Home ახალი ამბები საქართველო ბარბარიზმების კორიანტელში

ბარბარიზმების კორიანტელში

298

ქართული ენა დღეს ბარბარიზმების კორიანტელშია გახვეული, რადგან  ბევრი ,,განათლებულიადამიანი მიიჩნევს, რომ უცხო სიტყვების (თუნდაც ქართულში მიღებულისა და დამკვიდრებულისრახარუხით საკუთარ უპირატესობას დაამტკიცებს. არადა, შესაძლოა, პირიქით მოხდეს _ სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდეს, მაგალითად, როგორც იმ სტატიის ავტორი, რომლიდანაც მხოლოდ რამდენიმე ამონარიდს შემოგთავაზებთ; რამდენიმეს იმიტომ, რომ ერთსა და იმავე სისულელეს თხუთმეტჯერ მაინც იმეორებს:

* ევროპის საბჭოს საპარლამენტო ანსამბლეის წევრები 47 ქვეყნის ეროვნული პარლამენტების  წევრები არიან.

* რას ფიქრობს ევროპის საბჭო ჩვენზე, როგორ გვიყურებენ და, საზოგადოდ, რას წარმოადგენს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ანსამბლეა.

* ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ანსამბლეას რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად უნდა გამოეცხადებინა.

* ქართულ მხარეს არ სურს იმის აღიარება, რომ ევროსაბჭოს ანსამბლეამ თავზე გადაგვიარა, არ გაითვალისწინა არავინ და არაფერი და სახელმწიფოს პირდაპირ უთხრა, თქვენ რუსეთიდან იმართებით და სააკაშვილი პუტინის პირადი პატიმარიაო

ამის ავტორს მინდა ვურჩიო:

ნურასოდეს გამოიყენებ ისეთ სიტყვებსა და გამოთქმებს, რომელთა მნიშვნელობა არ იცი და მხოლოდ ყური მოგიკრავს.

ისე, რომ იცოდე, ანსამბლსა და ასამბლეას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა.

ანსამბლი ფრანგულა სიტყვაა და მთლიანობას, ერთიანობას ნიშნავს; ასევე მომღერალთა, დამკვრელთა, მოცეკვავეთა ჯგუფს, რომელიც გამოდის როგორც ერთი მთლიანი მხატვრული კოლექტივი; და კიდევ: ანსამბლი შეიძლება იყოს მუსიკალური ნაწარმოები რამდენიმე შემსრულებლისთვის.

ასამბლეას რაც შეეხება, ქართულად კრებას ნიშნავს _ რაიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრთა საერთო კრებას.

ასე რომ, ანსამბლსა და ასამბლეას საერთო მხოლოდ ის აქვთ, რომ ორივე ფრანგული სიტყვაა.

გასული საუკუნის გარიჟრაჟზე ჩვენმა სასიქადულო მამულიშვილებმა  მკაცრად გაილაშქრეს ქართულში ბარბარიზმების დამკვიდრების წინააღმდეგ, რომლებიც მაშინ რუსული ენიდან შემოვიდა და ისე მოიკიდა ფეხი ქართულში, რომ ბევრი მათგანი _ სტოლი, შკაფი, ლეჟანკა, კალოში, სპიჩკა, კუხნა, სპალნა, ზალა, ლუსტრა, ლამპოჩკა, ტუფლი, კალონკა, ფეჩი, მაშინა, კურუშკა… დღესაც პირველობას ეცილება მათ შესატყვის ქართულ სიტყვებს.

მაგრამ დღეს რუსული აღარაა მოდური, ახლა, რაკი თვალი ევროპისკენ გვიჭირავს, მათ უნდა ვასიამოვნოთ და მივბაძოთ.

ჰოდა, ჩვენც ვალაიქებთ ყველაფერს, რაც ამერიკული და  ევროპულია. სულაც არ გვეხამუშება, ყველა მაღაზიის ვიტრინას დროდადრო ფასდაკლების ნაცვლად  სეილი რომ აწერია; ღონისძიება კი ივენთით ჩავანაცვლეთ; მომუშავე პერსონალი რატომღაც სტაფი გახდა; ზედამხედველი _ სუპერვაიზერი; სიყალბე ფეიკად მოვნათლეთ და ა. შ.

ამ სიტუაციამ მიხეილ ჯავახიშვილის ერთი წერილი გამახსენა, რომელშიც დიდი მწერალი დარდობდა იმას, რომ გასული საუკუნის პირველ ნახევარში ქართული ენა ისე დასნეულდა, ფეხზე ვეღარ წამომდგარა და დაწმენდილაო, გადაგვარებულებს ერთ დროს თითებზე ჩამოთვლიდით, ახლა კი ანგარიში აგვერია და სათვალავი დაგვეკარგაო.

სწორედ რომ ნაცნობი სიტუაციაა და ნაცნობი სატკივარი. წაიკითხეთ და თავადაც დარწმუნდებით.

ისევ ქართული ენის შესახებ

ჭირი დაუმალავი სჯობიაო. ეს ჭირიც ჩვენი ძველი ნაცნობია, თითქმის ნაჩვევი და გაშინაურებული.

ქართული ენის ამღვრევისა და დამახინჯების შესახებ მოგახსენებთ. ეს საგანი გაცვეთილი და თავმოსაბეზრებელია, მაგრამ ჩვენი დანარჩენი ჭირ-ვარამნი და სატკივარნიც დაძველდნენ.

ყველას ბავშვობიდანვე გვახსოვს ამ საგანზე ჩივილი და ზრუნვა, მაგრამ ჩვენი დასნეულებული ქართული ენა ფეხზე წამოდგომისა და დაწმენდის მაგიერ უარესად დაავადდა და ატალახდა. ისიც გვახსოვს, რომ ერთ დროს გადაგვარებულებს თითებზე ჩამოთვლიდით ხოლმე.

