Home ახალი ამბები საქართველო დაქირავებული სინდისი,  ანუ, როცა ეშმაკი ღმერთის ადვოკატობას  იჩემებს

დაქირავებული სინდისი,  ანუ, როცა ეშმაკი ღმერთის ადვოკატობას  იჩემებს

ვინც უნდა აირჩიონ, არჩევანი ამერიკის მოციქულზე გაკეთდება

294

დიდი აჟიოტაჟია ატეხილი სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) არჩევის გამო, ამიტომ ორიოდე სიტყვით მინდა შევეხო ამ ინსტიტუტს, როგორც საზოგადოებრივ მოვლენას. სახალხო დამცველის ინსტიტუტის წინამორბედი იყო მე–13  საუკუნის შვედეთში, სადაც დამნაშავეებისგან ფულის ამკრეფად ირჩევდნენ ..  ნდობით აღჭურვილ პირსრწმუნებულს“. ომბუდსმენი შვედურ ენაში სწორედ ამას ნიშნავს. გამოდის, რომ იმდროინდელ  ომბუდსმენს საერთო არაფერი აქვს დღევანდელი სახალხო დამცველის ფუნქციასთან, მაგრამ სახელი, როგორც ირკვევა, მაინც იმ პერიოდიდან იღებს სათავეს.

 დღეს სახალხო დამცველის ინსტიტუტი გაიგივებულია ადამიანის უფლებათა დაცვასთან და  მისი არსებობა მიჩნეულია დემოკრატიის არსებობის უტყუარ დასტურად. სახალხო დამცველის ვებგვერდზე  გამოქვეყნებულ ნარკვევში  “სახალხო დამცველის ინსტიტუტის განვითარების ისტორია საქართველოში”  ვკითხულობთ:  “ომბუდსმენის ინსტიტუტისა თუ ადამიანის უფლებების დაცვის ორგანოების არსებობა, რომლებიც ამ აღიარებული უფლებების რეალიზაციის გარანტად გვევლინება, დემოკრატიული სახელმწიფოს აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს”.  ასეთია ამ ინსტიტუტზე ოფიციალური თვალსაზრისი, თუმცა ჩვენმა საზოგადოებამ უკვე იცის, რომ ოფიციალური თვალსაზრისი ყოველთვის არ ღაღადებს ჭეშმარიტებას.

სახალხო დამცველის ინსტიტუტი საქართველოში 1997 წელს ჩამოყალიბდა. პირველ სახალხო დამცველად ბატონი დავით სალარიძე აირჩიეს, რომელსაც სამართალდამცავ ორგანოებში საქმიანობის დიდი გამოცდილება ჰქონდა, რაც ამ პოზიციაზე მუშაობას, რა თქმა უნდა, უადვილებდა. ბატონმა დავითმა გადაწყვიტა, რომ ამ ინსტიტუტისთვის ჭეშმარიტი დემოკრატიულობის სული შთაებერა და იგი ხალხის ნამდვილ ქომაგად ექცია. მან, როგორც ჟურნალისტს, თანამშრომლობა შემომთავაზა. ასე ვიქეცი მე სახალხო დამცველის რწმუნებულად და ასე დაიწყო გადაცემათა  ციკლი  “სახალხო დამცველის ტრიბუნა” საქართველოს ტელევიზიაში. ასე რომ, როდესაც ამ ინსტიტუტზე  აზრს გამოვთქვამ, ეს მხოლოდ გარედან დამკვირვებლის აზრი არ არის, ეს არის პოზიცია ადამიანისა, რომელმაც ეს ინსტიტუტი შიგნიდანაც, ასე თუ ისე, იცის.

