Home ახალი ამბები საქართველო დროა, ქართულმა სახელმწიფომ თავისი მოქალაქეების დაცვა ისწავლოს!

დროა, ქართულმა სახელმწიფომ თავისი მოქალაქეების დაცვა ისწავლოს!

გახსოვთ, მიშამ რომ გვითხრა, – ქართული სიმინდი დაივიწყეთ და ამერიკულ „პიონერზე“ გადადითო, და ყვითელი სიმინდი რომ დაათესვინა გლეხებს? მოსავლის მიღების შემდეგ კი გაირკვა, რომ იმ სიმინდისგან არც ღომი გამოდიოდა, არც მჭადი და, უბრალოდ, საფურაჟედ, ანუ საქონლის საკვებად იყო ვარგისი. ამერიკელები საქონელთან რომ გვაიგივებენ, ახალი ამბავი ნამდვილად არ არის, მაგრამ ქართული სიმინდის უნიკალური ჯიშები გადაშენების გზაზე რომ დააყენეს, ეს ნამდვილად სიახლე იყო. ანალოგიურ დღეში ჩააგდეს ხორბალი, კიტრი და სოფლის მეურნეობის არაერთი პროდუქტი. ისე, ჩვენ, ქართველები, მიწის დამუშავებასა და მოსავლის მოყვანას ამერიკელებისგან რატომ ვსწავლობთ?!

250
დროა, ქართულმა სახელმწიფომ თავისი მოქალაქეების დაცვა ისწავლოს!

საქართველოში იყო პერიოდი, როცა ყაჩაღობა გახშირდა (განსაკუთრებით სამეგრელოს რეგიონში). ეს  თხილის ბიზნესს უკავშირდებოდა. ქართული თხილი ევროპულ ბაზარზე გაიტანეს და იმხანად  თხილში აღებული თანხა დიდ შემოსავლად  ითვლებოდა. ჰოდა, ის ოჯახი, რომელიც თხილს გაყიდდა, კრიმინალთა სამიზნეში ხვდებოდა. მერე და მერე ეს ყველაფერი დალაგდა, თხილის კულტურა ასეულობით ოჯახმა გააშენა, სამართალდამცავი უწყებაც მომძლავრდა და თხილის გაყიდვით მიღებული შემოსავალი სიცოცხლისთვის სახიფათო აღარ იყო. თანაც ევროპელები გვიკიჟინებდნენ: საქართველოში საუკეთესო, ანუ პრემიუმხარისხის თხილი მოდის და არიქა, ბევრგან გააშენეთ პლანტაციებიო. ჰოდა, გაიჩეხა ციტრუსი, ჩაი და ტერიტორიები თხილმა აითვისა…

ბოლოს  კი გაირკვა, რომ ქარული თხილი პრემიუმხარისხის არ არის და  ვერასდროს იქნება, რადგან შესაბამისი კლიმატი არ გვაქვს.  ისე გამოვიდა, რომ ევროპას ქართული თხილი მხოლოდ იმისთვის სჭირდებოდა, რომ მეორე და მესამეხარისხიანი  თხილის მარაგი შეევსო, რადგან ევროპის ქვეყნებში ასეთ თხილს დიდად არ სწყალობენ, ანუ ფერმერები ამჯობინებენ, იაფად შეფასებული თხილის ნაცვლად, სხვა კულტურაზე გააკეთონ აქცენტი. შესადარებლად  გეტყვით: პრემიუმხარისხის თხილი დღეს საერთაშორისო ბაზარზე 8-დან 10 დოლარამდე ღირს, ქართული თხილის ფასი კი, რომელსაც საუკეთესოს ვეძახით, 6-7 ლარია.

