Home ახალი ამბები მსოფლიო “ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ რუსეთის უფლება, იყოს ძლიერი!”

“ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ რუსეთის უფლება, იყოს ძლიერი!”

რუსეთის პრეზიდენტმა ფედერალურ საკრებულოს მიმართა

105

(დასასრული)

ხაზგასმით აღვნიშნავ: ჩვენი მუშაობის აზრი შექმნილ პირობებთან ადაპტაციაში არ არის. სტრატეგიული ამოცანა ჩვენი ეკონომიკის ახალ საზღვრებთან მიყვანაა. ახლა ყველაფერი იცვლება და იცვლება ძალიან, ძალიან  სწრაფად. ეს არის არა მხოლოდ გამოწვევების, არამედ შესაძლებლობების დრო _  დღეს ეს ასეა და ჩვენი მომავალი ცხოვრება დამოკიდებულია იმაზე, როგორ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობებს. აუცილებელია აღმოფხვრა, _ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, _ ყოველგვარი უწყებათაშორისი წინააღმდეგობების, ფორმალობების, შეურაცხყოფის, უმოქმედობის, სხვა სისულელეების აღმოფხვრა. ყველაფერი საქმისთვის, ყველაფერი შედეგისთვის _ ყველაფერი ამისკენ უნდა იყოს მიმართული. რუსული კომპანიების, მცირე საოჯახო ბიზნესის წარმატებული სტარტი უკვე გამარჯვებაა. თანამედროვე ქარხნების გახსნა და კილომეტრიანი ახალი გზების გაყვანა გამარჯვებაა. ახალი სკოლა ან საბავშვო ბაღი _ ესეც გამარჯვებაა. სამეცნიერო აღმოჩენები და ტექნოლოგიები, რა თქმა უნდა, ასევე გამარჯვებაა. ყველას წვლილი საერთო წარმატებაში _ აი რა არის მნიშვნელოვანი. რა მიმართულებით უნდა იყოს ორიენტირებული სახელმწიფოს, რეგიონების, შიგა ბიზნესის პარტნიორული მუშაობა?

პირველი. ჩვენ გავაფართოვებთ პერსპექტიულ საგარეო ეკონომიკურ კავშირებს და ავაგებთ ახალ ლოჯისტიკურ დერეფნებს. უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, მოსკოვიყაზანის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაგრძელების შესახებ ეკატერინბურგამდე, ჩელიაბინსკამდე და ტიუმენამდე, ხოლო სამომავლოდ _ ირკუტსკსა და ვლადივოსტოკამდე ყაზახეთთან, მონღოლეთსა და ჩინეთთან მისასვლელად, რაც, სხვა საკითხებთან ერთად, მნიშვნელოვნად გააფართოებს ჩვენს ეკონომიკურ კავშირებს სამხრეთაღმოსავლეთ აზიის ბაზრებთან. ჩვენ განვავითარებთ შავი და აზოვის ზღვების პორტებს. განსაკუთრებულ ყურადღებას მივაპყრობთ ჩრდილოეთი-სამხრეთის საერთაშორისო დერეფანს. უკვე წელს ვოლგა-კასპიის არხზე გავლას შეძლებენ გემები, რომლებსაც, სულ ცოტა, 4,5-მეტრიანი ჯდომა აქვთ. ეს გახსნის ახალ მარშრუტებს ბიზნესთანამშრომლობისთვის ინდოეთთან, ირანთან, პაკისტანსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან. ჩვენ განვაგრძობთ ამ დერეფნის განვითარებას. ჩვენს გეგმებში შედის რკინიგზის აღმოსავლეთის მიმართულების დაჩქარებული მოდერნიზაცია, ტრანსციმბირის რკინიგზის, ბაიკალამურისა და ჩრდილოეთის ზღვის მარშრუტების შესაძლებლობების გაფართოება. ეს არის არა მხოლოდ დამატებითი ტვირთების გადაზიდვა, არამედ ეროვნული პრობლემების გადაჭრის საფუძველი ციმბირის, არქტიკისა და შორეული აღმოსავლეთის განვითარების მიზნით. მძლავრ იმპულსს მიიღებს რეგიონების ინფრასტრუქტურა, მათ შორის კავშირგაბმულობა, ტელეკომუნიკაციები, საგზაო ქსელი. უკვე 2024 წელს ქვეყნის უმსხვილეს აგლომერაციებში გზების, სულ ცოტა, 85 პროცენტს, ასევე რეგიონული და მუნიციპალური მნიშვნელობის გზების ნახევარზე მეტს ნორმატიულ მდგომარეობამდე მივიყვანთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას გავაკეთებთ.

განვაგრძობთ უფასო გაზიფიკაციის პროგრამას. უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, გავავრცელოთ ის სოციალურ დაწესებულებებზე _ საბავშვო ბაღებსა და სკოლებზე, კლინიკებზე, საავადმყოფოებზე, სამეანო პუნქტებზე. მოქალაქეებისთვის კი ასეთი პროგრამა ახლა უწყვეტ რეჟიმში იმუშავებს: მათ ყოველთვის შეეძლებათ, განაცხადონ, რომ სურთ გაზმომარაგების ქსელთან მიერთება. ამ წლიდან იწყება საბინაო და კომუნალური მეურნეობის მშენებლობისა და შეკეთების დიდი პროგრამა. ათი წლის განმავლობაში ამ სფეროში, სულ ცოტა, 4,5 ტრილიონი რუბლის ინვესტიცია იგეგმება. ჩვენ ვიცით, რა მნიშვნელოვანია ეს მოქალაქეებისთვის, როგორი მიშვებულია ეს სფერო _ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ და ამას გავაკეთებთ. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამამ დაუყოვნებლივ აიღოს ძლიერი სტარტი, ამიტომ ვთხოვ მთავრობას, უზრუნველყოს მისი სტაბილური დაფინანსება.

მეორე. ჩვენ მოგვიწევს რუსეთის ეკონომიკის ტექნოლოგიური შესაძლებლობების მნიშვნელოვნად გაფართოება და სამამულო ინდუსტრიის შესაძლებლობების ზრდის უზრუნველყოფა. ამოქმედდა სამრეწველო იპოთეკის ინსტრუმენტი და ახლა უკვე შესაძლებელი იქნება შეღავათიანი სესხის აღება არა მხოლოდ საწარმოო ობიექტების შესაძენად, არამედ მათი მშენებლობისა თუ მოდერნიზაციისთვის. ასეთი სესხის ოდენობა არაერთხელ იყო განხილული და სურდათ მისი გაზრდა. სოლიდური თანხა, როგორც პირველი ნაბიჯი, ძალიან კარგია: ასეთი სესხის ოდენობა 500 მილიონ რუბლამდეა. ის ხელმისაწვდომია სამი ან ხუთი პროცენტით შვიდი წლის ვადით. ვფიქრობ, ძალიან კარგი პროგრამაა და უნდა გამოვიყენოთ. მიმდინარე წლიდან ამოქმედდა სამრეწველო კლასტერების მუშაობის ახალი რეჟიმი, რომლებშიც რეზიდენტ კომპანიებზე ფისკალური და ადმინისტრაციული ტვირთი შემცირდა და მოთხოვნა მათ ინოვაციურ პროდუქტებზე, რომლებიც შემოდის ბაზარზე, მხარდაჭერილია გრძელვადიანი შეკვეთებითა და სახელმწიფო სუბსიდიებით. ექსპერტთა შეფასებით, ამ ზომებმა უნდა უზრუნველყოს მოთხოვნილ ათ ტრილიონ რუბლზე მეტი ოდენობის პროექტების განხორციელება 2030 წლისთვის და უკვე წელს მოსალოდნელი ინვესტიციების მოცულობა შეიძლება იყოს დაახლოებით ორი ტრილიონი. ეს არ არის მხოლოდ პროგნოზები, არამედ დადგენილი ორიენტირებია, ამიტომ ვთხოვ მთავრობას, მაქსიმალურად დააჩქაროს ამ პროექტების დაწყება, ხელი შეუწყოს ბიზნესს და შესთავაზოს სისტემური მხარდაჭერის ღონისძიებები, მათ შორის _ საგადასახადო შეღავათები. ვიცი, როგორ არ უყვარს ფინანსურ ბლოკს შეღავათების გაცემა და ნაწილობრივ ვიზიარებ ასეთ პოზიციას: საგადასახადო სისტემა უნდა იყოს ინტეგრალური, ყოველგვარი ნიშების, გამონაკლისის გარეშე, მაგრამ ამ შემთხვევაში ვითარება კრეატიულ მიდგომას მოითხოვს. ამრიგად, ამ წლიდან რუსულ კომპანიებს შეუძლიათ, შეამცირონ მოგების გადასახადის გადახდა, თუ ისინი შეიძენენ მოწინავე სამამულო  Iთ გადაწყვეტილებებსა და პროდუქტებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. თანაც, ეს ხარჯები გათვალისწინებულია მომატებული კოეფიციენტით, ფაქტობრივ ხარჯებზე ერთნახევარჯერ მეტით. მე ვთავაზობ, ეს საგადასახადო შეღავათი გავრცელდეს, საზოგადოდ, რუსული მაღალტექნოლოგიური მოწყობილობის შეძენაზე. ვთხოვ მთავრობას, წარმოადგინოს წინადადებები ასეთი მოწყობილობების ჩამონათვალზე დარგების მიხედვით, რომელშიც ის გამოიყენება, და შეღავათების მინიჭების პროცედურაზე. ეს არის კარგი გადაწყვეტილება, რომელიც გამოაცოცხლებს ეკონომიკას.

