“არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს, და დამალული, რომ არ გამჟღავნდეს. ამიტომ, რაც ბნელში გითქვამთ, ნათელში მოისმენენ და, რაც ყურში იჩურჩლეთ ოთახებში, ერდო-ბანებზე გამოხმაურდება.” (ლუკა 12:2;3). ეს სახარებაშია ჩაწერილი. ზოგიერთი საიდუმლო ჩქარა გამჟღავნდება, ზოგიერთი დიდხანს რჩება დაფარული, მაგრამ არ არსებობს საიდუმლო, რომელიც მარადიულია.
უკრაინის ტრაგედიის საიდუმლო ძალიან მალე გამოაშკარავდა. ბევრი რამ ისედაც გასაგები იყო, მაგრამ ბოლო ჟამს ტრამპმა ყველაფერს ნათელი მოჰფინა. აშშ-ის პრეზიდენტმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა: „მათ (უკრაინელებმა – ვ.კ.) შეიძლება შეთანხმება დადონ, შეიძლება არ დადონ, შეიძლება ერთ დღეს რუსები გახდნენ, შეიძლება არც გახდნენ, მაგრამ აშშ-ს გაწეული დახმარების ასანაზღაურებლად უკრაინის ბუნებრივი რესურსების მიღება სურს. მინდა ჩვენი თანხები დაცული იყოს. ჩვენ ასეულობით მილიარდ დოლარს ვხარჯავთ. მათ ვუთხარი, რომ 500 მილიარდი დოლარის ღირებულების იშვიათი ლითონები მინდა და ისინი ამის გაკეთებას დათანხმდნენ“.
რა არის ეს ნათქვამი, თუ არა უკრაინის ტრაგედიისთვის გრიფი ”საიდუმლოს” მოხსნა?!
რას ფიქრობთ, უკრაინის ტერიტორიაზე არსებული იშვიათი წიაღისეული მხოლოდ ახლა გახდა საინტერესო ამერიკელებისთვის თუ ეს დაინტერესება ომის დაწყებამდეც არსებობდა? არათუ არსებობდა, არამედ ამ დაინტერესების გამო, მიზანმიმართულად მიიყვანეს საქმე ომამდე. ცხადია, რომ მხოლოდ იშვიათი წიაღისეულით არ იყვნენ დაინტერესებული ამერიკელები, მაგრამ ინტერესის ერთ-ერთი მიმართულება ესეც იყო. თუ ისინი შეძლებდნენ რუსეთის დაჩოქებასა და მთელი უკრაინის მიტაცებას, ამაზე უარს კი არ იტყოდნენ, მაგრამ ახლა, როდესაც ყველასთვის ნათელია, რომ უკრაინაში მთელი კოლექტიური დასავლეთი (ნატოს ჩთვლით) მარცხდება, ამერიკელები ამ ომში უაზროდ ჩაყრილი და განიავებული სახსრების კომპენსაციას ცდილობენ. სხვას რას უნდა ნიშნავდეს ტრამპის ის ნათქვამი, რომ უკრაინელები ”ერთ დღეს შესაძლებელია რუსები გახდნენ”. აშშ-ის პრეზიდენტი მოვლენათა ამგვარ განვითარებას აღარ გამორიცხავს.. ტრამპი ამას რომ ამბობს, იმას ნიშნავს, რომ აღარ ეწინააღმდეგება და ფარ-ხმალს ყრის რუსეთის წინაშე, ოღონდ იმ დათქმით, რომ გარკვეული სარგებელი მასაც შეხვდეს თუნდაც იშვიათ წიაღისეულზე წვდომის სახით. პრაქტიკულად მისი ეს ნათქვამი რუსეთისთვის გაკეთებული შეთავაზებაა. სხვა საკითხია, რუსეთი დათანხმდება თუ არა ამ შეთავაზებას, მაგრამ ტრამპის მხრიდან ეს აშკარა ვაჭრობაა.
კრემლმა ტრამპის ამ განცხადების პირველ ნაწილს, შევა თუ არა უკრაინა რუსეთის შემადგენლობაში, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის პირით ასე უპასუხა: ”უკრაინის მნიშვნელოვან ნაწილს სურს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ყოფნა. მათ შორის ოთხი რეგიონი უკვე შევიდა რუსეთის შემადგენლობაში”.
