Home ახალი ამბები საქართველო რატომ იწონებთ თავს ბარბარიზმების ცოდნით, რას ერჩით მშობლიურ ენას, ქართველებო?!

რატომ იწონებთ თავს ბარბარიზმების ცოდნით, რას ერჩით მშობლიურ ენას, ქართველებო?!

453

ერთი შეხედვით ვინმემ შეიძლება თქვას: მერე რა მოხდა, ენასაერთაშორისოსიტყვებით მდიდრდება და ვითარდება. ამაზე ამხელა ამბის ატეხვა რა საჭიროაო?!

კეთილი და პატიოსანი, მაგრამ ამსაერთაშორისოსიტყვების უადგილოდ ხმარებასა და რახარუხს რომ უაზრო წინადადებებამდე მივყავართ, ამასაც არა უშავს?! სამწუხაროდ, ძალიან ხშირად უსმენ ადამიანს და ბოლოს საკუთარ თავს ეკითხები: რა თქვა ახლა ამან?

მახსოვს, ერთხელ ბატონმა ოტია იოსელიანმა ქართული ენის დღეს  წყალტუბოს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში შეკრებილი საზოგადოების წინაშე გულისტკივილი გამოთქვა: “ახლა იმისთანა ლაპარაკი დეიწყენ, უცხო სიტყვათა ლექსიკონით უნდა ვიარო, რომ გევიგო, რას ამბობენო”.

ეს იყო, ალბათ, სამი ათეული წლის წინათ. მას შემდეგ, სამწუხაროდ, ვითარება უარესობისკენ შეიცვალა. ბატონი ოტიას ნათქვამი კი აი რამ გამახსენა:

ამას წინათ წყალტუბოში ჩავიდნენ მთავრობის წარმომადგენლები და კურორტის განვითარების გზებზე, შესაძლებლობებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ვიცეპრემიერმა ლევან დავითაშვილმა წყალტუბოელებს აუწყა:

წყალტუბო უნდა იყოს მრავალფუნქციური, ფართო სეგმენტურ მოგზაურზე გათვლილი, ოთხი სეზონის მდგრადი და ინკლუზიური კურორტიო”.

აქედან თუ ვინმემ რამე გაიგეთ, ბარაქალა თქვენ!

ახლა მივყვეთ თანმიმდევრობით და გავარკვიოთ, რის თქმა უნდოდა ბატონ ლევანს და როგორ უნდა ეთქვა ეს წინადადება ქართულად:

ფუნქცია ლათინური სიტყვაა და ქართულად შესრულებას ნიშნავს. უცხო სიტყვათა ლექსიკონში მისი რამდენიმე განმარტებაა მოცემული, მათ შორისაა  _ “დანიშნულებადამნიშვნელობა”.  რაკი ჩვენს ენაში ეს სიტყვა დიდი ხნის დამკვიდრებულია  და ისე შეესისხლხორცა ქართულს, რომ გაუგებარი არავისთვისაა, მოდი თავი დავანებოთ.

სეგმენტი – ესეც ლათინურია და ქართულად მონაკვეთს ნიშნავს. უცხო სიტყვათა ლექსიკონი მას ასე განმარტავს: “1. (მათემ.) წრის ნაწილი, რომელიც რკალითა და მისი ქორდითაა შემოსაზღვრული; სფეროს ნაწილი, რომელიც გადამკვეთი სიბრტყით არის გამოყოფილი. 2. (ზოოლ.) ერთ-ერთი სიგრძივ განლაგებულ ნაწევართაგანი, რომლებისგანაც შედგება ზოგი ცხოველის (მაგ. ჭიაყელას) ორგანიზმი” (მიხეილ ჭაბაშვილის “უცხო სიტყვათა ლექსიკონი”, მესამე შევსებული გამოცემა, 1989წ., გვ. 451). გადატანითი მნიშვნელობით რაიმეს ძალიან მცირე ნაწილს ნიშნავს.

ახლა როგორ მივუსადაგოთ სიტყვა “სეგმენტური” “მოგზაურს”? თანაც თუ ეს სეგმენტი (ანუ ძალიან მცირე ნაწილი) ფართოა…

?!

მდგრადი და ინკლუზიური კურორტიო, ჩემო წყალტუბოელებო!

მდგრადი იგივეა, რაც მყარი და გამძლე;  ინკლუზია კი ინგლისური სიტყვაა და ქართულად ჩართვას ნიშნავს. ინკლუზიური შეიძლება იყოს განათლება, რომელიც გულიხმობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში თანატოლებთან ერთად.