რას წარმოადგენს დასავლური დემოკრატია და რა  შინაარსი აქვს ადამიანის უფლებათა დაცვა კაპიტალისტურ სამყაროში? პირდაპირ შემიძლია განვაცხადო, რომ ეს არის სრული ქიმერა, სოციალური ილუზია და პოლიტიკური შულერობა ხალხის გასაბრიყვებლად. რაკი ეს ასეა, რა ფუნქციას შეიძლება აკისრებდეს კაპიტალისტური საზოგადოება სახალხო დამცველს? თქვენ არ შემცდარხართ. ეს არის უსამართლო კაპიტალისტური სისტემისთვის სამართლიანობის ფასადის შემქმნელი ერთერთი ატრიბუტი, სხვა არაფერი. კაპიტალისტური სისტემის პირობებში ამ ინსტიტუტს (არც რომელიმე სხვა ინსტიტუტს) არ შეუძლია ადამიანის უფლებების დაცვა, ვინაიდან ადამიანის მიერ ადამიანის ექსპლოატაცია კონსტიტუციით არის  ნებადართული.

საინტერესო დეტალი: სახალხო დამცველის  ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში, რომელიც ზემოთ უკვე ვახსენე,  ვკითხულობთ: “საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის გარკვეული ისტორია აქვს. ჯერ კიდევ 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციაში აისახა ადამიანის უფლებების დაცვის საწყისი მექანიზმები. ეს იყო პირველი საკანონმდებლო აქტი,რომელშიც ფართოდ წარმოჩინდა პოლიტიკური  უფლებებისა და თავისუფლებების სპექტრი… 1921 წლის კონსტიტუცია სრულად პასუხობდა დროის შესაბამის მოთხოვნებს, მაგრამ მისი მოქმედება ხანმოკლე აღმოჩნდა. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ მოქმედი პირველი საბჭოთა კონსტიტუცია მხოლოდ ფორმალურად აღიარებდა ადამიანის ზოგიერთ  უფლებასა და თავისუფლებას. საბჭოთა საქართველოში, რა თქმა უნდა,  არ არსებობდა ადამიანის უფლებათა დამცველი ინსტიტუტი”.

ეს არის პირდაპირი აღიარება სახალხო დამცველის ინსტიტუტის ფასადურობისა და მოჩვენებითობისა. რა საჭიროა სახალხო დამცველის ხელოვნური ინსტიტუტის დამატება იმ სისტემისთვის, რომელში ადამიანის უფლებები კონსტიტუციითაა გარანტირებული და, შესაბამისად, სახელმწიფოც ადამიანის უფლებების დაცვის სამსახურში დგას და არაექსლოატატორული კლასის სამსახურში. სოციალისტურ სახელმწიფოში, სადაც ყველა ინსტიტუტი ისედაც ხალხის ინტერესებს იცავდა, სახალხო დამცველის ინსტიტუტის არსებობის არავითარი ობიექტური აუცილებლობა არ იდგა. იმ საზოგადოებას კი, რომლისთვისაც შრომა არ არის თავისუფალი და  კონსტიტუციით ნებადართულია წარმოების საშუალებებზე კერძო საკუთრება, აქედან გამომდინარე, დაკანონებულია ადამიანის მიერ ადამიანის ექსპლოატაცია, სჭირდება ხელოვნური ინსტიტუტი დამოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მოჩვენებითი ფასადის შესაქმნელად.

