Home ახალი ამბები მსოფლიო “ინსცენირებებზე, როგორც დასავლეთის პოლიტიკის მეთოდზე”

“ინსცენირებებზე, როგორც დასავლეთის პოლიტიკის მეთოდზე”

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის სტატია, რომელიც “იზვესტიაში” გამოქვეყნდა

166

დღეს რუსეთის შეიარაღებული ძალები და ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების სახალხო ლაშქრის მებრძოლები თავდაჯერებით წყვეტენ ამოცანებს სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩარჩოებში და ცდილობენ, აღკვეთონ წლების განმავლობაში აშშ-ისა და მისი სატელიტების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე რუსების დისკრიმინაცია და გენოციდი, აგრეთვე, რუსეთის ფედერაციისთვის შექმნილი საფრთხეები.

 მარცხდებიან რა ბრძოლის ველზე, უკრაინის რეჟიმი და მისი მფარველები არ თაკილობენ “სისხლიანი” ინსცენირების მოწყობას რუსეთის დემონიზებისთვის საერთაშორისო საზოგადოების თვალში. უკვე იყო ბუჩა, მარიუპოლი, კრამეტორსკი, კრემენჩუგი. ახალ დადგმულ ინციდენტებზე რეგულარულად, ფაქტებით ხელში საზოგადოებას აფრთხილებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

დასავლეთსა და მის კლევრეტებს (ხელის ბიჭები _ ლ. მ) ნაცნობი ხელწერა აქვთ ინსცენირებების მოწყობაში, რომლებიც ახლახან კი არ დაიწყებულა უკრაინაში, არამედ გაცილებით ადრე სხვაგან.

1999 წელი, სერბეთის მხარე კოსოვო და მეტოხია, სოფელი რაჩაკი. ეუთოს ინსპექტორთა ჯგუფი ჩადის ადგილზე, სადაც ნაპოვნია სამოქალაქო ტანსაცმლიანი რამდენიმე ათეული გვამი. მისიის ხელმძღვანელი დაუყოვნებლივ, გამოძიების ჩაუტარებლად აცხადებს გენოციდის აქტის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დასკვნის გამოტანა არ შედის საერთაშორისო მაღალჩინოსნის მანდატში. ნატო მყისვე იწყებს შეიარაღებულ აგრესიას იუგოსლავიის წინააღმდეგ და ტელეცენტრის, ხიდების, სამგზავრო მატარებლებისა და სხვა სამოქალაქო ობიექტების განადგურებას.

მოგვიანებით გაირკვა, რომ მოკლულები იყვნენ არა მშვიდობიანი მოქალაქეები, არამედ კოსოვოს განმათავისუფლებელი არმიის ბანდფორმირებების “ბოევიკები”, გადაცმულნი სამოქალაქო ტანსაცმელში. ამ ინსცენირებამ, როგორც საბაბმა, 1975 წელს ხელმოწერილი ჰელსინკის აქტის შემდეგ პირველად იმუშავა ეუთოს წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ ძალის არაკანონიერად გამოსაყენებლად.

ნიშანდობლივია, რომ ეუთოს მისიის ხელმძღვანელი, რომლის განცხადებამაც სასხლეტის როლი შეასრულა დაბომბვის დაწყებაში, იყო აშშ-ის მოქალაქე უილიამ უოლკერი. აგრესიის მთავარი შედეგი იყო სერბეთისგან კოსოვოს მოწყვეტა და ბალკანეთზე უდიდესი სამხედრო ბაზის _ ბონდსტილის შექმნა.

2003 წელი. გაეროს უშიშროების საბჭოში ავადსახსენებელი პერფორმანსი აშშ-ის სახელმწიფო მდივან კოლინ პაუელის შესრულებით თეთრფხვნილიანი სინჯარით ხელში. პაუელმა ეს ფხვნილი მსოფლიოს წარუდგინა, როგორც ციმბირის წყლულის სპორები, რომლებსაც თითქოს ერაყში აწარმოებდნენ.

