მთავარი პოლიტიკა ნანა კაკაბაძე: ხელისუფლება გარკვეულწილად პოლიტიკურ წარსულში ჩარჩა

ნანა კაკაბაძე: ხელისუფლება გარკვეულწილად პოლიტიკურ წარსულში ჩარჩა

416
გააზიარეთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ერთ-ერთ გადაცემაში მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას განაცხადა, რომ ხელისუფლება მზად არის, კოალიცია შექმნას იმ პარტიებთან, რომლებთანაც ღირებულებითი თანხვედრა ექნება. მისი თქმით, დღევანდელ პარლამენტში ასეთ ძალებს ნაკლებად ხედავს, თუმცა პოლიტიკურ სპექტრში არიან სუბიექტები, რომლებთანაც მმართველ გუნდს ეს თანხვედრა აქვს: “ღირებულებითი თანხვედრა გვაქვს იმ პარტიებთან, რომლებთანაც ვთანამშრომლობდით წინა არჩევნებში, რომლებიც დღეს არიან ჩვენი უმრავლესობის რიგებში და, შესაძლოა, ხვალაც გამოჩნდეს პოლიტიკური პარტია, რომელთანაც გვექნება ღირებულებითი თანხვედრა…” იმავე გადაცემაში წამყვანის შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა “ოცნებამ” ყოფილი რესპუბლიკელის _ დავით უსუფაშვილის “შენების მოძრაობასთან” შექმნას კოალიცია, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ, თუ ის (უსუფაშვილის პარტია) პარლამენტში შევა, ამაზე იმსჯელებენ. მისივე განმარტებით, მთავარია, კოალიციაში (თუ ის შეიქმნება) არ მოხვდნენ “დესტრუქციული ძალები”, რომელთა ხედვები და იდეოლოგია ეწინააღმდეგება “ოცნების” დეკლარირებულ პოლიტიკას… 

თავის დროზე, როცა ბიძინა ივანიშვილმა კოალიცია “ქართული ოცნება” დააფუძნა, მასში სწორედ ღირებულებითი თანხვედრის პრინციპით მოხვდა რესპუბლიკური პარტია (რომლის ლიდერებიც შემდგომ ლგბტ დროშის ფონზე უცხადებდნენ რუსთაველზე ჩაშლილ გეიაღლუმს სოლიდარობას), “თავისუფალი დემოკრატები” (რომელთა დეპუტატებიც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერები იყვნენ ანტიდისკრიმინაციული კანონის), “ეროვნული ფორუმი” (რომელიც თითქოს კონსერვატული ფლანგის ჩამოყალიბებას ცდილობდა თავიდან, მაგრამ შემდგომ უკვე კოალიციის საერთო “ნეოლიბერალურ” პოლიტიკაში აითქვიფა) და ა.შ. რაც შეეხება რესპუბლიკური პარტიის განაყოფ “შენების მოძრაობასა” და მის ლიდერს, რომელთან თანამშრომლობასაც თალაკვაძე არ თუ ვერ გამორიცხავს, ცნობისთვის აღვნიშნავ, რომ დავით უსუფაშვილი ჯერ კიდევ პარლამენტის თავმჯდომარეობის პერიოდში ამბობდა, რომ მისთვის უმთავრესი პიროვნების თავისუფლებაა და საკუთარ შვილს არა სამშობლოს სიყვარულს ან პატრიოტიზმსა და თავდადებას, არამედ თავისუფლების სიყვარულს უნერგავს. სწორედ უსუფაშვილის პოლიტიკური გარემოცვა იყო სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმების მომხრე, მიწის უცხოელებისთვის მიყიდვის ყველანაირი შეზღუდვის მოხსნის ინიციატორი, საქართველოში მოქმედი სხვადასხვა რელიგიური კონფესიისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭების მხარდამჭერი და ა.შ. თუმცა, როგორც ჩანს, მსოფლიოში მიმდინარე ძირეული იდეოლოგიურ-პოლიტიკური გარდაქმნების მიუხედავად, რომელიც “ლიბერალური” დღის წესრიგის სრულ კრახს გულისხმობს, “ქართული ოცნების” თავკაცი, ბიძინა ივანიშვილი, პოლიტიკური ფსონის დადებას კონსერვატიულ ფლანგზე კი არ აპირებს, არამედ კოალიციაში ძველი, მარგინალური სახეების დაბრუნებაზე.

