ევგენი პრიმაკოვის სახელობის ცენტრის ხელმძღვანელობით ამა წლის 4 ივლისს სანქტ-პეტერბურგში ადგილობრივ ხელისუფლებასთან ქართულ-რუსული დიალოგის ფარგლებში ფორუმი გაიმართა.
ვინ ესწრებოდა ამ ფორუმს, რა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს და რა სიახლეებით დაბრუნდნენ სამშობლოში საქართველოს წარმომადგენლები _ ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ევგენი პრიმაკოვის სახელობის ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე გვესაუბრება:
_ სანქტ-პეტერბურგში ჩატარდა ქართულ-რუსული ფორუმი სახელწოდებით “დიალოგი 2023”, რომელსაც ესწრებოდნენ რუსეთის ფედერაციის უმაღლესი სასწავლებლების პროფესორები, ქართველი და რუსი ექსპერტები. ქართულ მხარეს წარმოადგენდნენ პროფესორები: თემურ მაისურაძე, გოჩა ცოფურაშვილი, თამარ კიკნაძე; პოლიტიკური პროცესების ანალიტიკოსი გიორგი მდივანი, ისტორიკოსი გიორგი უხურგუნაშვილი, პოლიტიკურ მეცნიერებათა კანდიდატი ანა ხოტივრიშვილი.
ამ ფორუმზე მრავალი საინტერესო თემა განვიხილეთ. განსაკუთრებით აღსანიშნავია პეტერბურგის მთავრობასთან ურთიერთობა. გოჩა ცოფურაშვილი მონაწილეობდა ადგილობრივ მთავრობასთან ინდივიდუალურ შეხვედრაში, რომელზეც განიხილეს მწვანე, ორგანული სოფლის მეურნეობის საკითხები, აღგვითქვეს მხარდაჭერა. რუსეთში მწვანე მეურნეობა ძალიან განვითარებულია. საქართველოში კი ეს მიმართულება ახლა იკიდებს ფეხს. ბიოაგრარული მიმართულება, მწვანე სტანდარტი, მსოფლიოში აღმავალი ტრენდია და ჩვენს ქვეყანა “გეორგიას” ამ მიმართულებით მხარდაჭერა სჭირდება.
განხილული იყო, აგრეთვე, პეტერბურგსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის საკითხი, რომელიც მალე გადაწყდება. ასევე, საუბარი იყო ავიაბილეთების ფასების გადახედვაზე და ითქვა, რომ სახელმწიფოს მხრიდან მოხდება სუბსიდირება, რაც აუცილებელია, რადგან ბილეთები ძვირია. ვისაუბრეთ დეპორტირებულ მოქალაქეებზე, მათ შეეხებათ ამნისტია და დაბრკოლებები აღარ შეექმნებათ. ვისაუბრეთ იმაზეც, რომ საქართველოს მოქალაქეებს გაუმარტივდეთ ბიზნესაქტივობები რუსეთის ფედერაციაში, ასევე დასაქმება იყოს მარტივი. საქართველოს მოქალაქეებს, სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისგან განსხვავებით, მიენიჭათ უფლება, საკუთარი ავტომანქანით გადავიდნენ რუსეთის ტერიტორიაზე.
_ იყო თუ არა საუბარი სტუდენტების გაცვლით პროგრამებზე?
_ ეს საკითხი თავის დროზე ორგანიზაცია “სოლიდარობა მშვიდობისთვის” პლატფორმაზე დავაყენეთ და მას მხარი დაუჭირა რუსეთის მხარემ. არის საუბარი, რომ შეიქმნება ქართულ-რუსული უნივერსიტეტი, ამ ეტაპზე ვეძებთ ადგილს, სადაც ეს უნივერსიტეტი განთავსდება. უნივერსიტეტი იქნება უფასო _ რუსეთის ფედერაცია დააფინანსებს. ეს იქნება უნიკალური სასწავლებელი, რომელსაც მთლიანად რუსეთის მხარე დააკომპლექტებს. ვფიქრობთ, სექტემბრის ბოლოს უნივერსიტეტის შესახებ გარკვეული სურათი გვექნება.
_ ქართული დელეგაცია რუსეთიდან ყოველთვის საინტერესო სიახლეებით ბრუნდება, ამჯერადაც ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი მოგვარდა. როგორ ფიქრობთ, ხომ არ დადგა დრო, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც შეხვდნენ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს და ურთიერთობაში წარმოქმნილი პრობლემები მაღალ დონეზე მოგვარდეს? თქვენს ვიზიტებს ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ხელს არ უშლიან, მაგრამ თვითონ მოსკოვში არ ჩადიან…
_ საქართველო გარდამტეხ ეტაპზე იმყოფება, ჩვენ საბოლოოდ უნდა მოვაგვაროთ ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები. საქართველო, თავისი გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, სასარგებლო უნდა გახდეს ბევრი ქვეყნისთვის. ჩვენი ქვეყანა მხოლოდ ევროატლანტიკური სივრცისთვის რომ იყოს, შეურაცხმყოფელია, რადგან ჩვენ ცივილიზაციის გზაჯვარედინზე ვართ. ჩვენ გვჭირდება სწორი სამეზობლო პოლიტიკა. 840- კილომეტრიანი საზღვარი გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან, ისეთ ქვეყანასთან, რომელსაც მსოფლიოში გადამწყვეტი ხმა აქვს, მისი რესურსი მიმზიდველია, მთელი მსოფლიო ცდილობს რუსეთთან ურთიერთობას და ამ დროს საქართველოს, მოსაზღვრე ქვეყანას, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს, რადგან ეს გლობალურ დასავლეთს არ სურს.