რაც შეეხება ტრამპის განცხადების მეორე ნაწილს, პესკოვმა ასეთი კომენტარით უპასუხა: “თუ საკითხებს თავის სახელებს ვუწოდებთ – ეს დახმარების ყიდვის შეთავაზებაა. ანუ, ეს არ არის დახმარების უსასყიდლოდ ან სხვა საფუძველზე გაგრძელების შეთავაზება, არამედ ზუსტად კომერციულ საფუძველზე მისი უზრუნველყოფის შეთავაზებაა. უმჯობესი იქნებოდა, ვაშინგტონი საერთოდ არ დახმარებოდა კიევს და ამით ხელი შეეწყო კონფლიქტის დასრულებისთვის. ამის ნაცვლად, აშშ კვლავ განაგრძობს კიევისთვის იარაღის მიწოდებას და ამის შეჩერების შესახებ განცხადება არავის გაუვრცელებია”, – დასძინა პესკოვმა.
ტრამპის ამ განცხადების შემდეგ, როგორც უკრაინულ, ასევე დასავლურ მედიაში გაჩნდა ექსპერტთა შეფასებები, რომელთა მიხედვითაც, უკრაინაში სასარგებლო წიაღისეულის მარაგი ტრილიონობით დოლარად არის შეფასებული, მაგრამ საქმე ის არის, რომ Washington Post-ის ჯერ კიდევ 2022 წლის პუბლიკაციების მიხედვით, 12,5 ტრილიონი დოლარის ღირებულების მარაგი უკვე რუსეთის ხელშია, ვინაიდან ეს ტერიტორიები რუსეთის ფედერაციას უკვე მიერთებული აქვს.
როგორც ანალიტიკოსები წერენ, ზელენსკი განაგრძობს ვაჭრობას უკრაინით, როგორც იტყვიან, ცალობითაც და ბითუმადაც. ერთი სიტყვით, მიმდინარეობს უკრაინის მასშტაბური ძარცვა. აშშ-ის ხელისუფლების სათავეში ტრამპის მოსვლამ ზელენსკი დაარწმუნა, რომ ამერიკული თანხებისა და შეიარაღების უკრაინის მიმართულებით ცალმხრივად მოძრაობის ეპოქა დასრულდა. ამერიკასთან ურთიერთობა ახლა ტრამპისთვის უფრო გასაგები მოდელით (ბიზნეს-სქემით) უნდა წარიმართოს: შენ – მე, მე – შენ. თუმცა, ეს ისეთი კონკრეტიკაა, რომელიც ამომწურავ პასუხს ვერ გვაძლევს იმაზე, რა ხდება უკრაინაში.
უკრაინა თვითვე იქცა საკუთარი ამბიციებისა და უგუნურების მსხვერპლად. უფრო ზუსტად, უგუნური ამბიციებისა და ამბიციური უგუნურების მსხვერპლად. უკრაინა უზარმაზარი რუსული სამყაროს ორგანული შემადგენელი ნაწილია (ისტორიული, კულტურული და მენტალური თვალსაზრისით). ნაწილი, რომელსაც, რიგ ისტორიულ პროცესთა გამო, მთელთან გაუცხოვება დაეწყო, ანუ ნაწილი მთელს დაუპირისპირდა, რაც საკუთარ თავთან დაპირისპირებას (უგუნური ამბიცია) ნიშნავდა. მეორე მხრივ, მას გაუჩნდა სხვა (მისთვის უცხო) მთელის (დასავლეთის) ნაწილად ყოფნის სურვილი, რომელსაც სინამდვილეში არ ეკუთვნის, მაგრამ ჰგონია, რომ ეკუთვნის (ამბიციური უგუნურება). ასე დადგა დრამატული რეალობა, რომლის მიხედვითაც, უკრაინა უცხოთა ინტერესების დასაცავად საკუთარ ინტერესებს ებრძვის, ანუ მკვლელიც თვითონ არის და მსხვერპლიც – თვითმკვლელი მსხვერპლი.