ეხლა კი ანგარიში აგვერია და სათვალავი დაგვეკარგა. გვახსოვს ,,დროების“, ,,ივერიის”, ,,მოამბეს” და ,,ცნობის ფურცელის” ქართული, ეხლა კი – ,,ქართული სიტყვის” ერთი წერილის ავტორისა არ იყოს – ნაწერზე ადვილად გამოიცნობთ დამწერის დაბადების კუთხეს. ამ მხრივ ჩვენში უსაზღვრო თავისუფლება დამყარდა. აღარაფერს ერიდებიან და ჟუნრალ-გაზეთებში თამამად სწერენ: ,,ლაფატკა” ,,ფლაგი”, სიროსტი”, ,,ტუმანი” და სხვ. არ ვაჭარბებ, ეს სიტყვები მე თვითონ წამიკითხია და იმავე დროს გამხსენებია, რომ თითო ასეთ სიტყვას ჩვენ შეგვიძლიან ორი და სამი ქართული დავახვედროთ.

უკან აღარავინ იხედება. ცოტაოდენი ცოდნა ენის კანონებისა სავალდებულოდ აღარავის მიაჩნია.

წიგნის ფურცელი სუსტი ანარეკლია იმ უბადრუკ სურათისა, რომელსაც ყოველ ნაბიჯზე წააწყდებით დღევანდელ ოჯახში, ქუჩაში და დაწესებულებებში. ამ დღეებში სასამართლოში გახლდით. ერთ დარბაზში ნამდვილი სეტყვა მოდიოდა ასეთის სიტყვებისა: “ჟენოტდელი”, “ჩისტკა”, “სოკრაშჩენიე”, “უბორკა”, “ბირჟა ტრუდა”, “სატრუდნიკი”, “მესტკომი”, “სოვრაბოტნიკი”, “ზემოტდელი”, “სანტრუდი” და ათასი ამისთანა ნარევი, გაუგებარი და გონჯი.

ასე ლაპარაკობდნენ ქართველები. ასეთივე ამბები ხდება დაწესებულებებში, სადაც ისევ ქართველები ოფლში იწურებიან ქართულის წერით. გეგონებათ, წინანდელ გიმნაზიელებს ლათინურს ან ბერძნულს აწერინებენო.

ან კი რა საკვირველია! დაიარეთ რომელიმე დაწესებულება და დაელაპარაკეთ თანამშრომლებს ქართულად. იშვიათად მიიღებთ პასუხს ქართულადვე. დაუგდეთ ყური ამ ხალხის ენას: ნამდვილი ვოლაპიუკი, ჟარგონი, უშნოდ ნარევი და ნამყნობი, უმგვანო. ამ ჯურის ხალხმა ხეირიანად არც ქართული იცის, არც რუსული, თვითონვე რომ შეიგნონ თავიანთი უენობა და მოისმინონ თავიანთი რუსულქართული ან სულ დამუნჯდებოდნენ, ან თავიდანვე დაიწყებდნენ ენის შესწავლას. უცებ რომ ჩვენმა წინაპრებმა წამოიწიონ და ყური უგდონ დღევანდელ ქართულს, ნებაყოფლობით უკანვე ჩასცვივდებიან საფლავებში.

აი, ასეთი ჰიბრიდები არიან, რომ ქართულ ენას და კულტურას უმზადებენ ლათინურ და ირლანდიურ ენების ბედს, ე.ი. ნელ-ნელა მარხავენ ჩვენი ხალხის ცოცხალ ენას – მეტად მდიდარს, მოქნილს, ფერადსა და ხმოვანს.

რას გვიშველის მარტო საქმის წარმოება ქართულად?! კათოლიკური ეკლესია დღესაც ლათინურ ენაზე აწარმოებს წირვას და მიწერ-მოწერას, მაგრამ ეს ენა მაინც მკვდარია. ნუთუ შეიძლება მოკვდეს ენა შოთასი, ილიასი, აკაკის და ვაჟასი? დაუჯერებელია! მაგრამ გონება და რეალობა მაინც თავისას გაიძახიან და მრისხანე მუქარას გვითვლიან.

თევზი თავიდან აყროლდებაო. სწორედ ჩვენს ინტელეგენციაზეა ნათქვამი. იგი ჩემულობს ხალხის მეთაურობას და ხელმძღვანელობას. მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც გახრწნა და გადაგვარებაშიც მასვე ეკუთვნის პირველობა და სხვებზე ადრე იმან უნდა დაიწყოს ზრუნვა საკუთარი თავის განკურნებაზე.

ზოგნი ამ სნეულებას უიმედოთ შესცქერიან, მე კი მაგონდება ერთი მაგალითი: 1905-1906 წლებში, სულ ორიოდე წელიწადში ყველა სომხები თავიანთ დედაენაზე ალაპარაკდნენ (ბარაქალა იმათ!).

როგორ მოხდა ეს ამბავი? სულ უბრალოდ: მოინდომეს და შეასრულეს, ხალხის ნებაყოფლობამ, უკვდავების ალღომ და სიცოცხლის წყურვილმა ასი წლის ნაშენი ზღუდენი გადალახა და თავისი ენით ამეტყველდა.

არც ჩვენა გვაქვს სხვა გზა, გარდა ასეთივე ნებისყოფის, დაჟინების, შეგნებისა და სიცოცხლის წყურვილისა.

ყველამ თვითონვე უნდა იზრუნოს თავის თავსა და ოჯახზე.

25 მაისი, 1924წ.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here