Home ახალი ამბები საქართველო პატრიოტი  მტერი

პატრიოტი  მტერი

ოღონდ თქვენ აღარ დაგინახოთ თქვენი უნიათობით და, დაე, მობრუნდნენ ისინი, მათთან როგორმე გავსწორდებით!

648
’’ბლექ სი არენის’’ დარბაზში კონცერტის მიმდინარეობისას კონფლიქტი წარმოიქმნა, როდესაც The Killers-ის სოლისტმა სცენაზე რუსი დრამერი მიიწვია. ფოტო ვებგვერდ currenttime.tv-დან

15 აგვისტო, შეკვეთილი, ’’ბლექ  სი არენა’’, ჯგუფი The Killersის კონცერტი. პრესა აცხადებს, რომ კონცერტის მსვლელობისას მოხდა ინციდენტი, მათ შორის, უცხოურიც. რა მოხდა კონკრეტულად? რადიო თავისუფლება გვიყვება: “საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული კონცერტიბლექ სი არენაზემსმენელთა ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა. ინციდენტი 15 აგვისტოს The Killersის კონცერტზე მოხდა. აუდიტორიის პროტესტი გამოიწვია ჯგუფის სოლისტ ბრენდან ფლაუერსის მიერ დარბაზიდან სცენაზე დრამერის აყვანამ, რომელიც რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა.

The Killers-ის სოლისტმა აუდიტორიას ჰკითხა, მისაღები იყო თუ არა მათთვის ის, რომ შერჩეული დრამერი რუსი აღმოჩნდა. დარბაზში შეკრებილ მსმენელთა ნაწილის მხრიდან მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მოსმენის მიუხედავად, ჯგუფმა კომპოზიცია რუს დრამერთან ერთად შეასრულა. აუდიტორიიდან ისმოდა შეძახილები: “რუსეთი ოკუპანტია”. თავად მუსიკოსმა კი თქვა, რომ მუსიკა აკავშირებს ადამიანებს, ამ აუდიტორიაში მყოფები ერთმანეთის “დები და ძმები” არიან, ადამიანის ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს და ქვეყნებს შორის საზღვრები არ უნდა არსებობდეს”.

16 აგვისტოს ‘’ბლექ სი არენამ” და ჯგუფმა The Killers-მა 15 აგვისტოს გამართულ კონცერტზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს: „გვესმის ჩვენი სტუმრების ემოციების. არტისტის მოქმედება სცენაზე არ არის black sea arena-ს პოზიცია. ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, გულწრფელად ვიხდით ბოდიშს და გიზიარებთ არტისტის პასუხს მომხდართან დაკავშირებით. რუსეთი ოკუპანტია”, – ნათქვამია „ბლექ სი არენას” განცხადებაში.

რაც შეეხება The Killers-ის პოზიციას, ჯგუფის განცხადებაში აღნიშნულია, რომ არ უნდოდათ ვინმეს გაღიზიანება და ბოდიშს იხდიან:

„კეთილო ქართველო ხალხო, ჩვენი განზრახვა არასდროს ყოფილა ვინმეს შეურაცხყოფა. ჩვენ გვაქვს დიდი ხნის ტრადიცია, მოვიპატიჟოთ სცენაზე მსმენელი დრამზე დასაკვრელად. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ კომენტარი, რომელიც მიზნად ისახავს, რომ The Killers-ის მსმენელები და გულშემატკივრები არიან დები და ძმები, შეიძლება, არასწორად იყოს გაგებული. ჩვენ არ გვინდოდა ვინმეს გაღიზიანება და ბოდიშს ვიხდით. ჩვენ ვდგავართ თქვენთან და ვიმედოვნებთ, რომ მალე კიდევ დავბრუნდებით”.

რაზე მეტყველებს ეს ამბავი: ქართველთა ვაჟკაცობაზე თუ პროვინციალიზმზე, პრიმიტივიზმსა და პროვოკაციულობაზე? ნუ ვიჩქარებთ დასკვნის გაკეთებას. გულზე მჯიღის ცემაზე ადვილი არაფერია, გონივრული, დიდსულოვანი და შორსგამხედვარე პოზიციის გამოვლენა კი ძალიან ძნელია.

