Home ახალი ამბები საქართველო დონბასში ჩასული პირველი ქართველი რეპორტიორი იტყობინება: „დასავლური შეიარაღება უკრაინის მარცხს ვერ შეაჩერებს“

დონბასში ჩასული პირველი ქართველი რეპორტიორი იტყობინება: „დასავლური შეიარაღება უკრაინის მარცხს ვერ შეაჩერებს“

დონბასის რეგიონში, სადაც აქტიური სამხედრო მოქმედებები უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება, მთელი ამ ხნის მანძილზე, მოვლენების გასაშუქებლად, პირველად ჩავიდა რეპორტიორი საქართველოდან. გთავაზობთ გულბაათ რცხილაძის მიერ დონბასის რეგიონში მომზადებულ მასალას.

რეპორტიორის ფუნქციის აღება საკუთარ თავზე მომიხდა გამომდინარე იქედან, რომ ქართული მასმედია მხოლოდ კიევის თვალით დანახულ მოვლენებს გვთავაზობს. მაგრამ აუცილებელია პარიტეტის დაცვა და ობიექტური მიდგომა. ამიტომაც ვისარგებლე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული პრესტურით და პრობლემურ რეგიონში ოთხი დღე (11-იდან 14 ივნისამდე) დავყავი. საერთაშორისო ჟურნალისტების დიდ ჯგუფთან ერთად გახლდით ლუგანსკში და ლუგანსკის ოლქში (რესპუბლიკაში), ფრონტისპირა სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკში, საკუთრივ ქალაქ დონეცკში და დონეცკის ოლქისადმი (რესპუბლიკისადმი) კუთვნილ ქალაქ მარიუპოლში. ასევე ჩავედით ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ მელიტოპოლში ანუ ისტორიული ტავრიის მხარეში.

ამ პრესტურის შედეგებს დაწვრილებით ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად, ტვ „სეზონის“ ეთერში განვიხილავთ უახლოეს დღეებში, შესაბამისი ვიდეომასალით, ამჟამად კი მოკლედ შევაჯამებ ძირეულ მომენტებს და შევეცდები, ქართველი მკითხველისთვის საინტერესო მთავარ კითხვას გავცე პასუხი: რა ხდება ადგილზე და როგორია მოვლენების განვითარების პერსპექტივები.

გულბაათ რცხილაძე

სამხედრო მოქმედებების ზონაში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობის მდგომარეობა და განწყობა

ბუნებრივია, რომ საბრძოლო ქმედებებით მოცულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების მდგომარეობა ყოველმხრივ რთულია, გასაჭირი დიდია. საომარ ზონად, ფაქტობრივად, ლუგანსკის და დონეცკის რესპუბლიკების თითქმის მთელი ტერიტორია შეიძლება მოვიაზროთ, მაგრამ განსაკუთრებით მოსახლეობის ის ნაწილია დაზარალებული, რომელიც ფრონტის ხაზთან ახლოს ცხოვრობდა და ცხოვრობს. ადამიანებს აკლიათ უამრავი საჭირო ნივთი და სერვისი, დახურულია მაღაზიებისა და აფთიაქების დიდი ნაწილი, არ არსებობს არანაირი გასართობი და ა. შ. მეტიც, არის სასმელი წყლის დეფიციტი, ხოლო ინფრასტრუქტურა დიდწილად მოშლილია.

იქ, სადაც დონეცკ-ლუგანსკის ან რუსეთის ადმინისტრაცია უკვე შესულია, მათ შორის სულ ორიოდე კვირის წინ გათავისუფლებულ ლისიჩანსკში, ყველა ეს პრობლემა გვარდება იმდენად, რომ ადგილი არ აქვს შიმშილს და მედიკამენტების უქონლობას. საკვები პროდუქტები და სასმელი წყალი ჰუმანიტარული დახმარების სახით შედის ყველაზე პრობლემურ ადგილებშიც, თუმცა ძირითად ტერიტორიებზე ადამიანებს აქვთ საშუალება, ყველა ძირითადი პროდუქტი შეიძინონ სურვილისამებრ. მედიკამენტების პრობლემაც მოხსნილია – თითოეულ მოქალაქეს, რომელსაც კონკრეტული წამალი სჭირდება, სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციას აძლევს შეკვეთას და შეკვეთა სრულდება კიდეც. ექიმებიც მობილიზებულნი არიან და მომსახურებას უწევენ პაციენტებს.

