Home ახალი ამბები საქართველო არ გამოესარჩლენ ქალს ქვეყანაში, სადაც ისტორიულად იყო დედის, დის, ცოლის კულტი და,...

არ გამოესარჩლენ ქალს ქვეყანაში, სადაც ისტორიულად იყო დედის, დის, ცოლის კულტი და, ერთი შეხედვით, ახლაც არის, მაგრამ თურმე მხოლოდ ერთი შეხედვით

დასავლურ თარგზე მოჭრილმა სისტემამ კრახი განიცადა

390

გასულ კვირას სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ურტყამს ხელს რუს ტურისტს უკანალზე 14-15 წლის მოზარდი და შემდეგ როგორ მისდევს მას. ვიდეოს, სავარაუდოდ, მისი მეგობარი იღებს და ჰორმონებმოწოლილი ხმით აგულიანებს, „მიდი, კახა, კიდევ ერთი ამოარტყი…“ სოციალურ ქსელში ვიდეოს უამრავი ნახვა ჰქონდა და, საბედნიეროდ, კომენტარების უმრავლესობა ბიჭისთვის მოსაწონი ნამდვილად არ იქნებოდა  –  რიგითი ადამიანები ქალს იცავდნენ, მაგრამ…

იმავე ვიდეოში კარგად ჩანს, რომ ქალისა და ბიჭის დაპირისპირებას არაერთი თვითმხილველი ჰყავს. მეტიც, ქალი რამდენიმეჯერ ჩერდება იმის იმედად, რომ რიგითი გამვლელები დაეხმარებიან, მამაკაცები, რომლებსაც საუბარიც ესმით და ხვდებიან, რა ხდება, მაგრამ მას  არავინ გამოესარჩლა. ჰო, არ გამოესარჩლენ ქალს ქვეყანაში, სადაც ისტორიულად, დედის, დის, ცოლის კულტი იყო და ერთი შეხედვით, ახლაც არის, მაგრამ თურმე მხოლოდ ერთი შეხედვით.

ამ ახალგაზრდებში  მორალურ-ზნეობრივი დეგრადაცია ჩანს. იმ ლაწირაკებს, პირდაპირ თუ ირიბად, ვიღაც აქეზებს ამ უმსგავსობის ჩასადენად. საზოგადოდ, მათი წამქეზებელი ლიბერალური პროპაგანდა და გაუკუღმართებული განათლების სისტემაა (აღზრდის ფუნქციაგამოცლილი საგანმანათლებლო სერვისები). ამასთანავე, მათ აუცილებლად ეყოლებოდათ კონკრეტული წამქეზებელი. ეს ანტირუსული და ანტიქართული პროვოკაციის ერთ-ერთი მაგალითია.  ეს არის იმის შედეგი, რომ  წლებია, განათლების ყველა მინისტრი, თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, ახალ საგანმანათლებლო პროგრამას წარმოადგენს და ირწმუნება, რომ ათ წელიწადში საუკეთესო განათლებას მისცემს ბავშვებს, მაგრამ ეს პროგრამები უქმდება ან ჩერდება ყოველი ახალი მინისტრის მოსვლის შემდეგ.

რაც შეეხება ლიბერალურ მიდგომას, სწორედ ლიბერალები უმტკიცებენ ბავშვებს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში უფროსს ადგილი არ უნდა დაუთმონ, ფეხზე მოხუცი ან ორსული ქალიც რომ იდგეს, ბილეთიანი მგზავრი არ უნდა ადგეს და უბილეთო არ უნდა დასვას.  ბავშვებიც ამ ყველაფერს ისმენენ, ისრუტავენ, ხედავენ, რომ ლიბერალებს უთმობენ სატელევიზიო ეთერს და აყვირებენ ბოლო ხმაზე. ლიბერალებისთვის ხმის გაცემა დასავლეთის მტრობად ითვლება და ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგია და, თუ თავადაც ასე მოიქცევიან, გახდებიან წარმატებული. ჰო, ლიბერალიზმი მოზარდებში წარმატებასთან ასოცირდება და ასოცირდება ერთადერთი რამის გამო – ისინი ხშირად ჩანან ტელეეკრანზე, ხშირად ჩანან აქციებზე და დასავლური ღირებულებების სახელით ახალ თაობას ტვინს ურეცხავენ.