მესამე. ეკონომიკური ზრდის განვითარების დღის წესრიგში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ინვესტიციების დაფინანსების ახალი წყაროები, ამაზეც ბევრს ვსაუბრობთ. ძლიერი საგადასახადო  ბალანსის წყალობით, რუსეთს არ სჭირდება საზღვარგარეთ სესხის აღება, ქედის მოხრა, ფულის თხოვნა და შემდეგ ხანგრძლივი დიალოგი იმაზე, რა, რამდენი და რა პირობებში დააბრუნოს. სამამულო ბანკები მუშაობენ სტაბილურად და მდგრადად, მათ აქვთ სიმტკიცის სოლიდური მარაგი. 2022 წელს გაიზარდა საბანკო კრედიტების მოცულობა კორპორაციულ სექტორში, ხვდებით, გაიზარდა. ამის შესახებ დიდი შიში იყო, მაგრამ ზრდა აღირიცხა და 14 პროცენტი შეადგინა, იმაზე მეტი, რაც იყო 2021 წელს. იპოთეკური პორტფელიც 20,4 პროცენტით გაიზარდა. მიმდინარეობს განვითარება. გასული წლის შედეგების მიხედვით საბანკო სექტორი მოგებაზე მუშაობდა. დიახ, მოგება არ არის ისეთი დიდი, როგორიც წინა წლებში იყო, მაგრამ საკმაოდ გვარიანია: მოგება _ 203 მლრდ რუბლი. ეს რუსეთის ფინანსური სექტორის სტაბილურობის მაჩვენებელიცაა. ექსპერტთა შეფასებით, უკვე მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ინფლაცია რუსეთში მიზნობრივ დონეს მიუახლოვდება _ ოთხ პროცენტს. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში უკვე 12, 17, 20 პროცენტია, გვაქვს ოთხი თუ  ხუთი _ ამას ცენტრალური ბანკი და  ფინანსთა სამინისტრო ერთმანეთში გაარკვევენ, მაგრამ მიზნობრივ მაჩვენებელთან უფრო ახლოს იქნება. ამ და სხვა მაკროეკონომიკური პარამეტრების დადებითი დინამიკის გათვალისწინებით ყალიბდება ობიექტური პირობები ეკონომიკაში გრძელვადიანი დაკრედიტების განაკვეთების შესამცირებლად, რაც ნიშნავს იმას, რომ რეალური სექტორისთვის კრედიტი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი იქნება. მსოფლიოში ყველგან მოქალაქეების გრძელვადიანი დანაზოგი საინვესტიციო რესურსების მნიშვნელოვანი წყაროა და ჩვენც სტიმული უნდა  მივცეთ მათ შემოდინებას საინვესტიციო სექტორში. ვთხოვ მთავრობას, დააჩქაროს სახელმწიფო სათათბიროში კანონპროექტების წარდგენა, რათა შესაბამისი სახელმწიფო პროგრამა მიმდინარე წლის აპრილიდან ამოქმედდეს. მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს შევუქმნათ დამატებითი პირობები ინვესტიციებისა და შემოსავლის მისაღებად სახლში, ქვეყნის შიგნით. ამასთანავე, აუცილებელია მოქალაქეთა ინვესტიციების დაცვის გარანტია ნებაყოფლობით საპენსიო დანაზოგში. აქ უნდა არსებობდეს ისეთივე მექანიზმი, როგორიც საბანკო შენატანების სადაზღვევო სისტემაშია. შეგახსენებთ, რომ მოქალაქეების ასეთი შენატანები მილიონ 400 ათას რუბლამდე ოდენობით დაზღვეულია სახელმწიფოს მიერ და მათი დაბრუნება გარანტირებულია. ნებაყოფლობითი საპენსიო დანაზოგისთვის მე გთავაზობთ ორმაგი თანხის დაწესებას _ ორ მილიონ 800 ათას რუბლამდე. აგრეთვე, აუცილებელია მოქალაქეთა შენატანების დაცვა სხვა გრძელვადიან საინვესტიციო ინსტრუმენტებში, მათ შორის ფინანსური შუამავლების შესაძლო გაკოტრებისგან დაცვა. ცალკეული გადაწყვეტილებებია საჭირო სწრაფად მზარდი და მაღალტექნოლოგიური ბიზნესებისთვის კაპიტალის მოსაზიდად. მათ ექნებათ მხარდაჭერა შიდა საფონდო ბაზარზე აქციების განსათავსებლად, საგადასახადო შეღავათების ჩათვლით როგორც კომპანიებისთვის, ისე ასეთი აქციების მყიდველებისთვის. ეკონომიკური სუვერენიტეტის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი მეწარმეობის თავისუფლებაა. ვიმეორებ: რუსეთის შეკავების გარე მცდელობების ფონზე კერძო ბიზნესმა დაამტკიცა, რომ შეუძლია სწრაფად ცვალებად კონიუნქტურასთან ადაპტაცია და რთულ პირობებში ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა. თითოეულმა საქმიანმა ინიციატივამ, რომელსაც შეუძლია სარგებელი მოუტანოს ქვეყანას, მხარდაჭერა უნდა მიიღოს, ამიტომ მართებულად მიმაჩნია, დავუბრუნდეთ სისხლის სამართლის რიგი ნორმების გადახედვის საკითხს ე.წ. ეკონომიკური სამართალდარღვევების კუთხით. რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა გააკონტროლოს ის, რაც ამ სფეროში ხდება. აქ შეუზღუდავი თავისუფლების დაშვება არ შეიძლება, მაგრამ ძალიან სიმკაცრეც არ არის საჭირო. საჭიროა უფრო აქტიური სვლა ამ დეკრიმინალიზაციისკენ, რომელზეც ვილაპარაკე. ვიმედოვნებ, რომ მთავრობა პარლამენტთან, სამართალდამცავ ორგანოებსა და ბიზნესასოციაციებთან ერთად, თანმიმდევრულად და საფუძვლიანად შეასრულებს ამ სამუშაოს. ამასთანავე, ვთხოვ მთავრობას, პარლამენტთან მჭიდრო კავშირში შემოგვთავაზოს დამატებითი ზომები, რომლებიც დააჩქარებს ეკონომიკის დეოფშორიზაციის პროცესს. ბიზნესი, უწინარესად, ძირითად სექტორებსა და დარგებში უნდა მოქმედებდეს რუსეთის იურისდიქციაში _ ეს არის ძირითადი პრინციპი. და აქ მცირე ფილოსოფიური გადახვევა _ რისი თქმა მინდოდა ცალკე? ჩვენ გვახსოვს, რა პრობლემებსა და დისბალანსებს შეეჯახა გვიანი საბჭოთა ეკონომიკა, ამიტომ საბჭოთა კავშირის, მისი გეგმური სისტემის დაშლის შემდეგ, 90-იანი წლების ქაოსში, ქვეყანამ დაიწყო საბაზრო ურთიერთობებზე, კერძო საკუთრებაზე დამყარებული ეკონომიკის შექმნა _ საზოგადოდ, ყველაფერი სწორია. მრავალი თვალსაზრისით, დასავლეთის ქვეყნები აქ სამაგალითო იყო, _ მრჩევლები, როგორც მოგეხსენებათ, აქ უამრავი იყო, _ და ჩანდა, თითქოს საკმარისი იქნებოდა მათი მოდელების გადმოღება. მართალია, ჯერ კიდევ კამათობდნენ ერთმანეთში, ეს მახსოვს: ევროპელები ამერიკელებს ეკამათებოდნენ, როგორ უნდა განვითარებულიყო რუსეთის ეკონომიკა. და რა მოხდა შედეგად? ჩვენი ეროვნული ეკონომიკა დიდწილად ორიენტირებული გახდა კონკრეტულად დასავლეთზე, უწინარესად, როგორც ნედლეულის წყარო. ნიუანსები, რა თქმა უნდა, განსხვავებული იყო, მაგრამ, ზოგადად, როგორც ნედლეულის წყარო. ამის მიზეზებიც გასაგებია: ახალი, ჩამოყალიბების სტადიაში მყოფი რუსული ბიზნესი, ისევე როგორც ყველა ბიზნესი სხვა ქვეყნებში, უწინარესად, მიზნად ისახავდა მოგების მიღებას და თანაც სწრაფად და მარტივად. რა მოუტანა ამან მას? გაყიდვა რესურსების: ნავთობის, ბუნებრივი აირის, ლითონების, ხეტყის. ცოტა ადამიანი თუ ფიქრობდა და, ალბათ, დიდი ხნის განმავლობაში არც არსებობდა ხანგრძლივ პროექტებში ინვესტიციების ჩადების შესაძლებლობა, ამიტომ ეკონომიკის სხვა, უფრო რთული სექტორები ცუდად განვითარდა. და ამ ნეგატიური ტენდენციის აღმოსაფხვრელად, _ ეს ყველამ მშვენივრად დაინახა ყველა მთავრობაში, _ დაგვჭირდა წლები, საგადასახადო სისტემის მოწესრიგება და ფართომასშტაბიანი სახელმწიფო ინვესტიციები. ჩვენ აქ მივაღწიეთ რეალურ, თვალსაჩინო ცვლილებას. დიახ, არის შედეგი, მაგრამ ვიმეორებ: უნდა გავითვალისწინოთ, როგორ პირობებში ვითარდებოდა ჩვენი, პირველ რიგში, მსხვილი ბიზნესი; ტექნოლოგიები _ დასავლეთში, იაფი ფინანსური წყაროები და გასაღების მომგებიანი ბაზრები _ დასავლეთში, რა თქმა უნდა, კაპიტალმაც იქ დაიწყო გადინება. სამწუხაროდ, იმის ნაცვლად, რომ აქ, რუსეთში, დაეწყოთ წარმოების გაფართოება, ტექნიკისა და ტექნოლოგიების შეძენა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ფულს ხარჯავდნენ უცხოეთში მამულების, იახტებისა და ელიტური უძრავი ქონების შესაძენად. დიახ, შემდეგ დაიწყეს განვითარებაში თანხების ჩადება, მაგრამ პირველ ეტაპზე ყველაფერი ფართო ნაკადით წავიდა ამ მიზანზე _ მოხმარებაზე. და, სადაც არის სიმდიდრე, იქ, რა თქმა უნდა, არიან ბავშვები, მათი განათლება, მათი ცხოვრება, მათი მომავალი. სახელმწიფოსთვის კი ძალიან რთული იყო ვითარების ასეთი განვითარებისთვის თვალყურის დევნება, თავიდან აცილება კი _ თითქმის შეუძლებელი, ვცხოვრობდით თავისუფალი ბაზრის პარადიგმაში. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა დამაჯერებლად აჩვენა, რომ დასავლეთის, როგორც წყნარი სავანის, კაპიტალის თავშესაფრის იმიჯი მოჩვენებაა, სიყალბე. და მან, ვინც ამას  დროულად ვერ მიხვდა, ვინც რუსეთს მხოლოდ შემოსავლის წყაროდ თვლიდა და, ძირითადად, საზღვარგარეთ ცხოვრებას გეგმავდა, ბევრი დაკარგა: იქ, უბრალოდ, გაძარცვეს, კანონიერად ნაშოვნი ფულიც კი წაართვეს. ერთხელ როგორღაც ხუმრობით (ალბათ, ბევრს ახსოვს) რუსული ბიზნესის წარმომადგენლებს მივმართე, ვთქვი: თქვენი ფულის გადასარჩენად დაიტანჯებით მტვრის ყლაპვით დასავლელი მაღალჩინოსნების ოფისებსა და სასამართლოებში სირბილის დროს-მეთქი. ზუსტად ასე მოხდა ყველაფერი. იცით, ახლა ვიტყვი ძალიან მნიშვნელოვან, მარტივ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან რამეს: მერწმუნეთ, ქვეყნის არც ერთ რიგით  მოქალაქეს არ შეებრალა ისინი, ვინც კაპიტალი დაკარგა უცხოურ ბანკებში; არ შეიბრალა ისინი, ვინც დაკარგა იახტები, სასახლეები საზღვარგარეთ და .. და სამზარეულოში საუბრისას ხალხმა, ალბათ, გაიხსენა, როგორც 90-იანი წლების პრივატიზაცია, როცა მთელი ქვეყნის მიერ შექმნილი საწარმოები ზოგიერთმა თითქმის უფასოდ ჩაიგდო ხელში და ე.