Home რუბრიკები საზოგადოება “C ჰეპატიტის მკურნალობა არც ერთ შემთხვევაში კიბოს არ იწვევს”

“C ჰეპატიტის მკურნალობა არც ერთ შემთხვევაში კიბოს არ იწვევს”

2474
stop c

ცოტა ხნის წინათ საინფორმაციო სააგენტოფორტუნა.გე”-ზე თურქეთის ერთერთი კლინიკის დირექტორის ქართველი მრჩევლის _ მალინა ბერიკაშვილის ინტერვიუ გამოქვეყნდა. ბერიკაშვილი ამბობს, რომ საქართველოში C ჰეპატიტის უფასო პროგრამის მკურნალობის შემდეგ პაციენტები თურქეთში სიმსივნის დიაგნოზით ჩადიან და რომ საქართველოში სიმსივნური დაავადებების შემთხვევები სწრაფი ტემპით მატულობს, შედეგად კი ბოლო ორ წელიწადში თურქეთის კლინიკაში ქართველი პაციენტების მიმართვიანობა გაიზარდა.

ციტატა მალინა ბერიკაშვილის ინტერვიუდან:

“თქვენს ყურადღებას კიდევ ერთ პრობლემაზე შევაჩერებ. ეს არის C ჰეპატიტის პროგრამა, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. ვინც ამ პროგრამით მკურნალობს, წელიწად-ნახევრის ან ორი წლის თავზე სიმსივნის დიაგნოზით თურქეთში ჩამოდიან. ოპერაციამ ზოგს უშველა, ზოგი გარდაიცვალა. ამ ადამიანებს სიმსივნე მკურნალობის შემდეგ განუვითარდათ. ყოველ შემთხვევაში, ანალიზები ასე აჩვენებს და თავის დროზე კვლევა იყო არასწორი თუ პროგრამის წამლები იწვევს პროვოცირებას?! ამ პროგრამის წამლებს თურქეთშიც სვამენ, მაგრამა სიმსივნის დიაგნოზით არავინ მოდის ჩვენთან”.

თურქეთის საელჩომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით მკურნალობაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით უპასუხა. მასში ნათქვამია, რომ თურქეთშიც C ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით იგივე მედიკამენტები გამოიყენება, რაც საქართველოში.

“საყოველთაოდ ცნობილია, რომ საქართველოში საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. თურქეთშიცC ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით გამოიყენება იმავე ტიპის მედიკამენტები, რაც საქართველოში. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. მნიშვნელოვანია, რომ თურქეთის ჯანდაცვის სისტემის, თურქეთში სამკურნალოდ ჩასული ქართველი პაციენტების დიაგნოზისა და მკურნალობის და ასევე, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებზე მხოლოდ კომპეტენტური უწყებებისა და პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებს დავეყრდნოთ და უგულებელვყოთ არასპეციალისტების მიერ გამოთქმული პირადი მოსაზრებები. თურქეთი და საქართველო ისევე, როგორც სხვა დარგებში, ჯანდაცვის სფეროშიც ძალიან წარმატებით თანამშრომლობენ”, _ აცხადებენ საელჩოში.

მანამდე, 2018 წლის 17 მარტს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ C ჰეპატიტის ელიმინაციის მეხუთე ეროვნული სამუშაო შეხვედრის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქვეყანაში დაახლოებით 100 ათასმა ადამიანმა არ იცის, რომ C ჰეპატიტი აქვს. მინისტრმა ამის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად საინფორმაციო კამპანიის ნაკლებობა დაასახელა.

ციტატა დავით სერგეენკოს გამოსვლიდან:

ჩვენი გათვლებით, დარჩენილია 100 ათასი ადამიანი, რომლებმაც არ იციან, რომ ეს დაავადება აქვთ და ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს, ერთი მხრივ, საინფორმაციო კამპანიას და ასევე, რაც ყველაზე პრაგმატულია, .. სკრინინგულ კვლევებს”.