ყოველივე ეს დაგვიდასტურა ხალხთან უშუალო გასაუბრებამ სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკში, საიდანაც მოკავშირე ჯარებმა, როგორც აღვნიშნეთ, სულ ცოტა ხნის წინ განდევნეს უკრაინული ჯარები. თუმცა ბევრისთვის ყოფითი პრობლემების მოგვარებაზე მეტად, მორალური შვებაა უკრაინული ხელისუფლების მოშლა და დონეცკ-ლუგანსკის რესპუბლიკების ადმინისტრაციის შემოსვლა. ერთმა ლისიჩანსკელმა მოქალაქემ, 6 წლის შვილის მამამ, 40 წლის მიხაილმა, პირდაპირ ასე გვითხრა: „არაფერი ცუდის თქმა არ მინდა უკრაინელებზე, უკრაინაში უამრავი კარგი ადამიანი ცხოვრობს. რაც შეეხება შეიარაღებულ ძალებს, იქაც არიან ადამიანები, მაგრამ ამას ვერ ვიტყვი ნაციონალურ ბატალიონებზე. უმჯობესია, დეტალებში არ შევალ და უბრალოდ ვიტყვი, რომ ახლა შედარებაც არ არის, იმდენად ადამიანური დამოკიდებულებაა ჩვენს [ადგილობრივთა] მიმართ. უკრაინის დროს ეს ასე არ იყო“.

სევეროდონეცკის მცხოვრებმა ერთმა ქალბატონმა კი, რომელმაც საომარი მოქმედებების დროს ცალი თვალი დაკარგა, მოგვითხრო, რომ უკრაინელმა ნაციონალისტებმა მთელი საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებნი სარდაფებში შეყარეს და გარეთ გასვლა აუკრძალეს. ამ კორპუსის წინ, სადაც მეც გახლდით, მართლაც ნახავთ უკრაინელი სამხედროების მიერ მოწყობილ სანგრებს და ქვიშიან ტომრებს. მათ საცხოვრებელი კორპუსი გამაგრებულ ბაზად აქციეს და მოპირდაპირე მხარეს მდებარე ტყის ზოლსაც აკონტროლებდნენ. უკრაინელებმა ამ გზით გამოიწვიეს რუსების ცეცხლი საცხოვრებელ სახლზე. ასეთი ფაქტები ბევრია. სწორედ ამიტომ არ უყვარს დონბასელ ხალხს უკრაინული სახელმწიფო – კიევის ოფიციოზში და ნაციონალისტურ სამხედრო დანაყოფებში მათ სრულყოფილ უკრაინელებად და ადამიანებადაც (!) არ მიიჩნევდნენ. პირადად ჩემი აზრია, რომ ეს ხალხი მეტ გასაჭირსაც გაუძლებს, მაგრამ უკან, უკრაინაში დაბრუნებას აღარ მოისურვებს.

მართალია, არიან ისეთებიც, რომლებსაც არ მოსწონთ (და მოსაწონი მართლაც რა არის), რომ მათი მშობლიური მხარე საომარი მოქმედებების ზონად იქცა. ადამიანების ეს კატეგორია რუსებს განმათავისუფლებლებად არ მიიჩნევს. ასე, ერთმა ქალბატონმა ლისიჩანსკში, ჰუმანიტარული ტვირთის აღების დროს, გვითხრა: რას მოდიოდნენ [რუსები], რა უნდოდათო. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ასეთი განწყობის ადამიანებისათვის უკრაინის ხელისუფლება არის მისაღები. ზელენსკის რეჟიმი არავის მოსწონს.

დონბასიდან საკმაოდ შორს, ზაპოროჟიეს ოლქის სამხრეთ ნაწილში, კერძოდ, ისტორიულ ტავრიაში, რუსეთის არმია თითქმის უბრძოლველად შევიდა ჯერ კიდევ თებერვალში. შესაბამისად, ადგილობრივ მოსახლეობას არ განუცდია ნგრევა და არსებითი მსხვერპლი. პრესტურის ფარგლებში, ჟურნალისტების საერთაშორისო ჯგუფის შემადგენლობაში, ქალაქ მელიტოპოლს ვეწვიე, სადაც ზაპოროჟიეს მხარის რუსული ადმინისტრაცია არის განლაგებული (თავად ადმინისტრაციული ცენტრი – ქალაქი ზაპოროჟიე, ჯერ-ჯერობით კიევის კონტროლს ქვეშ რჩება).