და ამჯერადაც იმუშავა ინსცენირებამ: ანგლოსაქსებმა და მათმა თანამზრახველებმა დაბომბეს ერაყი, რომელმაც დღემდე ვერ შეძლო თავისი სახელმწიფოებრიობის აღდგენა. სიყალბე სწრაფად გამომჟღავნდა: ყველამ აღიარა, რომ ერაყში არ ყოფილა არც ბიოლოგიური და არც სხვა მასობრივი განადგურების იარაღი. მოგვიანებით აგრესიის ერთ-ერთმა სულისჩამდგმელმა, ბრიტანეთის პრემიერმა ტონი ბლერმა აღიარა სიყალბე და ჩაილაპარაკა: “ნუ, შევცდით, ვის არ მოსვლია”. თვითონ პაუელი კი მოგვიანებით თავს იმართლებდა, “სპეცსამსახურებმა მომატყუესო”. ასე იყო თუ ისე, მორიგი დადგმული პროვოკაცია სუვერენული ქვეყნის დანგრევის გეგმის რეალიზაციის საბაბად იქცა.

2011 წელი, ლიბია. იქ სპეციფიკური დრამატურგია იყო; პირდაპირ სიცრუემდე, როგორც კოსოვოსა და ერაყში, საქმე არ მისულა, სამაგიეროდ, ნატომ უხეშად გათელა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია. ეს რეზოლუცია ლიბიაში არასაფრენ ზონებს აწესებდა, რათა არ ეფრინა მუამარ კადაფის სამხედრო ავიაციას. ის არც ფრენდა, მაგრამ ნატოელებმა დაიწყეს ტერორისტებთან მებრძოლი ლიბიის არმიის ქვედანაყოფების დაბომბვა. მუამარ კადაფი მხეცურად მოკლეს, ლიბიისგან კი არაფერი დარჩა. დღემდე ცდილობენ სხვადასხვა ნაწილებით მის აწყობას, თანაც პროცესს ხელმძღვანელობს კვლავ აშშ-ის წარმომადგენელი, რომელიც გაეროს გენერალურმა მდივანმა დანიშნა უშიშროების საბჭოსთან შეუთანხმებლად. ლიბია რჩება ტერიტორიად, რომელზეც თარეშობენ უკანონო შეიარაღებული ფორმირებები. მათი უმრავლესობა დასავლეთთან თანამშრომლობს.

2014 წელი, თებერვალი, უკრაინა. დასავლეთი გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სახით, აიძულებს უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს, ხელი მოაწეროს ოპოზიციასთან შეთანხმებას დაპირისპირების შეწყვეტისა და შიდაუკრაინული კრიზისის მოგვარების შესახებ, ეროვნული თანხმობის შუალედური მთავრობის შექმნას რამდენიმე თვის შემდეგ არჩევნების ვადამდე ჩატარების გზით, მაგრამ ეს ყველაფერი  ინსცენირება აღმოჩნდა: მეორე დღეს, დილით, ოპოზიციამ სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო რუსოფობიური, რასისტული ლოზუნგებით. შეთანხმების დასავლელ გარანტებს არც უცდიათ მათი გონს მოყვანა. მეტიც, მყისვე დაიწყეს პუტჩისტების წაქეზება ანტირუსული პოლიტიკისა და საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ომის გაჩაღებისკენ, აგრეთვე, დონბასის ქალაქების დაბომბვისკენ მხოლოდ იმიტომ, რომ იქ უარი თქვეს ანტიკონსტიტუციური გადატრიალების აღიარებაზე. ამის გამო დონბასელები ტერორისტებად გამოაცხადეს, კვლავ დასავლეთის წაქეზებით.

აქ უნდა აღინიშნოს, რომ ინსცენირებული იყო, როგორც გაირკვა, მაიდანზე დემონსტრანტების მკვლელობები. დასავლეთმა ამაში იანუკოვიჩის ერთგული ძალოვანები და რუსეთის სპეცსამსახურები დაადანაშაულა. სინამდვილეში კი პროვოკაცია მოაწყვეს რადიკალებმა ოპოზიციონერთა რიგებიდან, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობდნენ დასავლეთის სპეცსამსახურებთან. ფაქტები მალე გამომზეურდა, მაგრამ ნომერი უკვე გათამაშებული იყო.

