Home ახალი ამბები მსოფლიო ასტანას ევრაზიული მარათონი

ასტანას ევრაზიული მარათონი

100
ასტანას ევრაზიული მარათონი

ასტანა სულ უფრო მეტად ამტკიცებს რეგიონული დიპლომატიური ლიდერის როლს და ამას ხელი უნდა შეუწყოს ერთდროულად სამმა სამიტმა, რომლებიც ყაზახეთის დედაქალაქში ამ კვირაში გაიმართება. 50-მდე ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენელი, მათ შორის 11 სახელმწიფოს მეთაური, ერთმანეთს შეხვდება აზიაში ურთიერთქმედების და ნდობის აღდგენის ღონისძიებების კონფერენციის (CICA) ფარგლებში, დსთ-ს სამიტზე, ასევე „ცენტრალური აზია-რუსეთის“ ფორმატში. ამავდროულად, ორმხრივი მოლაპარაკებები შესაძლოა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს – კერძოდ, რუსეთის ფედერაციისა და თურქეთის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის.

ყაზახეთის დედაქალაქში იწყება ღონისძიებების მთელი სერია, რომელიც გააერთიანებს არადასავლური სამყაროს ქვეყნების ლიდერებს. მათგან ყველაზე დიდი იქნება აზიაში ურთიერთქმედების და ნდობის აღდგენის ღონისძიებების კონფერენციის სამიტი (12-13 ოქტომბერი), რომელიც მოიცავს 27 სახელმწიფოს, თურქეთით და რუსეთით დაწყებული ვიეტნამის და სამხრეთ კორეის ჩათვლით. ასეთი მასშტაბური პროექტი ყაზახეთში 1992 წელს შეიქმნა და ახლა იუბილეს აღნიშნავს. „საერთოდ მოსალოდნელია 50-მდე დელეგაციის ჩამოსვლა. შეხვედრები უმაღლეს დონეზე ემთხვევა CICA-ს მოწვევის ინიციატივის 30 წლის იუბილეს და გაიმართება ყაზახეთის თავმჯდომარეობით“, – განაცხადა ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა აიბეკ სმადიაროვმა სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე.

ასტანაში რუსეთის, აზერბაიჯანის, ერაყის, ირანის, ყატარის, ყირგიზეთის, პალესტინის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის და თურქეთის ლიდერები ჩავლენ. მათ ასევე შეუერთდება ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, რომელსაც CICA-ში დამკვირვებლის სტატუსი აქვს.

სიდიდით მეორე ღონისძიება იქნება დსთ-ს სამიტი (14 ოქტომბერი). შეგახსენებთ, რომ თანამეგობრობის ქვეყნების ლიდერების შეხვედრა სანქტ-პეტერბურგში 7 ოქტომბერს გაიმართა, მაგრამ ეს სამიტი არაფორმალური იყო. ხოლო ახალი ჩატარდება პროტოკოლის სრული დაცვით.

ამავდროულად, სახელმწიფოს მეთაურების გარდა, ცალ-ცალკე შეხვდებიან საგარეო საქმეთა მინისტრებიც (უკვე 12 ოქტომბერს).

დსთ-ს აღმასრულებელმა მდივანმა სერგეი ლებედევმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო “განიხილავს საკითხთა ფართო სპექტრს თანამეგობრობის სივრცეში ინტეგრაციის ყველა მიმართულებით” და მოსალოდნელია, რომ ხელი მოაწეროს რიგ დოკუმენტებს.

გარდა ამისა, 14 ოქტომბერს შეიკრიბება ექვსეული – რუსეთის ფედერაციის და ცენტრალური აზიის რესპუბლიკების ლიდერები, კავკასიის ქვეყნების წარმომადგენლების გარეშე. ეს იქნება პირველი სამიტი ცენტრალური აზიისა და რუსეთის ფორმატში.