აქაურებს რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად დამდგარ რიგში გავესაუბრეთ უცხოელი რეპორტიორები. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას უბრალოდ მშვიდობა და ნორმალური ცხოვრება ენატრება. რუსეთს იმედის თვალით უყურებენ, ამავე დროს, კიევის ხელისუფლებაზე რაიმის თქმა ეშინიათ. ზოგიერთი თავს არიდებს ვიდეოკამერის წინ საუბარს, რაც გასაგებია ორი ფაქტორის გამო: ჯერ ერთი, ბევრ მათგანს ჰყავს ნათესავები უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მეორე კი ისაა, რომ კიევის ხელისუფლების მხრიდან ადგილი აქვს ფიზიკურ და მორალურ ტერორს საკუთარი მოსახლეობის მიმართ. რუსული ადმინისტრაცია მხოლოდ ახლა იკიდებს ფეხს ყირიმსა და დონბასს შორის მდებარე ამ უმნიშვნელოვანეს ტერიტორიაზე და სანამ კიევის ხელისუფლების ტერორისგან ასპროცენტიან დაცულობას არ იგრძნობს, ადგილობრივი მოსახლეობა უფრო მეტ სიფრთხილეს იჩენს და გამოიჩენს, ვიდრე დონბასში. მაგრამ ადგილობრივების აბსოლუტური უმრავლესობისგან მოსალოდნელი არ არის რუსეთის მიმართ დაუმორჩილებლობა ან ბუნტი – ამას მოწმობს რუსული პასპორტების ასაღებად მოსული მოსახლეობის რაოდენობა, ქუჩაში მოსიარულე ადამიანების რიცხვი და რეგიონში ამუშავებული არაერთი საწარმო, რომელიც სულ რამდენიმე კვირის წინ დახურული იყო.

მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ უკრაინის რუსულენოვანმა მოსახლეობამ ერთი დიდი პრობლემა მოიცილა – უკრაინული ნაციონალიზმი. მათ ვეღარავინ აუკრძალავს მშობლიურ ენის გამოყენებას საჯარო სივრცეში და ეროვნული ნიშნით ვეღარ მოხდება მათი დისკრიმინაცია.

ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის აღდგენის პერსპექტივები

რუსეთის დახმარებით, დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებში უკვე დაწყებულია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ჩვენ მოწმენი გავხდით მრავალფუნქციური კლინიკების მშენებლობისა ქალაქ ლუგანსკსა და ქალაქ მარიუპოლში. ასევე მარიუპოლში ვნახეთ საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც თითქმის უკვე დამთავრებულია და მალე გაუწევს სამსახურს მათ, ვინც ყველაზე მეტად დაზარალდა საომარი მოქმედებების შედეგად.

დიდ სამუშაოს მოითხოვს უკრაინული ჯარების მიერ გაქცევისას აფეთქებული ხიდების აღდგენა. ქალაქ ლისიჩანსკზე მისასვლელი სარეზერვო გზა საშინელ მდგომარეობაშია. რუსეთის არმიამ მდინარე სევერსკი დონეცზე უკრაინელების მიერ აფეთქებული ხიდის სანაცვლოდ დროებითი, ე. წ. საპანტონო ხიდი გაშალა.

დონეცკსა და ლუგანსკში დარწმუნებულები არიან, რომ რუსეთი მასშტაბურ დახმარებას არ შეაჩერებს და პირიქით, გააძლიერებს. სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსეთი თითქოს აფერხებს სოფლის მეურნეობის პროდუქტების – ხორბლისა და ზეთის გატანას, ძარცვავს ადგილობრივ ფერმერებს და მსგავსი. სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები სრული დატვირთვით მიმდინარეობს, მოსავლის აღება მალე დასრულდება, ყანებში მუშაობს ტექნიკა, ხორბლის მარაგები დიდია. ადგილობრივი ფერმერები, ლუგანსკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, რომლებსაც ჩვენ შევხვდით, ამ ყველაფერს ადასტურებენ. ისინი ამბობენ, რომ განაგრძობენ მოგებაზე მუშაობას, მათთან მოდიან კერძო ტრეიდერები რუსეთიდან და ხორბალს კომერციულ საფუძველზე იძენენ. მათ შეომდგომში ამ ხორბლის გადაყიდვა შეუძლიათ უცხოელ ტრეიდერებზე. ასე რომ, ამ აზრით, რუსეთის მხრიდან არანაირ საკვებ ბლოკადას არ აქვს ადგილი.

