Home ახალი ამბები მსოფლიო პუტინმა დაამტკიცა სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლები ტრადიციული ღირებულებების განსამტკიცებლად

პუტინმა დაამტკიცა სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლები ტრადიციული ღირებულებების განსამტკიცებლად

110

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ტრადიციული სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების შენარჩუნებისა და განმტკიცების სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლების დამტკიცების შესახებ. დოკუმენტში ჩამოთვლილია არა მხოლოდ ტრადიციული ღირებულებები, არამედ ისიც, რაც მათ საფრთხეს უქმნის, _ იუწყება kommersant.ru.

ბრძანებულების თანახმად, ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნების სახელმწიფო პოლიტიკა არის პრეზიდენტისა და ხელისუფლების სხვა ორგანოების მიერ საზოგადოების მონაწილეობით განხორციელებული ღონისძიებების ერთობლიობა.  დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო პოლიტიკის მიზანია რუსეთის დაცვა სოციოკულტურული საფრთხეებისგან. ტრადიციული ღირებულებები, როგორც განმარტებულია დოკუმენტში, არის ზნეობრივი ორიენტირები, რომლებიც გადაეცემა თაობიდან თაობას და საფუძვლად უდევს სრულიად რუსულ სამოქალაქო იდენტობას.

ტრადიციული ღირებულებებია:

* სიცოცხლე, ღირსება, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები;

* პატრიოტიზმი, მოქალაქეობა, სამშობლოს მსახურება და პასუხისმგებლობა მის ბედზე;

* მაღალი ზნოებრივი  იდეალები, ძლიერი ოჯახი, შემოქმედებითი შრომა;

* სულიერის უპირატესობა მატერიალურზე, ჰუმანიზმი, გულმოწყალეობა, სამართლიანობა;

* კოლექტივიზმი, ურთიერთდახმარება და ურთიერთპატივისცემა;

* ისტორიული მეხსიერება და თაობათა მემკვიდრეობითობა, აგრეთვე, რუსეთის ხალხების ერთიანობა.

 განკარგულებაში ნათქვამია, რომ ქრისტიანობამ, ისლამმა, ბუდიზმმა, იუდაიზმმა და სხვა რელიგიებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ტრადიციული ღირებულებების ჩამოყალიბებაზე, მათ განმტკიცებაში განსაკუთრებული როლი ეკუთვნის მართლმადიდებლობას.

ტრადიციული ღირებულებების საფრთხე, როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, არის:

* ექსტრემისტული და ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობა;

* ცალკეული მასმედია;

* აშშისა და სხვა არამეგობრული ქვეყნების ქმედებები;

* უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციები, ზოგიერთი ორგანიზაცია და კერძო პირი რუსეთში.

დესტრუქციული იდეოლოგიის გავრცელება იწვევს ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებას, რომელიც უგულებელყოფს სულიერ ღირებულებებს, აგრეთვე, ისტორიული სიმართლის დამახინჯებას. რუსეთში ტრადიციული ღირებულებების დასაცავად რეფორმები ისტორიული ტრადიციების გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს. ტრადიციული ღირებულებების განმტკიცების სფეროში პრობლემების გადასაჭრელად, აგრეთვე, გათვალისწინებულია ბავშვებისა და ახალგაზრდების აღზრდისა და განათლების ფორმებისა და მეთოდების სრულყოფა.

„მომავალში ვითარება შეიძლება განვითარდეს დადებითი ან უარყოფითი სცენარის მიხედვით“, _ ნათქვამია განკარგულებაში. დადებითი შესაძლებელი იქნება ტრადიციული ღირებულებების თანმიმდევრული განმტკიცების შემთხვევაში, უარყოფითი _ დესტრუქციული იდეოლოგიის მიმართ წინააღმდეგობის არარსებობის შემთხვევაში.

ამ დოკუმენტის შინაარსი, საჭიროების შემთხვევაში, ექვემდებარება კორექტირებას ექვს წელიწადში ერთხელ. განკარგულება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან.

გიორგი გაჩეჩილაძე

https://www.kommersant.ru/doc/5653496

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here