კონკრეტული თემა, რომლის შესახებაც საუბრით ეს სტატია დავიწყე, თავისთავად კი არ არის რამე განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა, ამგვარი და გაცილებით საზიზღარი პროვოკაციებით გაჯერებულია ქართული ყოფიერების ყოველი კუთხე-კუნჭული, მაგრამ ეს ფაქტი მაინც რაღაცით გამორჩეულია და აი რატომ: ეს ჯგუფიც ამერიკულია და ეს სოლისტიც (ბრენდონ ფლაუერსი) ამერიკელია. მაყურებელთა რიგებიდან დრამზე დასაკრავად სცენაზე მიპატიჟებული პირი კი რუსი აღმოჩნდა. დღევანდელ მსოფლიოში ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული სახელმწიფო თუ არსებობს, ეს, პირველ რიგში, აშშ და რუსეთია. არ ვიცი, ეს ეპიზოდი (მაყურებლის მიწვევა სცენაზე) წინასწარ დადგმული და გათამაშებული სპექტაკლი იყო თუ მართლაც სპონტანურ რეალობასთან გვქონდა საქმე, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში სცენაზე ერთმანეთთან ყველაზე მეტად დაპირისპირებული ორი ზესახელმწიფოს წარმომადგენლები აღმოჩნდნენ, რომლებმაც დაძლიეს იდეოლოგიური შეუთავსებლობაც, სახელმწიფოებრივი დაპირისპირებაც, სიძულვილიც, მტრობაც და ერთად  შეასრულეს მუსიკალური კომპოზიცია ნიშნად იმისა, რომ მტრობაზე მაღლა მეგობრობა დგას, სიძულვილზე სიყვარული იმარჯვებს და ომი მშვიდობით უნდა დასრულდეს.

ვიმეორებ: ეს თუ დადგმული იყო, შესანიშნავი ჩანაფიქრი განუხორციელებიათ, მაგრამ, თუ თავისთავად და შემთხვევით მოხდა, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ამ ამბავში, ალბათ, ღმერთის ნება ერია. ამ დროს რომელიღაც დაქირავებული თუ არადაქირავებული, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ტუტუცი არსებები ამ ამაღლებული განწყობილების შექმნას თავიანთი ბრიყვული პოლიტიკური ვნებებით ხელს უშლიან და აფუჭებენ. ფაქტი მოხდა, მიმზიდველი სანახაობა ჩატარდა, ერთიანობისა და სიყვარულის აკორდი აჟღერდა, მაგრამ საღამოს მთავარი ეფექტი და აპოთეოზი მაინც ვერ შედგა მხოლოდ იმიტომ, რომ მასპინძლებმა ქართული სიდარბაისლე და სიმაღლე ვერ ვაჩვენეთ. ქართველებს მასპინძლის როლი გვერგო იქ, სადაც ამერიკის წარმომადგენლებმა თავიანთ სახელმწიფოში დღეისთვის ასე ტრენდულ რუსოფობიას გაცილებით მაღალი ღირებულების ხათრით ხაზი გადაუსვეს, ხოლო რუსეთის წარმომადგენელმა ეს ჟესტი ღირსეულად მიიღო. ხომ იყო ეს არამხოლოდ თავისთავად ამაღლებული და დიდებული მომენტი, არამედ გლობალური დაპირისპირების უფსკრულთან მდგარი კაცობრიობისთვის იმედის გაელვების წამიც?! ვაჭარბებ? ალბათ, ვაჭარბებ. სადღაც, პატარა საქართველოს მიყრუებულ პროვინციაში, თუნდაც უდიდესი ზესახელმწიფოების წარმომადგენელ მუსიკოსთა ერთად დგომა და საშემსრულებლო ხელოვნების ერთობლივი დემონსტრაცია ვერც ერთმანეთისთვის დამიზნებულ ბირთვულ რაკეტებს გაანეიტრალებდა და ვერც უკრაინაში მიმდინარე ომის შეჩერების წინაპირობად იქცეოდა, მაგრამ თუნდაც სადღაც, რომელიღაც პროვინციაში შექმნილ იმ ამაღლებულ განწყობას, ომელსაც სიძულვილზე მაღლა  სიყვარულის დაყენება ჰქვია, ხელი რატომ უნდა შეუშალო, თუკი სიყვარულის ძალა და ნიჭი მთლიანად არ ჩამკვდარა შენში, თუკი ღმერთისთვის საბოლოოდ არ გიქცევია ზურგი და სატანის სამსახურში უკანმოუხედავად არ ხარ ჩამდგარი?!