წ. ახალი ელიტების საჩვენებელი, დემონსტრაციული ფუფუნებაც. კიდევ რა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი? საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წლებში დასავლეთს არ შეუწყვეტია მცდელობები, ცეცხლი წაეკიდებინა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებისთვის და, რაც მთავარია, საბოლოოდ გაენადგურებინა რუსეთი, როგორც ჩვენი ისტორიული სახელმწიფო სივრცის უდიდესი ნაწილი. მათ წააქეზეს საერთაშორისო ტერორისტები ჩვენ წინააღმდეგ, შეძლეს რეგიონული კონფლიქტების პროვოცირება ჩვენი საზღვრების პერიმეტრზე, უგულებელყვეს ჩვენი ინტერესები და გამოიყენეს ეკონომიკური შეკავებისა და ჩახშობის საშუალებები. და მსხვილი რუსული ბიზნესი (რატომ ვამბობ ამ ყველაფერს) პასუხისმგებელია სტრატეგიული საწარმოების მუშაობაზე, მრავალათასიან შრომით კოლექტივებზე და განსაზღვრავს სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას ბევრ რეგიონში. როდესაც ასეთი ხელმძღვანელები და მესაკუთრეები დამოკიდებულნი ხდებიან მთავრობებზე, რომლებიც რუსეთის მიმართ არამეგობრულ პოლიტიკას ატარებენ, ეს დიდ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენთვის,  ჩვენი ქვეყნისთვის. ასეთი მდგომარეობის მოთმენა არ შეიძლება. დიახ, ყველას აქვს არჩევანის შესაძლებლობა: ვიღაც მოისურვებს, მთელი ცხოვრება გაატაროს დაპატიმრებულ სასახლეში დაბლოკილი ანგარიშებით; შეეცდება, იპოვოს ადგილი, როგორც ჩანს, მიმზიდველ დასავლურ დედაქალაქში ან კურორტზე, თბილ ადგილას საზღვარგარეთ. ეს არის ნებისმიერი ადამიანის უფლება, ჩვენ არც კი ვცდილობთ ამის შეჩერებას, მაგრამ დროა, გავიგოთ, რომ დასავლეთისთვის ასეთი ადამიანები იყვნენ და დარჩებიან მეორეხარისხოვან უცხოელებად, რომლებსაც შეუძლიათ, გაუკეთონ ის, რასაც მოისურვებენ, და ფული, კავშირები, გრაფების, პერების, მერების ნაყიდი ტიტულები ვერაფერში დაეხმარებათ. მათ უნდა გაიგონ: იქ ისინი მეორეხარიხოვანნი იქნებიან, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი არჩევანი: იყო სამშობლოსთან ერთად, იმუშაო თანამემამულეებისთვის, არა მხოლოდ გახსნა ახალი საწარმოები, არამედ შეცვალო ცხოვრება თქვენ გარშემო _ ქალაქებში, დასახლებებში, საკუთარ ქვეყანაში. და ჩვენ გვყავს ბევრი ასეთი მეწარმე, ასეთი ნამდვილი მებრძოლი ბიზნესში. სწორედ მათზეა დამოკიდებული სამამულო ბიზნესის მომავალი. ყველამ უნდა გაიგოს: კეთილდღეობის წყაროც და მომავალიც უნდა იყოს მხოლოდ აქ, მშობლიურ ქვეყანაში _ რუსეთში.  და ასეთ შემთხვევაში ჩვენ ნამდვილად შევქმნით მტკიცე, თვითკმარ ეკონომიკას, რომელიც კი არ ჩაიკეტება მსოფლიოსთვის, არამედ გამოიყენებს თავის ყველა კონკურენტულ უპირატესობას. რუსული კაპიტალი, აქ გამომუშავებული ფული უნდა მუშაობდეს ქვეყნისთვის, მისი ეროვნული განვითარებისთვის. დღეს ჩვენ გვაქვს ინფრასტრუქტურის, გადამამუშავებელი მრეწველობის, შიდა ტურიზმისა და მრავალი სხვა დარგის განვითარების დიდი პერსპექტივები. მინდა, მომისმინონ მათაც, ვინც წააწყდა დასავლეთის მგლურ ჩვევებს: უაზრობაა და, რაც მთავარია, უსარგებლოა გაწვდილი ხელით სირბილი, თავის დამცირება, ფულის მათხოვრობა, განსაკუთრებით ახლა, როცა კარგად ხვდები, ვისთან გაქვს საქმე. უნდა გარდაქმნათ თქვენი ცხოვრება და თქვენი სამუშაო, მით უმეტეს, რომ თქვენ ხართ ძლიერი ადამიანები _   მივმართავ ჩვენი ბიზნესის წარმომადგენლებს, ბევრს ვიცნობ პირადად, მრავალი წელია _ მათ რთული ცხოვრებისეული სკოლა გაიარეს.  წამოიწყეთ ახალი პროექტები, გამოიმუშავეთ ფული, დააბანდეთ თანხები  რუსეთში, ჩადეთ ინვესტიციები საწარმოებსა და სამუშაო ადგილებში, დაეხმარეთ სკოლებსა და უნივერსიტეტებს, მეცნიერებასა და ჯანდაცვას, კულტურასა და სპორტს. ასე გაზრდით თქვენს კაპიტალს და დაიმსახურებთ აღიარებას, მადლიერებას ხალხისგან, სახელმწიფო და საზოგადოება კი აუცილებლად დაგიჭერთ მხარს. ჩავთვლით, რომ ეს არის ჩვენი ბიზნესისთვის გზის დალოცვა ჩვენი ბიზნესისთვის _ ავაწყოთ საქმიანობა სწორი მიმართულებით. რუსეთი ღია ქვეყანაა და, ამასთანავე, თვითმყოფადი ცივილიზაცია. ამ მტკიცებაში არ არის პრეტენზია ექსკლუზიურობასა და უპირატესობაზე, მაგრამ ეს ცივილიზაცია ჩვენია _ ეს არის მთავარი. ის ჩვენ გადმოგვცეს წინაპრებმა, ჩვენ კი უნდა შევინარჩუნოთ შთამომავლებისთვის და მათ გადავცეთ. ჩვენ განვავითარებთ თანამშრომლობას მეგობრებთან, ყველასთან, ვინც მზად არის, ერთობლივად მუშაობისთვის, გადმოვიღებთ ყველაფერ საუკეთესოს, მაგრამ, უწინარესად, დავეყრდნობით ჩვენს პოტენციალს, რუსი საზოგადოების შემოქმედებით ენერგიას, ტრადიციებსა და ღირებულებებს. და აქვე მინდა ვთქვა ჩვენი ხალხის ხასიათზე: ის ყოველთვის გამოირჩეოდა გულუხვობით, სულიერებით, მოწყალებითა და თანაგრძნობით, და რუსეთი, როგორც ქვეყანა, სრულად ასახავს ამ თვისებებს. ჩვენ ვიცით მეგობრობა, როგორ შევასრულოთ მიცემული პირობა, არავის ვუღალატებთ და რთულ ვითარებაში ყოველთვის მხარს დავუჭერთ, ყოველთვის უყოყმანოდ ვეხმარებით მას, ვისაც უჭირს. ყველას ახსოვს, როგორ გავუწიეთ პანდემიის დროს, ფაქტობრივად, პირველი მხარდაჭერა ევროპის ზოგიერთ ქვეყანას, მათ შორის იტალიას, სხვა სახელმწიფოებს, კოვიდის აფეთქების ყველაზე რთულ კვირებში. არ დაგვავიწყდეს, როგორ წავედით დასახმარებლად სირიაში, თურქეთში მიწისძვრის შემთხვევაში. სახელდობრ, რუსი ხალხია ქვეყნის სუვერენიტეტის საფუძველი, ძალაუფლების წყარო. ჩვენი მოქალაქეების უფლებები და თავისუფლებები ხელშეუხებელია, ისინი გარანტირებულია კონსტიტუციით და, მიუხედავად საგარეო გამოწვევებისა და საფრთხეებისა, ჩვენ მათზე უარს არ ვიტყვით. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ როგორც ადგილობრივი, ისე რეგიონული ხელისუფლების არჩევნები მიმდინარე წლის სექტემბერში, აგრეთვე, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება კანონის შესაბამისად, ყველა დემოკრატიული, კონსტიტუციური პროცედურის დაცვით. არჩევნები ყოველთვის განსხვავებული მიდგომაა სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარების საქმეში. ამასთანავე, წამყვანი პოლიტიკური ძალები კონსოლიდირებული და ერთსულოვანნი არიან უმთავრესში და, რაც მთავარია, ყველა ჩვენგანისთვის ფუნდამენტური საკითხები არის ხალხის უსაფრთხოება და კეთილდღეობა, სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესები. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ასეთი საპასუხისმგებლო, მტკიცე პოზიციისთვის და გავიხსენო პატრიოტისა და სახელმწიფო მოღვაწის, პეტრე სტოლიპინის, სიტყვები, რომლებიც ასზე მეტი წლის წინათ წარმოთქვა სახელმწიფო სათათბიროში, მაგრამ ისინი სრულად შეესაბამება ჩვენს დროს. მან თქვა: რუსეთის დაცვის საკითხში ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთ, კოორდინაცია გავუწიოთ ჩვენს ძალისხმევას, მოვალეობებსა და უფლებებს, რათა შევინარჩუნოთ ერთი ისტორიული უზენაესი უფლება _ რუსეთის უფლება, იყოს ძლიერი“. მოხალისეებს შორის, რომლებიც ახლა წინა ხაზზე იმყოფებიან, არიან სახელმწიფო სათათბიროსა და რეგიონული პარლამენტების დეპუტატებიც, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა დონის ორგანოების, მუნიციპალიტეტების, ქალაქების, რაიონების, სოფლის დასახლებების წარმომადგენლები, ყველა საპარლამენტო პარტია, წამყვანი საზოგადოებრივი გაერთიანებები მონაწილეობენ ჰუმანიტარული ტვირთების შეგროვებაში და ეხმარებიან ფრონტს. მადლობა მათ ასეთი პატრიოტული პოზიციისთვის. სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაში, ყოველდღიური პრობლემების გადაჭრაში უზარმაზარ როლს ასრულებს ადგილობრივი თვითმმართველობა _ ხალხთან ყველაზე ახლოს მყოფი საჯარო ხელისუფლების დონე. მის მუშაობაზე დიდწილად არის  დამოკიდებული მთლიანად სახელმწიფოსადმი ნდობა, მოქალაქეების სოციალური კეთილდღეობა, ნდობა მთელი ქვეყნის წარმატებული განვითარების მიმართ. ვთხოვ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, მთავრობასთან ერთად წარმოადგინოს წინადადებები საუკეთესო მენეჯმენტის გუნდების პირდაპირი მხარდაჭერის ინსტრუმენტების შესაქმნელად დიდ, საშუალო და მცირე მუნიციპალიტეტებში. საზოგადოების თავისუფალი განვითარება _ ეს არის მზადყოფნა, აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავსა და ახლობლებზე, საკუთარ ქვეყანაზე. ასეთი თვისებები ყალიბდება ბავშვობიდან ოჯახში. და, რა თქმა უნდა, განათლების სისტემა და ეროვნული კულტურა უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი საერთო ღირებულებებისა და ეროვნული იდენტობის განსამტკიცებლად.