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ევროპა  გვატყუებს, გვაქეზებს, თითქოს საუკეთესოს მოყვანა შეგვიძლია, მერე მთელი ერი რომ გადაირევა,  „აღმოაჩენენ“ ხოლმე, რომ რაღაც ისე ვერ არის.  თაფლზე ვთქვათ: თაფლის ფესტივალი გავმართეთ და ევროპელებს ქართული, მართლაც უნიკალური ფუტკრის ნამუშევარი გავასინჯეთ. „გადაირივნენ“ ევროპელები, ყველაფერს თავი დაანებეთ, ფუტკარი მოაშენეთო და მართლაც,  ბევრმა ადამიანმა დაიწყო მოშენება. როგორც კი თაფლის ჭარბი რაოდენობა გაჩნდა და ევროპას შევესიეთ, იქაური თაფლი შევავიწროვეთ, ევროპელებმა შემოიღეს ახალი რეგულაცია, რომელიც მანამდე არ ჰქონდათ. ვინც მეფუტკრეობაში ერკვევა, იცის, რომ სკებთან ახლოს მარილიაანი წყალი უნდა იყოს, რადგან ის ფუტკარს სჭირდება. სწორედ მარილიან წყალზე გაკეთდა აქცენტი და ევროპელებმა მოგვთხოვეს, საქართველოში  რაც „ჩეჩმა“ გაქვთ, უნდა გააუქმოთ და ყველაფერი წყალარინების სისტემაში მოაქციოთ, თორემ ფუტკარს მარილიანი წყალი რომ არ ჰყოფნის, ეზოში არსებული ტუალეტებიდან იღებს მარილიან სითხეს, რაც შემდეგ თაფლში ერევა და გემოვნურ თვისებებს უკარგავსო. ძალიან ძალიან დიდი სისულელე და აბსურდია ეს ყველაფერი, რადგან ფუტკარი ნებისმიერ პროდუქტს, რომელსაც მოიპოვებს, ამუშავებს, თერმულადაც კი ამუშავებს და საბოლოო ჯამში ვიღებთ იმ პროდუქტს, რომელსაც ქართული თაფლი ჰქვია. მთავარი ის კი არის, რა რაოდენობის მარილიან წყალს შეიტანს სკაში, არამედ ის, რომელი ყვავილის ნექტარს მიიტანს სკამდე. შესადარებლად – ფუტკარს მარილიანი წყალი რომ დაუდოთ სკასთან, ერთ ლიტრში, დიდი- დიდი, ორი გრამი მარილი უნდა გაურიოთ, ანუ შემადგენლობაში შემცველობა უმნიშვნელოა, მაგრამ  ეს „უმნიშვნელო“ საკმარისი აღმოჩნდა ევროპისთვის, რომ  ქართული თაფლისთვის ბებერი კონტინენტისკენ  გზა ჩაეკეტა. მთელი საქართველო წყალარინების სისტემით რომ დავფაროთ, რამდენიმე მილიარდია საჭირო და როგორ წარმოგიდგენიათ ეს ყველაფერი ფშავ-ხევსურეთში, სვანეთისა და რაჭის მაღალმთიან სოფლებში... ანუ რეალურად წარმოუდგენელი ამოცანები დაგვისახეს… ვაღიაროთ, რომ ზოგი ჭირი მარგებელია და ქართული თაფლის ჭარბ ოდენობას გადასარევად ითვისებს ადგილობრივი ბაზარი. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ რამდენიმე მეფუტკრემ მოახერხა და ისეთ ადგილზე აიტანა სკები, სადაც 6-7 კილომეტრის რადიუსში „ჩეჩმა“ არ იყო და ევროპელთა მოთხოვნის შესაბამისად დაამზადა თაფლი. ჰოდა, ამ თაფლში ევროპელებმა კილოგრამში 10-12 ლარი(?!) შესთავაზეს, მაშინ, როცა ბაზარზე თაფლის ფასი 23-25 ლარიდან იწყება.

