაქტიციზმზე   არიან გადასულნი და ამიტომ სულ უფრო მეტად ჭირს უცხოეთში დაბადებულ-გაზრდილი ბიჭებისა თუ გოგონების გადმობირება. ეს პრობლემა  წლების გასვლასთან ერთად  უფრო მეტად იჩენს თავს. ორიოდე თვის წინათ ნიუ-იორკში ქართველი ქალბატონი საავადმყოფოში მოხვდა და ოპერაცია მისმა მოგვარემ გაუკეთა,  33 წლის მამაკაცმა, რომელიც იმ კლინიკაში ქირურგიულ განყოფილებას ხელმძღვანელობს. ქალმა ჰკითხა, –  საქართველოში დაბრუნებაზე თუ ფიქრობო. ყოფილა ჩამოსული ორიოდე წლის წინათ, აქაური პირობები მოუკითხია  და, იქაურ ხელფასს რომ შეადარა, მიხვდა, დაბრუნება არ გამოვიდოდა. ჩვენც სწორედ ამას ვამბობთ: სანამ ადგილობრივებს ღირსეული ანაზღაურება  არ ექნებათ, მანამდე ემიგრაციას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს, უბრალოდ, ყოველწლიურად გაუარესდება სტატისტიკა და მერე… მერე გაჩერდება, რადგან წამსვლელი აღარავინ დარჩება და იქნება ისე, როგორც სამამულო ომის პერიოდში – მოხუცები და ბავშვები. ის მოხუცები, რომლებიც სასწაულით ახერხებენ, 300 ლარად  თვიდან თვემდე გაიტანონ თავი და მათ  უმრავლესობას სწორედ საზღვარგარეთ წასული ნათესავები ეხმარებიან. ვისაც არ ეხმარებიან, ისინი არც ცხოვრობენ, ისინი გადარჩენისთვის იბრძვიან, ამიტომვამბობთ: სახელმწიფო წელში რომ გაიმართოს, სამუშაო ადგილები უნდა შექმნას, ოღონდ არა მხოლოდ ფურცელზე და არ უნდა დააყვედროს მოსახლეობას: სამუშაო გვაქვს, მაგრამ მუშაობა არავის უნდაო. უმრავლესობას მუშაობის სურვილიც აქვს, ცოდნაც და გამოცდილებაც, მაგრამ საკუთარ თავს მათხოვრული ხელფასისთვის ვერ იმეტებს და მიდის იქ, სადაც უფრო მეტი რჩება ტაქსაობით, ვიდრე საქართველოში თუნდაც რომელიმე კომპანიის მენეჯერად მუშაობით.

ბესო ბარბაქაძე

                                                                                                                        

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here