სამხედრო მოქმედებების განვითარება და ახალი ტერიტორიების პოლიტიკური მოწყობის საკითხი

სწორედ ჩვენი მელიტოპოლში ჩასვლისას გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა ადგილობრივი (ზაპოროჟიეს ოლქის) სამხედრო-პოლიტიკური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ევგენი ბალიცკიმ, რომ რეფერენდუმი ზაპოროჟიეს ოლქის რუსეთის ფედერაციასთან შეერთების თაობაზე მიმდინარე წლის შემოდგომის პირველ ნახევარში გაიმართება. ბალიცკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კითხვა პირდაპირ იქნება დასმული და ხმის მიცემის პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალედ ჩატარდება.

ეს არის პოლიტიკურად ძალიან სერიოზული განცხადება, ვინაიდან რეფერენდუმის საკითხი აქამდე კონკრეტულ თარიღზე არ იყო მიბმული, ახლა კი დაკონკრეტებულია. რეფერენდუმზე სავარაუდოდ ხალხი ხმას რუსეთში გაერთიანებას მისცემს.

რეგიონში ყოფნისას დავრწმუნდი, რომ რუსი სამხედროები, ადგილობრივ – დონეცკელ და ლუგანსკელ მებრძოლებთან ერთად, თავიდან ბოლომდე არიან მზად, შეასრულონ პრეზიდენტ პუტინის მიერ დასახული სამხედრო ამოცანა. დონეცკის და ლუგანსკის ხელმძღვანელები – დენის პუშილინი და ვლადიმირ პასეჩნიკი ადასტურებენ, რომ ისინი არ აპირებენ, ითმინონ უკრაინული მხარის მიერ დონბასის ტერიტორიის გაუთავებელი საარტილერიო დაბომბვები და ფრონტის ხაზის იმ მანძილზე გადაწევამდე არ გაჩერდებიან, სანამ უკრაინული არტილერია დონბასის ქალაქებსა და სოფლებს ვეღარ მისწვდება.

დასავლეთის მიერ უკრაინის ხელისუფლებისთვის მიწოდებული შეიარაღებები, რომელთა შორის თანამედროვე საარტილერიო სისტემებიცაა, დიდად აზარალებს დონბასის მშვიდობიან მოსახლეობას. ქალაქ დონეცკში, სადაც ეპიზოდური საარტილერიო ცეცხლის გრუხუნის ფონზე გვიწევდა სასტუმროში ღამისთევა, თითქმის ყოველი ახალი დღე სამოქალაქო მოსახლეობას შორის მსხვერპლით იწყება და მთავრდება. ეს კიდევ უფრო აშორებს მოლაპარაკებების პერსპექტივას, თუმცა ხელს ვერანაირად შეუშლის რუსეთის და დონეცკ-ლუგანსკის გაერთიანებული შეიარაღებული ძალების წინსვლას. შეიძლება თამამად ითქვას, რომ დასავლური შეიარაღება უკრაინის მარცხს ვერ შეაჩერებს. საბრძოლი მორალი რუსებსა და დონბასელებს შორის ძალიან მაღალია – ვიმეორებ, ამაში თავად დავრწმუნდი არაერთ მებრძოლთან გასაუბრების შედეგად. ლისიჩანსკში ადგილობრივმა კომენდანტურამ უკრაინული შეიარაღებების გამოფენა მოაწყო, რომელიც ბრძოლების შედეგად ხელთ იგდო ლუგანსკის სახალხო მილიციამ. ნადავლს შორის არაერთი დასავლური ეგზემპლარია, მათ შორის, დიდად რეკლამირებული ანტისატანკო „ჯეველინები“ და ანტისაჰაერო „სტინგერები“. რუსები და დონბასელები ირონიის საკმაო დოზით უყურებენ კიევის რეჟიმის ბაქი-ბუქს, რომ უკრაინას ძალუძს, გაათავისუფლოს ტერიტორიები დასავლეთის მხრიდან იარაღის მიწოდების შედეგად.

შედეგი, ჯერ-ჯერობით, მართლაც საპირისპიროა. უკანასკნელი მონაცემებით, რუსული შეტევა ლისიჩანსკის აღების შემდეგ გრძელდება და მალე პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი პუნქტები – სოლედარი და სევერსკი დაეცემა, შემდეგ კი ჯერი საკვანძო ქალაქებზე – არტიომოვსკზე, სლავიანსკსა და კრამატორსკზე მიდგება, რაც დონბასის სრულ გაწმენდას მოასწავებს უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან.

http://patrioti-tv.ge/

1 COMMENT

  1. სიმართლე მწარეა,მაგრამ სიმართლეა!ორმაგი სტანდარტი არ შემიმჩნევია!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here