Home ახალი ამბები საქართველო ირაკლი დოჭვირი: სტალინი რომ გაცოცხლდეს, ამდენი გონებაარეული “სტალინელის”დანახვაზე დაიყვირებდა: “მე არ ვარ...

ირაკლი დოჭვირი: სტალინი რომ გაცოცხლდეს, ამდენი გონებაარეული “სტალინელის”დანახვაზე დაიყვირებდა: “მე არ ვარ სტალინი!”

“სტალინის სიკვდილის შემდეგ საბჭოთა და რუსმა ხელმძღვანელებმა მოიგონეს ტერმინი “Mаршал Победы” და სცადეს სტალინის ჩანაცვლება ჟუკოვით, თითქოს ჟუკოვი იყო ფაშიზმზე გამარჯვების მთავარი შემოქმედი. რასაკვირველია, მათ არ ჩამორჩა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც გამარჯვებას მიაწერდა არა სტალინს, არამედ ღმერთს”

296
ირაკლი დოჭვირი

ახალი 2024 წელი საინტერესოდ დაიწყო საქართველოში. შობის ღამის შემდეგ ვინმე ნატა ფერაძემ აღმოაჩინა, რომ წმინდა მატრონას ხატის ფრაგმენტში სტალინი ფიგურირებდა და ამის გამო სამების ტაძარში მატრონა მოსკოველის ხატს საღებავი შეასხა. ატყდა ერთი ვაიუშველებელი, თითქმის ყველა ტელევიზიის ეთერი ამ თემას დაეთმო, ზოგიერთი ეთერიდან აგინებდნენ სტალინს, ზოგიერთიდან კი _ აქებდნენ  და ფერაძის საქციელს საბჭოთა კავშირის პერიოდში ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს ადარებდნენ; ამბობდნენ, რომ სტალინი მორწმუნე იყო და რომ საბჭოთა კავშირს დიდ სამამულო ომში სწორედ რწმენამ გაამარჯვებინა…  მაგრამ აგინებდნენ საბჭოთა წყობას, კომუნისტებს

როდესაც საქმე ხატიდან სტალინის ფრაგმენტის ამოღებაზე მიდგა, კრინტი არავის დაუძრავს. საბოლოოდ კი  მატრონა მოსკოველის ხატი გაიტანეს ტაძრიდან

ამ ბაკქანალიით მორწმუნე მართლმადიდებლების რელიგიური გრძნობები შეილახა, ამას გარდა, სტალინის გარშემო ატყდა აურზაური _ ბევრმა კონსერვატორმა, რომლებიც სტალინის ფენომენზე საუბრობდნენ და თავი სტალინელად მოჰქონდათ, საბჭოთა პერიოდსა და კომუნისტების ლანძღვაგინება დაიწყოამ საკითხზე თვალსაზრისს  გვიზიარებს სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი დოჭვირი:

_ საქართველოში ნორმალური სტალინელის დეფიციტია.   

მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა ხალხის ძლევამოსილი გამარჯვების შემდეგ, რომელიც, უწინარესად, სტალინის გენიით იყო განპირობებული, დაიწყო ამ გამარჯვების მთავარი შემოქმედის ამოშლა ისტორიიდან და გამარჯვების მითვისება. ამერიკაც იჩემებდა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებას _ ომი ლენდ-ლიზმა მოიგოო.

სტალინის სიკვდილის შემდგომ საბჭოთა და რუსმა ხელმძღვანელებმა მოიგონეს ტერმინი “Mаршал Победы”  და სცადეს  სტალინის ჩანაცვლება გიორგი ჟუკოვით, თითქოს ის იყო გამარჯვების მთავარი შემოქმედი. მათ, რასაკვირველია, არ ჩამორჩა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც გამარჯვებას მიაწერდა არა სტალინს, არამედ ღმერთს. შეთხზეს მითი, რომ საბჭოთა ბელადი მორწმუნე იყო და რჩევის მისაღებად დედა მატრონასთან დადიოდა.  გასული საუკუნის ბოლოს რუსმა რეჟისორმა გადაიღო მხატრული ფილმი დიდ სამამულო ომზე. კადრებში ჩანს სტალინის ბრძანებით  მოსკოვის გარშემო შემოტარებული ღვთისმშობლის ხატი. რეჟისორის ეს ფანტაზია  აიტაცა მორწმუნე მასამ…  დღეს მოსკოვის გარშემო ღვთისმშობლის ხატის შემოტარება და სტალინის ფარული შეხვედრები დედა მატრონასთან ბევრს უდავო ჭეშმარიტება ჰგონია. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ კი აღიარა ფაქტის სიცრუე და გასცა განკარგულება სტალინის ამოშლისა მატრონას ხატიდან. პირდაპირ ვთქვათ, საპატრიარქომ ჩაისვარა დასავლელი ენჯეოშნიკების შიშით და კარგი კოზირი დათმო სტალინის სახით, მაგრამ გამორიცხული  არ არის, რომ  წლების შემდგომ საპატრიარქომაც აღიაროს სტალინისა და მატრონას ფარული შეხვედრები…   

   კონსერვატიულად განწყობილი რელიგიური ჯგუფები თავს სტალინელებად ასაღებენ. არადა, მათ სტალინის არც ერთი ნაშრომი არ წაუკითხავთ. სტალინის კი არა, კოსტანტინე გამსახურდიას “მთვარის მოტაცება” არ წაუკითხავთ, არც ლეო ქიაჩელისა და მიხეილ შოლოხოვის ნაწარმოებებს იცნობენ, თორემ კონსერვატორობას ასე არ დაიჩემებდნენ.

მე-19 საუკუნის შუა ხანებში პარიზელმა მუშებმა კარლ მარქსს სთხოვეს, მათ კრებას დასწრებოდა. მარქსი მანჩესტერიდან  სპეციალურად ჩავიდა პარიზში. იქ მან იმდენი აბდაუბდა მოისმინა მარქსიზმზე, რომ კრებიდან გამოსულმა განაცხადა: “მე არ ვარ მარქსი!” და თქვენ რას ფიქრობთ,  სტალინი რომ გაცოცხლდეს, ამდენი გონებაარეული “სტალინელის” დანახვაზე არ იტყოდა ამ  სიტყვებს?  არ იტყოდა კი არა, მთელი ხმით დაიყვირებდა:  “მე არ ვარ სტალინი!”

მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here