როდესაც დონბასში ომი შეჩერდა, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ძალისხმევის შედეგად 2015 წლის თებერვალში კიევს, დონეცკსა და ლუგანსკს შორის გაფორმდა შეთანხმება, თანაც იქ აქტიურობდნენ ბერლინი და პარიზი. მათ სიამაყით გამოაცხადეს, რომ გარანტორები იყვნენ, მაგრამ მომდევნო 7 წლის განმავლობაში თითიც არ გაუნძრევიათ იმისთვის, რომ კიევი აეძულებინათ, როგორც ითხოვდა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მოწონებული მინსკის შეთანხმება, ჩართულიყო პირდაპირ დიალოგში დონბასის წარმომადგენლებთან რეგიონის განსაკუთრებული სტატუსის ამნისტიის, ეკონომიკური კავშირების აღდგენის, არჩევნების ჩატარების საკითხების შესათანხმებლად. დასავლელი ლიდერები ჩუმად იყვნენ და კიევმა  პოროშენკოსა და ზელენსკის მმართველობის პერიოდებში მინსკის შეთანხმების საწინააღმდეგო ნაბიჯები გადადგა. მეტიც, გერმანელებმა და ფრანგებმა განაცხადეს: დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებთან პირდაპირი დიალოგი შეუძლებელიაო, და ყველანაირი პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრეს, მიუხედავად იმისა, რომ მინსკის შეთანხმებაში რუსეთი ნახსენებიც არ არის; და ამ წლების განმავლობაში შეუპოვრად მოითხოვდა მისი მოთხოვნების შესრულებას.

თუკი ვინმეს ეპარებოდა ეჭვი, რომ “მინსკი” მორიგი ინსცენირება იყო, ეს ეჭვი გაფანტა პოროშენკომ, რომელმაც 2022 წლის 17 ივნისს განაცხადა: “ჩვენთვის მინსკის ხელშეკრულება არაფერს ნიშნავდა, ჩვენ არ ვაპირებდით მის შესრულებას… ჩვენი ამოცანა იყო, თავიდან აგვეცილებინა საფრთხე… დრო მოგვეგო, რათა აღგვედგინა ეკონომიკური ზრდა, აგვეშენებინა უკრაინის მძლავრი შეიარაღებული ძალები. მიზანს მივაღწიეთ. მინსკის შეთანხმებამ დასახული ამოცანა შეასრულა”.

ამ ინსცენირების საფასურს დღემდე იხდის უკრაინელი ხალხი, რომელსაც დასავლეთი მრავალი წლის განმავლობაში აიძულებდა, შერიგებოდა ნეონაცისტების რუსოფობიური რეჟიმის უღლის ქვეშ ცხოვრებას. და ახლა, როდესაც ოლაფ შოლცი მოითხოვს, რუსეთი აიძულონ, დათანხმდეს შეთანხმებას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის გარანტიებზე, ის ამაოდ ირჯება. ასეთი შეთანხმება უკვე იყო _ მინსკის შეთანხმება, რომელიც სწორედ ბერლინმა და პარიზმა მოკლეს, როდესაც კიევს გადაეფარნენ და  უარს ამბობდნენ შეთანხმების მოთხოვნების შესრულებაზე. ასე რომ, ინსცენირება დასრულდა. ფინიტა ლა კომედია!

სხვათა შორის, ზელენსკი ღირსეული მემკვიდრეა პოროშენკოსი, რომლის წინაშეც 2019 წლის წინასაარჩევნო მიტინგზე მზად იყო, თეატრალურად დაეჩოქა ომის შესაწყვეტად.

