Home ახალი ამბები საქართველო მალე მივალთ კატასტროფამდე, რომელსაც უქართველებო საქართველო ერქმევა

მალე მივალთ კატასტროფამდე, რომელსაც უქართველებო საქართველო ერქმევა

მსოფლიოს მასშტაბით, თავშესაფრის მაძიებელთა სიის პირველ ათეულში შევდივართ

386

ხელისუფლებამ  2024 წლის ბიუჯეტის პროექტი წარმოადგინა და საზეიმოდ გვამცნო, რომ 2024  წელს მოიმატებს როგორც პენსია, ისე საჯარო მოხელეების ხელფასები. აქცენტი გაკეთდა ძალოვან უწყებებსა და ბაღის თანამშრომლებზე, აქაოდა, მათი ჯამაგირებიც გაიზრდებაო. ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ გვერწმუნეთ, მხოლოდ ერთი შეხედვით. თუნდაც ბაღის თანამშრომლები ავიღოთ ძიძები, აღმზრდელები… მათი ხელფასი 500-600 ლარია და ახლა გაუხდებათ 700 ან 800 ლარი. ბევრია დღევანდელი საზომით? არა, ძალიან, ძალიან ცოტაა. საქართველოში დამკვიდრებული ტრადიცია არ შეიცვლება – პროდუქტებზე  ფასები არ იკლებს არავითარ შემთხვევაში და ძნელია, ხელფასი მოთხოვნებს დაეწიოს…

გასულ კვირას გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების  თანახმად, ევროკავშირში თავშესაფრის მსურველთა შორის საქართველოს მოქალაქეები, ევროპის მასშტაბით, მეორენი არიან. ივლისში ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფარი საქართველოს 2083-მა მოქალაქემ მოითხოვა, ანუ მხოლოდ ერთ თვეში. ეს რაოდენობა ძალიან ბევრია. მით უმეტეს, რომ ჩვენ უკან არიან რუსეთი, უკრაინა და ირანი ჩვენზე გაცილებით მეტი მოსახლეობითა და ტერიტორიით, მაგრამ ამ ქვეყნებიდან  გაქცევის მსურველი საქართველოსთან  შედარებით გაცილებით  ცოტაა. უფრო საგანგაშო კი ის არის, რომ თავშესაფრის მაძიებელთა სიაში, მსოფლიოს მასშტაბით, ათეულში შევდივართ და ჩვენ წინ ისეთი ქვეყნები არიან, როგორებიცაა  სირია, ავღანეთი, ბანგლადეში, მაროკო და პაკისტანი. რას ნიშნავს ეს? არის თუ არა რეალურად ეს ჩვენი დღევანდელი მდგომარეობის საზომი? ვართ თუ არა ერთ რიგში იმავე ბანგლადეშსა და ავღანეთთან? თითქოს არა, მაგრამ სტატისტიკა სხვა რამეს რომ გვეუბნება? სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში სოციალურ დახმარებას 635 ათას ადამიანზე მეტი იღებს, ანუ ლამის ყოველი მეხუთე ადამიანი სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრობს ან დახმარებას საჭიროებს. არადა,  ჯერ „ნაციონალური მოძრაობა“ გვიმტკიცებდა, – სიღარიბე შემცირდა, უმუშევრობის დონემ დაიკლო და წინ მივიწევთო, ახლა კი  იმავე ტექსტს „ქართული ოცნების“ ლიდერები იმეორებენ.

