Home ახალი ამბები საქართველო დეგნანი კუდს აუცილებლად მოიქნევს

დეგნანი კუდს აუცილებლად მოიქნევს

ოპოზიცია უმკაცრესად გააფრთხილა დასავლეთმა, რომ „ოცნებასთან“ ერთად მაგიდას არ მიუჯდეს და დეპოლარიზაცია არ მოხდეს.

359

თამამად შეიძლება თქმა, რომ დასავლეთი, ანუ ევროპა და ამერიკა, რომლებიც ჩვენს უპირველეს პარტნიორებად ითვლებოდნენ, ახლა გადამწყვეტ შტურმზე არიან გადმოსულნი. სხვაგვარად ვერ შევაფასებთ იმ განცხადებებსა თუ მიდგომებს, რომლებსაც ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები აკეთებენ საქართველოს ხელისუფლების მიმართ.

რა მოხდა რეალურად, რა შეიცვალა ისე, რომ დასავლეთმა დაუფარავ იერიშზე გადასვლა მოისურვა? უპირველესი დამნაშავე ამ ყველაფერში რუსეთია (მაინც ხომ რუსეთს ვაბრალებთ ყველაფერს და ესეც დავაბრალოთ, ჩვენი რა მიდის). რუსეთი იმიტომ, რომ, როგორც კი უკრაინაში ომი დაიწყო, უკრაინის ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა პირდაპირ მოგვიწოდეს: მეორე ფრონტი გაუხსენით რუსეთს კავკასიაში და ჩვენთან ერთად იომეთო, ანუ, თქვენთვის კი არა, ჩვენთვის იომეთ, რადგან, მეორე ფრონტს რომ გახსნით, რუსეთს რესურსი არ ეყოფა და ჩვენ გავიმარჯვებთო. ჰო, არავის უთქვამს, საქართველო გაიმარჯვებსო, რადგან მეორე ფრონტი სწორედ უკრაინის წისქვილზე ასხამდა წყალს. უკრაინისა და ევროპა-ამერიკის და არამც და არამც საქართველოსი. მაშინ ნათლად გამოჩნდა, რომ საქართველო ზვარაკად შესაწირი ბატკანივით ჰყავდათ გამეტებული და მთავარი იყო, ბატკნისთვის წითელი ბაფთა შეებათ.

საბედნიეროდ, ხელისუფლებამ ივარგა _ არც ბაფთა შეიბა, არც საყოველთაო სანქციებს აჰყვა და, რაღა თქმა უნდა, არც ომი დაიწყო. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას: საქართველოს ერთი ტყვიაც რომ გაესროლა, დღეს ქართველი ერის ფიზიკური არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ იქნებოდა. როცა ქართულმა მხარემ უკრაინელთა შეგონება არ შეისმინა, საქმეში ევროპა და ამერიკა ჩაერთნენ და ჯერ მინიშნებით, მერე კი პირდაპირ თქვეს, რომ საქართველო ვალდებული იყო, სულ ცოტა, სანქციებს შეერთებოდა. ანუ, საქართველოს უარი უნდა ეთქვა რუსეთიდან რაიმეს მიღებაზე და რუსეთში პროდუქციის გატანაზე, რაც ისედაც შერყეულ ქართულ ეკონომიკას საკონტროლო ტყვიას ესროდა და საქართველო უკვე უომრად აღმოჩნდებოდა იმ დღეში, როგორშიც ახლა უკრაინაა, რომელსაც ევროკავშირი დეფოლტის შიშით კრედიტს აღარ აძლევს. ქართველი გლეხები, რომლებიც ახლა, როცა ამ სტატიას კითხულობთ, რუსეთში საადრეო ვაშლს, ატამს, ნესვს, საზამთროს ტონობით გზავნიან, დარჩებოდნენ შემოსავლის გარეშე, რადგან ქართული პროდუქცია ევროკავშირს არ სურს (ამერიკას მით უმეტეს). ბარემ ისიც ვთქვათ, რომ დღემდე პურის გამოსაცხობად საჭირო ფქვილის 98%-ზე მეტი სწორედ რუსეთიდან შემოდის.

როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ევროპელი და ამერიკელი დიპლომატების გადაკრული ნათქვამი არ შეისმინა, უკვე ღია ტექსტით დაიწყო საუბარი იმაზე, რომქართული ოცნებისლიდერები ისე არ იქცევიან, როგორც ეს ევროპასა და ამერიკას მოეწონებოდათ. ამის გვირგვინი იყო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე უარი. უარია ის 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ჩანასახშივე მკვდარი იყო, რადგან, პირველ პუნქტად ჩაწერილი „დეპოლარიზაცია“ რომ არ მოხდება, ყველაზე კარგად დასავლეთში იციან. იმიტომ კი არა, რომ ოპოზიცია გარკვეული გარანტიების მიღების შემდეგ იტყვის უარს, არამედ იმიტომ, რომ სწორედ ოპოზიციაა უმკაცრესად გაფრთხილებული დასავლეთისგან, რომოცნებასერთ მაგიდასთან არ დაუჯდეს და დეპოლარიზაცია არ მოხდეს. .., როგორც უნდა შეიცვალოს მდგომარეობა, რაც უნდა მოინდომოსოცნებამ“, პირველი პუნქტი მაინც შეუსრულებელი დარჩება და კანდიდატის სტატუსს (რომელიც გვჭირდება თუ არა, აღარც ვიცით) მაინც ვერ მივიღებთ. სწორედ ეს იყო ჩადებული იმ 12-პუნქტიან გეგმაში. დასავლეთის გადამწყვეტი შტურმი შემოდგომაზე დაიწყება, როცა ამ 12-პუნქტიანი გეგმის საკუთარ ვერსიას ოპოზიცია წარმოადგენს. ოპოზიციის ვარიანტზე დასავლეთი იტყვის, რომ კარგია, ტაშს დაუკრავს და „ოცნებას“ მოუწოდებს, ხელი მოაწეროს, მაგრამ მმართველი გუნდი ამას არ გააკეთებს. რატომ არ გააკეთებს? იმიტომ, რომ ევროპარლამენტარებმა გასაგებად თქვეს _ „დებიძინიზაცია“, რაც იმას ნიშნავს, რომ „ოცნებამ“ პარტიის დამფუძნებელს სანქციები უნდა დაუწესოს, რასაც არ იზამს. ჰოდა, დასავლეთი უკვე თამამად ეტყვის მოსახლეობას: „ოცნება“ ევროპულ პერსპექტივაზე ამბობს უარს, თორემ აგერაა გამზადებული დოკუმენტი, ხელს არ აწერენ და ამ პერსპექტივას ერთ კაცს ანაცვალებენო. ეს იქნება პირდაპირი დარტყმა როგორც ივანიშვილზე, ისე მმართველ გუნდზე და დასავლეთს იმედი ექნება, რომ ქუჩაში კვლავ გამოვა რამდენიმე ათასი ადამიანი და მერე დაიწყება ის პროცესი, რომელიც 2003 წელს დაიწყო, მაგრამ…

დასავლეთი ისევ ვერ თვლის, რომ ივნისში ქუჩაში გამოსულმა ადამიანებმა, როგორც კი სააკაშვილის ბანერი და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების სახეები დაინახეს, მაშინვე პირი იბრუნეს და სახლებში დაბრუნდნენ. დასავლეთმა ჯერ კიდევ ვერ და არ აღიქვა, ვერ გაისიგრძეგანა ის უბედურება, რომელიც მათ მიერ ხელისუფლებაში მოყვანილმა ძალამ ქვეყანას დამართა. ისინი ვერ ხვდებიან იმას, რატომ არ ივიწყებენ ქართველები სულში ჩაფურთხებას, პატივის აყრას, ქუჩაში დახვრეტილ ახალგაზრდებს. მათთვის ეს ხომ ჩვეულებრივი ამბავია, მათთვის ხომ გადამწვარი იუგოსლავია, სირია, ერაყი უკვე წარსულია და არც ახსენებენ. დასავლეთმა ისიც ვერ აღიქვა, რატომ ჰქონდა ხელისუფლებას მძაფრი რეაქცია კელი დეგნანის ქმედებაზე, როცა მან მოსამართლე „აკაჩავა“, ჩვენთვის მისაღები გადაწყვეტილება რატომ არ მიიღეო. ანუ, ევროპასა თუ ამერიკაში ზუსტად იციან, რომ საქართველომ უნდა იმოქმედოს იმ სცენარით, რომელსაც მას სთავაზობენ და არ უნდა მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები. მათ სხვა ვარიანტის განხილვა და გაგონებაც კი არ სურთ და სწორედ ამიტომაა, „ოცნებისხელისუფლებას ალმაცერად რომ დაუწყეს ყურება. რაც მთავარია, თუ აქამდე ოპოზიცია არაფერს ამბობდა რევოლუციაზე (რამდენიმე წამოცდენის შემდეგ, დასავლეთმა ისინი მკაცრად გააფრთხილა, ამ მოწოდებაში გვერდით ვერ დაგიდგებითო), ახლა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და მართალია, ოპოზიციის ლიდერები ჯერ მშვიდობიან რევოლუციაზე საუბრობენ, მაგრამ, საქმე საქმეზე თუ მიდგება, არც ძალისმიერზე იტყვიან უარს. რაც მთავარია, ოპოზიციამ ზუსტად იცის, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, პირველი, რაც უნდა გააკეთონ, რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნა და ქვეყნის ცეცხლის ალში გახვევაა, მაგრამ ამაზეც თანახმა არიან, იმიტომ, რომ ძალიან, ძალიან დიდი ხიბლი აქვს ძალაუფლებას.