პრეზიდენტის გრანტების ფონდის, კულტურული ინიციატივების ფონდის, ინტერნეტის განვითარების ინსტიტუტისა და სხვა ინსტრუმენტების რესურსების გამოყენებით სახელმწიფო ხელს შეუწყობს ყველა სახის შემოქმედებით კვლევას _ თანამედროვე და ტრადიციულ ხელოვნებას, რეალიზმსა და ავანგარდს, კლასიკასა და ინოვაციას. საქმე არ არის  ჟანრებსა და მიმართულებებში. კულტურა მოწოდებულია, ემსახუროს სიკეთეს, სილამაზეს, ჰარმონიას, დაფიქრდეს ცხოვრების ხანდახან ძალიან რთულ, საკამათო საკითხებზე და, რაც მთავარია, საზოგადოება კი არ დაანგრიოს, არამედ გააღვიძოს საუკეთესო ადამიანური თვისებები. კულტურის სფეროს განვითარება გახდება ერთ-ერთი პრიორიტეტი დონბასსა და ნოვოროსიაში მშვიდობიანი ცხოვრების ასაღორძინებლად. აქ საჭირო იქნება ასობით კულტურული დაწესებულების აღდგენა, შეკეთება და აღჭურვა, მათ შორის სამუზეუმო ფონდებისა და შენობების, რაც ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას, იგრძნონ ურთიერთკავშირი წარსულსა და აწმყოს შორის, დააკავშირონ ის მომავალთან, იგრძნონ მრავალსაუკუნოვანი, დიადი რუსეთის ერთიანი კულტურული, ისტორიული, საგანმანათლებლო სივრცის კუთვნილება.  მასწავლებლების, მეცნიერების, სპეციალისტების მონაწილეობით სერიოზულად უნდა გავაუმჯობესოთ სასკოლო და საუნივერსიტეტო სასწავლო კურსების ხარისხი, უწინარესად, ჰუმანიტარულ მეცნიერებებში _ ისტორიაში, საზოგადოებათმცოდნეობაში, ლიტერატურაში, გეოგრაფიაში _ რათა ახალგაზრდებმა რაც შეიძლება მეტი გაიგონ რუსეთის, მისი დიადი წარსულის, კულტურისა და ტრადიციების შესახებ. ჩვენ გვყავს ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა თაობა, რომელიც მზად არის, იმუშაოს ქვეყნის სასიკეთოდ მეცნიერებაში, კულტურაში, სოციალურ სფეროში, ბიზნესსა და საჯარო ადმინისტრირებაში. სწორედ ასეთი ადამიანების პროფესიულ ზრდას უხსნის ახალ ჰორიზონტებს კონკურსი “რუსეთის ლიდერები”, ისევე როგორც კონკურსი “აღორძინების ლიდერები”, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს ფედერაციის ახალ რეგიონებში. მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროექტების არაერთი გამარჯვებული და ფინალისტი მოხალისედ წავიდა სამხედრო ნაწილებში, ამჟამად ბევრი მათგანი მუშაობს გათავისუფლებულ ტერიტორიებზე, ეხმარებიან ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების მოწესრიგებაში, მოქმედებენ პროფესიონალურად და გაბედულად. საერთოდ, საომარი მოქმედებების სკოლას ვერაფერი შეცვლის. იქიდან ადამიანები სხვანაირები გამოდიან და მზად არიან, სამშობლოსთვის სიცოცხლე გაწირონ, სადაც უნდა მუშაობდნენ. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სწორედ ისინი, ვინც დაიბადნენ და გაიზარდნენ დონბასსა და ნოვოროსიაში, იბრძოდნენ მათთვის, იქნებიან მთავარი საყრდენი, უნდა იყვნენ მთავარი საყრდენი ამ რეგიონების განვითარების საერთო საქმეში. მინდა, მივმართო მათ და ვუთხრა: რუსეთს თქვენი იმედი აქვს. ქვეყნის წინაშე მდგარი ფართომასშტაბიანი ამოცანების გათვალისწინებით, სერიოზულად უნდა განვაახლოთ ჩვენი მიდგომები კადრების მომზადების სისტემის, სამეცნიეროტექნოლოგიური პოლიტიკის მიმართ. მეცნიერებისა და განათლების ბოლო საბჭოზე ვისაუბრეთ პრიორიტეტების მკაფიოდ განსაზღვრის აუცილებლობაზე, რესურსების კონცენტრირებაზე კონკრეტული, პრინციპულად მნიშვნელოვანი სამეცნიერო შედეგების მიღების მიზნით, უწინარესად, იმ სფეროებში, რომლებშიც გვაქვს კარგი საფუძველი და რომლებსაც კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ქვეყნის სიცოცხლისთვის. მათ შორისაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, საბინაო და კომუნალური მომსახურების სისტემა, მედიცინა, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა. ახალი ტექნოლოგიების საფუძველში თითქმის ყოველთვის იდო ფუნდამენტური კვლევები, წარსულში ჩატარებული ფუნდამენტური კვლევები და ამ სფეროში, ისევე როგორც კულტურაში, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მეცნიერებსა და მკვლევარებს მეტი თავისუფლება უნდა მივცეთ შემოქმედებისთვის. არ შეიძლება, ყველა გადავიყვანოთ ხვალინდელი შედეგების პროკრუსტეს სარეცელზე. ფუნდამენტური მეცნიერება თავისი კანონებით ცხოვრობს.  და დავძენ, რომ ამბიციური ამოცანების დასახვა და გადაწყვეტა არის ძლიერი სტიმული ახალგაზრდებისთვის, წავიდნენ მეცნიერებაში; შესაძლებლობაა, დაამტკიცო, რომ ლიდერი ხარ, რომ საუკეთესო ხარ მსოფლიოში. და ჩვენს სამეცნიერო გუნდებს ბევრი რამ აქვთ საამაყო. გასული წლის დეკემბერში შევხვდი ახალგაზრდა მკვლევარებს. მათ მიერ წამოჭრილი ერთ-ერთი საკითხი იყო საცხოვრებელი. პროზა ასეთია, მაგრამ მნიშვნელოვანი. ახალგაზრდა მეცნიერებისთვის უკვე გვაქვს საცხოვრებლის სერთიფიკატები. გასულ წელს ამ მიზნებისთვის დამატებით ერთი მილიარდი რუბლი გამოიყო. მთავრობას ვავალებ, განსაზღვროს რეზერვები ამ პროგრამის გასაფართოებლად. ბოლო წლებში საგრძნობლად მოიმატა საშუალო პროფესიული განათლების პრესტიჟმა და ავტორიტეტმა. ტექნიკუმებისა და კოლეჯების კურსდამთავრებულებზე მოთხოვნა კოლოსალურია. ხედავთ, თუ ჩვენთან უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმამდე, 3,7 პროცენტამდე, დაეცა, ეს ნიშნავს, რომ ხალხი მუშაობს და ახალი კადრებია საჭირო. მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვნად უნდა გავაფართოვოთ პროექტი „პროფესიონალიტეტი“, რომლის ფარგლებშიც იქმნება საგანმანათლებლო და საწარმოო კლასტერები, ახლდება საგანმანათლებლო ბაზა და საწარმოები და დამსაქმებლები კოლეჯებსა და ტექნიკუმებთან მჭიდრო კავშირში აყალიბებენ საგანმანათლებლო პროგრამებს ეკონომიკის საჭიროებებიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, ამ სფეროში მოვიდნენ რეალურ, კომპლექსურ წარმოებაში მუშაობის გამოცდილების მქონე დამრიგებლები. ამოცანა კონკრეტულია _ მომდევნო 5 წლის განმავლობაში მომზადდეს დაახლოებით მილიონი სპეციალისტი ელექტრონული მრეწველობისთვის, რობოტოტექნიკის ინდუსტრიისთვის, მანქანათმშენებლობისთვის, მეტალურგიისთვის, ფარმაცევტიკისთვის, სოფლის მეურნეობისა და თავდაცვის მრეწველობის, სამშენებლო, სატრანსპორტო, ბირთვული და სხვა დარგებისთვის, რომლებიც საკვანძოა რუსეთის უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად.