“ფორტუნაგე”-ს ინფორმაციით, სააგენტოს მათ მიერ გავრცელებულ სტატიაზე წერილით გამოეხმაურა თურქეთის კლინიკა “ფლორანს ნაითინგეილ”-ის (Florence  Nightingale Hospitals) ადმინისტრაცია, სადაც, სავარაუდოდ, მალინა ბერიკაშვილი მუშაობს. წერილში აღნიშნულია, რომ საავადმყოფოს ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლად გაკეთდა ყოველგვარ საფუძველს მოკლებული განცხადებები, ხოლო განმცხადებელს _ მალინა ბერიკაშვილს უწყებრივი კავშირი არ აქვს მოცემულ კლინიკასთან. საავადმყოფოს ხელმძღვანელობა მომხდარის გამო შეწუხებულია.

“საქართველო და მსოფლიო” დაინტერესდა, არსებობს თუ არა ჯანდაცვის სისტემაში მაკონტროლებელი მექანიზმი, რომელიც C ჰეპატიტის უფასო პროგრამის მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას ამოწმებს.

ამ თემაზესაქართველო და მსოფლიოსშეკითხვებს უპასუხებენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსი ეკა ადამია და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე .

ეკა ადამია
ეკა ადამია

ეკა ადამია, ჯანდაცვის დეპარტამენტის პროგრამების სამმართველოს ხელმძღვანელი:

_ C ჰეპატიტის მკურნალობის უფასო პროგრამა გულისხმობს პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს, რომელიც მოიცავს დიაგნოსტიკურ კვლევებს და ექიმის კონსულტაციებს კურსის განმავლობაში. პაციენტები ღვიძლისა და ორგანიზმში ვირუსის მდგომარეობის დასადგენად, მკურნალობის პერიოდში დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ კი პაციენტებს სამიდან ექვს თვემდე ვადაში შეუძლიათ, ექიმთან ჩაიტარონ კვლევა, რითიც დადასტურდება, რომ ნამდვილად განიკურნენ C ჰეპატიტისგან. მარტივად რომ ავხსნა, პროგრამა ემსახურება C ჰეპატიტის ვირუსის დამარცხებას და არა ღვიძლის განკურნებას, რადგან ღვიძლს არ კურნავს აღნიშნული მედიკამენტი. ის კლავს ღვიძლის დამზიანებელ ვირუსს. რაც უფრო მალე მოხდება ამ ვირუსის განდევნა, მით ნაკლებად ზიანდება ღვიძლი და ხდება პაციენტის გაჯანსაღება. დამატებითი კვლევა, გარდა იმისა, რომ პროგრამის დასრულების შემდეგ პაციენტი ექიმთან დამადასტურებელ კვლევას ჩაიტარებს, პროგრამას უკვე არ გააჩნია. ყოველივე ამის შემდეგ პაციენტებს საყოველთაო პროგრამის ფარგლებში შეუძლიათ ჩაიტარონ ქრონიკული ჰეპატიტების, ციროზების, ნამკურნალები ღვიძლისთვის სპეციალური თერაპიული კურსი.

_ ქალბატონი ბერიკაშვილის განცხადება, რომ საქართველოში მკურნალობა გარკვეულ ეტაპზე იწვევს კიბოს, რამდენად შეესაბამება სიმართლეს?

_ აღნიშნული განცხადება სრულიად არაკომპეტენტურია. მკურნალობა არც ერთ შემთხვევაში არ იწვევს კიბოს. C ჰეპატიტის ვირუსი ორგანიზმში შეჭრიდან იწყებს ღვიძლის დაზიანებას, თუმცა პროცესი ძალიან ჩუმად და ნელა მიმდინარეობს, რადგან დიდი ხნის განმავლობაში დაავადება კლინიკურად არანაირი ნიშნით არ ვლინდება. ვირუსი რამდენიმე წლის შემდეგ იწყებს ღვიძლის დაზიანებას და ციროზის განვითარებას, ხოლო საბოლოოდ გარდაიქმნება სიმსივნედ. დაავადებულთა 20-30%-ში ვითარდება ციროზი, მათ შორის დაახლოებით 2%-დან 8%-მდე შეიძლება განვითარდეს სიმსივნე. ახალი თაობის მედიკამენტებით მკურნალობა იძლევა საშუალებას, რომ სრულიად განიდევნოს ვირუსი ორგანიზმიდან. ის ვეღარ აზიანებს ღვიძლს და ვერ გამოიწვევს კიბოს. ეს არის ამ პროგრამის მარტივი მექანიზმი.