როგორც რეგიონის ექსპერტმა, ალმათის ყაზახეთ-გერმანული უნივერსიტეტის პროფესორმა რუსტამ ბურნაშევმა „კომერსანტთან“ ინტერვიუში ივარაუდა, შეხვედრების ასეთი სიმჭიდროვე შეიძლება უბრალოდ შემთხვევით წარმოშობილიყო. „ცენტრალური ღონისძიება, ალბათ, არის CICA-ს გეგმიური და საიუბილეო სამიტი, – პროექტი, რომლითაც ამაყობს ყაზახეთი“, – ამბობს ბ-ნი ბურნაშევი, – „და ამ ღონისძიების ირგვლივ გადაწყვიტეს დამატებითი შეხვედრების გამართვა, რომლებიც, შესაძლოა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, ვიდრე მთავარი. ამავე დროს, ინიციატორი შეიძლება სხვადასხვა იყოს“. მაგალითად, ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერების შეხვედრა, როგორც ექსპერტი ვარაუდობს, „რუსეთმა შესთავაზა და არა ყაზახეთმა“. „ამ სამიტს შეიძლება ვუწოდოთ ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან სწორედ იქ არის შესაძლებელი რეალური, პრაქტიკული საკითხების განხილვა. რაც შეეხება დსთ-ს, სამიტის მიზანს შეიძლება ეწოდოს ამ ორგანიზაციის სიცოცხლისუნარიანობის დადასტურება“, – აღნიშნა რუსტამ ბურნაშევმა.

ამ ლოგიკის სისწორე რეგიონის ერთ-ერთ ქვეყანაში „კომერსანტის“ დიპლომატიურმა თანამოსაუბრემ დაადასტურა. „რუსეთი-ცენტრალური აზიის სამიტი მართლაც იყო შემოთავაზებული რუსული მხარის მიერ. და ყაზახეთმა მხარი დაუჭირა ამ იდეას. ამავდროულად, მთავარ ღონისძიებას CICA-ს დავარქმევდი“, – განაცხადა მან.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 7 ოქტომბერს სანქტ-პეტერბურგში გამართულ შეხვედრაზე აღწერა ასტანაში ვიზიტის გეგმები. მართალია, ფორმულირება ძალიან ბუნდოვანი იყო.

„რა თქმა უნდა, როგორც ამ შეხვედრაზე, ასევე ასტანას სამიტზე, ჩვენ პრიორიტეტულ ყურადღებას მივაქცევთ დსთ-ს ფარგლებში სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორობის შემდგომ განვითარებას, ვიფიქრებთ იმაზე, თუ როგორ გავააქტიუროთ ერთობლივი მუშაობა ჩვენი ყველა ეკონომიკის სტაბილურობის ასამაღლებლად, კერძოდ, ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის კავშირების დამყარებით“, – განაცხადა მაშინ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა.

რაც შეეხება ასტანაში შეხვედრების სხვა მონაწილეებს, ისინი, როგორც ჩანს, შეეცდებიან თავიანთი ყველაზე კონკრეტული მიზნების მიღწევას. ასე რომ, „კომერსანტის“ თანამოსაუბრემ ყირგიზეთის მთავრობიდან, ანონიმურობის დაცვის პირობით, თქვა: „ჩვენ ძალიან გვსურს განვთავისუფლდეთ იმ დაძაბულობისგან, რომელიც არსებობს ყირგიზეთ-რუსეთის ურთიერთობებში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ურთიერთობა პრეზიდენტებსა და თავდაცვის სამინისტროს შორის კარგად ვითარდება, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ვითომ არსებული პრობლემების შესახებ სპეკულაციისთვის გარკვეული თემები მუდმივად ჩნდება, ხოლო გაღიზიანების მიზეზები ზვიადდება“. წყარომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ „დასავლური პრესა ახლა ავრცელებს იდეებს, რომ რუსეთი თითქოსდა კარგავს კონტროლს პოსტსაბჭოთა სივრცეზე და სწორედ ამიტომ მწვავდება იქ კონფლიქტები, თუნდაც შუა აზიაში, თუნდაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის“. „ის, რომ პრეზიდენტი სადირ ჯაფაროვი არ გაემგზავრა პეტერბურგში, ასევე აღიქმება რუსეთთან ჩვენი უთანხმოების დასტურად. და ეს ყველაფერი, რეალურად, არ შეესაბამება სიმართლეს. სწორედ ამ ინსინუაციების უარყოფა იქნება მნიშვნელოვანი ამოცანა ჩვენი დელეგაციისთვის. ჩვენ გვინდა, რომ რუსეთმა გააგრძელოს წესრიგის დაცვა ჩვენს რეგიონში“, – დასძინა „კომერსანტის“ თანამოსაუბრემ.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყირგიზეთის პრეზიდენტმა პეტერბურგში შეხვედრა გამოტოვა, ტაჯიკეთის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონთან ასტანაში მაინც მოუწევს შეხვედრა. შეგახსენებთ, რომ ამ ორ ქვეყანას შორის დიდი ხნის სასაზღვრო კონფლიქტია, რომელიც მკვეთრად გამწვავდა მიმდინარე წლის სექტემბერში. ამავე ადგილას, ასტანაში, პოსტსაბჭოთა სივრცის კიდევ ორი დაპირისპირებული ქვეყნის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებიც შეხვდებიან. თუმცა, მათ შორის რაიმე მომავალი ორმხრივი კონტაქტების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