ცხადია, რომ უკრაინას საკუთარ თავთან გაუცხოვებაში სხვები (დასავლური ძალები) დაეხმარნენ. ახლა კი იგივე დასავლეთი, ვის ინტერესებსაც უკრაინამ მილიონი ადამიანის სიცოცხლე შესწირა, მას ეუბნება: შენ თუ გინდა რუსეთის შემადგენელ ნაწილად იქეცი, მაგრამ რუსეთთან ომში შენთვის დახარჯული ასი მილიარდის სანაცვლოდ ათეულობით ტრილიონის ღირებულების წიაღისეული უნდა მომცე. აშშ-თან უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობა და მაღალი იდეალებით შეფუთული მეგობრობა ერთბაშად დაეშვა პროზაულ ბუღალტერიამდე, მერკანტილურ ანგარიშსწორებამდე და ჩარჩულ აღებ-მიცემობამდე. სიტყვა ”დაეშვა” პირობითია. როგორ დაეშვებოდა ის, რაც არასოდეს ყოფილა ამაღლებული, თავიდანვე დაშვება და დაცემა იყო, მაგრამ დასავლეთის სულგაყიდული პოლიტიკოსები და სხეულგაყიდული საინფორმაციო საშუალებები ამ დაცემას თავისუფლების, დემოკრატიისა და ცივილიზაციის ჩვრებში ხვევდნენ, პარალელურად კი თავიანთი იდეოლოგიური საწამლავი ყველა გზით და საშუალებით შეჰქონდათ და შეჰქონდათ უკრაინაში. დასავლეთის იდეოლოგიით ნაკვებმა და ლიბერალიზმის ფასადს ამოფარებულმა ნეოფაშიზმმა ამიტომ იფეთქა უკრაინაში ისეთი ძალით, რომ მოღალატე ბანდერასა და შუხევიჩის აჩრდილებმა ეროვნულ გმირებად წამოჰყვეს თავები. საბჭოთა არმიის მიერ ოთხმოცი წლის წინათ ფაშიზმის კლანჭებისგან ძლივს დახსნილ უკრაინაში დღეს სვასტიკით სხეულმოსვირინგებული ვიგინდარები დათარეშობენ და მხსნელი საბჭოთა იდეოლოგიის სიმბოლოებსა და სახელოვანი საბჭოთა მხედართმთავრების ჯერ კიდევ შემორჩენილ ძეგლებს ჭეშმარიტად ფაშისტური სიძულვილითა და სისასტიკით უსწორდებიან. რაც მთავარია, ყველაფერ ამას თავისუფლებისთვის ბრძოლად და ეროვნული სულის აღზევებად ნათლავენ.
იგივე დაგვემართა ჩვენც, როდესაც, რუსეთის სიძულვილით ატანილნი, ყველაფერ საბჭოურსა და სოციალისტურს ვებრძოდით და, შედეგად, ”ნიკოფსიიდან დარუბანდამდე” გადაჭიმულსა და აყვავებულ საქართველოს ველოდით, მაგრამ სამ ნაწილად დაშლილ-დაქუცმაცებული, ეკონომიკურად იავარქმნილი და ზნეობრივად მორყეული ქვეყანა მივიღეთ. ისევე, როგორც უკრაინელებმა მიიღეს სისხლში ჩამხრჩვალი და მიწასთან გასწორებული უკრაინა. ახლა (ორმოცი წლის გასვლის შემდეგ) ვიფშვნეტთ თვალებს და თითო-ოროლა გამოღვიძებულის ნახვა გვახარებს, მაგრამ ძალიან დაგვაგვიანდა. მსხვერპლი მსხვერპლად დარჩა, დაკარგული ტერიტორიები და ხალხები – დაკარგულ ტერიტორიებად და ხალხებად. ზოგიერთი რამე შეიძლება დიდი შრომა-წვალების შედეგად გამოსწორდეს, მაგრამ ბევრ რამეს ვერასოდეს გამოვასწორებთ.