მერე იყო ფოთი და ბაყაყები. ერთ-ერთმა პიროვნებამ  მოაშენა ბაყაყები. მას  ხელშეკრულების გაფორმებასაც დაჰპირდნენ კონკრეტულ ფრანგულ კომპანიასთან, მაგრამ, გაყიდვის დრო რომ დადგა, ფრანგებმა ბაყაყების წაყვანაზე უარი თქვეს, –  ჯერ უნდა დააბრმავოთო. ბრმა ბაყაყი თურმე ერთ ადგილზე ზის და არ ხტუნავს. ამ კაცსაც  ბაყაყებისთვის სათითაოდ თვალებში ნემსი უნდა ჩაერჭო, რომ დაბრმავებულიყვნენ და დახლზე  ცოცხლად დაედო, უთხრეს: ჩვენ ასე ვყიდით ცოცხლებს პირდაპირ დახლიდანო. ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ერთი  პიროვნებისგან  ბაყაყები არ წაიყვანეს, მეორეს კი უთხრეს, – ჭაობის სუნი აქვს ჭარბადო, მესამეს –  ბაყაყების გემო კარგია, ფერი არ ვარგაო და ა.შ.

ახლა ბაყაყების გზას გადიან ლოკოკინები. თუ აქამდე ლოკოკინებისთვის საუკეთესო გარემო გვქონდა და ევროპელები ამბობდნენ, რომ დიდი რაოდენობით წაიღებდნენ, ახლა გაიძახიან, ცოტა მეტი ლორწო აქვთო, სპეციფიკური გემო დაჰკრავს, ალბათ, სხვანაირ ბალახს ჭამენო და ლოკოკინებიც დაგვიწუნეს. ყოველ შემთხვევაში, იმის ნახევარსაც არ იხდიან, რამდენსაც დაგვპირდნენ.

რეალობა კი ის არის, რომ ევროპას ეს პროდუქტები სჭირდება, მაგრამ სჭირდება არა იმიტომ, რომ მაღალხარისხიანია, არამედ მეორე და მესამე ხარისხისთვის. თვითონ ევროპაში, თუ პროდუქტი უმაღლესი ხარისხის არ არის, ფერმერები მის მოყვანას ერიდებიან, ამიტომაც ის კულტურა მოჰყავთ, რომელშიც კარგ  ფასს აიღებენ და დაბალი ხარისხის საკვები სად უნდა იშოვნონ? – სწორედ საქართველოს  მსგავს  ქვეყნებში და სწორედ საქართველოს მოსახლეობამ უნდა მიიღოს მინიმალური შემოსავალი იმ სამუშაოს ფასად, რომლითაც უმაღლესი ხარისხის პროდუქტის მოყვანა შეიძლება. ჩვენ შეგვიძლია უმაღლესი ხარისხის ციტრუსის მოყვანა, მაგრამ ევროპაში ნაკლებად გადის, იმიტომ, რომ ევროპული ბაზარი პორტუგალიას, ესპანეთსა და საბერძნეთს აქვთ ათვისებული და იქ საქართველოს ადგილი არ არის. და სად იყიდება ციტრუსების ლამის 100%? სწორია, რუსეთის ფედერაციაში, მაგრამ არ გვსურს იმის აღიარება, რომ ეგზოტიკური საკვების გარდა (ლოკოკინა, ბაყაყი) ყველაფერი სწორედ რუსეთში გაგვაქვს. იქ ყველაფერი მარტივად ხდება: ქართულია –  ე.ი. კარგია. ეს მიდგომა ათწლეულების ურთიერთობის შემდეგ ჩამოყალიბდა.