სამაგიეროდ, მოსკოვშიც და ანკარაშიც ვლადიმერ პუტინისა და თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოახლოებულ შეხვედრაზე საუბრობენ.

„თემა გასაგებია – ეს, რა თქმა უნდა, არის უკრაინა, ორმხრივი ურთიერთობები, რომლებიც ასევე ძალიან, ძალიან მრავალმხრივია და, ზოგადად, აზრთა გაცვლა მიმდინარე საკითხებზე“, – განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა. თურქეთში კი შეხვედრისგან მოლოდინი აშკარად მეტია. მაგალითად, გაზეთმა Yeni Safak ივარაუდა, რომ ასტანაში შეიძლება მიიღონ გადაწყვეტილება უკრაინასთან დაკავშირებით ახალი მოლაპარაკებების გამართვის თაობაზე – და ზუსტად თურქეთის ტერიტორიაზე. მანამდე თურქული გამოცემა Milliyet იტყობინებოდა: ანკარა აპირებს რუსეთის წარმომადგენლების შეერთებული შტატების, საფრანგეთის, გერმანიის და დიდ ბრიტანეთის წარმომადგენლებთან შეხვედრის ორგანიზებას, გეგმა სავარაუდოდ უკვე გადაეცა ვაშინგტონს და იქ (ასევე, გაზეთის მიხედვით) ამას დადებითად გამოეხმაურნენ. ასეთი მოლაპარაკებების შესაძლო გამართვის შესახებ კითხვები წინა დღით დიმიტრი პესკოვსაც დაუსვეს. მაგრამ მან უპასუხა, რომ „ამ დროისთვის ამასთან დაკავშირებით არ არსებობს რაიმე კონკრეტული ინფორმაცია“.

„გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე (კერძოდ, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი), ვფიქრობ, სამივე სამიტზე, მიუხედავად ოფიციალურად გამოცხადებული რაიმე სხვა დღის წესრიგისა, მაინც ზუსტად ამაზე იმსჯელებენ“, – განუცხადა „კომერსანტს“ ევრაზიული ინტეგრაციის ყაზახური ინსტიტუტის დირექტორმა ურაზგალი სელტეევმა. ამასთან, ექსპერტი სკეპტიკურად უყურებს რეგიონში ინტეგრაციული პროექტების განვითარების პერსპექტივებს. „ახლა ეს არ მუშაობს. ახლა ყველა, მეტწილად, თავის სახელმწიფო ინტერესებს იცავს. თუ ადრე, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ინტეგრაციის მიზნები იყო გამოცხადებული, თითოეულ სახელმწიფოს ეკონომიკური ეგოიზმი ჰქონდა, ახლა მას დაემატა პოლიტიკური ეგოიზმიც“, – განაცხადა „კომერსანტის“ თანამოსაუბრემ.

კირილ კრივოშეევი,
ალექსანდრე კონსტანტინოვი,
ასტანა
წყარო: kommersant

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here