საკუთარი დანაშაულების აღიარება და მონანიება ის გზაა, ადრე გაფუჭებულის გამოსწორების მიმართულებით რომ მიდის, თუმცა აქაც არის ნიუანსები. ამ საკითხისადმი ძლიერთა და სუსტთა დამოკიდებულება განსხვავებულია, პირველ რიგში, გულწრფელობის თვალსაზრისით. ამერიკელებმაც დაიწყეს ზოგიერთი რამის აღიარება, USAID-ი NED-ი კრიმინალური ორგანიზაციები და ჭიების გორგალიაო, ”თავისუფლება” და ”ამერიკის ხმა” დამნაშავე მედიასაშუალებებიო, მაგრამ ეს აღიარება არაფერია, თუკი სათქმელი ბოლომდე არ ითქვა, თუკი არ მივიდნენ იმის აღიარებამდე, რომ აშშ-ის პოლიტიკა თავიდან ბოლომდე დანაშაულებრივი პოლიტიკაა, რომელმაც მთელი მსოფლიო ჩიხში შეიყვანა. არც ამისი აღიარებაა პანაცეა. ტრაპი ბაიდენს დააბრალებს, ბაიდენი – ობამას, ობამა – ბუშს (უმცროსს), ბუში (უმცროსი) – კლინტონს, კლინტონი – ბუშს (უფროსს), ბუში (უფროსი) რეიგანს და ა.შ., გრძელია ეს სია… ამ დაბრალება-გადაბრალებაში ახალ სატყუარასაც შექმნიან და ახალ ანკესზეც წამოგვაგებენ. ახალ ფალას-ფულასში გახვეული იდეოლოგიით ისევე დაიწყებენ მსოფლიოს მოწამვლას, როგორც აქამდე წამლავდნენ. დასავლეთის სამყარო (საკუთარ თავს ცივილიზებულ სამყაროდ რომ მოიხსენიებს), ერთი დიდი, დანაშაულებრივი მოდელია, მსოფლიოს წინააღმდეგ შეთქმული სისტემა – გლობალური ომის, გლობალური კორუფციის, გლობალური გარყვნილების, გლობალური თაღლითობის სისტემა. ესაა სოციალისტური სისტემის ანუ ექსპლოატაციისგან თავისუფალი შრომის წინააღმდეგ მებრძოლი სისტემა, თანასწორობისა და სოციალური სამართლიანობის წინააღმდეგ მებრძოლი სისტემა, ტექნოლოგიურად მაღალ საფეხურზე აყვანილი მონათმფლობელობის სისტემა. გზადაგზა მას მოუწევს თავისი დანაშაულების მხილება, მაგრამ იგი საკუთარ თავს არასოდეს აღიარებს დამნაშავე იდეოლოგიად, დამნაშავე სისტემად, დამნაშავე მონსტრად. მის მხილებას საერთაშორისო საზოგადოების პროპაგანდით გაბრუებული და მონუსხული ნაწილის გამოფხიზლების თვალსაზრისით აქვს აზრი, მაგრამ საქმეს ამით არ ეშველება. ბირთვული ტრიადით აღჭურვილ თანამედროვე ზესახელმწიფოს გარედან ვერავინ დაამარცხებს, მისი დამმარცხებელი მის წიაღშივე წარმოშობილი ის შინაგანი წინააღმდეგობებია, რაც უმწვავეს, დაუძლეველ (სისტემურ) კრიზისში გადადის და გამოუვალ ვითარებას ქმნის. თუმცა, არც ის იქნება სწორი, რომ საერთაშორისო ფრონტზე განცდილი მარცხი უმნიშვნელო ფაქტორად მივიჩნიოთ. უკრაინაში დამარცხება აშშ-სთვის უდიდესი დარტყმა იქნება. ეს დამარცხება აშშ-ში შიგნით მიმდინარე კრიზისის გარეგანი გამოხატულება იქნება. ამიტომ პრეზიდენტ ტრამპის ის განცხადება, რომელშიც თქვა, რომ ”უკრაინელები შესაძლებელია რუსები გახდნენ”, უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა. ტრამპს ეტყობა, გაცნობიერებული აქვს, რომ უკრაინისთვის ბრძოლა იგივე შედეგით დამთავრდება, რა შედეგითაც 1944 წლის 28 ოქტომბერს დამთავრდა: ”28 октября 1944 года была полностью освобождена от фашистской оккупации территория