იმავე წლის დეკემბერში ზელენსკის უკვე თვითონ ჰქონდა მინსკის შეთანხმების შესრულების შანსი: პარიზში გაიმართა “ნორმანდიული სამიტი”,  უმაღლეს დონეზე მიღებულ განცხადებაში მან ივალდებულა, მოეგვარებინა დონბასის განსაკუთრებული სტატუსის საკითხი. რა თქმა უნდა, არაფერი გააკეთა, ბერლინი და პარიზი კი კვლავ გადაეფარნენ. მორიგი რეკლამირებული დოკუმენტი უკრაინა-დასავლეთის დადგმა იყო და მეტი არაფერი. იმისათვის, რომ მოეგოთ დრო უკრაინის  იარაღით გასავსებად.

შემდეგ იყო სირია. 2013 წლის შეთანხმების რეალიზაციის შედეგად სირიაში ქიმიური იარაღის განადგურების შემდეგ, 2017 და 2018 წლებში მოაწყვეს აღმაშფოთებელი პროვოკაციები ქიმიური იარაღის გამოყენებით ხან-შეიხუნსა და დამასკოს გარეუბან დუმში. გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ასახული იყვნენ ვიღაც ადამიანები, რომლებიც თავს უწოდებდნენ ჰუმანიტარული ორგანიზაცია “თეთრი ჩაფხუტების” წარმომადგენლებს. ისინი თითქოს ეხმარებოდნენ ქიმიური იარაღით მოწამლულ მცხოვრებლებს, თუმცა არც ერთს არ სცმია დამცავი სპეცტანსაცმელი და არ ეკეთა სპეციალური აქსესუარები.

ყველა მცდელობა, გვეიძულებინა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ტექნიკური სამდივნო, კეთილსინდისიერად შეესრულინა თავისი მოვალეობები, უშედეგოდ დასრულდა. ეს არც არის გასაკვირი: ტექნიკური სამდივნო, უკვე დიდი ხანია, “პრივატიზებულია” დასავლური ორგანოების მიერ, რომელთა წარმომადგენლებს იქ საკვანძო პოსტები უკავიათ. სწორედ მათი ხელი ურევია ზემოაღნიშნულ ინსცენირებებში, რომლებიც გამოიყენეს საბაბად, რათა აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს რაკეტებით დაერტყათ სირიისთვის, თანაც ერთი დღით ადრე, სანამ იქ, ჩვენი მოთხოვნით, ინციდენტების გამოსაძიებლად ჩავიდოდნენ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ინსპექტორები, რომელთა სირიაში გაგზავნას გააფთრებით ეწინააღმდეგებოდა დასავლეთი.

ინსცენირებების მოწყობაში დასავლეთისა და მათი ხელისბიჭის როლის შემსრულებელი ტექნიკური სამდივნოს უნარები გამოვლინდა სკრიპალებისა  და ნავალნის “მოწამვლის” საქმეშიც. ორივე შემთხვევაზე რუსული მხარის მიერ ოფიციალურად გაგზავნილი მრავალრიცხოვანი მიმართვები ჰააგაში, ლონდონში, ბერლინში, პარიზში, სტოკჰოლმში პასუხგაუცემელი რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ეს მიმართვები ჩამოყალიბებულია ქიმიური იარაღის ამკრძალავი კონვენციის შესაბამისად და მათ პასუხი უნდა გაეცეს.

ზუსტად ასევე საჭიროა პასუხი იმ საქმიანობაზე, რომლითაც პენტაგონი (საფრთხის შემცირების თავისი სააგენტოს მეშვეობით) დაკავებულია უკრაინაში. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ძალების მიერ დონბასის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე არსებულ სამხედრო-ბიოლოგიურ ლაბორატორიებში “ნაპოვნი” მტკიცებულებები ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციის დარღვევაზე. დოკუმენტები წარვუდგინეთ ვაშინგტონსა და გაეროს უშიშროების საბჭოს; დაწყებულია განმარტებების მიღების პროცედურა კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად.  ამერიკის ადმინისტრაცია კი თავის გამართლებას ცდილობს, როცა აცხადებს, რომ უკრაინაში ყველა ბიოლოგიური კვლევა მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებით ტარდებოდა, მაგრამ ამის არანაირი მტკიცებულება არ აქვს.