რა “ღირებულებითი თანხვედრა” აქვს დღეს “ოცნებას” იმავე “შენების მოძრაობასთან”, რა კრიტერიუმით შეიძლება შეირჩნენ მომავალ კოალიციაში პარტიები და რა პოლიტიკურ კონფიგურაციას შექმნის ეს ყველაფერი?

საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე.

_ ქალბატონო ნანა, ამას წინათ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ, თუ საჭირო იქნება, ხელისუფლება კოალიციას შექმნის პარტიებთან, რომლებთანაც მას “ღირებულებითი თანხვედრა” აქვს. როგორ ფიქრობთ, რა არის დღევანდელი “ქართული ოცნების” მთავარი პოლიტიკური და არა მხოლოდ პოლიტიკური ღირებულება, რომელმაც ის ვიღაცასთან შეიძლება გააერთიანოს?

_ დავიწყოთ იმით, რომ 2020 წლის არჩევნები ქართული პოლიტიკური სინამდვილისთვის უჩვეულო მოვლენაა, რადგან აქამდე ჩვენს პრაქტიკაში პროპორციული სისტემით არჩევნები არ ჩატარებულა. გამომდინარე აქედან, ბუნებრივია, ხელისუფლება ფიქრობს შემდგომ ნაბიჯებზე და იმაზე, როგორ შეიძლება დააკომპლექტოს მთავრობა. რა თქმა უნდა, “ოცნებაში” იმასაც ხვდებიან, რომ მათ შეიძლება, მოუწიოთ კოალიციის შექმნა და ამას გარკვეული წინმსწრები პროცესები ექნება. რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, თალაკვაძეს შეეძლო ეთქვა, რომ არ ითანამშრომლებენ კრიმინალებთან. მხედველობაში მყავს “ნაციონალური მოძრაობა”, მისგან განაყოფ პარტიებთან ერთად, და ეს იქნებოდა აბსოლუტურად ლოგიკური, მაგრამ მას ამაზე არ გაუმახვილებია ყურადღება. რატომ? მოდი, ამაზე თვითონ თალაკვაძემ გააკეთოს განმარტება. ჩვენ ფაქტს შევხედოთ ობიექტურად. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება გარკვეულწილად პოლიტიკურ წარსულში ჩარჩა. ის, რაც წლების წინათ, შესაძლოა, პოლიტიკურად მომგებიანი იყო, როგორც საშინაო მოხმარების თვალსაზრისით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე, და დღეს უკვე ყავლგასულია, ისევ მთავარ სახელისუფლო რიტორიკად რჩება.

_ კონკრეტულად რას გულისხმობთ?

_ მაგალითად, ბოლო ხანს ხშირად ისმის რიტორიკა, რომ, თუ “ოცნება” არა, იქნება “ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც არის ძალადობრივი, დანაშაულებრივი პარტია და ქვეყანა ისევ იმ საშინელ წარსულში დაბრუნდება. შეიძლება ასე პირდაპირ, ღია ტექსტებით არ ამბობენ ამას, მაგრამ მინიშნებები აშკარაა. სტრატეგია და მთავარი გზავნილი ამომრჩევლისადმი, რომ თუნდაც “ნაცმოძრაობის” ვერდაბრუნებისთვის უნდა მომცე ხმა, დიდწილად უცვლელი დარჩა. არადა, ვხედავთ, რომ საზოგადოებას უკვე დაავიწყდა კიდეც არ თუ ვერ აღდგენილი სამართლიანობა; დაავიწყდა შეუსრულებელი დაპირებები და მთავარი მოლოდინი არის ალტერნატიული პოლიტიკური ბირთვის ჩამოყალიბება. ხელისუფლება ამას ვერ ხვდება ან ხვდება, მაგრამ რეალობის არსებითად შეცვლას ვერ ახერხებს და გვაქვს ჭაობი.

რაც შეეხება ისევ ღირებულებების თანხვედრას, ბატონ თალაკვაძეს უნდა ესმოდეს, რომ ხმათა უმრავლესობით არჩეულ ხელისუფლებას სამპროცენტიან რესპუბლიკელებთან კი არ უნდა ჰქონდეს ღირებულებითი თანხვედრა ან მის განაყოფ ასევე ურეიტინგო და უპერსპექტივო “შენების მოძრაობასთან”, არამედ, უწინარესად, ხალხთან. ხალხია ხელისუფლების მთავარი ძალა და ლეგიტიმატორი, თორემ თავის დროზე რომ შეიყვანეს კოალიციაში პოლიტიკური გვამები, რაც მიიღეს, ყველამ ვნახეთ. კიდევ ვიმეორებ: არც “შენების მოძრაობას”, არც რესპუბლიკურ პარტიას და სხვა მსგავს სუბიექტებს ქართველ საზოგადოებასთან საერთო არაფერი აქვთ. შესაბამისად, თუ “ოცნების” რომელიმე წამყვანი ფიგურა დაიწყებს ლაპარაკს, რომ სწორედ ამ პარტიებთან შეიძლება ჰქონდეთ რამე თანხვედრა, საზოგადოებისთვის ეს იქნება მკაფიო გზავნილი. თუ ვინმე საღად აზროვნებს მმართველ გუნდში და, ალბათ, აზროვნებს, უნდა მიხვდეს, რას მოუტანს ისედაც პოლიტიკურ კრიზისში მყოფ ხელისუფლებას მსგავსი გზავნილები…