_ თურქეთის საელჩომ აღნიშნულზე განცხადება გაავრცელა, რომ C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები საქართველოსა და თურქეთში იდენტურია. რომელი ქვეყნიდან შემოდის წამლები, რომლებითაც საქართველოში პაციენტები მკურნალობის კურსს გადიან?

_ პროექტი თავიდანვე ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ამერიკული ფარმაცევტული კომპანია “გილეადის” (GILEAD) მხარდაჭრით დავიწყეთ. მედიკამენტებით უზრუნველყოფაშიც ის გვეხმარება, რადგან “გილეადი” უშუალოდ ამ დავაადების სამკურნალო მედიკამენტებს აწარმოებს და ჩვენც ვიღებთ მხოლოდ ამ ბრენდის დასახელების უმაღლესი ხარისხის მედიკამენტებს. ეს მედიკამენტებია პირველ ეტაპზე “სოვალდი” და მეორე ეტაპზე _ “ჰარვონი”.

_ როგორ შეაფასებთ ზემოაღნიშნულ განცხადებას: რა მიზანს ემსახურება მსგავსი ინფორმაციის გავრცელება?

_ მოსახლეობა მინდა დავამშვიდო, რომ ეს განცხადება არის სრული სიცრუე, რომელიც ემსახურებოდა საქართველოში პაციენტების დაშინებასა და მათ გადაბირებას თურქეთის კლინიკებში სამკურნალოდ.

ამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე

სახელმწიფო კომისიის მიერ C ჰეპატიტის მკურნალობაში ჩართვაზე დასტური 49 350 ადამიანს მიეცა, მკურნალობა დაიწყო 47 397 ადამიანმა, ხოლო 43 861-მა მკურნალობის კურსი დაამთავრა. განკურნების ეფექტი დაახლოებით 98 %- შეადგენს”.

ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.

 _ ბატონო ამირან, როგორ შეასაფებთ იმ განცხადებებს, რომლებმაც საზოგადოების მღელვარება გამოწვია, არსებობს თუ არა მღელვარების საფუძველი და ხდება თუ არა მკურნალობის შემდგომ განკურნებული პაციენტების მონიტორინგი?

_ ეს არის არაპროფესიონალი ქალბატონის განცხადება, რომელიც ვერ ერკვევა C ჰეპატიტის დიაგნოსტიკისა თუ მკურნალობის საკითხებში. როგორც აღმოჩნდა, ის თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში მედიატორად მუშაობს და მისი დანიშნულებაა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მიიზიდოს კლინიკაში. ეს არის მისი კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე გაკეთებული განცხადება. ვიმეორებ: ეს ქალბატონი არის ორიენტირებული იმაზე, რომ მოსახლეობამ დაკარგოს საქართველოს ჯანდაცვის სისტემისადმი. მის წინააღმდეგ საქმეც კი უნდა აღიძრას, რადგან მოსახლეობის კეთილდღეობის წინააღმდეგაა მიმართული. 2018 წლის 30 ივნისის მონაცემებით, სახელმწიფო კომისიის მიერ C ჰეპატიტის მკურნალობაში ჩართვაზე დასტური 49 350 ადამიანს მიეცა, მკურნალობა დაიწყო 47 397 ადამიანმა, ხოლო 43 861-მა მკურნალობის კურსი დაამთავრა. აქედან, განკურნების ეფექტი დაახლოებით 98 %-ს შეადგენს. თქვენს შეკითხვაზე, ხდება თუ არა მკურნალობის შემდგომ განკურნებული პაციენტების მდგომარეობის მონიტორინგი, მოგახსენებთ, რომ მკურნალობის დასრულებიდან 12 კვირის გასვლის შემდგომ ვირუსის აქტივობაზე პაციენტს ხელახალი გამოკვლევა (ტესტირება) უტარდება. თუ ეს ტესტი მკურნალობის დასრულებიდან სამი თვის შემდეგ არის უარყოფითი და C ჰეპატიტის ვისრუსი არ ისაზღვრება სისხლში, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი ჰეპატიტისგან განიკურნა. მკურნალობის დასრულების შემდეგ 32 ათასმა ადამიანმა ჩაიტარა აღნიშნული ტესტი, საიდანაც განკურნების ეფექტი პაციენტების 98%-ს დაუდგინდა.