პენტაგონის სამხედრო-ბიოლოგიური საქმიანობა მსოფლიოში, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში, დიდ ყურადღებას მოითხოვს იმ ფონზე, როდესაც გამომჟღავნდა სახიფათო პათოგენებზე დანაშაულებრივი ექსპერიმენტების ჩატარების ფაქტები ბიოლოგიური იარაღის შექმნის მიზნით. დონბასელთა ლაშქრისა და რუსეთის სპეცოპერაციის მონაწილეთა ინსცენირებული “დანაშაული” ზევით ვახსენე. იმაზე, რა არის ამ ბრალდების ფასი, მიუთითებს ერთი უბრალო ფაქტი: მას შემდეგ, რაც 2022 წლის აპრილის დასაწყისში მსოფლიოს აჩვენეს “ტრაგედია ბუჩაში “ (არსებობს ეჭვი, რომ “მიზანსცენის დეკორაციებით გაფორმებაში” ანგლოსაქსების ხელი ურევია), დასავლეთი და კიევი აქამდე არ პასუხობენ ელემენტარულ კითხვაზე: დადგენილია თუ არა დაღუპულთა ვინაობა და როგორია პათოლოგანატომიური კვლევის შედეგები? როგორც  სკრიპალებისა და ნავალნის ზემოთ აღწერილ შემთხვევებში, დასავლურ მასმედიაში  პროპაგანდისტული “პრემიერა” გაიმართა, ახლა კი კვალის დამალვას ცდილობენ, რადგან სათქმელი არაფერი აქვთ.

აი, ეს არის დასავლური პოლიტიკის ალგორითმის არსი: შეთითხნონ საინფორმაციო ფეიკი, გააბუქონ ის სამყაროს კატასტროფამდე 2-3 დღის განმავლობაში, მოსახლეობას კი გადაუკეტონ ალტერნატიული ინფორმაციის გზები, ხოლო, როცა ფაქტები მაინც ამოტივტივდება, უგულებელყონ _ საუკეთესო შემთხვევაში წვრილი შრიფტით დაწერონ ბოლო გვერდზე.

უნდა გავაცნობიეროთ: ეს არ არის უვნებელი სათამაშოები მედიაომში, რადგან ასეთ დადგმებს იყენებენ “დამნაშავე” ქვეყნების დასასჯელად სანქციებით, მათ მიმართ ბარბაროსული აგრესიის განსახორციელებლად მრავალათასიანი მსხვერპლით მშვიდობიან მოსახლეობაში, როგორც იყო ეს მაგალითად, ერაყსა და ლიბიაში ან უკრაინის შემთხვევაში, მის გამოსაყენებლად სახარჯ მასალად რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის ომში.

ამასთანავე, ნატოელი ინსტრუქტორები და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების დამმიზნებლები ხელმძღვანელობენ უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ნაცბატალიონების მოქმედებებს. ვიმედოვნებ, რომ ევროპელთა შორის არიან პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები, რომლებიც აცნობიერებენ, რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ამან.

აღსანიშნავია, რომ ნატოსა და ევროკავშირში არავინ აღმოჩნდა ისეთი, ვინც ხმას გააკმენდინებდა ჩინის შეუსაბამოდ გააქტიურებულ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალს, ვინმე გერჰარცს, რომელმაც განაცხადა ბირთვული იარაღის გამოყენების აუცილებლობაზე და დასძინა: “პუტინ, არც იფიქრო ჩვენთან შეჯიბრება!”. ევროპის დუმილი გვაფიქრებინებს, რომ ის ივიწყებს გერმანიის როლს თავის ისტორიაში.