ევროპა და ევროპაო, რომ გაჰკივით ბნედიანებივით, ევროპულ ლიტერატურასა და ფილოსოფიაში ხომ უნდა ჩაიხედოთ  შიგადაშიგ  მაინც. სწორედ ევროპელ ფრიდრიხ ნიცშეს აქვს ასეთი სენტენცია: ზოგ შემთხვევაში გაცილებით მეტი სიმამაცე თავის შეკავებაა, რადგან ამით შენს თავს ზოგავ უფრო ღირსეულ მტრებთან დასაპირისპირებლად. ჩასწვდით ნათქვამის სიღრმეს? ისემც რა გითხრათ! მეორე ევროპელი სტანისლავ ეჟი ლეცი კი ასე მოძღვრავდა თავის თანამედროვეებს: სისულელეებს ნუ ლაპარაკობთ, მტერი მოყურადებულია!” პირველ რიგში, მტერს არ უნდა აჩვენო, რომ სულელი ხარ.

ვინც იმ კონცერტზე პროვოკაცია დაგეგმა, რა თქმა უნდა, სულელია, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის, უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ იგი მტერია, სახეზე ჭირისუფლის ნიღაბაფარებული მტერი, ანუ, თუ შეიძლება ასე ითქვას, პატრიოტი მტერი. ბოლო ოცდაათი წელიწადის განმავლობაში საქართველოსთვის არავის მიუყენებია ისეთი საშინელი ზიანი, როგორიც ამ პატრიოტმა მტრებმა მიაყენეს. ეს დამანგრეველი ძალაა!

არაფერი ისე არ აკლდათ და აკლიათ ამ “პატრიოტებს”, როგორც მტერთან დამოკიდებულების კულტურა, რომელიც უმნიშვნელოვანესია სხვადასხვა მიმართულების კულტურათა იერარქიაში: “ჩვენ შორის თანხმობა არ ჩამოვარდება იქამდე, ვიდრე საერთო მტერს არ აღმოვაჩენთ”, – აცხადებდა ძველი ბერძენი ფილოსოფოსი ისოკრატი. დააკვირდით, ერთ მოკლე წინადადებაში როგორ არის გააზრებული და, თუ შეიძლება ასე ითქვას, გადააზრებული მტრის როლი და მნიშვნელობა. მე მყავს მტრები და ვამაყობ ამით, – ეს გამოუსწორებელი ფრანგი სოციალისტი ანატოლ ფრანსი გახლავთ. ამავე აზრს თითქოს იმეორებს, მაგრამ ახალ ელფერსაც სძენს მსოფლიო სოციალისტური მოძრაობის ისეთი რაინდი, როგორიც იყო ერნესტო ჩე გევარა: “სამწუხაროა, თუ არ გყავს მეგობრები, მაგრამ უფრო სამწუხაროა, თუ არ გყავს მტრები”. სალვადორ დალი კი აღსარებასავით ამბობდა: ვაღმერთებ ჭკვიან მტრებს!” ო, როგორი სიბრძნე და რა უზარმაზარი შინაგანი ძალა ჩანს ამ სამსიტყვიან გამონათქვამში.

რაღა შორს მივდივართ, მტერთან დამოკიდებულების მთელი ფილოსოფია და ეთიკა შექმნა ვაჟაფშაველამ: მტერს მოვკლავ, კიდევ არ მოვსჭრი მარჯვენას მაგათ ჯაბრითა!” მტერთან ქრისტეს დამოკიდებულების ანარეკლი და ქართული ინტერპრეტაციაა ვაჟას ეს ფილოსოფია.  ქრისტიანული მოძღვრება ჰუმანიზმის მწვერვალს სწორედ მტერთან დამოკიდებულებაში აღწევს.  მაცხოვარს მტერთან დამოკიდებულების კულტურა ღვთაებრივ საფეხურზე სწორედ იმით აჰყავს, რომ ადამიანური რაობის უმაღლესი გამოვლინება მოყვასის სიყვარულიდან მტრის სიყვარულამდე ასწია და გვიქადაგა: გიყვარდეს მტერი შენი!