_ C ჰეპატიტის მკურნალობის უფასო კურსის დასრულებისას რა შემთხვევაში შეიძლება დადგეს ფატალური შედეგი?

_ C ჰეპატიტის ახალი გენერაციის წამლები მსოფლიო მედიცინაში 2013 წლიდან გამოიყენება, რამაც მილიონობით ადამიანს საშუალება მისცა, ვერაგი ვირუსისგან განკურნებულიყო. ბოლო დროის უდიდესი მიღწევაა მედიცინაში ის, რომ პირველად ხდება წამლით ქრონიკული ინფექციური დაავადების სრულად განკურნება. C ჰეპატიტის ვირუსით მსოფლიოში 70 მილიონამდე ადამიანია დაავადებული, ხოლო დაავადებული ადამიანების სიკვდილიანობა 350 ათასიდან 400 ათასამდე მერყეობს. მას ჩუმ მკვლელს სწორედ იმიტომ ეძახიან, რომ ის შეიძლება ადამიანს 10-15 წლის განმავლობაში ჰქონდეს და ამის შესახებ არაფერი იცოდეს. შესაძლებელია, დაავადება სამი სახით გამოვლინდეს: ღვიძლის კიბო, ღვიძლის ციროზი და ღვიძლის მწვავე უკმარისობა. ციროზი კი არის ღვიძლის ის მდგომარეობა, რომელიც უმეტესად ფატალურად სრულდება. ანუ რა ხდება: ანტივირუსული წამლით მკურნალობისას პაციენტებში ხდება ვირუსის ელიმინაცია _ გაქრობა, მაგრამ მანამდე 10-12 წლის განმავლობაში ვირუსმა ფარულად სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა ორგანიზმს. შესაბამსად, მკურნალობის დასრულების შემდეგ, შესაძლოა, ღვიძლის მწვავე უკმარისობით დაიღუპოს პაციენტი. სკრინინგს ვატარებთ სწორედ იმიტომ, რომ ადრეულ პერიოდშივე შევძლოთ დიაგნოსტიკა და შემდგომ უკვე მკურნალობა. ყველა წამალს აქვს გვერდითი ეფექტი. ჰეპატიტის მკურნალობის წამლის გვერდითი ეფექტები ძალიან მინიმალურია. 49 ათასი ადამიანიდან, რომლებსაც მკურნალობაზე დასტური მიეცა, მხოლოდ რამდენიმე ათეულს, რომლებიც მკურნალობის პირველივე ეტაპზე ღვიძლის ძალიან მაღალი ხარისხის დაზიანების დიაგნოზით ჩაერთვნენ პროგრამაში, დასჭირდათ მკურნალობის შეწყვეტა გარკვეული გვერდითი ეფექტების გამო. ჩვენი მიზანია, 2020 წლამდე 3 მილიონამდე მოზრდილი ადამიანი გამოვიკვლიოთ სწრაფი ტესტირებით, რომელსაც სახელმწიფო სრულიად უფასოდ უზრუნველყოფს. თითოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს საკუთარი სტატუსი C ჰეპატიტზე.

მოამზადა

ნანა კაპანაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here