მთავარი მსოფლიო New York Times: CNN-ის მთელი განყოფილება “რუსეთის საკითხს” შეეწირა

New York Times: CNN-ის მთელი განყოფილება “რუსეთის საკითხს” შეეწირა

გააზიარეთ
სიენენი

მიმდინარე წლის ივნისში CNN-ის ვიცეპრეზიდენტმა ტერენს ბიორკმა შეკრიბა არხის საგამოძიებო განყოფილების თანამშრომლები და განუცხადა, რომ მათი სამი კოლეგა, პასუხისმგებელი რედაქტორის ჩათვლით, გათავისუფლებულია წერილის გამო, რომელიც ტრამპის ახლობელი მოკავშირის რუსეთთან ურთიერთობის შესახებ ვებგვერდზე ქვეყნდებოდა. მან მოითხოვა პუბლიკაციის შეწყვეტა მანამდე, სანამ მენეჯერები გაარკვევდნენ, რა შეცდომები იქნა დაშვებული და რა არ წარიმართა ისე, როგორც საჭირო იყო.

გუნდი, რომელშიც გაერთიანებულნი იყვნენ პულიტცერის პრემიის ლაურეატები და პროფესიონალი ინტერნეტგამომძიებლები, გაოგნებული დარჩა, მაგრამ ბედს შეურიგდა.

CNN-მა საგამოძიებო განყოფილებას, რომელიც მიმდინარე წელს ჩამოყალიბდა, დაავალა “სიმართლის ძებნა”, მაგრამ, როგორც ამერიკული გამოცემა იუწყება, შექმნიდან რამდენიმე დღეში დაიწყო შეცდომების დაშვება თავის პუბლიკაციებში, რის გამოც ახალი ამბების არხის ხელმძღვანელობას ურთიერთობა თეთრ სახლთან გაუფუჭდა.

ივნისის ფიასკოს შემდეგ CNN-ის საგამოძიებო განყოფილების თანამშრომლებს აუკრძალეს, ეწერათ ტრამპის ადმინისტრაციის რუსეთთან შესაძლო კავშირზე, და დაავალეს, ყურადღება გადაეტანათ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გარემოს დაბინძურება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ CNN-ის ბრენდის დამტკიცებისთვის შექმნილმა საგამოძიებო განყოფილებამ პრაქტიკულად შეუბღალა რეპუტაცია საინფორმაციო არხს და ტრამპის მხრიდან შეტევების გახშირების პროვოცირება გამოიწვია.

არხის ხელმძღვანელობა შეეცადა სახის შენარჩუნებას და განაცხადა, რომ CNN კვლავაც რჩება ინფორმაციის “აგრესიული” მიწოდების მეთოდის ერთგული; რომ 37 წლის განმავლობაში აწარმოებდა გამოძიებებს, რომლებმაც ჯილდოები დაიმსახურა და ძირეულად შეცვალა ქვეყნის ზოგიერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის საქმიანობა და ა.შ. თუმცა ვერ გაექცა იმის აღიარებას, რომ დაუშვა შეცდომები, რომლებსაც დიპლომატიურად დასკვნების გამოსატანი გაკვეთილები უწოდა.

“ნიუ იორკ თაიმსი” წერს, რომ 22 ივნისს CNN-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა მასალა, რომელშიც მხილებული იყო ტრამპის მრჩევლის, ენტონი სკარამუჩის, კავშირი რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელ კირილე დიმიტრიევთან. სკარამუჩი და დიმიტრიევი ერთმანეთს ტრამპის ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე შეხვდნენ. სტატიაში გამოთქმული იყო ვარაუდი, რომ სკარამუჩი შეიძლება დაჰპირდა დიმიტრიევს, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში დაეხმარებოდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შერბილებაში.

როცა CNN სკარამუჩის დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა, მან უარყო გავრცელებული ინფორმაცია და განაცხადა, რომ შეხვედრისას არაფერ დასაძრახსა და გასაკიცხზე არ უსაუბრიათ.

საუწყებო გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ ამ მასალის მომზადების პროცესში ინფორმაციის წყარო არ შეუმოწმებიათ.

როგორც “ნიუ იორკ თაიმსი” იუწყება, სტატიის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს ეს მასალა საიტიდან ამოიღეს, არხის ხელმძღვანელობამ კი სკარამუჩის ბოდიში მოუხადა.

“ეს სტატია არ შეესაბამებოდა CNN-ის სარედაქციო სტანდარტებს”, _ ოფიციალურად განაცხადა არხის ხელმძღვანელობამ.

სტატიის საიტიდან ამოღების მეორე დღეს ბიზნესისა და ფინანსების განყოფილების რედაქტორმა რიჩ ბარბერიმ თავის გუნდს ელექტრონული ფოსტით აცნობა, რომ, რედაქციის ნებართვის გარეშე, ეკრძალებოდა “ნებისმიერი კონტენტის გამოქვეყნება რუსეთის მონაწილეობით”.

CNN-ის ზოგიერთმა ჟურნალისტმა სამი თანამშრომლის _ თომას ფრენკის, ერიკ ლიხტბლისა და ლექს ჰარისის _ სამსახურიდან დათხოვნა მეტისმეტად მკაცრ სასჯელად მიიჩნია. ვებგვერდიდან მასალის ამოღება განსაკუთრებული შემთხვევაა. ასეთ დროს, ჩვეულებრივ, ცდილობენ, მკითხველებს აუხსნან, რატომ მოიქცნენ ასე უცერემონიოდ, მაგრამ CNN-ის რედაქციის მოკლე განცხადებამ, რომელიც ამ ფაქტის გამო გამოქვეყნდა, მკითხველებში პასუხზე მეტი შეკითხვა გააჩინა.

“CNN თავს ვერ ართმევს თავის მოვალეობას მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდების საქმეში, _ აღნიშნა კალიფორნიის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის უმაღლესი სკოლის დეკანმა ედვარდ ვასერმანმა, _ იმის ნაცვლად, რომ რაღაც შეეცვალა, მხოლოდ წყალი აამღვრია, და ჩვენ არ ვიცით, ცვლის თუ არა რამეს საერთოდ”.

ტრამპმაც დაწერა, რომ “რუსეთის საქმის” ისტორია, მართალია, ვებგვერდიდან აიღეს, მაგრამ დანარჩენ გაყალბებულ ისტორიებს რას უპირებენ, არავინ უწყის. ახალი ამბების “ფეიკიაო”, _ აღნიშნა ტრამპმა.

ამასობაში ზემოთ ნახსენებმა ბიორკმა კიდევ ერთი თათბირი მოიწვია ამჯერად განყოფილების ახალი მისიის დასადგენად. ამიერიდან აპირებენ, თავიანთი საქმიანობა სრულად მიუძღვნან ეროვნულ საკითხებს და ნაკლები ყურადღება დაუთმონ თეთრ სახლს.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here