ვისაც მტერთან დამოკიდებულების კულტურა არ აქვს,  შეუძლებელია, მოყვასის ან სამშობლოს სიყვარულის კულტურა გააჩნდეს. მტრის მიმართ ქრისტესმიერი სიყვარულის ყოველდღიურ ცხოვრებაში მექანიკური გადმოტანის აუცილებლობას კი არ ვქადაგებ, რაც სრული სისულელე და უმეცრება იქნებოდა, ქრისტეს ეს შეგონება მხოლოდ იმის სადემონსტრაციოდ მოვიხმე, რა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა მტერთან დამოკიდებულების ფილოსოფია, რომლის ნასახსაც დღევანდელი საქართველო ვერ ავლენს. არა იმის გამო, რომ საქართველოში მტერთან დამოკიდებულების, მტერთან საუბრისა და მტერთან ურთიერთობის კულტურა დავკარგეთ, არამედ იმის გამო, რომ მტრებთან და მოყვრებთან ლაპარაკის ექსკლუზივი (იშვიათი გამონაკლისის გარდა) პროვოკატორებმა ჩაიგდეს ხელში. მათ გადავაბარეთ ყველა ის ბერკეტი, რომელთა გამოყენებითაც გარე სამყაროსთან დიალოგი  წარმოებს. მათი მთავარი უბედურება კი, სხვა ყველაფერზე თვალი რომ დავხუჭოთ, ზომიერების უქონლობაა. მათი მაქსიმალიზმი ქვეყნისთვის ზოგჯერ ხაფანგის როლს ასრულებს. ამაზე  მახსენდება  უილიამ შექსპირის  ერთი ნათქვამი, რომელიც გვაოცებს ფილოსოფიური სიღრმით: მტრის დასაწვავ ღუმელს ძალიან ნუ გაახურებ, შენც არ დაგწვას!”

მტერთან დამოკიდებულების გასაოცარი მაგალითი მსოფლიოს ჩვენმა თანამემამულემ, ყველა დროის ყვალაზე დიდმა სახელმწიფო მოღვაწემ და მხედართმთავარმა იოსებ სტალინმა აჩვენა, როდესაც თქვა: სასაცილო იქნებოდა ჰიტლერის გაიგივება გერმანელ ხალხთან და გერმანულ სახელმწიფოსთან. ისტორიის გამოცდილება გვასწავლის, რომ ჰიტლერები მოდიან და მიდიან,  გერმანელი ხალხი და გერმანიის სახელმწიფო კი რჩება“.

ბლექ სი არენას დარბაზში მოღრიანცელე ეს ადამიანები სად გაიზარდნენ, სად აღმოცენდნენ, რომელ კულტურას და რომელ ცივილიზაციას მიეკუთვნებიან, რომ არც ქართული შეგონებები ესმით, არც ევროპული, არც  ზოგადსაკაცობრიო, არც ადამიანთა ენა და არც ღვთის ენა?!

ვიღაცამ ხომ უნდა დაიცვას ხალხი და ქვეყანა ამ ურჯულოთაპატრიოტულითარეშისგან?!

ეს ვიღაც ხელისუფლება და მთავრობა უნდა იყოს. მათი პრეროგატივაა ეს.  ნუთუ ასე ძნელია, ათიოდე არამზადა გამოათრიო საკონცერტო დარბაზიდან და ციხეში უკრა თავი?! ისინი ხომ სისხლის სამართლის წესით დასასჯელ  ქმედებებს სჩადიან. რომელი ერთი ჩამოვთვალო:  ხულიგნობა, ეროვნული შუღლის გაღვივება, სახალხო ღონისძიების ჩაშლა, პროვოკაციის მოწყობა.

* ჩადენილი დანაშაულის გამო რატომ არ თხოვენ მათ პასუხს?

* რის გამო ეძლევათ მათ პრივილეგია?

* ვინ გამოაცხადა მათი ხელშეუხებლობა?

* როდემდე  შეიძლება ამის  მოთმენა?

ეს ვითარება შექმნილია იმის გამო, რომ მთავრობას მათი ეშინია, ხალხის – არა! მათ უკან დასავლეთი დგას, ხალხის უკან – არავინ!

მთავრობა თუ ნახავს, რომ ხალხი სამართლიანობის მოთხოვნასთან ერთად  სამართლიანობისთვის ბრძოლის უნარსაც ავლენს, იგი იძულებული იქნება, ხალხს ანგარიში გაუწიოს, მაგრამ ხალხი ჯერჯერობით ინერტულია. მთავრობა ამით სარგებლობს და ხალხის ინტერესებზე მაღლა ხელისუფლების შენარჩუნების ინტერესს აყენებს.

პრინციპი – ჩვენ თუ არა, ესენი მოვლენ, ათ წელიწადზე მეტიამოქმედებს და საკმაოდ  წარმატებითაც, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული. ჰაერში ისეთი სუნი ტრიალებს, რომ მალე ამოხეთქავს დიდი ხნის დაგუბებული უკმაყოფილება, ბრაზი, წყენა და უიმედობა, ომელი იმ საზიზღარ ფორმულას, – ჩვენ თუ არა, ესენი მოვლენ, უფრო საზიზღარი ფორმულით ჩაანაცვლებს: ოღონდ თქვენ აღარ დაგინახოთ თქვენი უნიათობით და, დაე, მობრუნდნენ ისინი, მათთან როგორმე გავსწორდებით!

ვალერი კვარაცხელია                                                                                  

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here