ვერ გეტყვით, როდის მივალთ იმ დასკვნამდე, რომ, როცა ევროპელები რამეს გვირჩევენ და ჩვენ თავს გავიგიჟებთ, დაზღვევის მექანიზმი გვქონდეს. სანამ კონკრეტული ადამიანები კრედიტს აიღებენ და სასწორზე მთელ ცხოვრებას დადებენ, ეგებ ის მოვიკითხოთ, როგორი  რეალიზაცია ექნება ამა თუ იმ პროდუქტს და, რაც მთავარია, მისაღები იქნება თუ არა ფასი. თორემ, ბოლოს ისე გამოდის, რომ ევროპაში გაგვაქვს ქართული პროდუქტი, რომელსაც მეორე და მესამე ხარისხის სტატუსი აქვს და ეს ყველაფერი რომ დამკვიდრდება, მერე, რამდენიც უნდა ვეცადოთ ვითარების  გამოსწორებას, უბრალოდ, არაფერი გამოგვივა. ფორმულაც მარტივად ჩამოყალიბდება: ქართულია – ე.ი. უმაღლესი ხარისხის არ არის. მაგრამ, ასე რომ გავაკეთოთ, შეიძლება ევროპა გაგვინაწყენდეს. ჩვენ ხომ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დასავლეთი გვყავდეს ბედნიერი და კმაყოფილი და არა საკუთარი მოსახლეობა. ბოლო ყველაზე ნათელი მაგალითი იმისა, როგორ „გადაგვაგდო“ ევროპამ, მოცვის პლანტაციების გაშენება იყო. როგორც კი პირველი დიდი მოსავალი მიიღეს ქართველმა ფერმერებმა, გაირკვა, რომ ქართული მოცვი ისეთი არ არის, როგორიც ევროპას სურდა და ამ შემთხვევაშიც მხსნელად რუსეთი მოგვევლინა, ევროპულ ფასებში შეიძინა მოცვი და მოსავლის უდიდესი ნაწილიც სწორედ რუსეთში გავიდა. ისევ რუსეთის იმედად აპირებენ ფერმერები მოცვის პლანტაციების გაფართოებას, რადგან მოთხოვნა გაიზარდა,  ევროპელები კი ვეღარ ხვდებიან, რა გააკეთონ – რუსეთი იხდის იმაზე მეტ ფასს, რამდენსაც ევროპელები,  უფრო მაღალ ფასად ქართული პროდუქციის ყიდვა  არ სურთ.

დროა, ქართულმა სახელმწიფომ საკუთარი მოქალაქეების დაცვა ისწავლოს და არ აქვს მნიშვნელობა, ვისგან და რისგან ვართ დასაცავი – ამერიკისგან, ევროპისგან  თუ სხვა კონტინენტისა  და ქვეყნისგან. ისიც უნდა დავივიწყოთ, რომ, რასაც ევროპელები თუ ამერიკელები გვირჩევენ, აუცილებლად კარგი და გამართლებულია. აქამდე თუ ევროპელების სიმუხთლეები გითხარით, ახლა ამერიკელებზეც ვთქვათ.

გახსოვთ, მიშამ რომ გვითხრა, –  ქართული სიმინდი დაივიწყეთ და ამერიკულ „პიონერზე“ გადადითო,  და ყვითელი სიმინდი რომ დაათესვინა გლეხებს?  მოსავლის მიღების შემდეგ კი გაირკვა, რომ იმ სიმინდისგან არც ღომი გამოდიოდა, არც მჭადი და, უბრალოდ, საფურაჟედ, ანუ საქონლის საკვებად იყო ვარგისი. ამერიკელები საქონელთან რომ გვაიგივებენ, ახალი ამბავი ნამდვილად არ არის, მაგრამ ქართული სიმინდის უნიკალური ჯიშები გადაშენების გზაზე რომ დააყენეს, ეს ნამდვილად სიახლე იყო. ანალოგიურ  დღეში ჩააგდეს ხორბალი, კიტრი და სოფლის მეურნეობის არაერთი პროდუქტი. ისე, ჩვენ, ქართველები,  მიწის დამუშავებასა და მოსავლის მოყვანას ამერიკელებისგან რატომ ვსწავლობთ?!

ლევან გაბაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here