_ ალტერნატიული მესამე ძალა ახსენეთ, მსოფლიო და განსაკუთრებით ევროპა, დღეს საოცარი სისწრაფით იცვლება. იდეოლოგიურ-პოლიტიკურმა ცვლილებებმა თითქმის ყველა დასავლური ქვეყანა მოიცვა. როგორ ფიქრობთ, საქართველოში არის იმის შესაძლებლობა, რომ მსგავსი ცვლილებები განხორციელდეს?

_ საქართველო თავისი ფასეულობებით, ტრადიციებითა და, საერთოდ, ეთნო-კულტურული თავისებურებებით სხვა მოცემულობაა, ევროპა _ სხვა. გამომდინარე აქედან, სიმართლე გითხრათ, ცოტა გადაჭარბებული მგონია ის მოლოდინი, რომ, თუ დასავლეთი იცვლება, ჩვენთანაც აუცილებლად მოხდება ცვლილებები. ეს თავისთავად ერთსა და იმავეს არ გულისხმობს. ალტერნატივას რაც შეეხება, ჯანსაღ პოლიტიკურ კონკურენციას რა ჯობია, მაგრამ ფაქტია, არსებულ პოლიტიკურ დღის წესრიგს ჯერჯერობით რეალური საპირწონე ალტერნატივა არ აქვს. ეს კარგია თუ ცუდი, სხვა საკითხია. ვიღაცისთვის, ალბათ, კარგია, ვიღაცისთვის _ ცუდი.

_ თუმცა იმის ფონზე, რომ დასავლეთში კონსერვატიული ძალები დღითიდღე ძლიერდებიან, აქაც აქვთ გარკვეულ სუბიექტებს, მათ შორის, ლიბერალურ სუბიექტებს, ეროვნულ ძალად გარდასახვის მცდელობა. მაგალითად, მიხეილ სააკაშვილმა თავი ტაძრების ამშენებელ პატრიოტ ლიდერად გამოაცხადა, ამას წინათ გიგა ბოკერიამაც ახსენა ერთ-ერთ გამოსვლაში ღმერთი და სამშობლო… რას ნიშნავს ეს ყველაფერი?

_ შორს ვარ და ყოველთვის შორს ვიქნები იმ აზრისგან, რომ ბოკერიას ან სააკაშვილს რამე პრინციპები გააჩნიათ. არ არსებობს ასეთი ბოკერია და სააკაშვილი ბუნებაში. გამომდინარე აქედან, ყოველთვის მიკვირდა და მიკვირს იმ ხალხის, რომელსაც გულუბრყვილოდ სჯერა, რომ ან ერთი, ან მეორე იდეური ლიბერალია და თავიანთ იდეოლოგიას არ უღალატებენ. თუმცა ის, რომ დასავლეთში განხორციელებული პოლიტიკური ძვრები მათთვის გარკვეული ბიძგის მიმცემია, გეთანხმებით. ისე, სიმართლე გითხრათ, სხვებისგანაც ველოდები მომავალში სააკაშვილის მსგავს გარდასახვას ეროვნული სულისკვეთების ადამიანად. მაგალითად, არ გამიკვირდება, თუ, სიტყვაზე, ქალბატონი ჩერგოლეიშვილი ერთ მშვენიერ დღეს პატრიოტულ ნოტებზე აჟღურტულდება. იმავეს ველოდები ამ უცხოეთიდან დაფინანსებული ე.წ. არასამთავრობოებისგანაც. საერთოდ, მთელი მაგათი სტრატეგია და მიდგომები აგებულია სარგებლის ძიებაზე _ სადაც რაღაც პოლიტიკურ და ფინანსურ დივიდენდებს ხედავენ, იქ ჩნდებიან.