 დასასრულ, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი _ ჩვენი უმაღლესი განათლება. აქაც მომწიფდა მნიშვნელოვანი ცვლილებები ეკონომიკის, სოციალური სექტორისა და ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროს სპეციალისტებისადმი ახალი მოთხოვნების გათვალისწინებით. საჭიროა ყოველივე საუკეთესოს სინთეზი, რაც იყო საბჭოთა განათლების სისტემაში, და ბოლო ათწლეულების გამოცდილება. 

ამ საკითხზე შემოთავაზებულია შემდეგი:

პირველი _ დავუბრუნდეთ უმაღლესი განათლების მქონე სპეციალისტების ქვეყნისთვის ტრადიციულ საბაზისო მომზადებას. სწავლების ვადა შეიძლება იყოს ოთხიდან ექვს წლამდე. ამასთანავე, ერთი სპეციალობისა და ერთი უნივერსიტეტის ფარგლებშიც კი შეიძლება შემოგთავაზონ პროგრამები მომზადების განსხვავებული ვადით, კონკრეტული პროფესიის, დარგისა და შრომის ბაზრის მოთხოვნის გათვალისწინებით;

მეორე _ თუ პროფესია მოითხოვს დამატებით მომზადებას, ვიწრო სპეციალიზაციას, ამ შემთხვევაში ახალგაზრდას შეეძლება, სწავლა განაგრძოს მაგისტრატურაში ან რეზიდენტურაში;

მესამე _ პროფესიული განათლების ცალკე დონედ გამოიყოფა ასპირანტურა, რომლის ამოცანაა კადრების მომზადება სამეცნიერო და სასწავლო საქმიანობისთვის.

ახალ სისტემაზე გადასვლა შეუფერხებლად უნდა მოხდეს. მთავრობას, პარლამენტარებთან ერთად, არაერთი ცვლილების შეტანა დასჭირდება განათლების, შრომის ბაზრის და ა.შ. კანონმდებლობაში. აქ საჭიროა კარგად დაფიქრება, ყველაფერი წვრილმანებამდეა დასამუშავებელი. ახალგაზრდებს, ჩვენს მოქალაქეებს, უნდა ჰქონდეთ ახალი შესაძლებლობები ხარისხიანი განათლების მისაღებად, დასაქმებისა და პროფესიული ზრდისთვის, ვიმეორებ: შესაძლებლობები და არა პრობლემები. განსაკუთრებით აღვნიშნავ: ის სტუდენტები, რომლებიც ახლა სწავლობენ, შეძლებენ სწავლის გაგრძელებას მოქმედი პროგრამების მიხედვით. ასევე, გადახედვას არ ექვემდებარება იმ მოქალაქეების მომზადების დონე და უმაღლესი განათლების დიპლომები, რომლებმაც უკვე გაიარეს სწავლება მიმდინარე საბაკალავრო, სპეციალიტეტის ან სამაგისტრო პროგრამებით. მათ არ უნდა დაკარგონ უფლებები. ვთხოვ სრულიად რუსეთის სახალხო ფრონტს, რომ უმაღლესი განათლების სფეროში ცვლილებების ყველა საკითხი განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანოს. ეს წელი რუსეთში მასწავლებლისა და დამრიგებლის წლად გამოცხადდა. მასწავლებელი უშუალოდ მონაწილეობს ქვეყნის მომავლის მშენებლობაში და მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს მასწავლებლის შრომის სოციალური მნიშვნელობა, რათა მშობლებმა შვილებს მეტი ესაუბრონ მასწავლებლისადმი მადლიერებაზე, მასწავლებლებმა კი _ მშობლების პატივისცემასა და სიყვარულზე. ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს.