თუ დღევანდელ მოვლენებს ისტორიულ პრიზმაში განვიხილავთ, მაშინ უკრაინის კრიზისი წარმოგვიდგება, როგორც “დიდი თამაში” იმ სცენარით, რომელიც ოდესღაც წამოსწია ზბიგნევ ბჟეზინსკიმ. საუბრები კეთილ ურთიერთობებზე, დასავლეთის მზადყოფნაზე, გაითვალისწინოს რუსების უფლებები და ინტერესები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აღმოჩნდა ინსცენირება და მეტი არაფერი. უკვე ორიათასიანი წლების დასაწყისში ვაშინგტონი და ევროკავშირი უკრაინისგან დაუფარავად მოითხოვდნენ, განესაზღვრა, ვისთან იყო ის _ დასავლეთთან თუ რუსეთთან.

2014 წლიდან დასავლეთი ხელმძღვანელობს მის მიერ სახელმწიფო გადატრიალების გზით უკრაინის ხელისუფლების სათავეში მოყვანილ რუსოფობიურ რეჟიმს. ავანსცენაზე ზელენსკის გამოყვანაც ინსცენირების ნაწილია. ის გამოდის, ამბობს პათეტიკურ სიტყვებს და, როცა მოულოდნელად გონივრულ რაღაცას იტყვის, ხელებზე ურტყამენ, როგორც ეს მოხდა მარტის ბოლოს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების სტამბოლის რაუნდის შემდეგ, როცა დიალოგში სინათლის სხივი გაკრთა, მაგრამ კიევი აიძულეს, უკან დაეხია, ამისთვის კი გამოიყენეს აშკარად დადგმული ეპიზოდი ბუჩაში.

ვაშინგტონში, ლონდონში, ბრიუსელში დაიწყეს მოთხოვნა კიევისგან, რომ არ გამართოს მოლაპარაკებები რუსეთთან, სანამ უკრაინა არ მოიპოვებს სრულ სამხედრო უპირატესობას (განსაკუთრებით აქტიურობდა დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ბორის ჯონსონი და მასთან ერთად სხვა არაადეკვატური დასავლელი პოლიტიკოსები).

ევროკაშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელ ჟოზეპ ბორელის განცხადება, რომ “კონფლიქტი ბრძოლის ველზე უნდა დასრულდეს უკრაინის გამარჯვებით”, გვაფიქრებინებს, რომ ისეთი ინსტრუმენტი, როგორიც არის დიპლომატია “სცენაზე ევროკავშირის შესრულებით”, ყოველგვარ აზრს კარგავს.

საინტერესოა, რომ ვაშინგტონის მიერ ანტირუსულ ფრონტზე “აშენებული” ევროპა სხვებზე მეტად ზარალობს უაზრო სანქციებისგან, აწვდის რა კიევს იარაღს (ამასთანავე, არ ითხოვს ანგარიშს, შემდეგ ვინ აკონტროლებს მას და ვის ხელში ხვდება), ამით აცარიელებს თავის არსენალს, ასუფთავებს თავის ბაზარს აშშ-ის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის პროდუქციისა და  ძვირად ღირებული ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის (იაფი რუსული ბუნებრივი აირის ნაცვლად) შესაძენად. მსგავსი ტენდენციები ევროკავშირისა და ნატოს პრაქტიკულ შერწყმასთან ერთად სპექტაკლად წარმოაჩენს საუბრებს ევროკავშირის “სტრატეგიული ავტონომიის” შესახებ.

უკვე ყველა მიხვდა, რომ კოლექტიური დასავლეთის საგარეო პოლიტიკა   არის “ერთი მსახიობის თეატრი”. თანაც ის თანამიმდევრულად ეძებს საომარი მოქმედებების ახალ-ახალ თეატრებს.

რუსეთის წინააღმდეგ გეოპოლიტიკური გამბიტის ნაწილია უკრაინისა და მოლდოვისთვის (რომელსაც, როგორც ჩანს, არასახარბიელო ხვედრს უმზადებენ) ევროკავშირის წევრობის მუდმივი კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ამჟამად ტყუილუბრალოდ არ ეწევიან “ევროპული თანამშრომლობის” რეკლამირებას, რომლის ინიციატორიც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონია. “ევროპულ თანამშრომლობაში”  არ იქნება განსაკუთრებული ფინანსურ-ეკონომიკური კეთილდღეობა, მაგრამ იქნება ევროკავშირის მიმართ სრული სოლიდარობის მოთხოვნა რუსულ სანქციებზე.

