რასაც ახლა იტალია აკეთებს, ევროკავშირის მომავლისთვის გაცილებით საშინელია, ვიდრე ბრიტანეთის გასვლა. იტალიის მოქმედებები _ ეს, უბრალოდ, სეპარატიზმი კი არა, ნამდვილი დივერსიაა, რომელიც ჰგავს ესტონეთის რეგიონულ სამეურნეო ანგარიშს საბჭოთა კავშირში, ოღონდ უფრო უარესია.
იტალიას მიმოქცევაში შემოაქვს ევროს პარალელური ვალუტა. მას გამოიყენებს შიგა ანგარიშსწორებისთვის. ეს არის Mini BOT-ი _ Buni Ordinari del Tesoro, რაც ნიშნავს “ჩვეულებრივ სახაზინო ობლიგაციას”. მინი იმიტომ, რომ მისი ნომინალი ჯერჯერობით ძალიან დაბალია _ 100 ევრო. სინამდვილეში ხაზინა ობლიგაციების ემისიას გამოიყენებს, როგორც ნაბიჯს იტალიის ფინანსური სუვერენიტეტისთვის. ევროკავშირის წევრობას კი არანაირი სუვერენიტეტი არ შეესაბამება, უწინარესად _ ფინანსური.
იტალიის ხელისუფლება ამბობს, რომ ბრიუსელის მხრიდან ზემოქმედების შემთხვევაში ქვეყანა გამოვა ევროკავშირიდან და ობლიგაციებს სრულფასოვან ფულად აქცევს. და ეს ეჭვს არ იწვევს.
Mini BOT-ები იტალიაში თავისუფალ მიმოქცევაში იქნება, როგორც ანგარიშსწორების სრულფასოვანი საშუალება. ეს არის ევროს პარალელური ვალუტა მისი სრული ატრიბუტებით. ნებისმიერ შემთხვევაში “ეს არღვევს ევროკავშირის წესებს და უარტყამს ევროს”, _ აღიარა მარიო დრაგიმ _ ევროკავშირის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა, რომელიც იტალიელია, მაგრამ გლობალისტია და ეწინააღმდეგება იტალიის ამჟამინდელ დემარშს, მაგრამ ჯგუფს, რომელიც აკონტროლებს იტალიის მთავრობას, მატეო სალვინის ხელმძღვანელობით, გაბედულება არ აკლია.
დაუმორჩილებლობის მანიფესტი იტალიელებმა უკვე წარმოაჩინეს ბანკნოტზე. მასზე გამოსახულია ენრიკო მატეის ფოტო, რომელიც იდუმალებით მოცულ ვითარებაში დაიღუპა. მატეი იყო კომპანია ENI-ის მფლობელი, რომელიც ცდილობდა, ნავთობზე მონოპოლია წაერთმია ამერიკელი და ბრიტანელი კორპორაციებისთვის.
მატეი ლეგენდარული ფიგურაა, ის იტალიის ეკონომიკური სუვერენიტეტის სიმბოლო და ეროვნული გმირია. გზავნილი გასაგებია, თანაც ბანკნოტის პროექტზე მსჯელობა, უკვე წელიწადია, მიმდინარეობს.
იტალიელების გაცურებას ანგლოსაქსები და ფრანგები ვერ შეძლებენ. იტალიელები ფინანსური საქმეების ძველი ოსტატები არიან, ევროპაში საბანკო საქმეების ფუძემდებლები, და შეუძლიათ საქმე დახვეწილად და ეფექტიანად აკეთონ. ცხადია, რომ იტალიაში ანტიგლობალისტური ამბოხების უკან დგანან ძალიან სერიოზული ძალები ძველი ევროპული არისტოკრატიისა, რომლებიც რევანშს იღებენ XX საუკუნეში დამარცხებისთვის. უნდა ითქვას, რომ განზე არ დგას ვატიკანიც, ანუ იტალიელ ამბოხებულებს ძალიან სერიოზული პოლიტიკური რესურსი აქვთ.
და, თუ ამ ყველაფერს ტრამპისა და პუტინის იდეოლოგიურ სიმპათიას დავუმატებთ და, სავარაუდოდ, სი ძინპინისაც, ინგლისის პოზიციის გაუთვალისწინებლადაც კი, შეიძლება ითქვას, რომ იტალიის თანამგრძნობთა კომპანია ძალიან სერიოზულია.