ცალკე შევჩერდები ბავშვებისა და რუსული ოჯახების მხარდაჭერაზე. მინდა აღვნიშნო, რომ ე.წ ბავშვთა ბიუჯეტი, ანუ ოჯახების მხარდასაჭერად ბიუჯეტის ხარჯების მოცულობა რუსეთში ბოლო წლებში გაიზარდა არა რამდენიმე პროცენტით, არამედ რამდენიმეჯერ. ეს არის ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის _ ბიუჯეტის, ბიუჯეტის კანონის ყველაზე სწრაფად მზარდი განყოფილება. მინდა მადლობა გადავუხადო პარლამენტარებსაAდა მთავრობას ჩვენი ეროვნული პრიორიტეტების ასეთი კონსოლიდირებული გაგებისთვის.

1 თებერვლიდან რუსეთში კვლავ ინდექსირებულია დედობრივი კაპიტალი, როგორც ვთქვით, გასული წლის ფაქტობრივი ინფლაციის ოდენობით, ანუ 11,9 პროცენტით. ახლა რუსეთის მოქალაქეებს, ფედერაციის ახალი სუბიექტების მცხოვრებლებსაც აქვთ ასეთი მხარდაჭერის მიღების უფლება. გთავაზობთ დედობრივი კაპიტალის მიწოდებას დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში იმ ოჯახებისთვის, რომლებშიც ბავშვები დაიბადნენ 2007 წლიდან, ანუ იმ მომენტიდან, როდესაც ამ პროგრამამ დაიწყო მოქმედება სრულიად რუსეთში. შეგახსენებთ, რომ ჩვენ ერთხელ უკვე მივიღეთ ანალოგიური გადაწყვეტილება ყირიმისა და სევასტოპოლის მცხოვრებთათვის. ჩვენ განვაგრძობთ ფართომასშტაბიანი პროგრამების განხორციელებას, რომლებიც მიზნად ისახავს რუსული ოჯახების კეთილდღეობის გაუმჯობესებას.  აღვნიშნავ, რომ მთავრობისა და ფედერაციის შემადგენელი სუბიექტების წინაშე დასმულია საგნობრივი ამოცანა _ უზრუნველყონ რეალური ანაზღაურების შესამჩნევი, ხელშესახები ზრდა რუსეთში. მნიშვნელოვანი ინდიკატორი, ამოსავალი წერტილი აქ არის შრომის მინიმალური ანაზღაურება. გასულ წელს მან ორჯერ მოიმატა, მთლიანობაში კი _ თითქმის 20 პროცენტით. ჩვენ განვაგრძობთ მინიმალური ანაზღაურების გაზრდას, თანაც იმ ტემპებით, რომლებიც მეტი იქნება ინფლაციისა და ხელფასების ზრდის ტემპზე. მიმდინარე წლის დასაწყისიდან მინიმალური ხელფასი 6,3 პროცენტით არის ინდექსირებული.  გთავაზობთ, მომავალი წლის 1 იანვრიდან, გარდა დაგეგმილი ზრდისა, მოხდეს კიდევ ერთი ზრდა _ დამატებით ათი პროცენტით. ამრიგად, შრომის მინიმალური ანაზრაურება 18,5 პროცენტით გაიზრდება და 19 242 რუბლს შეადგენს. ახლა, რაც შეეხება საგადასახადო სისტემის კორექტირებას რუსული ოჯახების ინტერესების გათვალისწინებით: გასული წლიდან, ოჯახები, რომლებსაც ჰყავთ ორი ან მეტი შვილი, თავისუფლდებიან საცხოვრებლის გაყიდვაზე გადასახადის გადახდისგან, თუ ისინი გადაწყვეტენ, შეიძინონ ახალი, უფრო ფართო ბინა ან სახლი. ჩვენ უფრო აქტიურად უნდა გამოვიყენოთ ასეთი ინსტრუმენტები, რათა ოჯახის ბიუჯეტს ჰქონდეს მეტი სახსრები და ოჯახებმა შეძლონ, გადაჭრან ყველაზე მნიშვნელოვანი, აქტუალური პრობლემები. 

მე გთავაზობთ სოციალური გადასახადის გამოქვითვის ზომის გაზრდას: ბავშვების განათლების ხარჯებიდან _ ამჟამინდელი 50 ათასიდან 110 ათას რუბლამდე წელიწადში და საკუთარი განათლების ხარჯებიდან, ასევე მკურნალობისა და მედიკამენტების შესაძენად _ 120-დან 150 ათას რუბლამდე. აღნიშნული თანხების 13 პროცენტს სახელმწიფო მოქალაქეებს გადახდილი საშემოსავლო გადასახადიდან დაუბრუნებს. და, რა თქმა უნდა, საჭიროა არა მხოლოდ გამოქვითვის ოდენობის გაზრდა, არამედ მისი მოთხოვნის გაზრდა, რათა გამოქვითვა მოხდეს პროაქტიურ რეჟიმში, სწრაფად და დისტანციურად და არ დააწვეს ტვირთად მოქალაქეებს.

შემდეგ: რუსული ოჯახების კეთილდღეობა და ცხოვრების ხარისხი, შესაბამისად, დემოგრაფიული მდგომარეობა პირდაპირ არის დამოკიდებული სოციალურ სფეროში შექმნილ მდგომარეობაზე. ვიცი, რომ ფედერაციის მრავალი სუბიექტი მზად არის, მნიშვნელოვნად დააჩქაროს სოციალური ინფრასტრუქტურის, კულტურული და სპორტული ობიექტების განახლება, ავარიული საცხოვრებლების განსახლება და სოფლის ტერიტორიები განვითარება. ასეთი განწყობა აუცილებლად იქნება მხარდაჭერილი. ჩვენ აქ ვიყენებთ შემდეგ მექანიზმს: ეროვნული პროექტებისთვის განკუთვნილი თანხები, რომლებიც რეზერვირებულია 2024 წლის ფედერალურ ბიუჯეტში, რეგიონებს შეუძლიათ ახლავე მიიღონ და გამოიყენონ უპროცენტო სახაზინო სესხებით _ ისინი ავტომატურად დაიფარება მომავალი წლის აპრილში.  კარგი ინსტრუმენტია. ამასთანავე, ჩვენ არ გვჭირდება მოცულობების დევნა, თანაც ასაშენებელი ობიექტების ხარისხის საზიანოდ. დამატებითი ფინანსური რესურსები უნდა მუშაობდეს მაღალი შემოსავლითა და ეფექტიანობით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის მოდერნიზაციისთვის _ ასეთი მასშტაბური პროგრამა ქვეყანაში 2021 წელს ამოქმედდა. ვთხოვ მთავრობასა და რეგიონის ლიდერებს, არ დაივიწყონ, რომ მთავარი კრიტერიუმი, როგორც არაერთხელ მითქვამს, არის არა ანგარიშებში მოცემული ციფრები, არამედ სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობასა და ხარისხში კონკრეტული, თვალსაჩინო, ხელშესახები ცვლილებები. ასევე, ვავალებ მთავრობას, კორექტივები შეიტანოს მარეგულირებელ ბაზაში სადიაგნოსტიკო აღჭურვილობის კომპლექტის მქონე სასწრაფო დახმარების მანქანების შესყიდვის ორგანიზებისთვის. ასეთი ავტომობილებით შესაძლებელია სამედიცინო და პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარება უშუალოდ საწარმოებში, სკოლებში, დაწესებულებებსა და შორეულ დასახლებებში.  ჩვენ ავამოქმედეთ სკოლების განახლების დიდი პროგრამა. მიმდინარე წლის ბოლომდე სულ მოწესრიგდება თითქმის 3500 სკოლის შენობა. მათი უმეტესობა სოფელშია. ჩვენ ეს განზრახ გავაკეთეთ. წელს მსგავსი სამუშაოები ასევე მიმდინარეობს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში. ხალხი რეალურად ხედავს, რა ხდება. ეს ძალიან კარგია. 2025 წლიდან რეგიონებს რეგულარულად გამოეყოფა ფედერალური სახსრები საბავშვო ბაღების, სკოლების, ტექნიკუმებისა და კოლეჯების შესაკეთებლად და გასაახლებლად, რათა თავიდან აიცილონ ვითარება, როდესაც შენობები ავარიულ მდგომარეობაშია. შემდეგი: ჩვენ დავისახეთ მნიშვნელოვანი მიზანი, 2019-დან 2024 წლამდე აგვეშენებინა 1300-ზე მეტი სკოლა. მათგან 850 უკვე გახსნილია. წელს იგეგმება კიდევ 400-ის ამოქმედება. რეგიონებს ვთხოვ, მკაცრად შეასრულონ ეს გეგმები. ამ პროგრამის დაფინანსების ოდენობა ფედერალური ბიუჯეტიდან 2019-დან 2024 წლამდე თითქმის 490 მილიარდი რუბლია. ჩვენ ამ ხარჯებს არ ვამცირებთ, ყველაფერს შევინარჩუნებთ. წელს გავზარდეთ ინფრასტრუქტურული საბიუჯეტო კრედიტების მოცულობა. კიდევ მივმართავთ დამატებით თანხებს _ მინდა, ხაზი გავუსვა ამას: არა ისე, როგორც ადრე იყო დაგეგმილი, არამედ მიმართული იქნება დამატებითი  250 მილიარდი რუბლი რეგიონებში ტრანსპორტის, კომუნალური და სხვა ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. მთავრობას ვავალებ, ამ თანხების გარდა, გამოყოს კიდევ 50 მილიარდი რუბლი, რომლებსაც მიზანმიმართულად გამოიყენებენ წელს ფედერაციის შემადგენელ სუბიექტებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გასაახლებლად. ამასთანავე, გთხოვთ, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოთ პატარა ქალაქებსა და სოფლებს. ჩვენ უკვე გადავწყვიტეთ, 2030 წლამდე განვაგრძოთ პროექტი “სუფთა ჰაერი”, რომლის მიზანია ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება უმსხვილეს ინდუსტრიულ ცენტრებში.  როგორც სამრეწველო კომპანიების, ისე რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლებების ყურადღებას მივაპყრობ შემდეგს: მავნე გამონაბოლქვის მნიშვნელოვნად შემცირების ამოცანა დღის წესრიგიდან არ არის ამოღებული. დავძენ, რომ ჩვენ წინ წავიწიეთ ნარჩენების მართვის დარგის რეფორმაში. ვზრდით სიმძლავრეებს გადამუშავებისა და დახარისხების მხრივ, რათა გადავიდეთ  ჩაკეტილი ციკლის ეკონომიკაზე. პრიორიტეტულია ძველი ნაგავსაყრელებისა და სახიფათო ობიექტების შემდგომი ლიკვიდაცია. ვთხოვ მთავრობას, რეგიონებთან ერთად მოამზადოს იმ ობიექტების სია, რომლებიც მიმდინარე პროგრამის დასრულების შემდეგ ლიკვიდირებული იქნება. განვაგრძობთ წყლის უნიკალური ობიექტების გაჯანსაღებასაც, მათ შორის ბაიკალის ტბისა და ვოლგის, და საშუალოვადიან პერსპექტივაში განვაგრძობთ ამ სამუშაოებს ისეთ მდინარეებზე, როგორიცაა დონი, კამა, ირტიში, ურალი, ტერეკი, ვოლხოვი და ნევა, ილმენის ტბა. არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი საშუალო და პატარა მდინარეებიც. ამაზე ვამახვილებ ხელისუფლების ყველა დონის ყურადღებას. ასევე მომზადდა კანონპროექტი სპეციალურად დაცულ ბუნებრივ ტერიტორიებზე ტურიზმის განვითარების შესახებ. ცოტა ხნის წინათ განვიხილეთ ის კოლეგებთან მთავრობიდან. კანონმა მკაფიოდ უნდა განსაზღვროს, რა და სად შეიძლება ან  არ შეიძლება აშენდეს და, საზოგადოდ, ეკოტურიზმის ინდუსტრიის პრინციპები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენი ქვეყნისთვის. ვთხოვ სახელმწიფო სათათბიროს, დააჩქაროს ამ კანონპროექტის განხილვა.

ახლა კიდევ რამდენიმე სიტყვა იმის შესახებ, რაც ჩვენ გარშემო ხდება:

მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა გააკეთა განცხადება რუსეთისადმი ფაქტობრივი მოთხოვნით, რომ, როგორც ისინი ამბობენ, რუსეთი დაუბრუნდეს სტრატეგიული შეტევითი იარაღის შეთანხმების შესრულებას, მათ შორის დაუშვას ინსპექტორები თავდაცვის ბირთვულ ობიექტებზე. არც კი ვიცი, რა ვუწოდო ამას. ეს რაღაც აბსურდის თეატრია. ჩვენთვის ცნობილია, რომ დასავლეთი უშუალოდ მონაწილეობს კიევის რეჟიმის მცდელობებში, დაარტყას ჩვენი სტრატეგიული ავიაციის ბაზებს. ამისთვის გამოსაყენებელი უპილოტო საფრენი აპარატები აღიჭურვილი და მოდერნიზებულია ნატოელი სპეციალისტების დახმარებით. და ახლა მათ სურთ ჩვენი თავდაცვის ობიექტების შემოწმება? დღევანდელი დაპირისპირების თანამედროვე პირობებში ეს რაღაც სისულელედ ისმის. ამასთანავე (და ამაზე მინდა გავამახვილო განსაკუთრებული ყურადღება) ამ შეთანხმების ფარგლებში ჩვენ არ გვაქვს უფლება, ჩავატაროთ სრულფასოვანი ინსპექტირება. ჩვენი განცხადებები გარკვეული ობიექტების შემოწმების თაობაზე პასუხგაუცემელი რჩება ან ფორმალური ნიშნით არის უარყოფილი და იქითა მხარეს ნორმალურად ვერაფერს ვამოწმებთ. აშშ და ნატო პირდაპირ ამბობენ, რომ მათი მიზანია, რუსეთს აგემონ სტრატეგიული მარცხი. და რა, ამის შემდეგ ისინი აპირებენ ჩვენი თავდაცვითი ობიექტების ისე შემოწმებას, მათ შორის უახლესის, თითქოს არაფერი მომხდარა? მაგალითად, ერთი კვირის წინათ ხელი მოვაწერე განკარგულებას სახმელეთო ბაზირების ახალი სტრატეგიული სისტემების საომარი მდგომარეობის მორიგეობაში გადაყვანაზე. იქაც აპირებენ ცხვირის შეყოფას? და ჰგონიათ, რომ ეს ასე მარტივია _ ჩვენ მათ ასე უბრალოდ შევუშვებთ? თავისი კოლექტიური განცხადებით ნატომ, ფაქტობრივად, განაცხადი გააკეთა, გამხდარიყო სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შესახებ შეთანხმების მხარე. ჩვენ ამას ვეთანხმებით. მეტიც, მიგვაჩნია, რომ საკითხის ასეთი ფორმულირება დაგვიანებულია, რადგან, შეგახსენებთ, ნატოში არ არის მხოლოდ ერთი ბირთვული სახელმწიფო _ ამერიკის შეერთებული შტატები, ბირთვული არსენალი, აგრეთვე, აქვთ დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს. ისინი ვითარდებიან და ასევე ჩვენ წინააღმდეგ არიან მომართულნი. მათი ლიდერების ბოლო განცხადებები მხოლოდ ამას ადასტურებს. მოუსმინეთ.  ჩვენთვის, უბრალოდ, შეუძლებელია, არ გავითვალისწინოთ ეს. ჩვენ არ გვაქვს ამის უფლება, განსაკუთრებით დღეს, ისევე როგორც არ შეიძლება იმ ფაქტის არგათვალისწინება, რომ სტრატეგიული შეტევითი იარაღის შესახებ პირველი შეთანხმება საბჭოთა კავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის 1991 წელს დაიდო ფუნდამენტურად განსხვავებულ ვითარებაში: დაძაბულობის შემცირებისა და ურთიერთნდობის გაძლიერების პირობებში. შემდეგ ჩვენი ურთიერთობები სხვა დონეზე ავიდა და რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ ერთმანეთს აღარ თვლიან მოწინააღმდეგეებად. ყველაფერი ძალიან კარგი იყო.

