Home ახალი ამბები მსოფლიო “საჭიროა მოსკოვთან მოლაპარაკებები” _ რა პროცესი იწყება მოლდოვაში

“საჭიროა მოსკოვთან მოლაპარაკებები” _ რა პროცესი იწყება მოლდოვაში

147

თვეზე მეტია, მოლდოვაში არ წყდება პროტესტი ფასების მკვეთრი მატების გამო. პრეზიდენტი მაია სანდუ, ნაცვლად იმისა, რომ მოილაპარაკოს საპროტესტო აქციის მონაწილეებთან, მათ რუსეთის მხარდაჭერაში ადანაშაულებს. ექსპერტთა აზრით, კიშინიოვმა, შესაძლოა, მასობრივი რეპრესიები დაიწყოს დემოკრატიის მშენებლობისა და ევროკავშირში შესვლის საბაბით.

სანდუ და დივერსანტები

ივლისის შუა რიცხვებიდან მოლდოვის ავტონომიური რესპუბლიკა გაგაუზიის მცხოვრებნი ყოველ შაბათ-კვირას  მართავენ მიტინგს ფასების მკვეთრად მომატების გამო. პროდუქტები 32,5%-ით გაძვირდა, არასასურსათო საქონელი _  21%-ით, მომსახურება _ 35%-ით. ადგილობრივები პრეზიდენტ მაია სანდუსა და პრემიერმინისტრ ნატალია გავრილიცასგან მოსკოვში წასვლას და ბუნებრივი აირისა და მცენარეული პროდუქტების მიწოდებაზე მოლაპარაკებების გამართვას მოითხოვენ, მაგრამ ხელისუფლება ყურს არ იბერტყავს მომიტინგეების მოთხოვნაზე, ამიტომ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ უახლოეს დღეებში აქციას კიშინიოვში გადაიტანენ. მათი მთავარი ლოზუნგია: ძირს სანდუ!”, “გაუმარჯოს რუსეთთან მეგობრობას!”, “მოლდოვა და რუსეთი!”

ასეთ მძიმე პირობებში ცხოვრება 1990-იანებშიც კი არ გვიწევდა, _ ამბობენ მოლდოველები. სანდუ დათმობაზე არ მიდის, ის ამბობს, რომ საპროტესტო აქციის ორგანიზატორები არიან უკრაინაში რუსეთის სპეცოპერაციის მომხრეები, რომლებსაც სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაც შეუძლიათ. თანაც, როგორც სანდუ ამბობს, მათ დაეხმარებიან კრიმინალები და კორუფციაში ჩაფლული დაჯგუფებები.

მაია სანდუ

სანდუს მიერ ამ სიტყვების თქმიდან მეორე დღეს კომრატში _ გაგაუზიის ადმინისტრაციულ ცენტრში _ პოლიციის სპეცტექნიკა შენიშნეს. თუმცა, ხელისუფლებამ მოსახლეობა დაამშვიდა, რომ ეს ტექნიკა სწავლების ჩასატარებლად სჭირდებოდა.

კიშინიოვი მოსკოვისადმი სიმპათიაში ადანაშაულებს კომუნისტებისა და სოციალისტების ბლოკს”, რომელსაც ხელმძღვანელობს ექსპრეზიდენტი იგორ დოდინი, აგრეთვე, ილონ შორის პარტია “შორს”. დოდინი ახლა შინაპატიმრობაშია სახელმწიფო ღალატის ბრალდებით, ილონ შორი კი გაქცეულია, მას რესპუბლიკიდან მილიარდი დოლარის გატანაში ადანაშაულებენ. ასეთ ვითარებაში ბუნტის აგორება პრობლემურია.

სანდუ არ გამორიცხავს “მოლდოვაში რუსეთის შეჭრას”, მაგრამ

ეჭვი ეპარება, რომ რესპუბლიკა თავს დამოუკიდებლად დაიცავს, ამიტომ განზრახული აქვს, მხარდაჭერა ნატოს სთხოვოს. რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანსი კიშინიოვს დახმარებას დაჰპირდა, მაგრამ არ დაუზუსტებია, რას მოიმოქმედებს.

მხოლოდ ბიზნესი

მოსკოვის მიმართ აშკარად არამეგობრული განწყობის მიუხედავად, სანდუ მაინც იმედოვნებს, რომ წლის ბლომდე მოახერხებს რუსული ბუნებრივი აირის აგვისტოსა და სექტემბრის საფსურის გადახდის გადავადებას. ამ საკითხზე “მოლდოვგაზმა” უკვე მიმართა “გაზპრომს”. მოლდოვური კომპანიის ხელმძღვანელ ვადიმ ჩებანის თქმით, ბუნებრივი აირის ამჟამინდელი ფასი ძალიან მაღალია იმისათვის, რომ კიშინიოვმა დროულად გადარიცხოს თანხა: ივნისში 1 კუბ. მ ცისფერი საწვავი 980 დოლარი ღირდა, აგვისტოში კი უკვე 1460 დოლარი ღირს.