ახლა წამით წარმოვიდგინოთ, რა მოხდებოდა, რუსეთში მყოფი ქართველი ქალისთვის რომ იგივე გაეკეთებინათ იქაურ მოქალაქეებს. ლიბერალები წალეკავდნენ არა მხოლოდ  სოციალურ ქსელს, არამედ ტელეეთერებს; იტყოდნენ, რომ ეს არის რუსეთის ნამდვილი სახე, რომ იქ ყველა ერთნაირია და სულ ტყუილად გვაქვს იმედი, რომ რუსეთთან მეგობრობა შეიძლება. და ახლა რა ხდება? ახლა ისინი ჩუმად არიან. მოხდა? მერე რა, გადაივლის. არადა, განგაშის ზარები სწორედ ახლა უნდა დავარისხოთ, რადგან სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო ვირუსულად მოედო პოსტსაბჭოთა სივრცეს და ამის ნახვის შემდეგ, რომელი ნორმალური ადამიანი მოისურვებს საქართველოში ჩამოსვლასა და დასვენებას? ტურიზმი კი ქართული ეკონომიკის ლამის ერთადერთ წყაროდ რომ იქცა, კარგად მოგეხსენებათ. და ეს ყველაფერი ხდება საქართველოში, სადაც ქალს (და არასდროს ენიჭებოდა  ქალის ეროვნებას მნიშვნელობა) ყოველთვის განსაკუთრებული როლი ჰქონდა და უდიდესი პატივისცემით ვეპყრობოდით.

ბევრმა ისიც თქვა, ლაწირაკი ბავშვები არიან, ჰორმონების შემოტევა აქვთ და გაუვლითო, მაგრამ ლაწირაკი იყო მალხაზ კობაური, რომელმაც სწორედ ჰორმონების შემოტევის გამო ოჯახი ამოწყვიტა.  ვინ იცის, რას იზამდა ეს ბავშვი, იარაღი რომ ჰქონოდა და შესაძლებლობა იმისა, რომ იარაღით დაეშინებინა ქალი, რომელსაც შინ ეპატიჟებოდა?! ისევ გავიმეორებთ: ამ ვიდეოში ყველაზე ამაზრზენი სანახავი გამვლელი სრულწლოვანი მამაკაცების უყურადღებობა იყო და ეს სწორედ იმ პროპაგანდის ბრალია, რომელსაც ლიბერალური ფრთა წარმატებით ეწევა საქართველოში. თურმე იმ გამვლელებს სჯერათ, რომ რუსეთის არც ერთ მოქალაქეს დახმარების ხელი არ უნდა გაუწოდო და მხოლოდ მაშინ უნდა გაიშვირო ხელი, როცა ფულს ხარჯავს. ასე მათხოვრები იქცევიან და სწორედ მათხოვრები არიან ის ადამიანები, რომლებმაც ინციდენტს გულგრილად ჩაუარეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო და კარგი იქნება, თუ ამ ბავშვების გვარ-სახელები კი არა, მათი მშობლებიც გვეცოდინება, ვინ არიან, ვისი გაზრდილები გახლავან, ვიცოდეთ, რომ მოვერიდოთ… ჰო, სწორედ რომ მოვერიდოთ, რადგან  ასეთი შვილის გამზრდელი უარესის გამკეთებელია. არ დაიწყოთ ახლა, მშობელი რა შუაშია, შვილი გარეთ რას გაკეთებსო?! შუაში კი არა, თავშია და იქნებ იმ კანონსაც დაედგას თავი, როცა არასრულწლოვანი შვილის დანაშაულის გამო ფულად ჯარიმას მშობელი გადაიხდის. აი, მერე ნახეთ, როგორ დაუწყებენ დევნას და კონტროლს შვილებს, როცა მათი უსაქციელობა ჯიბეს დაარტყამს.

ტროას ომი ქალის გამო დაიწყო და ლეგენდად დარჩა. ახლა რუსეთის ხელისუფალმა რომ თქვას: ჩემს მოქალაქეებს სექსუალურად ავიწროებენ საქართველოშიო, იქნება თუ არა მართალი? თუ ესეც უნდა გვაპატიოს და ხმა არ უნდა ამოიღოს, ზუსტად ისე, როგორც საერთაშორისო ტრიბუნიდან ლანძღვას მოგვიტევებდა,  არსებობისთვის საჭირო ხორბალს მაინც გვაწვდიდა და დღემდე გვაწვდის?! როდემდე უნდა იყოს ორმაგი სტანდარტი _ მე დავაშავებ და შენ ჩუმად იყავი, შენ თუ დააშავებ – მე ვიყვირებ?!