რა თანამეგობრობაა ეს, განგვიმარტა თვითონ მაკრონმა: ევროკავშირი მასთან გასაერთიანებლად მოიწვევს ყველა ევროპულ ქვეყანას _ “ისლანდიიდან უკრაინამდე”, მაგრამ არა რუსეთს.

ახლავე ვიტყვი: ჩვენ იქ არ გვინდა, მაგრამ ნიშანდობლივია თვით განცხადება, რომელიც ამ კონფრონტაციული წამოწყების არსს ააშკარავებს.

უკრაინას, მოლდოვას, აგრეთვე, სხვა ქვეყენებს, რომლებიც ევროკავშირისკენ მიისწრაფვიან, დასავლეთის თამაშებში სტატისტის როლი ექნებათ. აშშ, როგორც ამ დადგმის მთავარი პროდიუსერი, უკვეთავს მუსიკასა და სიუჟეტის ხაზს, რომელთა საფუძველზეც ევროკავშირში ანტირუსულ სცენარებს წერენ.

მსახიობები მზად არიან, მათ აქვთ უნარი და გამოცდილება, რომლებიც ჯერ კიდევ “კვარტალ 95”-ში (სატელევიზიო სტუდია, რომლის შოუების მონაწილეც იყო ზელენსკი _ ლ.მ) შეიძინეს. მათ შეუძლიათ, არანაკლებ გაახმოვანონ პათოსური ტექსტი, ვიდრე ამას აკეთებდა უკვე მივიწყებული გრეტა ტუნბერგი, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრაც შეუძლიათ, თუ საჭირო იქნება.

მსახიობები კარგები არიან: გაიხსენეთ, რა დამაჯერებლად ითამაშა დემოკრატის როლი ზელენსკიმ “ხალხის მსახურში”, კორუფციისა და რუსების დისკრიმინაციასთან მებრძოლის როლი. გაიხსენეთ და შეადარეთ, რა მყისიერად გარდაიქმნა პრეზიდენტის პოსტზე: აკრძალა რუსული ენა, კულტურა, განათლება. “თუ თავს რუსად მიიჩნევთ, თქვენივე შვილებისა და შვილიშვილების გამო სჯობს, რუსეთში საცხოვრებლად გადახვიდეთ”. კეთილი რჩევაა. დონბასის მცხოვრებლებს არსებები უწოდა. ნაცისტურ ბატალიონ “აზოვზე” კი თქვა: ისინი ისეთები არიან, როგორებიც არიან. ჩვენ ბევრი გვყავს ასეთი”.  თვით  CNN-საც კი მოერიდა, ეს ფრაზა ინტერვიუში ჩაესვა.

ჩნდება შეკითხვა: როგორი იქნება ამ სიუჟეტური ხაზების კვანძის გახსნა? ინსცენირებები ადამიანების სისხლსა და ტკივილზე გასართობი საქმე კი არაა, ახალი რეალობის შექმნის ცინიკური პოლიტიკის გამოვლინებაა, რომელშიც გაეროს წესდების პრინციპების და, საერთოდ, საერთაშორისო სამართლის ნორმების შეცვლას ცდილობენ თავიანთი წესებით; ცდილობენ, მუდმივად შეინარჩუნონ მსოფლიოში დომინირება, რომელიც ხელიდან უსხლტებათ. თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებზე დამანგრეველი შედეგი ჰქონდა თამაშებს, რომლებიც დასავლეთმა წამოიწყო ეუთოში ცივი ომის დასრულების შემდეგ, რომელშიც მან თავი გამარჯვებულად მიიჩნია. ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებაზე უარის თქმის შესახებ საბჭოთა კავშირის ხელისუფლებისთვის მიცემული პირობის სწრაფად დარღვევის მიუხედავად, აშშ და მისი მოკავშირეები აცხადებდნენ, რომ მხარს უჭერენ უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ერთიანი სივრცის შექმნას ევროატლანტიკაში და ეუთოს ყველა წევრთან ერთად ხელი მოაწერეს  ჯერ 1999 წელს, შემდეგ  2010 წელს  პოლიტიკურ ვალდებულებას, რომ არავინ შეეცდება, თავისი უსაფრთხოების განმტკიცებას სხვების ხარჯზე და არც ერთ ორგანიზაციას არ ექნება პრეტენზია ევროპაში დომინანტის როლზე.