თავის მხრივ, რიგითი მოლდოველებიც არ იხდიან. მათმა დავალიანებამ “მოლდოვგაზის” მიმართ მხოლოდ ივლისში 75,5 მლნ ლეი (დაახლოებით 3,9 მლნ დოლარი) შეადგინა. კომპანია მოქალაქეებს ადანაშაულებს, რომ მათ გამო რუსეთს თანხას ვერ უხდის, თუმცა ვიცეპრემიერი ანდრეი სპინუ იმედს არ კარგავს. “თუ “გაზპრომი” მოლდოვისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას შეწყვეტს, დნესტრისპირეთიც ბუნებრივი აირის გარეშე დარჩება”, – ამბობს პოლიტიკოსი.

აღსანიშნავია, რომ ადრე ასეთმა შანტაჟმა არაერთხელ გაამართლა. აი “როსსელხოზნადზორთან” კი მოლაპარაკება კიშინიოვს გაუჭირდება. რამდენიმე დღის წინათ უწყებამ მცენარეული პროდუქტების მიწოდება შეუწყვიტა მოლდოვის 31 რაიონს. ოფიციალური ინფორმაციით, საკარანტინო მოთხოვნების არაერთგზის დარღვევის გამო ბალის, ალუბლის, ვაშლის, ატმის ყუთებში მწერები, მიკროორგანიზმები და სარეველები აღმოჩნდა. სანდუმ რუს ექსპერტებს შესთავაზა, ჩასულიყვნენ მოლდოვაში და პირადად დარწმუნებულიყვნენ, რომ არანაირი დარღვევა არ არსებობს. მოლდოვის ლიდერი ირწმუნება, რომ რუსეთში იგზავნება ზუსტად ისეთი საქონელი, როგორიც ევროპაში, სადაც მებაჟეების მოთხოვნები გაცილებით მაღალია. ამასთანავე, სანდუმ რესპუბლიკის ელჩებს მოუწოდა, სხვა ქვეყნებში ეძებონ ბაზრები.

“მოლდოვის ხელისუფლება წუხს ბუნებრივი აირის დეფიციტისა და რუსეთის ბაზარზე პროდუქტების გატანის შესაძლებლობის დაკარგვის გამო, მაგრამ ვითარების გამოსასწორებლად ნაბიჯს არ დგამს”, – ამბობს პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, რუსეთის პრეზიდენტთან არსებული სახალხო მეცნიერებისა და სახელმწიფო სამსახურის აკადემიის პროფესორი ნატალია ხარიტონოვა.  პირიქით, სანდუ ანტირუსულ რიტორიკას ამკაცრებს, რათა თავი კრემლის მსხვერპლად წარმოაჩინოს და დასავლეთისგან დახმარება მიიღოს. ამასთანავე, “უკრაინაში რუსეთის სპეცოპერაციისთვის მხარდაჭერაში ოპოზიციის დადანაშაულებით მაია სანდუ თავისი ეკონომიკური პოლიტიკით უკმაყოფილოთა დისკრედიტაციას ცდილობს. საპროტესტო აქციები მას რეპრესიების დაწყების საფუძველს მისცემს”, – ამბობს მოლდოველი ანალიტიკოსი იგორ ტულიანცევი.

“პრეზიდენტი უსაფრთხოების სისტემის რეფორმას რუმინეთის სადაზვერვო სამსახურის დირექტორ რაულ ჰელვიგთან განიხილავს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მოლდოვის ხელისუფლებას უკმაყოფილოთა წინააღმდეგ ბრძოლაში მეზობლები დაეხმარებიან. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს: სანდუს რეჟიმმა ქვეყნის შიგნით ლეგიტიმაცია ამოწურა. ის ლეგიტიმაციას იღებს ქვეყნის საზღვრებს გარედან”, _ განაცხადა ექსპერტმა.

“კოლექტიური დასავლეთი მხარს უჭერს სანდუს ყველა მოწინააღმდეგის რუსეთის მეგობრად გამოცხადების იდეას და ამის საფუძველზე მათ წინააღმდეგ რეპრესიების დაწყებას”, – მიაჩნია ტულიანცევს.

ევროპისა და ამერიკისთვის მთავარია, კიშინიოვი არ დაბრუნდეს მოსკოვის გავლენის სფეროში და, როგორ მიაღწევს ამას ხელისუფლება, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს.

“კიშინიოვი, რომელიც რუსოფობთა რიგებში ჩადგა, აშშ-ისა და ევროკავშირის ინტერესების შესაბამისად მოქმედებს, – ამბობს ნატალია ხარიტონოვა. – როგორც ჩანს, მხოლოდ თავის გადარჩენის ინსტიქტი არ აძლევს სანდუს დნესტრისპირეთში ომის გაჩაღების საშუალებას, მაგრამ ასე, ალბათ, დიდხანს არ გაგრძელდება”.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სწორედ ამის გამო არ არის სანდუსთვის ხელსაყრელი მოსკოვთან მოლაპარაკება. რაც უფრო ცუდი იქნება რუსეთთან ურთიერთობა, მით მეტი იქნება უკმაყოფილო; მოლდოვის პრეზიდენტი კი, რომელსაც რეპრესიების დაწყების საბაბი ექნება, უცხოეთის მხარდაჭერით შეძლებს პროტესტის ჩახშობას და ამას დაარქმევს დემოკრატიისა და ევროინტეგრაციისთვის ბრძოლას, შემდეგ კი აშშ-სა და ევროკავშირს ფულს მოსთხოვს რეფორმების გასაგრძელებლად.

ლუკა მაისურაძე

https://ria.ru/20220822/moldaviya-1810781513.html

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here