_ ეს ყველაფერი იქონიებს ზეგავლენას საზოგადოების განწყობებზე?

_ ყოველ შემთხვევაში, ჩვენი უახლოესი წარსული ერთ რამეს გვეუბნება: 2003 წელს, როდესაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” მოაწყო სახელმწიფო გადატრიალება, ნაციონალები გაიძახოდნენ, რომ ეს ყველაფერი საჭიროა მეტი დემოკრატიისთვის. მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში და, როგორ ესმოდათ დემოკრატია, ყველამ ვნახეთ _ მივიღეთ დამონებული სასამართლო, დამონებული მართლმსაჯულება, პატიმრების, მათ შორის, უკანონო პატიმრების უპრეცენდენტო რაოდენობა… ერთი სიტყვით, რეჟიმი, რომელიც შემდეგ ცხრა წლის განმავლობაში ვეღარ მოვიცილეთ. საზოგადოების განწყობებს რაც შეეხება, არ მგონია, რომ ჩვენი საზოგადოება ასეთი გულმავიწყია, მაგრამ რაღაც გულუბრყვილო ნაწილი, ალბათ, მაინც დაიჯერებს სააკაშვილის ან ბოკერიას გამოსწორებას. აი, ამაზე აკეთებენ ზუსტად ისინი გათვლას და, როგორც ჩანს, ხვალ-ზეგ კიდევ არაერთ პოლიტიკურ “აღსარებას” მოვისმენთ. თუმცა დასაწყისშიც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: ნებისმიერი მსგავსი გამოცოცხლება “ნაციონალური მოძრაობის” ან მისი განაყოფი პარტიებისა ნიშნავს არა მათი, როგორც ძალაუფლებაზე პრეტენზიის მქონე სუბიექტების, აღმავლობას, არამედ ხელისუფლების უნიათობას და, ამასთანავე, მის მიზანმიმართულ მავნებლურ პოლიტიკას, რომელიც ნაცების მეშვეობით საზოგადოების შანტაჟსა და დაზაფრვაზეა აგებული. ეს უნდა დასრულდეს და რაღაც დონეზე მაინც დამკვიდრდეს ქვეყანაში პოლიტიკური სამართლიანობა. ამის შემდეგ უკვე თავისუფალმა საზოგადოებამ გადაწყვიტოს, რა იდეოლოგიურ და პოლიტიკურ დღის წესრიგს დაამყარებს.

ბოლოს ისევ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაზე ვიტყვი და ამით დავასრულებ: თუ ბატონი თალაკვაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლებას იდეოლოგიური თანხვედრა აქვს “შენების მოძრაობასთან”, მაშინ ის ავტომატურად ფიქრობს, რომ იგივე ხელისუფლება იდეოლოგიურად აცდენილია ხალხს. ასეთი ძალის და მით უმეტეს კონკრეტული ფიგურის პერსპექტივა ძალიან საეჭვოა; ასეთი ძალა, ნებსით თუ უნებლიეთ, ხალხს უბიძგებს, ერთხელ და სამუდამოდ დაასრულოს მისი, როგორც სახელისუფლო გუნდის, არსებობა…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

2 COMMENTS

  1. ამ კომენტარს არ გამომიქვეყნებთ მაგრამ მაინც დავწერ. ნინია კაკაბაძეს რა აზრი უნდა კითხოთ ეს იგივეა ბრუტუს 1-ს ბრუტუს2-ზე კითხოთ. ანუ ბრუტუსები ბევრნი არიან . ერთ ნარატივში მსხდომი ხალხი. ამათ თუ ხალხი ქვიათ უფრო ნახირი ალბად. რადგან ბრუტუს1 ხელისუფლებაა. ბრუტუს2 ოპოზიცია. ბრუტუს3 მასმედიური სივრცე საერთოდ. ბრუტუს4 არასამთავრობონი. ბრუტუს5 ინწელიგენცია. ხოდა საკუთარ თავს არასოდეს დააზიანებენ ისე რო ერთმანეთზე საზიანოდ ილაყბონ. თქვენც მოიაზრებით ბატონებო ე.წ ინტერნეტ მედიავ, ასე რომ არ იყოს და არ მოიაზრებოდეთ მათ რიგებში (რიგით დოყლაპიად, ან სასარგებლო ინდაურად) სხვა შემთხვევაში მაგ ქალის ,,მოგენიალურო ” აზრებს აქ არ დაწერდით. მეცინება თქვენზე მაგრად.

  2. საქართველო – მოჯადოებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური წრის მარადიული მძევალი…

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here