საქართველო უდიდეს ეკონომიკურ სარგებელს იღებს რუსეთისგან, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში და, რა თქმა უნდა, დადგა დრო, რომ ხელისუფლება დაელაპარაკოს რუსეთის მთავრობას. მართალია, ჩვენ, საზოგადოების წარმომადგენლები, სახალხო დიპლომატიის ფარგლებში ვცდილობთ საქმის კეთებას და ბევრიც გაკეთდა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მადლობას ვუხდი ორგანიზაციას “სოლიდარობა მშვიდობისათვის”, “ევრაზიის ინსტიტუტს” და ყველას, ვისაც წვლილი შეაქვს ქართულ-რუსულ ურთიერთობაში, მაგრამ კიდევ ვიმეორებ: ეს საკმარისი არ არის. დადგა დრო, ყველამ ერთად შევუძახით ხელისუფლებას და ვუთხართ _ ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ახლა დროა, ხალხის მიერ არჩეულმა მთავრობამ იმოქმედოს და, სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელ პირებს დაელაპარაკოს. სირაქლემას პოზაში ვეღარ ვიქნებით, აღარ შეიძლება, რომ დასავლელმა ე.წ. პარტნიორებმა თავში ჩაგვიკაკუნონ.
სიმართლე გითხრათ, 8 ივლისს ლგბტ პრაიდის ფესტივალის ჩაშლამ იმედი ჩამისახა, რომ ერის კონსოლიდაციას შეუძლია ერთი შეხედვით დაუძლეველი პრობლემის მოგვარება. ლგბტ პროპაგანდა აქ ფეხს ვერ მოიკიდებს, ხალხი ამას არ დაუშვებს.
რაც შეეხება ჩვენი ვიზიტების ხელშეშლას, გეტყვით, რომ ხელი ჩვენთვის არავის შეუშლია, მაგრამ წინააღმდეგობები, რომლებიც გვხვდება, საქართველოს ხელისუფლებას ზურგში დანას ურტყამს. ჩვენ გაგვიუქმა ანგარიშები “თი-ბი-სი” ბანკმა, რაც ერთპიროვნული გადაწყვეტილება იყო, კანონი ამის უფლებას აძლევს.
საზოგადოებამ არ იცის, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობის მოგვარების მსურველები ტერორის ქვეშ ვიმყოფებით მხოლოდ იმიტომ, რომ კანონი ამის უფლებას იძლევა და ხელისუფლება არ ცდილობს ჩვენს დაცვას. Bბევრს მივაღწიეთ ქართულ-რუსულ ურთიერთობებში სახალხო დიპლომატიით. ახლა დროა, ეს ესტაფეტა მიიღოს საქართველოს ხელისუფლებამ და გაკვალულ გზაზე იაროს ღირსეულად, ისე, როგორც ჩვენს სახელმწიფოს სჭირდება და სასიციცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. აუცილებელია, ისაუბრონ რუსეთთან გარანტირებული უსაფრთხოების თემაზე, ეკონომიკაზე, აწარმოონ დიპლომატიური, პოლიტიკური დიალოგი ტერიტორიული მთლიანობის განსაზღვრის საკითხში. ეს მომავალი თაობისთვის არის აუცილებელი, მათ ბაზისი უნდა შევუქმნათ. ასე რომ, საქართველოს ხელისუფლებას მალე მოუწევს რუსეთის მხარესთან დალაპარაკება.
ივლისში ორი კონფერენცია იგეგმება რუსეთში და გადაწყდება ავიაბილეთების სუბსიდირების საკითხი. სექტემბერში ჩვენ კვლავ გვექნება ვიზიტი რუსეთის ფედერაციაში და ველოდებით მათი მხრიდან საინტერესო ინიციატივებს. მიმდინარეობს ურთიერთობების რეანიმაცია და პირდაპირი კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია. რუსეთის მოქალაქეებში ძალიან დიდია ბიზნესის საქართველოში გადმოტანის სურვილი, ასევე, არიან ქართველები, რომლებსაც სურთ რუსეთში ბიზნესის დაწყება.
რუსეთში ხშირად ვათვალიერებ იქაურ ფასებს, შედარებაც კი არ შეიძლება, ისე განსხვავებულია, განსაკუთრებით რძის ნაწარმზე, კაპიკები ღირს. მაგალითად, ბელარუსის დედაქალაქ მინსკში რძის ნაწარმზე საქართველოსთან შედარებით, 60-პროცენტიანი ფასსხვაობაა… სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია. სოფლის მეურნების განვითარების საკითხებში ერთობლივი კონფერენციები აუცილებელია, რუსეთში ეს მაღალ დონეზეა. ბევრი რამ გვაქვს სასწავლი და გადმოსატანი. ასე რომ, მალე დადგება დრო, როდესაც ხელისუფლება მიხვდება, რა მნიშვნელოვანი და აუცილებელია რუსეთთან გარკვეულ საკითხებზე საუბარი და გამოცდილების გაზიარება.
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი