მთავარი პოლიტიკა ბართოლომეოსის ხრიკები და “რასკოლნიკების” მტაცებლობა უკრაინაში

ბართოლომეოსის ხრიკები და “რასკოლნიკების” მტაცებლობა უკრაინაში

ორივე ცალ-ცალკე ცდილობს, ტაძრები წარტაცოს უკრაინის კანონიკურ მართლმადიდებელ ეკლესიას

574
გააზიარეთ

ავტოკეფალია ტაძრების სანაცვლოდ _ ამის თაობაზე შარშან მოილაპარაკეს პეტრე პოროშენკომ, რომელმაც პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით არჩევის გამო შექმნა “მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინაში”, და კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართოლომეოსმა, რომელსაც, თავის მხრივ, სურდა, ხელში ჩაეგდო ყველაზე მნიშვნელოვანი უკრაინული ტაძრები, მაგრამ მოვლენები სულ სხვა სცენარით განვითარდა. 

საიდუმლო გეგმები

თითქოს ყველაფერი გეგმის მიხედვით უნდა განვითარებულიყო: პოროშენკომ მიაღწია, უკრაინისთვის მოეპოვებინა “დამოუკიდებლობის მეორე დღე” _ ეს იყო ტომოსის მიღება. აღფრთოვანებული მოქალაქეები მასობრივად დაიძრნენ “ერთიან დამოუკიდებელ ავტოკეფალიურ ეკლესიაში”, შემდეგ კი საპრეზიდენტო არჩევნებში სიხარულით მისცეს ხმა “ახალ თავად ვლადიმერს, რომელმაც რუსეთში ქრისტიანობა შეიტანა”. სწორედ ასე მიმართა ბართოლომეოსმა პეტრე პოროშენკოს “უკრაინისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შორის ურთიერთქმედების შეთანხმებაზე” ხელის მოწერისას. პოროშენკოს გეგმები შეესაბამებოდა ბართოლომეოსის ჩანაფიქრს: მოეგვარებინა უკრაინის 30-წლიანი განხეთქილების პრობლემა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გარეშე, რომლის მმართველობაშიც ის კანონის მიხედვით იმყოფებოდა და ამით აემაღლებინა ავტორიტეტი მართლმადიდებელ სამყაროში. კონსტანტინოპოლის პატრიარქს ხომ დიდი ხანია, სურს, საკუთარი თავი სრულიად მართლმადიდებელი სამყაროს მეთაურად იხილოს.

პატრიარქი ბართოლომეოსი, აგრეთვე, მოხიბლა უკრაინის ყოფილი ლიდერის კიდევ ერთმა წინადადებამ: ფენერის პირდაპირ დაქვემდებარებაში გადაეცათ უკრაინის ყველაზე მნიშვნელოვანი ტაძრები და მონასტრები მათ შემოსავლებთან ერთად. ეს ჩაიწერა სტამბოლის შეთანხმებაში, რომლის ტექსტსაც პოროშენკოს გუნდი დიდი ხნის განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის დუმილი გამოწვეული იყო იმით, რომ დოკუმენტზე ხელის მოწერისთანავე წარმოიქმნა პრობლემები _ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო და უკრაინის ოფიციოზი დიდხანს ევაჭრებოდნენ ერთმანეთს რელიგიურ ობიექტებზე, რომელთა დიდი ნაწილიც ეკუთვნოდა უკრაინის მართლმადიდებელ კანონიკურ ეკლესიას; მას კი, პოროშენკოსგან განსხვავებით, ავტოკეფალია არ მოუთხოვია.

კიევსა და სტამბოლს შორის ბრძოლა მიმდინარეობს, როგორც ობიექტების სიაზე, ისე მფლობელობაზე. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ: “მხოლოდ სარგებლობაში”, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენლები: _ “მხოლოდ საკუთრებაში”. ასე აფასებენ შექმნილ ვითარებას უკრაინის საეკლესიო წრეებში. სიაში იყო უკრაინაში ყველაზე ცნობილი მართლმადიდებლური ობიექტები: კიევ-პეჩორისა და პოჩაევის ლავრები, ათონის პანტელეიმონის მონასტრის ეზო ოდესაში, “რასკოლნიკების” მიერ 1992 წელს კანონიკური ეკლესიისთვის წართმეული ვლადიმერის ტაძარი და სხვ.

ვაჭრობდნენ ყირიმის ტაძრებზეც. კონსტანტინოპოლის საპატრიარქო უკრაინისგან მოითხოვდა ყირიმის რამდენიმე ობიექტის დაბრუნებას, მაგრამ, თუ ამას ვერ შეძლებდნენ, კომპენსაცია უნდა გადაეხადათ (?!).

ფენერს მხოლოდ ერთი ობიექტი გადასცეს _ ანდრეევის ეკლესია კიევში. დანარჩენ საკითხებში პოროშენკოს დაპირება არ შესრულდა. სწორედ მის მემკვიდრეობაში გარკვევას ცდილობს უკრაინის ამჟამინდელი პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენკსი. ბართოლომეოსი გააფთრებით ცდილობდა, შეეხსენებინა ზელენსკისთვის სტამბულის შეთანხმება. არ გამოუვიდა. სტამბულში გამართულ შეხვედრაზე უკრაინის ლიდერმა ბოლო მომენტში თქვა უარი ერთობლივ მემორანდუმზე ხელმოწერაზე, რომელშიც ფენერის წარმომადგენლებმა ბუნდოვან ფორმულირებასთან ერთად ჩაწერეს კონკრეტული წინადადება, რომლის მიხედვითაც უკრაინის პრეზიდენტს რა უნდა გადაეხვია თავისი “წინამორბედის მიერ აღებული რელიგიური კურსიდან”.

უხერხული სტატისტიკა

უკრაინის წინა ხელისუფლება არწმუნებდა ფენერს არა მხოლოდ იმაში, რომ გადასცემდა უკრაინის უძრავ ქონებას, არამედ იმაშიც, რომ ახალ საეკლესიო სტრუქტურაში ბევრი მოქალაქე მივიდოდა. და ტომოსის მიღებიდან პირველ თვეებში ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა ახალი ეკლესიის “წარმატების” სურათის დასახატავად. ახალშექმნილი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ყოველ კვირას ავრცელებდა ინფორმაციას თავის იურისდიქციაში უკრაინის კანონიკური ეკლესიის ათობით ტაძრის გადასვლის შესახებ. მარტში ასეთი ტაძრების რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა, თანაც ამ “რასკოლნიკურ” ორგანიზაციას იმ მომენტისთვის უკვე ჰყავდა 5,5-ათასიანი მრევლი.

მაგრამ კადრს მიღმა ტოვებდნენ მნიშვნელოვან მომენტებს: როგორ მიიღო უკრაინის ახალშექმნილმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ასეულობით ტაძარი. ისინი წაართვეს ნამდვილ მფლობელებს.

მხოლოდ 42 ტაძრის მრევლმა გადაწყვიტა, გადასულიყო ახალშექმნილ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში. მათგან 9 გადავიდა მღვდლის გარეშე. 55 ე.წ. ნებაყოფლობითი გადასვლა მოხდა ბოქლომების გადახერხვით, მორწმუნეთა ცემა-ტყეპით და ეს, ფაქტობრივად, მიტაცებაა. რეგისტრირებულია 117 შემთხვევა, როცა ტერიტორიულმა თემმა ხმა მისცა უკრაინის ახალ ეკლესიაში გადასვლას რელიგიური თემის ნების წინააღმდეგ, ამ შემთხვევაში ჩვენი ერთგული მრევლი მღვდლებთან ერთად დარჩნენ თავიანთ ტაძრებში, თუმცა ადგილობრივმა ხელისუფლებებმა უპატაკეს, რომ თემი გადავიდა ახალ ეკლესიაში”, _ განაცხადა კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ონოფრემ პოროშენკოსთან შეხვედრისას საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე.

სტამბოლიდან სიგელის მიღების შემდეგ უკრაინელმა “რასკოლნიკებმა” გააძლიერეს ზემოქმედება კანონიკურ ეკლესიაზე, რამაც ქვეყანაში კარდინალურად ვერ შეცვალა რელიგიური სურათი _ უკრაინის მართლმადიდებელი კანონიკური ეკლესია კვლავ დარჩა ქვეყანაში უდიდეს რელიგიურ ორგანიზაციად 12 ათასი ტაძრითა და მილიონობით მრევლით. აი “დამოუკიდებელი ეკლესია კი მატებით ვერ დაიკვეხნის: მიტაცებული ეკლესიები ცარიელია. ამასთანავე, “რასკოლნიკური” ორგანიზაციების თემები, რომელთა ბაზაზეც შეიქმნა უკრაინის მართლმადიდებელი ახალი ეკლესია (ფილარეტ დენისენკოს “კიევის საპატრიარქო” (4300 ტაძარი) და უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია (1200 ტაძარი)) არ ჩქარობენ იურისდიქციის ოფიციალურად შეცვლას, ე.ი., ახალ ეკლესიას, ფაქტობრივად, აქვს არა 7 ათასი ტაძარი, რომელთა შესახებაც ცოტა ხნის წინათ განაცხადა მისმა ლიდერმა ეპიფანე დუმენკომ, არამედ 2-3-ჯერ ნაკლები.

ყველაფერი ძველებურად დარჩება

ამ პროცესს დაემატა უკრაინის საეკლესიო განხეთქილების მამის, ფილარეტ დენისენკოს, დემარში. 1992 წელს ის თვითნებურად გავიდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიიდან და უკრაინის პირველი პრეზიდენტის, ლეონიდ კრავჩუკის, მხარდაჭერით შექმნა “კიევის საპატრიარქო”. 26 წლის შემდეგ დენისენკომ აქტიურად დაუჭირა მხარი პოროშენკოს ავტოკეფალიურ პროექტს, იმიტომ, რომ თვითონ სურდა, “ერთიანი დამოუკიდებელი” სტრუქტურისთვის ეხელმძღვანელა. ამ განზრახვაზე ფილარეტს უარი ათქმევინეს ბოლო მომენტში _ 15 დეკემბერს დანიშნული “გამაერთიანებელი კრების” წინ, სადაც უკრაინის მართლმადიდებელი ახალი ეკლესიის მეთაურად აირჩიეს მისი პროტეჟე ეპიფანე დუმენკო. მაგრამ დენისენკოს უარი არ უთქვამს ძველ მიზანზე: არჩევნებიდან მეორე დღეს პირდაპირ განაცხადა, რომ, ფაქტობრივად, თვითონ დაიწყებს ყველაფრის მართვას, ეპიფანე კი “საგარეო კავშირებისთვის იღვაწებს”.

ახალი ეკლესიის ეპისკოპოსების უმრავლესობა არ შეურიგდა ძალების ასეთ განლაგებას. ისინი რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობდნენ, ხანდაზმული ცრუპატრიარქის “საპატიო კათედრიდან” განდევნას. ამის გაკეთება არც ისე ადვილი იყო, რადგან დენისენკო აკონტროლებდა “დამოუკიდებელი ეკლესიის” ხაზინას.

მაისში დენისენკო მაინც გადადგა და გამოაცხადა მის მიერ 2918 წლის 15 დეკემბერს ლიკვიდირებული “კიევის საპატრიარქოს” აღორძინების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ამ სტრუქტურაში ცოტა თემი დაბრუნდა, ძირითადი ადმინისტრაციული შენობა, მათ შორის, პეტრე პოროშენკოს მიერ ფენერისთვის ოდესღაც დაპირებული ვლადიმერის ტაძარი, კვლავ ფილარეტელთა ხელშია. ახლა უკრაინის ახალი ეკლესია ცდილობს, სამოქალაქო სასამართლოს მეშვეობით გააუქმოს ფილარეტის სტრუქტურა და წაართვას მას საბანკო ანგარიშები. უფრო ადრე ამის გაკეთებაზე უარი თქვა უკრაინის კულტურის სამინისტრომ, რომლის დაქვემდებარებაშიც არის რელიგიური ორგანიზაციები. ახლა კი ხანდაზმული “რასკოლნიკი” და მისი ახალგაზრდა პროტეჟე ემზადებიან სასამართლო პროცესისთვის, რომელიც 26 ნოემბერს დაიწყება.

“ვფიქრობ, ყველაფერი ძველებურად დარჩება და ბართოლომეოსიც ვერ მიიღებს დაპირებულ ტაძრებს, რადგან ზელენსკის გუნდმა იცის, რომ ბართოლომეოსისა და პოროშენკოს შეთანხმება უკანონო იყო. ეს ნიშნავს იმას, რომ უკრაინაში რელიგიური ვითარება უახლოეს ხანში არ შეიცვლება. განხეთქილების წარმომქმნელი სტრუქტურა რამდენიც იყო, იმდენი დარჩა: ორი _ “კიევის საპატრიარქო” და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, ხოლო უკრაინის მართლმადიდებელი კანონიკური ეკლესია, როგორც უწინ, ერთადერთი ეკლესიაა უკრაინელთა უმრავლესობისთვის.

Ria.ru-ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here