საგანმანათლებლო სისტემა კრიტიკას რომ ვერ უძლებს, არახალია. მეტიც, დასავლურ თარგზე მოჭრილმა სისტემამ  კრახი განიცადა და ამის აღიარება არავის სურს. კი აძაგებენ კომუნიზმს, მაგრამ სწორედ კომუნისტების მიერ დაგეგმილ-მოფიქრებული საგანმანათლებლო სისტემით ფუნქციონირებს არაერთი ევროპული ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემა და, რაც მთავარია, ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ სისტემის შემოღებაზე სერიოზული მსჯელობა, აგერ უკვე მესამე წელია, მიდის. ჰო, ამერიკელებს კომუნისტური სისტემის განათლების დანერგვა სურთ, რადგან ის ძალიან კარგი იყო, მაგრამ ჩვენ ხომ ამას არ ვიზამთ? მერე ხომ აყვირდებიან ლიბერალები და იტყვიან, რომ  კომუნიზმში ვბრუნდებითო. აი, ამერიკას ამას ვერ გაუბედავენ, იმიტომ, რომ ის დემოკრატიის აკვანია.

ნამდვილად ვერ გეტყვით, რას იზამს შსს, გაჰყვება თუ არა ამ საქმეს ბოლომდე, მაგრამ ბავშვების იდენტიფიკაცია შესაძლებელი რომ არის, ადვილი მისახვედრია, არც იმ ქალბატონის ვინაობის დადგენა იქნება რთული. თუ ეს „ინიციატივა“ არ დაისაჯა, თუ სხვებმა არ დაინახეს, რომ ასეთი საქციელი (უფრო ზუსტად, ასეთი უმსგავსობა) ისჯება, ხვალ და ზეგ ყოველი მეორე ასე მოიქცევა და მერე ვიღაც ენის მოჩლექით გაამართლებს, – ბავშვები არიანო. ბავშვები ასე არ იქცევიან, ბავშვებს არ აქვთ ქალის უკანალზე ხელების ტყაპუნის სურვილი და ამ ასაკში პასუხის მოთხოვნა აუცილებელიც კი უნდა იყოს. კარგი, შევეშვათ იმას, რომ ქალბატონი რუსი ტურისტი იყო. ქართველი რომ ყოფილიყო, ჩვენი მოქალაქე, მერე რა მოხდებოდა? მის შვილს, მამას, ძმას ის ბავშვები წიხლქვეშ რომ გაეგდო და ეცემა, ხომ იტყოდნენ, პატარებზე იძალადაო? მაგრამ, ქალს ხელს რომ ურტყამს უკანალზე, მაშინ დიდია, და როცა ცემენ, მაშინ პატარა?

დროა, საზოგადოება გამოფხიზლდეს, პირველ რიგში კი – მოზარდების მშობლები, რომლებსაც სკოლებში დაჰყავთ შვილები და წარმოდგენა არ აქვთ, სად რას ასწავლიან. ერთხელ და სამუდამოდ ცუდს ცუდი უნდა დაერქვას და კარგს – კარგი. ლიბერალურ ფრთას კი, რომელიც მშობლების პატივისცემასაც კი არ ასწავლის ბავშვებს, კარი მყარად უნდა მივუხუროთ და სკოლებში, ბაღებში (ჰო, ბაღებში) არ შევუშვათ, არ მივცეთ უფლება, მომავალი თაობა გარყვნას. გარყვნილების გარდა არაფერი ჰქვია იმას, რაც ვიხილეთ. გავა წლები, ეს ბავშვები დიდები გახდებიან და შემდეგ უფრო აგრესიულ ქმედებაზე გადავლენ.

არ ექნება მერე მნიშვნელობა, ტურისტია თუ ადგილობრივი, მას ეცოდინება, რომ ანალოგიური დანაშაული არ ისჯება, რომ ამისთვის პასუხს არავინ მოსთხოვს და, როცა მოესურვებათ, სადაც მოესურვებათ, უარესს ჩაიდენენ.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here