საქართველოდან  ყოველდღიურად ასეულობით ადამიანი მიდის სხვა ქვეყანაში ბედის საძებნელად. მიდიან ლეგალურად, რჩებიან არალეგალურად, ცდილობენ, საბუთი გააკეთონ და საკმარისია, ოდნავ მოახერხონ სულის მოთქმა, რომ ოჯახის წევრებსაც იქით ექაჩებიან და საქართველოში დაბრუნებაზე აღარ ფიქრობენ. ადრე ნათესავები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ უცხოეთში გარდაცვლილი ადამიანი მშობლიური მიწისთვის მიებარებინათ, ახლა კი ამაზეც ნაკლებად ზრუნავენ. კარგად იციან ოჯახის წევრებმა, რომ საქართველოში დაბრუნების პერსპექტივა თითქმის ნულის ტოლია, უცხოეთში  აიწყვეს ცხოვრება და ამიტომ მშობლების საფლავებსაც იქვე ტოვებენ, სადაც ცხოვრებას თავად აპირებენ. რაღა შორს წავიდეთ, ჩემს ბიძაშვილს საქართველოში გარდაცვლილი დედის ამერიკაში გადასვენება სურდა, აქ დავასაფლავებ, აქ მოვუვლი მის საფლავს, არც კი ვიცი, საქართველოში ოდესმე თუ დავბრუნდებიო…  უბრალოდ, ამერიკულმა მხარემ არ მისცა ნება, აქედან მიცვალებული წაესვენებინა. მას ორი შვილი ჰყავს, ორივე შტატებში მუშაობს და ამბობენ, რომ საქართველოში ცხოვრებაზე, უბრალოდ, არ ფიქრობენ, რადგან სკოლა იქ დაამთავრეს, უმაღლესიც იქ დაამთავრეს, ამერიკულად აზროვნებენ და ცნება სამშობლო ნელ-ნელა არა მხოლოდ მათ, არამედ საქართველოს საზღვრებს გარეთ დაბადებული ბავშვების ქვეცნობიერში ნელ-ნელა ქრება. რასაც ახლა დავწერ, შესაძლოა, ბევრს არ მოეწონოს, მაგრამ აფხაზეთიდან დევნილებისგან არაერთხელ მსმენია, რომ იქაურობას თავისად ვერ აღიქვამს. ახალ თაობაზე ვამბობთ – აქ რომ დაიბადა, აქ რომ გაიზარდა, ყველაფერი რომ აქაურობას უკავშირდება და დევნილის სტატუსი მშობლების ან ბებია-ბაბუების გამო რომ აქვს. მას არ უნახავს აფხაზეთი, არ იცის იქაური ჰაერის სითბო, არ იცის იქაური ზღვის სუნი და არც რიწის სილამაზეს დაუმუნჯებია…  და ეს მწარე რეალობაა.

მთავარი მიზეზი იმისა, რომ მსოფლიოს ათეულში შევდივართ თავშესაფრის მაძიებელთა შორის, ის არის , რომ საქართველოში ახალგაზრდობა მომავალს ვერ ხედავს.  წვალებითა და ვალებით უმაღლესის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდებს, ღირსეული სამსახურის ნაცვლად, კაბალურ პირობებსა და მათხოვრულ ხელფასზე დათანხმება უწევთ მხოლოდ იმიტომ, რომ კვლავ მშობლებს არ ჩამოეკიდონ კისერზე და, რასაც შოულობენ, თავის გასატანად ძლივს ჰყოფნით. ისინი ვერ აგროვებენ თანხას თუნდაც იმისთვის, რომ მცირე ბიზნესი დაიწყონ და მომავლის იმედი გაუჩნდეთ… ამ დროს შეუძლიათ, წავიდნენ ევროპაში და იქ იმაზე ათჯერ მეტი გადაუხადონ თვეში, ვიდრე აქ უხდიან. ჰო, ათჯერ მეტი, რადგან აქ თუ 600 ლარს იღებენ, იქ  3 ათას ევროს მისცემენ იმავე სამუშაოში და  საკვები პროდუქტების შეძენა იქ უფრო იაფი დაუჯდებათ. შემდეგ, ევროპულ ხელფასებზე მიჩვეულები, აქ მუშაობას გულს ვერ უდებენ და ხვდებიან, რომ, თუ ოჯახის წევრები გვერდით ეყოლებათ, თუ ისინიც იმუშავებენ, გარკვეული კაპიტალის მოგროვებასაც შეძლებენ  და ასე იყრებიან საქართველოდან….

სამაგიეროდ, აგერ, ჩინეთთან უვიზო რეჟიმი შემოვიღეთ და მომავალი წლის გაზაფხულზე, რამდენიმე ათას ჩინელს ველოდებით. ჩინეთის ხელისუფლება თავის მოქალაქეებს  გარკვეულ თანხას უხდის იმისთვის, რომ სხვა ქვეყნებში დამკვიდრდნენ, დიასპორა გააძლიერონ და ამ მხრივ  საქართველო მიმზიდველი ქვეყანაა. არაერთი ჩინური კომპანია ოპერირებს საქართველოში და მისმა მფლობელებმა გადასარევად იციან, რა ხელფასებია აქ, როგორ შეიძლება ფულის შოვნა და ამიტომ თანამემამულეებსაც ადვილად დააკვალიანებენ. საქართველოში უამრავი თურქული თუ ირანული კომპანიაა, მათაც კარგად იციან აქაური ხელფასების შესახებ, მეტს არ იხდიან და თანამემამულეებსაც ეხმარებიან დამკვიდრებაში. ასე ნელ-ნელა, მაგრამ მუდმივობის პრინციპით საქართველოდან მიდის მკვიდრი მოსახლეობა  და  ჩამოდიან სხვები –  უცხოტომელები, რომლებიც წასვლას აღარ აპირებენ და   მალე პოლიტიკური ამბიციებიც გაუჩნდებათ, მათთვის მორგებული კანონების მიღებაზე ექნებათ პრეტენზია და ვაი, რომ  ხელის შემშლელიც არავინ ეყოლება.