არ მინდა ვამტკიცო, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტს არანაირი კონკრეტული სიკეთის გაკეთება არ შეუძლია. იმ დროს, როდესაც მე სახალხო დამცველის ინსტიტუტის საქმიანობასა და იმ ადამიანთა ცხოვრებას ვაშუქებდი, რომელთა უფლებებიც ირღვეოდა, ბატონმა დავით სალარიძემ სახალხო დამცველის ინსტიტუტთან ერთად შეძლო სამცხე-ჯავახეთის რეგიონში უკანონოდ დაპატიმრებული  რამდენიმე ადამიანის დახსნა. ეს ძალიან გახმაურებული საქმე იყო. ასეთი კონკრეტული საკითხები  შეიძლება სხვა სახალხო დამცველებსაც გადაუწყვეტიათ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ინსტიტუტს სისტემის უსამართლობის აღმოფხვრა შეუძლია ან ყოველი ჩაგრული ადამიანისთვის დახმარების რესურსი აქვს. საბოლოოდ,  ეს ინსტიტუტიც, ისევე როგორც ყველა დანარჩენი დასავლური ინსტიტუტი, ამერიკელთა ინტერესების დამცველი და გამტარებელია, რისი ნათელი მაგალითია თუნდაც ის, რომ დღეს მოქმედი სახალხო დამცველის მთელი საქმიანობა სააკაშვილის დაცვით შემოიფარგლება. ეს გამოწვეულია იმით, რომ აშშის დღევანდელი ადმინისტრაცია მისი სრულიად ანტიქართული პოლიტიკის გამტარებლად, ამჟამინდელი ხელისუფლების ნაცვლად, სააკაშვილსა და მის ირგვლივ თავმოყრილ ოპოზიციურ დაჯგუფებას განიხილავს. ამის ნათელი მაგალითია ის ფაქტი, რომ ამერიკელებმა საქართველოს მთავრობას ვერაფრით გადაადგმევინეს ქართველი ხალხის დამღუპველი ბინძური ნაბიჯი, რომელიც  რუსეთისთვის საქართველოდან მეორე ფრონტის გახსნა იქნებოდა. გადაგვარებული ოპოზიცია კი, რამდენი ხანია, ამისკენ ღიად მოგვიწოდებს.

ასეთია სახალხო დამცველის ინსტიტუტისთვის ამერიკელების მიერ მინიჭებული ფუნქცია, მისი სახე და დანიშნულება, ამიტომ საზოგადოებრივი ინტერესი (თუკი ასეთი რამ მართლაც არსებობს) იმის მიმართ,  კონკრეტულად ვის აირჩევენ სახალხო დამცველად, სრულიად უადგილოა, რადგან არჩევანი ნებისმიერ შემთხვევევაში ამერიკის მოციქულზე გაკეთდება. ასეც რომ არ იყოს, სახალხო დამცველი ადვოკატს ჰგავს, რომელსაც დოსტოევსკი  დაქირავებულ სინდისს უწოდებდა. დაქირავებული სინდისით ცხოვრებასა და უსინდისოდ დარჩენას შორის კი, დამეთანხმებით, დიდი განსხვავება არ არის, თუმცა, ჩვენს დროში ვერც სინდისით გააკვირვებ ვინმეს და ვერც უსინდისობით, რადგან, როგორც ფრიდრიხ ნიცშე მის ერთ-ერთ მკრეხელურ განცხადებაში ამბობდა, ისეთი დრო დადგა, რომ ღმერთს, თუ თავისი უფლებამოსილების გაგრძელება სურს, ეშმაკის ადვოკატობა დასჭირდება“. ფილოსოფოსის ეს განცხადება, მისი მკრეხელური შინაარსის მიუხედავად, ეპოქის მახინჯ სულისკვეთებას ზედმიწევნით  ასახავდა.

ვალერი კვარაცხელია                                                                   

P. S. თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა სენსაციური განცხადება გააკეთა:  “მაღალი დიპლომატია გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. კანცლერმა შოლცმაც კი, რომელსაც ერთი თვის  წინათ პრეზიდენტ პუტინზე სრულიად საწინააღმდეგო შეხედულება ჰქონდა, დამოკიდებულება შეცვალა და მასთან დიალოგის აუცილებლობა  აღიარა“.

ეს ერდოღანმა პრეზიდენტ პუტინთან და კანცლერ  შოლცთან  სატელეფონო  საუბრების შემდეგ განაცხადა.

პრეზიდენტ ერდოღანის  ამ ნათქვამს გაზეთი Daily Sabah-ი ავრცელებს.

..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here