მაგრამ მალე გაცხადდა, რომ ნატოელებმა სიტყვა გატეხეს და კურსი ევროპაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაბატონებისკენ აიღეს. ჩვენ იმხანადაც არ დაგვიშურებია დიპლომატიური ძალისხმევა და ვთავაზობდით მოქმედებას პრინციპით, რომელიც ერთობლივ და განუყოფელ უსაფრთხოებას ითვალისწინებდა უკვე იურიდიულად გაფორმებულ შეთანხმებაში. შევთავაზეთ არაერთხელ, ბოლოს 2021 წლის დეკემბერში. პასუხად  კატეგორიული უარი მივიღეთ. პირდაპირ გვითხრეს: ნატოს ფარგლებს გარეთ არანაირი იურიდიული გარანტიები არ იქნება.  დასავლეთის მიერ ეუთოს სამიტზე პოლიტიკური დოკუმენტების მხარდაჭერა იაფფასიანი ინსცენირება აღმოჩნდა. ახლა კი ნატო აშშ-ის წინამძღოლობით კიდევ უფრო შორს წავიდა _ არა მხოლოდ ევროატლანტიკის, არამედ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის დაქვემდებარებას ცდილობს. ნატოელები არ მალავენ თავიანთი მუქარის ადრესატს, ჩინეთის ხელმძღვანელობა უკვე გამოვიდა მსგავსი ნეოკოლონიალური ამბიციების წინააღმდეგ. პეკინმა აშშ-სა და მის თანამზრახველებს დაუპირისპირა უსაფრთხოების განუყოფელობა და მისი გამოყენება გლობალური მასშტაბით, რათა მსოფლიოში არავის აღარ ჰქონდეს პრეტენზია თავის განსაკუთრებულობაზე. ჩინეთის ასეთი მიდგომა სრულიად ემთხვევა რუსეთის პოზიციას.  თანმიმდევრულად დავიცავთ მას მოკავშირეებთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან და ბევრ თანამოაზრესთან ერთად.

სჯობს, კოლექტიური დასავლეთი ილუზიებიდან გამოვიდეს. ინსცენირებები, რამდენიც უნდა მოამზადონ, აღარ იმუშავებს. დროა, პატიოსნად ვითამაშოთ საერთაშორისო სამართლის და არა შულერების წესებით. რაც უფრო ადრე გააცნობიერებენ სუვერენული სახელმწიფოების ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული მრავალპოლუსიანი მსოფლიოს ჩამოყალიბების ობიექტური ისტორიული პროცესების უალტერნატივობას, მით უკეთესი. თუ დასავლური ალიანსის წევრებს არ შეუძლიათ ამ პრინციპით ცხოვრება, მზად არ არიან, ააგონ უსაფრთხოებისა და თანამეგობრობის ერთობლივი უნივერსალური არქიტექტურა, მაშინ თავი დაანებონ სხვებს, თავი დაანებონ თავიან ბანაკში ძალით, მუქარითა და შანტაჟით მათ შერეკვას; ვისაც სურს საკუთარი ჭკუით ცხოვრება და აქვთ არჩევანის უფლება, აღიარონ ისინი დამოუკიდებელ, საკუთარი თავის პატივისმცემელ ქვეყნებად.

აი, ეს არის დემოკრატია სინამდვილეში.

მოამზადა ლუკა მაისურაძემ 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here