Украинской ССР”. უკრაინის გათავისუფლებისთვის ბრძოლას სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ საბჭოთა არმიის ისეთი ლეგენდარული მეთაურები, როგორიც იყვნენ: ჟუკოვი, მალინოვსკი, ტოლბუხინი, ვატუტინი, კონევი. უკრაინის დღევანდელი ნეოფაშისტური რეჟიმი ანგრევს განმათავისუფლებელი არმიის სახელგანთქმული მეთაურების ძეგლებს, საბჭოთა ჯარისკაცების ხსოვნის უკვდავდსაყოფად აგებულ ობელისკებსა და საძმო სასაფლაოებს. ამ უბინძურეს ოპერაციაში (ფაშისტური უკრაინის მხარდამხარ) მონაწილეობს აშშ-სა და ევროპის (მათ შორის, გერმანიის) სამხედრო ტექნიკა (ბედის ირონია). როგორი უკიდეგანოც უნდა იყოს ფაშისტური დასავლეთის სურვილი ამ ომში გამარჯვებისა, შედეგი ზუსტად ისეთი იქნება, როგორიც ოთხმოცი წლის წინათ იყო. ერთხელ კიდევ უნდა გავიმეორო ის რუსული წინადადება, ოთხმოცი წლის წინანდელ ისტორიულ ფაქტს რომ ასახავს, მაგრამ დღემდე შიშის ზარს სცემს მთელ დასავლეთს: ”28 октября 1944 года была полностью освобождена от фашистской оккупации территория Украинской ССР”. სწორედ ამ ფაქტმა გადატეხა ხერხემალში დასავლური ფაშიზმი საბოლოოდ. ეს იყო სტალინგრადისა და კურსკის ლეგენდარული ბრძოლების რეალური შედეგიც და კულმინაციაც.
უკრაინის გათავისუფლება საბჭოთა არმიის მიერ დასავლეთის სრული კრახის მომასწავებელი იყო 1944 წელს; უკრაინის განთავისუფლება რუსეთის არმიის მიერ დასავლეთის სრული კრახის მომასწავებელი იქნება 2025 წელსაც.
აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, როგორც ჩანს, აცნობიერებს ამ ვითარებას. სწორედ ამ სტატიაზე მუშაობის დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ისინი შეთანხმდნენ უკრაინაში ომის შეწყვეტის აუცილებლობაზე და მოილაპარაკეს მომავალი შეხვედრის შესახებაც.
ეს იმედს აჩენს, რომ ამერიკელების მიერ გლობალური დაპირისპირების ზღვრამდე მიყვანილ პლანეტას ამოსუნთქვისა და ვითარების გარკვეული დროით განმუხტვის შესაძლებლობა გაუჩნდება.
ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის დე ფაქტო (თვითმარქვია) პრეზიდენტ ზელენსკისთანაც. ამ უკანასკნელმა ფაქტის კომენტირებისას განაცხადა, რომ ტრამპმა მას მიაწოდა ინფორმაცია პუტინთან გამართული სატელეფონო დიალოგის შესახებ. ზელენსკის თაქმით, ”კიევს ყველაზე მეტად სურს მშვიდობა”. ზელენსკის ამ ნათქვამიდან ის შინაარსი კი არ უნდა გამოვიტანოთ, რაც მასში ძევს, არამედ ის, რომ ზელენსკის სხვა არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, გააკეთოს ის, რაზეც აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები მოილაპარაკებენ. მის ხელში არ არის არცერთი ბერკეტი, რომლის გამოყენებითაც იგი პროცესზე რამე გავლენის მოხდენას მოახერხებს. პუტინმა და ტრამპმა გადაწყვიტეს, რომ ომი უნდა შეჩერდეს. პირობებზეც ისინი თანხმდებიან, ზელენსკის კი სათათბირო ხმის უფლებაც აღარ დაუტოვეს. აი, რას ნიშნავს ძლიერთა და სუსტთა ურთიერთობა. უკრაინელებს რომ ეგონათ, მას შემდეგ რაც