2010 წელს ხელმოწერილი, ამჟამად მოქმედი შეთანხმება შეიცავს მნიშვნელოვან დებულებებს უსაფრთხოების განუყოფელობის, სტრატეგიული შეტევითი და თავდაცვითი შეიარაღების საკითხებში პირდაპირი ურთიერთობის შესახებ. ეს ყველაფერი, დიდი ხანია, დავიწყებას მიეცა, შეერთებული შტატები გავიდა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის შეთანხმებიდან, ყველაფერი წარსულში დარჩა. ჩვენი ურთიერთობები დეგრადირებულია და ეს მთლიანად შეერთებული შტატების „დამსახურებაა“. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სწორედ მათ დაიწყეს მეორე მსოფლიო ომის შედეგების გადახედვა, ამერიკული მსოფლიოს აშენება, რომელშიც მხოლოდ ერთი უფროსი, ერთი ბატონი იქნება. ამისთვის მათ დაიწყეს საძირკვლის უხეშად ნგრევა მსოფლიო წესრიგისა, რომელიც ჩამოყალიბდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რათა გადაეხაზათ როგორც იალტის, ისე პოტსდამის მემკვიდრეობა. ნაბიჯნაბიჯ დაიწყეს არსებული მსოფლიო წესრიგის გადახედვა, უსაფრთხოებისა და შეიარაღების კონტროლის სისტემების დემონტაჟი, დაგეგმეს და განახორციელეს ომების მთელი სერია მსოფლიოში. და ყველაფერი, ვიმეორებ, ერთი მიზნით _ დაენგრიათ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი საერთაშორისო ურთიერთობების არქიტექტურა. ეს არ არის მეტყველების ფიგურა _ ასე ხდება პრაქტიკაში, ცხოვრებაში: სსრკ-ის დაშლის შემდეგ ცდილობენ, სამუდამო იყოს მათი გლობალური დომინირება, მიუხედავად თანამედროვე რუსეთისა და სხვა ქვეყნების ინტერესებისა. 1945 წლის შემდეგ მსოფლიოში ვითარება შეიცვალა. ჩამოყალიბდა და სწრაფად ვითარდება განვითარებისა და გავლენის ახალი ცენტრები. ეს ბუნებრივი, ობიექტური პროცესია, რომლის იგნორირება არ შეიძლება, მაგრამ დაუშვებელია ის, რომ შეერთებულმა შტატებმა დაიწყოს მსოფლიო წესრიგის შეცვლა მხოლოდ თავისთვის, მხოლოდ საკუთარი, ეგოისტური ინტერესებიდან გამომდინარე. ახლა ნატოს წარმომადგენლების მეშვეობით იძლევიან სიგნალებს და, ფაქტობრივად, ულტიმატუმს აყენებენ: შენ, რუსეთო, შეასრულე ყველაფერი, რაზეც შევთანხმდით, მათ შორის სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულება, ჩვენ კი ისე მოვიქცევით, როგორც მოგვესურვება. თითქოს არ არსებობს კავშირი სტრატეგიულ შეტევით შეიარაღებასა  და, ვთქვათ, უკრაინის კონფლიქტს, დასავლეთის სხვა მტრულ ქმედებებს შორის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ისევე როგორც თითქოს არ არის ხმამაღალი განცხადებები, რომ მათ სურთ ჩვენი სტრატეგიულად დამარცხება. ეს ან ფარისევლობასა და ცინიზმზე მეტია, ან სისულელეზე მეტი, მაგრამ მათ იდიოტებს ვერ ვუწოდებ _ ისინი არ არიან სულელები. სურთ, სტრატეგიული მარცხი მოგვაყენონ და ჩვენს ბირთვულ ობიექტებზე მოძვრებიან. ამის გამო იძულებული ვარ, დღეს განვაცხადო, რომ რუსეთი აჩერებს მონაწილეობას სტრატეგიული შეტევითი იარაღის ხელშეკრულებაში. ვიმეორებ: ის არ გამოდის ხელშეკრულებიდან, არა! აჩერებს მონაწილეობას, მაგრამ, სანამ ამ საკითხის განხილვას დავუბრუნდებით, ჩვენ თვითონ უნდა გავიგოთ, რას ამტკიცებენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი, და როგორ გავითვალისწინებთ მათ სტრატეგიულ არსენალს, ანუ ალიანსის ერთობლივი დარტყმის პოტენციალს. მათ ახლა თავიანთი განცხადებით, ფაქტობრივად, გააკეთეს განაცხადი ამ პროცესში მონაწილეობის შესახებ. მადლობა ღმერთს, ჩვენ წინააღმდეგი არ ვართ. ოღონდ საჭირო არ არის, კიდევ ერთხელ სცადოთ ყველას მოტყუება, წარმოაჩინოთ თავი მშვიდობისა და დაძაბულობის განმუხტვის ჩემპიონებად. ჩვენ ვიცით ყველა წვრილმანი: ვიცით, რომ შეერთებული შტატების გარკვეული ტიპის ბირთვული იარაღის გამოყენების საგარანტიო ვადები იწურება. და, როგორც დანამდვილებით ვიცით, ვაშინგტონში ზოგიერთი პოლიტიკოსი უკვე ფიქრობს თავიანთი ბირთვული შეიარაღების ბუნებრივი გამოცდის შესაძლებლობაზე, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ შეერთებული შტატები ქმნის ბირთვული იარაღის ახალ ტიპებს. არის ასეთი ინფორმაცია.         

ამ ვითარებაში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ და “როსატომმა” უნდა უზრუნველყონ მზადყოფნა რუსული ბირთვული იარაღის გამოსაცდელად. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვიქნებით პირველი, ვინც ამას გააკეთებს, მაგრამ, თუ შეერთებული შტატები ჩაატარებს გამოცდას, ჩვენ ჩავატარებთ. არავის უნდა ჰქონდეს საშიში ილუზია, რომ გლობალური სტრატეგიული პარიტეტი შეიძლება განადგურდეს.

ძვირფასო კოლეგებო! ძვირფასო რუსეთის მოქალაქეებო!

დღეს ჩვენ ერთად გავდივართ რთულ გზას და ერთად გადავლახავთ ყველა სირთულეს. სხვაგვარად არც შეიძლებოდა, რადგან ჩვენი დიდი წინაპრების მაგალითზე გავიზარდეთ და ვალდებულნი ვართ, ვიყოთ ღირსი მათი ანდერძისა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. ჩვენ მხოლოდ სამშობლოს ერთგულების, ნებისყოფისა და ჩვენი ერთიანობის წყალობით მივიწევთ წინ. ეს დარაზმულობა გამოჩნდა სპეციალური სამხედრო ოპერაციის პირველივე დღიდან: ასობით მოხალისე, ჩვენი ქვეყნის ყველა ხალხის წარმომადგენელი, მივიდა სამხედრო კომისარიატებში  და გადაწყვიტა, დამდგარიყო დონბასის დამცველების გვერდით, ებრძოლა მშობლიური მიწისთვის, მამულისთვის, ჭეშმარიტებისა და სამართლიანობისთვის. ახლა მეომრები ჩვენი მრავალეროვნული სამშობლოს ყველა რეგიონიდან მხარდამხარ იბრძვიან ფრონტის წინა ხაზზე. ისინი სხვადასხვა ენაზე ლოცულობენ, მაგრამ ეს ლოცვები გამარჯვებისთვისაა, თანამებრძოლებისთვის, სამშობლოსთვის. მათი მძიმე სამხედრო შრომა, მათი გმირობა მძლავრ გამოძახილს პოვებს მთელ რუსეთში. ადამიანები მხარს უჭერენ ჩვენს მებრძოლებს, არ სურთ, არ შეუძლიათ განზე დგომა. ახლა ფრონტის ხაზი მილიონობით ჩვენი ადამიანის გულებზე გადის, ისინი ფრონტის წინა ხაზზე გზავნიან მედიკამენტებს, კავშირგაბმულობის საშუალებებს, აღჭურვილობას, ტრანსპორტს, თბილ ტანსაცმელს, შესანიღბავ ბადეებს და ასე შემდეგ _ ყველაფერს, რაც ეხმარება ჩვენს ბიჭებს სიცოცხლის შენარჩუნებაში. მე ვიცი, როგორ ათბობენ ბავშვებისა და სკოლის მოსწავლეების წერილები წინა ხაზზე მყოფი მებრძოლების გულებს. ისინი მათ მიაქვთ ბრძოლაში, როგორც ყველაზე ძვირფასი ნივთი, მებრძოლები კი უფრო ძლიერად აცნობიერებენ, რისთვის იბრძვიან, ვის იცავენ.

ჯარისკაცებისა და მათი ოჯახებისთვის, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის მზრუნველობაც, რომელსაც მოხალისეები მათ მიმართ იჩენენ. სპეცოპერაციის დაწყებიდანვე მოქმედებდნენ უშიშრად  და გაბედულად: ცეცხლის ქვეშ, დაბომბვისას სარდაფებიდან გამოიყვანეს ბავშვები, მოხუცები _ ყველა, ვისაც უჭირდა, ცხელ წერტილებში მიიტანეს საკვები, წყალი, ტანსაცმელი და ამას დღესაც აკეთებენ. ლტოლვილებისთვის ქმნიან ჰუმანიტარული დახმარების ცენტრებს, ეხმარებიან საველე ჰოსპიტლებსა და საბრძოლო შეხების  ხაზზე, საკუთარი სიცოცხლიის რისკის ფასად, განაგრძობენ სხვების გადარჩენას. მხოლოდ სახალხო ფრონტმა “ყველაფერი გამარჯვებისთვის!” ინიციატივის ფარგლებში შეაგროვა ხუთ მილიარდზე მეტი რუბლი. შემოწირულობების ეს ნაკადი გრძელდება. აქ თანაბრად მნიშვნელოვანია ყველას წვლილი: როგორც მსხვილი კომპანიების, ისე მეწარმეების, მაგრამ განსაკუთრებით აღმაფრთოვანებელია, როდესაც მოკრძალებული შემოსავლის მქონე ადამიანები რიცხავენ დანაზოგის, ხელფასებისა და პენსიის ნაწილს. ასეთი ერთიანობა ჩვენი ჯარისკაცების, ომის ზონაში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობის, ლტოლვილების დასახმარებლად, დასაფასებელია. მადლობა ამ გულწრფელი მხარდაჭერისთვის, დარაზმულობისა და ურთიერთდახმარებისთვის! ამის შეფასება შეუძლებელია.

რუსეთი უპასუხებს ნებისმიერ გამოწვევას, რადგან ჩვენ, ყველანი, ვართ ერთი ქვეყანა, ერთი დიდი და დარაზმული ხალხი. ჩვენ დარწმუნებული ვართ საკუთარ თავში, დარწმუნებული ვართ ჩვენს შესაძლებლობებში. სიმართლე ჩვენ მხარესაა!”

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

http://kremlin.ru/events/president/news/70565                               

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here