ვერ გეტყვით რატომ, მაგრამ, პრაქტიკულად, ყველა ხელისუფლება ჯიუტად ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ წინ მივიწევთ, რეალურად კი, სასიკეთო არაფერი ხდება. მოსახლეობა წლიდან წლამდე ღარიბდება, სულ უფრო რთული ხდება რაიმე სახის დანაზოგის გაკეთება და, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები აქ მშენებარე ბინებს რომ ყიდულობენ, არ გეგონოთ, უკან ბრუნდებიან. არა, ბინებს იმისთვის ყიდულობენ, რომ… ისევ მომრავლებულ უცხოელებზე გააქირავონ და დამატებითი შემოსავალი ჰქონდეთ. სამაგიეროდ ფურცელზე ეკონომიკა წინ მიიწევს და ვვითარდებით, მაგრამ ეს მხოლოდ ფურცელზე. რაც მთავარია, ფურცელზე დაწერილ აბსურდზე დასავლეთი ტაშს გვიკრავს და ამბობს, რომ წინსვლა მართლაც გვაქვს და მერე რა, რომ ეს რიგით ადამიანებზე არ აისახება. ასე იყო ნაციონალების დროს და ასეა ახლაც.

საქართველოს რეალური მდგომარეობა კარგად გამოჩნდა ისრაელში დაწყებული არეულობების შემდეგ. ოფიციალურად ისრაელში საქართველოს ძალიან ცოტა მოქალაქეა რეგისტრირებული, არაოფიციალურად კი გაირკვა, რომ იმაზე ათჯერ მეტია  და ასეა ყველა ქვეყანაში. ლეგალურად საზღვარგარეთ ძალიან ცოტა ქართველი ცხოვრობს, არალეგალურად – ძალიან ბევრი და სწორედ არალეგალის სტატუსის გამო მათ სხვებთან შედარებით  დაბალ ჯამაგირზე უწევთ მუშაობა. თავშესაფრის მთხოვნელთა სიაც დიდია, მაგრამ თავშესაფარს საბოლოო ჯამში, ძალიან ცოტა ადამიანი იღებს. გერმანიის მაგალითი ავიღოთ (ყველაზე ხშირად, ქართველები თავშესაფარს გერმანიასა და საფრანგეთს სთხოვენ) – შარშან  გერმანულმა მხარემ თავშესაფრის მოთხოვნების 0.4% დააკმაყოფილა, ანუ ათასი მთხოვნელიდან 4 განცხადება დაკმაყოფილდა, რაც იმას ნიშნავს, რომ არც ევროკავშირს ვჭირდებით.

ვერ გეტყვით, რა იქნება ხვალ, მაგრამ, თუ სახელმწიფომ არ მოიფიქრა გამოსავალი, ძალიან მალე მივალთ კატასტროფამდე, რომელსაც უქართველებო საქართველო ერქმევა. გადახედეთ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებს საქართველოში და ნახავთ, რომ ვითარება საგანგაშოა. რა თქმა უნდა, არაფერს ვერჩით არც სომხებს და  არც აზერბაიჯანელებს, მაგრამ საგანგაშოა, ახალციხის მერიაში შესულს თარჯიმანი რომ გჭირდება, რადგან იქ მომუშავე პერსონალის  უმრავლესობამ ქართული არ იცის. იმავე ახლაციხეში, მაღაზიებსა თუ რესტორნებში, მხოლოდ სომხური წარწერები რომ არის და ქართულ მენიუს ვერსად  ნახავთ, ესეც საგანგაშოა. არ იცის ამის შესახებ ხელისუფლებამ? იცის და თანაც ძალიან კარგად, მაგრამ ამ ეტაპზე სირაქლემას პოზაში ყოფნა უჯობს. არადა, უკვე ისეთ დღეში ვართ, ლამის მთელი ქვეყანა სირაქლემის პოზაში დადგეს.

ბესო ბარბაქაძე                                                                                                                          

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here