ამერიკელებმა და ევროპელებმა ტანკებით მოგვამარაგეს, მსოფლიო მნიშვნელობის სამხედრო დერჟავად ჩამოვყალიბდითო, ეს მთლად ასე არ ყოფილა. მსოფლიო მნისვნელობის სამხედრო დერჟავად ნათხოვარი ტანკებითა და რაკეტებით არ ყალიბდებიან. უკრაინაში მხოლოდ ახლა მიხვდებიან იმას, რასაც ომის დაწყებამდე კი არადა, საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე უნდა მიხვედრილიყვნენ. ამერიკელებმა რუსოფობიაშეყრილი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა რუსეთისთვის ”კბილის მოსასინჯად” გამოიყენეს. მერე რა თუ ამას მილიონი უკრაინელის სიცოცხლე შეეწირა. ამ ფასად ამერიკელებმა დააზუსტეს თუ რა ძალა გააჩნია რუსეთს და რაზეა იგი წამსვლელი გარდაუვალი აუცილებლობის შემთხვევაში. ამ თვალსაზრისით სახარბიელო რაკი ვერაფერი აღმოაჩინეს, ანუ, რაკი დარწმუნდნენ, რომ რუსეთი ბოლომდე დაიცავს საკუთარ ინტერესებს, მოლაპარაკებაზე გადავიდნენ. ოღონდ, მოლაპარაკებაზე რუსეთთან და არა უკრაინასთან. ამ მოლაპარაკებების შედეგად რა შეხვდებათ რუსეთს, ამერიკას და უკრაინას? რუსეთს – ტერიტორიები, რომლებსაც ადრე უკრაინული ერქვა; ამერიკელებს – იშვიათი წიაღისეული, რასაც ადრე უკრაინული ერქვა; უკრაინას? უკრაინამ უკვე გაინაღდა ის, რაც ამ ომიდან მის წილად მოვიდა – მილიონი კუბო. უგუნური ამბიციებისა და ამბიციური უგუნურების შედეგი ყოველთვის ასე სავალალოა.
13-დან 14 თებერვლამდე ღამეს ზელენსკი, რა თქმა უნდა, ვერ დაიძინებდა, რადგან კეფაზე მიბჯენილი ლულა, ან თავზე ჩამოსაცმელად გამზადებული ყულფი უტრიალებდა თვალწინ. მისთვის უკვე არავითარი მნიშვნელობა არა აქვს თუ ვინ გააკეთებს ამას – ამერიკელები, რუსები თუ თვითონ უკრაინელები.
სტალინმა როდესაც ჰიტლერის თვითმკვლელობის შესახებ შეიტყო, თქვა: “Доигрался, подлец! Жаль, что не удалось взять его живым. Где труп Гитлера?” თითქმის გამეორდა ისტორია, თუმცა ზუსტად არ ვიცით, თუნდაც გულში წარმოსთქვა თუ არა იგივე სიტყვები პუტინმა: ”Доигрался, подлец!”
კიდევ ერთი საკითხია გასარკვევი: სად არიან და რას ფიქრობენ ევროპელები, რომლებიც გაჰკიოდნენ, – რუსეთი ბრძოლის ველზე უნდა დავამარცხოთ! არც მაგათ ეკითხებიან რამეს. ეჰ, რა ყოფილა ეს უგუნური ამბიციები და ამბიციური უგუნურება.
დანარჩენი კი წავა თავისი გზით. დაიხურება USAID-ი NED-ი, ”თავისუფლება”, ”ამერიკის ხმა” და მრავალი სხვა ორგანიზაცია, ბევრი ციხეში წავა, ბევრი თანამდებობას დატოვებს, მაგრამ მათ ადგილზე ბოროტების სხვა ყლორტები აღმოცენდება, დანაშაულის სხვა მასშტაბები გაჩნდება, გლობალური ომის პარტიისა და ე.წ. დიფ სტეიტის სახეშეცვლილი ვარიანტები კვლავ და კვლავ გამოიჩეკებიან და ასე გაგრძელდება იქამდე, ვიდრე, ერთ მშვენიერ დღეს, სისტემური კრიზისი თავისას იზამს და ამერიკის შეერთებულ შტატებად წოდებული ჯოჯოხეთის იმპერია ისევე არ შეწყვეტს არსებობას, როგორც მის მიერ ბოროტების იმპერიად მონათლულმა საბჭოთა კავშირმა დაასრულა არსებობა 1991 წლის 26 დეკემბერს.
ვალერი კვარაცხელია