Home ახალი ამბები მსოფლიო ევროკავშირის წევრობის კანდიდატობამ მოლდოვა სახალხო ბუნტამდე მიიყვანა

ევროკავშირის წევრობის კანდიდატობამ მოლდოვა სახალხო ბუნტამდე მიიყვანა

161

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ რუმინეთში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მის ქვეყანას სამხედრო საფრთხე ემუქრება რუსეთიდანმაია სანდუს რეიტინგი ეცემა, ქვეყანაში კი სოციალური კრიზისი მწიფდება: კიშინიოვს ფული არ აქვს ბუნებრივი აირის შესაძენად, ინფლაციამ 30%- გადააჭარბა, კომუნალურ გადასახადებს ბევრი ადამიანი ვერ იხდის, ამიტომ მოლდოვის პრეზიდენტს ისღა დარჩენია, რომ საგარეო საფრთხეზე ილაპარაკოს და მხარდაჭერა ბუქარესტს სთხოვოს.

რუსეთის მხრიდან “სამხედრო მუქარის შემთხვევაში მოლდოვა დახმარებისთვის რუმინეთს მიმართავს”, _ განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ 29 ივლისს რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ: 2 კვირის წინათ მაია სანდუმ მოლდოვის არმიის გაძლიერების აუცილებლობა იმით ახსნა, რომ თითქოს ქვეყანას რუსეთი ემუქრება.

მაია სანდუს ამჟამინდელ განცხადებაზე რეაქცია ჰქონდა მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ იგორ დოდონს (რომელიც მაისის ბოლოდან კორუფციასა და სახელმწიფო ღალატში ბრალდებით შინაპატიმრობაში იმყოფება): “ქვეყნის მარიონეტული ხელისუფლება მაია სანდუს ხელმძღვანელობით ყველაფრისთვის მზადაა, ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნოს და გაამართლოს ნატოს ჯარების შეყვანა მოლდოვაში”, _ დაწერა დოდინმა თავის ტელეგრამ-არხში. ექსპრეზიდენტი დარწმუნებულია: სანდუ და მმართველი პროევროპული პარტია “მოქმედება და სოლიდარობა” იმედოვნებენ, რომ რუსეთთან შესაძლო კონფლიქტი შეცვლის შიდაპოლიტიკურ წესრიგს და მოქალაქეების ყურადღებას გადაიტანს სერიოზული ეკონომიკური პრობლემებიდან _ ენერგორესურსებზე მაღალი ტარიფებიდან, დაბალი პენსიებიდან და ხელფასებიდან.

სანდუსა და მის პარტიას ხელისუფლებაში დასარჩენად და სოციალური პრობლემებიდან ყურადღების გადასატანად ომი სურთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხი ქვეყნის ხელისუფლებას ფიწალზე წამოაგებს”, _ დარწმუნებულია დოდინი. გასაკვირი არ არის, რომ ამ განცხადების შემდეგ დოდონს პრესასთან ურთიერთობა შეუზღუდეს.

ექსპერტთა აზრით, მოქმედ ხელისუფლებას ეშინია სოციალური აფეთქების, რომელიც შეიძლება მემარცხენე ოპოზიციამ გამოიყენოს.

“ვფიქრობ, ახლა მიმდინარეობს მზადება უზარმაზარი რაოდენობის ხალხის შესაკრებად კიშინიოვის ცენტრალურ მოედანზე, რათა გარს შემოერტყან პარლამენტს, მთავრობას და ჩაატარონ მიტინგი რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების გადადგომის, იდეალში კი პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნითაც. ეს მოხდება შემოდგომაზე”, _ განაცხადა მოლდოვის ეფექტიანი პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა ვიტალი ანდრიევსკიმ.

რამდენიმე დღის წინათ დეპუტატებმა 8 აგვისტომდე გაახანგრძლივეს საგანგებო ვითარების რეჟიმი, რომელიც კრძალავს მასობრივ საპროტესტო აქციებსა და მანიფესტაციებს. ამ მომენტში კი პარლამენტის შენობასთან მიმდინარეობდა სოციალისტური პარტიის მომხრეთა მიტინგი ლოზუნგით: “ძირს რეჟიმი!”, მომიტინგეებმა სანდუ და მმართველი პარტია დაადანაშაულეს ინფლაციის 32%-მდე მომატებაში და ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიაზე ისეთი ტარიფების დაწესებაში, რომელთა გადახდის თავი მოსახლეობის უმრავლესობას არ აქვს.