მაგრამ ინკლუზიური კურორტი რას უნდა ნიშნავდეს, ნეტავ?!

ამაზე ყველა ლექსიკონი დუმს, მაგრამ, თუ ინტერნეტში დავიწყებთ პასუხის ძებნას, ერთ დასკვნამდე მივალთ: ეს არის უცხო ენიდან უხეიროდ გადმოქართულებული ტერმინი

 რას ვუკირკიტებ ამ სიტყვებს! ვერც იქ შეკრებილმა საზოგადოებამ გაიგო, “სეგმენტური მოგზაურიუცხო პლანეტელია თუ მათსავით ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიცოთხი სეზონის მდგრადი და ინკლუზიური კურორტისსტუმარი იქნება თურმე, მაგრამ, წყალტუბოსა და წყალტუბოელებს ბედნიერ მომავალს რომ ჰპირდება, ყველას გაუხარდა. ჰოდა, ვეუბნები საკუთარ თავს: გაიხარე შენც, რა ბარბარიზმებსა და ქართული ენის სიწმინდეზე აგიტყდა საუბარი?!  ესფართო სეგნემენტური მოგზაურირომ განაწყენდეს _ უცებ დავიწროვდეს და წყალტუბოსკენ პირი არ ქნას, მერე?! რა ვქნათ მერე?!

* ახლა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერ გიორგი ვაშაძეს მოვუსმინოთ: მესმის, რომ გარკვეული იმედგაცრუებაა ადამიანებში, ვინც 3 ივლისის აქციაზე იყო, იმედს ნუ გაიტეხთ, ოპოზიციურ კოლეგებთან ერთად, ინტენსიურად ვმუშაობთ საერთო სამოქმედო გეგმაზე.

ვფიქრობ, უცხო სიტყვათა ლექსიკონის მომარჯვება ამჯერად არ დაგვჭირდება, თუ არ ჩავთვლით სიტყვა “ინტენსიურს”, რომელიც ქართულად დაძაბულობას, გაძლიერებას ნიშნავს.

არასწორია: იმედგაცრუებაა ადამიანებში;

უნდა იყოს: ადამიანები იმედგაცრუებულნი არიან ან ადამიანებს იმედი გაუცრუვდათ.

არასწორია: ოპოზიციურ კოლეგებთან ერთად;

უნდა იყოს: ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად.

ახლა ვცადოთ  წინადადების დალაგება:

გიორგი ვაშაძე: მესმის, რომ ადამიანები, რომლებიც 3 ივლისის აქციაზე იყვნენ, გარკვეულწილად  იმედგაცრუებულნი არიანიმედს ნუ გაიტეხთ, რადგან ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად ინტენსიურად ვმუშაობთ საერთო სამოქმედო გეგმაზე.

* “ოთოს და ჯულიანას ფოტოებმა ქორწილიდან ხალხში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია”, _ გვაუწყეს სოცქსელებში.

აჟიოტაჟი _ ეს ფრანგული სიტყვა რომ არა, განა ქართულად შეუძლებელი იქნებოდა იმის გადმოცემა, რასაც ეს სიტყვა ნიშნავს? რა, ქართველი კაცი ვერ გაიგებდა ქართულად ნათქვამს: ამ ამბავმა დიდი აღელვება, აურზაური გამიწვიაო?

და კიდევ: ამ წინადადებით გამოდის, რომ ფოტოები ქორწილში ყოფილან და იქიდან გადაურევია ხალხი.

ინტერნეტში რომ უამრავი ინფორმაციის მოპოვებაა შესაძლებელი, ფაქტია. ასე რომ, ვისაც წიგნში  ჩახედვა ეზარება, საკმარისია, კომპიუტერში დააკლიკოს (დააწკაპოს), დათაგოს (მონიშნოს), დაალაიქოს (მოიწონოს), დაბუსტოს (რეკლამა გაუკეთოს), დააშეაროს (გააზიაროს) ის ინფორმაციები, რომლებიც ქართული ენის სიწმინდის დაცვას შეეხება და თუნდაც ასე გახდეს ამ სასიკეთო საქმის ერთ-ერთი ფოლოუერი (მიმდევარი).

ზემოთ მოცემული უცხო სიტყვები, რომელთა ქართული შესატყვისები ფრჩხილებში ჩავწერეთ, ვაი რომ უკვე დამკვიდრებულია ქართულ მეტყველებაში.

… და  რატომ იწონებთ თავს ამ ბარბარიზმების ცოდნით, რას ერჩით მშობლიურ ენას, ქართველებო?!

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here