მიზეზი მარტივია _ იტალია იხრჩობა ეკონომიკის არასაკმარისი მონეტიზაციის გამო. არ ჰყოფნის ფული ინვესტიციებისთვის, რადგან ფულის საბეჭდი მანქანა ხელში ჩაგდებული აქვს ბრიუსელის კონტროლს დაქვემდებარებულ საერთაშორისო სავალუტო ფონდს (შემთხვევითი არ არის, რომ მიშელ ლაგარდი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის სავარძლიდან ევროკავშირის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის სავარძელში გადაჯდა), რომელზეც დიდი გავლენა აქვს გერმანიასა და საფრანგეთს, იტალიას კი გავლენის ბერკეტები არ გააჩნია.
იტალიისთვის ევროკავშირის ვალისა და მშპ-ს შეფარდების ნორმა მკაცრია, ამიტომ ფულის მასას არ აძლევენ, ვალი კი იტალიას იმდენი აქვს, რომ ეკონომიკის განვითარებაზე ვერც კი ფიქრობს და ქვეყანა უფრო და უფრო უკან მიდის, ამიტომაც აბუნტდა იტალია. ჟან-კლოდ იუნკერმა თანამდებობის დატოვების წინ განაცხადა, რომ იტალიაში გასავლები შემოსავლებს გადააჭარბებს, ამით პრობლემა შეექმნება ევროკავშირის ნორმების ჩარჩოებში და ამიტომ შეიძლება დაჯარიმდეს მილიარდობით ევროთი. არც ერთი ქვეყანა ასე არასოდეს დაუჯარიმებიათ, საფრანგეთიც კი, რომელსაც ხშირად ჰქონია გასავლების გადაჭარბება შემოსავლებზე და დეფიციტი. მაგრამ, რაც დასაშვებია საფრანგეთისთვის, აკრძალულია იტალიისთვის. ასეც განაცხადა იუნკერმა: “საფრანგეთი საფრანგეთია”.
“მე არ ვმართავ დაჩოქილ ქვეყანას”, _ აღშფოთებით ამბობს მატეო სალვინი და ინგლისელებს კი უსწრებს ევროკავშირიდან გასვლის საკითხში.
“ჩვენ არ ვართ საბერძნეთი, _ კვერს უკრავს სალვინის კლაუდიო ბორგი _ იტალიის პარლამენტის საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, _ ჩვენ ევროკავშირის ბიუჯეტში სუფთად შეგვაქვს თანხები, ჩვენ სავაჭრო ბალანსის დადებითი სალდო და პროფიციტური ბიუჯეტი გვაქვს. ჩვენ არავის ვალი არ გვაქვს და უკეთეს ფორმაში ვართ, ვიდრე საფრანგეთი”.
“თავის ჩამოხრჩობას არ ვაპირებ რაღაც სულელური წესის გამო, _ ამბობს სალვინი, _ სანამ უმუშევრობის დონე არ დაეცემა 5%-მდე, ჩვენ გვაქვს ინვესტირების უფლება. ჩვენ გვაქვს რეგიონები, რომლებშიც უმუშევრობის დონე ახალგაზრდებს შორის 50%-ს აღწევს. ჩვენ გვჭირდება ტრამპის წამალი _ დადებითი ფინანსური შოკი ქვეყნის გადასატვირთად”. აქ, როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია.
იტალიას სჭირდება ფულის მასა, ევროკავშირი კი სახელმწიფო ხარჯების შემცირებასა და გადასახადების მომატებას მოითხოვს. ეს იტალიისთვის სიკვდილის ტოლფასია.
როგორც ევროკავშირის ქვეყანას, იტალიას არ აქვს ევროს პარალელური ვალუტის გამოშვების უფლება, მაგრამ მას სხვა გამოსავალი აღარ დარჩა. და, თუკი მთავრობა თავის ვალებს მინი BOთ-ებით გაისტუმრებს და მას ანგარიშსწორებისას გამოიყენებს, მაშინ ეკონომიკის მონეტიზაცია ოფიციალური ფულის ერთეულის, ევროს, რაოდენობის გაზრდის გარეშეც მოიმატებს. ასე აპირებს იტალიის მთავრობა სცილასა და ქარიბდას შორის გაძრომას.
ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ფულად საკითხებში იტალიელების გამომგონებლობა პოლიტიკურ კონფლიქტებს წარმოქმნის. იტალია გააკეთებს იმას, რაც არ გააკეთებინეს საბერძნეთს. ეს იქნება პრეცედენტი ესპანეთისა და პორტუგალიისთვის, რომლებიც ისეთივე სირთულეებს განიცდიან, როგორსაც იტალია. საბერძნეთიც მოითხოვს მის მიმართ დამოკიდებულების გადახედვას. MINI BOT-ების გამოჩენა მყისვე გააუფასურებს ევროს, საფრანგეთს კი ხელზე აქვს იტალიის სახელმწიფო ობლიგაციები, რომელთა ფასი 300 მილიარდი ევროა. ამ დარტყმას ევრომ შეიძლება ვერ გაუძლოს და, თუ გაუძლებს, ეს მოხდება ევროკავშირის შემცირებისა და სასტიკი ფინანსური კრიზისის ხარჯზე, რომელსაც მოჰყვება პოლიტიკური კრიზისი, უწინარესად, გერმანიასა და საფრანგეთში, სადაც ისედაც არ არის მშვიდი ვითარება.
ყველაზე საინტერესო არის ის, რომ იტალიას უკანდასახევი გზა არ აქვს _ მის უკან რომია. სხვა საშუალებით გადარჩენის ვარიანტებიც არ აქვს, გადაწყვეტილების მიღების თარიღის გადაწევა კი მხოლოდ გააძლიერებს მისი მიღების აუცილებლობას. იტალიას მიმოქცევაში შემოაქვს ე.წ. საალყო ფული _ ვალუტა, რომელსაც გამოიყენებს საგანგებო სიტუაციაში. ეს არის ვალუტა, რომელიც დიდხანს არ დარჩება მიმოქცევაში და იქნება გარდამავალი პერიოდის, რაღაც შემდეგის ფული. რის შემდეგის? ევროპაში ამბობენ, რომ პერსპექტივა ისეთი საშინელია, ფიქრიც არ შეიძლება.
ამჟამად ვალის მიმართ მშპ-ს შეფარდების დეფიციტი იტალიისთვის 2,5%-ს შეადგენს, ნორმა კი არაუმეტეს 2,04%-ია.
აქედან გამომდინარე, დაპირისპირება გარდაუვალია. ბრიუსელი ამტკიცებს, რომ იტალია არღვევს ევროკავშირის ფინანსურ ნორმებს, რომი კი მზად არის, ყველა და ყველაფერი ფეხებზე დაიკიდოს და, საერთოდ, ევროკავშირიდან გავიდეს, თუ მისი წევრობა იტალიის სიკვდილს მოასწავებს. ევროკავშირი მოითხოვს ვალის შემცირებას, მაგრამ იტალია, უკვე იმდენი ხანია, განიცდის ეკონომიკურ დაღმასვლას, რომ ევროკავშირის რეცეპტები თვითმკვლელობის ტოლფასია. იტალიის მთავრობამ, რომელიც ცდილობს ლავირებას ევროკავშირსა და ოპოზიციას შორის, დაკარგა მოვლენების მართვის სადავეები და მალე დაემხობა. სანამ იტალიის მთავრობა გადადგომისთვის ემზადება, იტალია ევროს პარალელური ვალუტის მოლოდინშია. ევროკავშირი კი ემზადება ახალი საშინაო კონფლიქტებისთვის, რომლებსაც კომპრომისის გზით ვერ მოაგვარებს. პროგნოზები, რომლებიც ევროკავშირს უწინასწარმეტყველებდა შემცირებას და ჩრდილო-დასავლეთ ევროპის ქვეყნებამდე, როგორც არასდროს, ახლოსაა ასრულებასთან.
ევროკავშირის დაშლის ახლახან დაწყებული პროცესი სახიფათოა იმით, რომ უცნობია, სად და როდის შეჩერდება. თუკი წარმოქმნილ ვაკუუმში სწრაფად შესვლას შეეცდებიან რუსეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი და ჩინეთი, სუსტი აღმოსავლეთევროპული პერიფერია დაკარგავს ორიენტირებს და აღმოჩნდება რამდენიმე ძალის ცენტრებს შორის, ხოლო ირანი და თურქეთი ჰაერში გამოეკიდება, მაშინ ევროპის ახალი ტერიტორიული დაყოფის პერსპექტივა ისეთი რეალური იქნება, როგორც არასდროს.
ალექსანდრე ხალდეი
iarex.ru
თარგმნა გიორგი გაჩეჩილაძემ
საკმაოდ სერიოზული და ყურადსაღები პროგნოზია, საქართველოში კი რამდენჯერაც რაიმე მისია ჩამოდის ლარის უბედურებაც შემდეგ იწყება