“მოლდოვაში 7-ჯერ მოიმატა სიგარეტის კონტრაბანდამ, ათჯერ _ ინფლაციამ. გაძვირდა კრედიტები, ადამიანები ვალს ვეღარ ისტუმრებენ. შემოდგომაზე სასამართლო აღმასრულებლები მიწებს წაართმევენ იმ ადამიანებს, რომლებიც კრედიტებს ვერ გადაიხდიან”, _ განაცხადა მიტინგზე დეპუტატმა სოციალისტური პარტიიდან _ ვლადიმერ ოდნოსტალკომ. “მოვემზადოთ დიდი საპროტესტო აქციისთვის, მოვემზადოთ იმისთვის, რომ აქედან არ წავალთ, მოვემზადოთ იმისთვის, რომ ეს ხელისუფლება ვაიძულოთ, წავიდეს”, _ მოუწოდა მომიტინგეებს პარლამენტარმა.

30 ივლისს მემარცხენე ოპოზიციამ დაიწყო მზადება პრემიერმინისტრ ნატალია გავრილიცას კაბინეტისთვის უნდობლობის ვოტუმის გამოსაცხადებლად.

მოლდოვის მმართველ პროევროპულ ლიბერალებს იმედი აქვთ, რომ ეკონომიკურ კრიზისს დასავლეთის ფინანსური დახმარება გამოასწორებს. აშშ და სხვა დასავლური ქვეყნები მოლდოვას 650 მლნ დოლარის დახმარებას დაჰპირდნენ, მაგრამ, როგორც ყოფილმა ვიცეპრემიერმა კულმინსკიმ აღიარა, რესპუბლიკას მხოლოდ ბუნებრივი აირის შესაძენად 1 მლრდ დოლარი დასჭირდება.

“მოლდოვაში ამჟამად ვითარება ძალიან რთულია. სანდუს მწვავე დისონანსი აქვს დასავლელი მასწავლებლების მითითებებსა და მას შორის, რასაც რეალურად ეჯახება”. _ ამბობს ექსპერტი ალექსეი მარტინოვი.

ანალიტიკოსთა აზრით, სანდუ და მისი მომხრეები სრულად აცნობიერებენ სოციალურ და პოლიტიკურ საფრთხეებს, მაგრამ რეალური ბერკეტები არ აქვთ ამ საფრთხეების გასანეიტრალებლად. ამასთანავე, გაგაუზიის ავტონომიურ რეგიონში, რომელიც 1990-იანი წლებიდან პრეტენზიას აცხადებს დნესტრისპირეთის მსგავს სტატუსზე, კვლავ ალაპარაკდნენ თვითგამორკვევაზე. აღსანიშნავია, რომ კიშინიოვში გამართულ მიტინგზე დეპუტატმა გაგაუზიიდან ალექსანდრე სუხოდოლსკიმ სანდუს რეჟიმი გაგაუზების ავტონომიის უპატივისცემლობაში დაადანაშაულა.

მოლდოვის ამჟამინდელ ხელისუფლებას არ აშფოთებს არც ენერგეტიკული სტრატეგიის უქონლობა, არც მზარდი ინფლაცია, არც პრობლემები სოფლის მეურნეობაში და არც გასაღების ბაზრის არარსებობა. ის ყველა ჩავარდნას ევროინტეგრაციისკენ წარმატებით სვლით ნიღბავს. თუმცა, მოსახლეობას ზამთრისთვის შეშის მომარაგებისკენ მოუწოდებს. ამიტომ ზამთრის დადგომამდე მოსახლეობის უკმაყოფილება კიდევ უფრო მოიმატებს. ექსპერტთა აზრით, ვაშინგტონსა და ბრიუსელს მოლდოვა, უკრაინის ანალოგიით, მხოლოდ რუსეთთან დასაპირისპირებლად სჭირდებათ და მოლდოვის ეკონომიკურ კრიზისს გულთან ახლოს არ მიიტანენ.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here