სხვათა შორის, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა დეგნანის გამოხდომაზე პოზიცია გამოხატა და მაშინ, როცა მათგან ყველაზე ცოტა, მკაცრ შეფასებას (ელჩის გაწვევაც შეიძლებოდა) ველოდით, ტაში დაუკრეს.

დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმა ელჩ დეგნანსა და მის გუნდზე არ შეესაბამება იმას, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან. ელჩი დეგნანი და მისი გუნდი ჩვენს საელჩოში თბილისში, მოწოდებული არიან, იმუშაონ ქართველ ხალხთან ერთად მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდასაჭერად, თუმცა საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის რიტორიკა მოწმობს იმას, რომ მათ სურთ, ხელი შეუშალონ საქართველოს მოქალაქეებს ამ მიზნისკენ სწრაფვაში“, _ განაცხადა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა.

პრაისის განცხადება პირდაპირი მოწოდებაა მოსახლეობისთვის, რომ ამერიკის ელჩი მათ გვერდით დგას, ხელისუფლება _ არა; რომ ამერიკის ელჩს სურს, საქართველოს მოსახლეობა ბედნიერი იყოს, საქართველოს ხელისუფლება კი ხელს უშლის. ეს სწორედ ის არის, რაც თავში ვახსენეთ _ ყოველგვარი შეფარვისა და რებუსების გარეშე, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროპის მსგავსად, გადამწყვეტ შეტევაზე გადმოვიდა და აცხადებს, რომ ხელისუფლებისზოგიერთ წარმომადგენელსსურს, ქართველ ხალხს ხელი შეუშალოს ევროატლანტიკური მიზნისკენ სწრაფვაში და ნუ გაგიკვირდებათ, თუ ესზოგიერთი წარმომადგენელიშემოდგომაზე უკვე მთელი ხელისუფლება გახდება.

სხვათა შორის, საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა შეწყვიტა დავით არახამიამ, რადგან დასავლეთმა დაინახა, რომ მისი განცხადებები მოსახლეობის უმრავლესობას არ მოსწონდა და სერიოზულ კრიტიკას იმსახურებდა, ამიტომ არახამია დამალეს და ახლა ცდილობენ, ასპარეზზე წონიანი ევროპარლამენტარები გამოაგდონ, თუმცა აღარც ეს გამოსდის. აი, დეგნანი, რომელსაც საქართველოში მოღვაწეობის ვადა ეწურება, კუდის მოქნევას აუცილებლად შეეცდება, რადგან თავისი ელჩობის პერიოდში ვერ მოახერხა მთავარი _ საქართველოს ხელისუფლებაში ვერ მოიყვანა ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც ამერიკის კონგრესმენების თითის ერთ გატკაცუნებაზე იმოქმედებდნენ ამიტომ ვამბობთ, რომ დეგნანი კუდს (აქვს) აუცილებლად მოიქნევს და შეეცდება, ვაშინგტონში თავაწეული ჩავიდეს. სწორედ ამიტომ ჩვენს ხელისუფლებას, როგორც არასდროს, ისე მართებს ფხიზლად ყოფნა,რადგან დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლის თავზე ნამდვილი დამოუკიდებლობის მოპოვების შესაძლებლობა გაგვიჩნდა.

ლევან გაბაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here