Home ახალი ამბები საქართველო ამათ რომ უსმინო, თარგმნის დროს აზროვნება სულაც არ არის საჭირო!

ამათ რომ უსმინო, თარგმნის დროს აზროვნება სულაც არ არის საჭირო!

130

ყოველდღიურად უამრავ ინფორმაციას ვეცნობით მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ, რომლებსაც, ძირითადად, უცხოენოვანი საიტებიდან თარგმნიან ქართული ენის მართლწერის საკითხებთან მწყრალად მყოფი მოკალმეები და, ამათ რომ უსმინო, გრჩება შთაბეჭდილება, რომ თარგმნის დროს აზროვნება სულაც არ არის საჭირო.

აი რამდენიმე მაგალითი:

* „პაკისტანის პრემიერმინისტრმა მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში, ისლამაბადში გასამართ, თურქეთპაკისტანის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მე-7 შეხვედრაზე პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მასპინძლობას მოუთმენლად ელიან”.

მძიმეები რომ უაზროდაა მიმობნეული ტექსტში, ამაზე აღარ შევჩერდებით. აქ უფრო მნიშვნელოვანი რამაა გასარკვევი: პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში მასპინძელი ვინ იქნება _ პაკისტანის მთავრობა თუ ერდოღანი?!

„პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მასპინძლობას მოუთმენლად ელიან”-ო.

 ამის დამწერი სტუმარსა და მასპინძელს ერთმანეთისგან რომ ვერ არჩევს, ფაქტია. მოდი ვცადოთ, გავაგებინოთ: მასპინძელი არის ის, ვინც სტუმარს იღებს, უმასპინძლდება; ისაა დამხვედრი მხარე, მიმღები.

სირცხვილი პაკისტანელებს, თუ თავიანთ ქვეყანაში ერდოღანს მოუთმენლად იმიტომ ელიან, რომ თურქეთის პრეზიდენტი მათ კარგად გაუმასპინძლდება. ეს რომ ასე არ იქნება და უტვინო მთარგმნელმა ტექსტი არასწორად გადმოაქართულა, ეჭვი არავის ეპარება. ასეთი ავტორების “ხელწერას” მიჩვეული ჩვენი განათლებული მკითხველი ხშირ შემთხვევაში ხვდება, მოცემულ აბდაუბდაში რას გულისხმობს ესა თუ ის ვაიმოკალმე, თუ, რა თქმა უნდა, ძალიან არ გადაამლაშა.

ეს რთული ქვეწყობილი წინადადება ქართულად ასე უნდა დაეწერათ:

პაკისტანის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ მოუთმენლად ელიან   თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის სტუმრობას თურქეთპაკისტანის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მე-7 შეხვედრაზე, რომელიც ისლამაბადში  მიმდინარე წლის სექტემბერში გაიმართება.

* პატრიოტი უკრაინელი ხალხის სურვილმა, რომ მიაღწიონ დასახულ მიზანს (აქ მძიმე უნდა დაესვა ავტორს) და სოლიდარობის სულისკვეთებამ  შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე. სწორედ ამის ფარგლებში ჩვენ (აქაც მძიმეა საჭირო) კომპანია „ Baykar“-ი, უკრაინელებს უსასყიდლოდ გადავცემთ 3 უპილოტო საფრენ აპარატ „ Bayraktar TB2-ს“ (უნდა იყოს: „ Bayraktar TB2“-ს).

ახლა _ რას ვუწუნებთ ამ ორ წინადადებას ამ „მცირე” კორექტურული შეცდომების გარდა:

მოდი ვნახოთ, რას ნიშნავს სიტყვაფარგლებიდა მერე გავარკვიოთ, რამდენად შესაძლებელია ხალხის სურვილისა და სოლიდარობის სულისკვეთებისფარგლებშირამეს გადაცემა ვინმესთვის.

ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი გვეუბნება, რომ ფარგლები არის ამა თუ იმ ტერიტორიის საზღვრები (მაგ. საარჩევნო უბნის); რისამე გავრცელების, მოქმედების არე, ზღვარი (მაგ. მწერალი სინამდვილის ფარგლებს არ სცილდება). მაგრამ იმის თქმა, რომ ხალხის სურვილისა და სოლიდარობის სულისკვეთების ფარგლებში რამეს გადაცემა ვინმესთვის კარგი ქართულია, არ იქნება მართებული.

ამის მთარგმნელს, აჯობებდა, ფარგლებისთვის საერთოდ დაენებებინა თავი და ეთქვა: პატრიოტი უკრაინელი ხალხის სურვილმა, რომ მიაღწიონ დასახულ მიზანს (აქ მძიმე უნდა დაესვა ავტორს) და სოლიდარობის სულისკვეთებამ  შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე. სწორედ ამიტომ ჩვენ, კომპანია Baykar “-, უკრაინელებს უსასყიდლოდ გადავცემთ 3 უპილოტო საფრენ აპარატსო”.

* მდინარე იკოროდუში გადაბრუნებული სამგზავრო ნავის სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დროს კიდევ 15 ადამიანის ცხედარი იპოვეს რა (ეს სიტყვა სრულიად ზედმეტია), მთლიანობაში დაღუპულთა რიცხვი (უნდა იყოს რაოდენობა) 17-მდე გაიზარდა.

ამის დამწერი, როგორც ჩანს, არა მხოლოდ ქართულთან, გეოგრაფიასთანაც და ინგლისურ ენასთანაც მწყრალად არის:

 იკოროდუ, მდინარე კი არა, ქალაქია ნიგერიის სამხრეთდასავლეთ ნაწილში, ბენინის ყურეში ასე რომ, ნავი  არარსებულ მდინარეში ვერ გადაბრუნდებოდა, მაგრამ ოკეანეში ნამდვილად რომ გადაბრუნდა, ის ფოტოც მოწმობს, ამ ინფორმაციას თან რომ ახლავს (იხ. ფოტო, რომელზეც ოკეანის უკიდეგანო სივრცეში გადაბრუნებული ნავი და წყალში ჩაცვენილი ადამიანების თავები მოჩანს).

* ვლადიმერ პუტინმა გააფართოვა განკარგულების მოქმედების სფერო, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების ხელშეწყობას. აღნიშნული განკარგულებით, უკრაინის ყველა რეგიონის მუდმივ მაცხოვრებლებს, ასევე ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების მაცხოვრებლებს უფლება აქვთ, მიმართონ რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებულ განცხადებას.

გასაგებია, რომ მსურველებს უპრობლემოდ შეუძლიათ სურვილის ასრულება, მაგრამ როგორ უნდა მოიქცნენ? თურმე უნდა მიმართონ რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებულ განცხადებას”.

და როგორ უნდა მიმართონ განცხადებას?!

ამ კითხვას, შესაძლოა, იმ შემთხვევაში გავცეთ პასუხი, თუ ტექსტის რუსულ ვარიანტს წავიკითხავთ, რადგან უხეირო თარგმანიდან ვერაფერს გაიგებს კაცი.

*  უხეირო თარგმანის საუკეთესო ნიმუშია ეს წინადადებაც:

„საფრანგეთი კიდევ უფრო უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა, რომ არა მრავალი ატომური რეაქტორის ტექმომსახურებისთვის დახურვა. ეს გარემოება არ აძლევს საშუალებას საფრანგეთის ბირთვულ ენერგეტიკას, სწრაფად შეავსოს ამოვარდნილი მოცულობები”.

ამის დამწერს ქართულად ეს აზრი აი ასე უნდა გადმოეცა:

საფრანგეთი კიდევ უფრო უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა, უმრავლესობა ატომური რეაქტორებისა ტექმომსახურების მიზნით რომ არ დაეხურა”.

რაც შეეხება ფრაზას „სწრაფად შეავსოს ამოვარდნილი მოცულობები”,  ამის  გასაგებად დედანში ერთი თვალით მაინც რომ ჩაგვახედა…

* ძალიან ხშირად ხმარობენ ასეთ გამოთქმებს: აღებულ იქნა, დადებულ იქნა, წაკითხულ იქნა და ა. შ. ისინი სრულიად მიუღებელია ქართული ენისთვის და რუსულის კალკია, მთარგმნელის მიერ შემოჩეჩებული. ქართულ ენაში ზმნის პირიან ფორმას შეუძლია  ერთი სიტყვით გვითხრას იგივე _ იქნას დამატების გარეშე: აიღო, დადო, წაიკითხა და ა.შ.

* „კოლუმბიის მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში  FARC-ის წინააღმდეგ ოპერაცია განხორციელდა. ოპერაციის შედეგად FARC-ის 10 წევრი (აქ მძიმე გამორჩა ავტორს) მათ შორის ოთხი ქალი (აქაც მძიმეა საჭირო) იქნა მოკლული. ფაქტი დაადასტურა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმაც”.

 „ოთხი ქალი იქნა მოკლულირუსულის კალკია. ქართულად უნდა ვთქვათ და ვწეროთ: ოთხი ქალი მოკლეს.

 და კიდევ, არასწორია სხვადასხვა რეგიონებში  და აი რატომ: სხვადასხვაში ხომ ერთზე მეტი იგულისხმება, ამიტომ არსებითი სახელი მას მხოლობით რიცხვში შეეწყობა. სწორია: სხვადასხვა რეგიონი.

* “რეგიონებში (აქ მძიმე უნდა) სადაც ოპერაციები განხორციელდა, ჩატარებული ჩხრეკების შედეგად დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა იქნა ამოღებული”.

ამ წინადადების მთარგმნელს, ეტყობა,  „შეეშალა”, ოპერაციები განხორციელდაო რომ დაწერა. ეს შემთხვევით რომ არ მოსვლოდა, ქვემოთ, იქნა ამოღებულს კი არა, ამოიღეს დაწერდა.

* „შენობაში“ „განთავსებაკი არა, „მოთავსებახდება, კალამდაწყევლილებო!

ლექსიკონებს მაინც ჩახედეთ და სცადეთ, მოძებნოთ სიტყვა „განთავსება“.

ვერც ერთ ლექსიკონში ვერ ნახავთ.

ვერ ნახავთ იმიტომ, რომ ეს სიტყვა ხელოვნურადაა შექმნილი „სუბუქად“ განათლებულ მცირემცოდნე ან სრულიად უცოდინარ კალმოსანთა მიერ და მერე სხვებს ატაცებული აქვთ თუთიყუშებივით.

დაუფიქრებლად და უპასუხისმგებლოდ.

მოთავსებული“, „განლაგებული“, „არსებული“ _ აი, ქართული, ღვთის მიერ შექმნილი სიტყვები და არაგანთავსებული“.

* რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, პარლამენტის ქვედა პალატაში, დუმაში, წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების ლიდერებს და სპიკერებს შეხვდა (აქ მძიმე დავსვათ) სადაც სიტყვით გამოსვლის დროს დასავლეთს დაემუქრა და განაცხადა: „გვესმის, რომ უნდათ ჩვენი დამარცხება ბრძოლის ველზე, აბა, სცადონ“.

ამ რთულ წინადადებაში მთავარი წინადადებაა: რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პარლამენტის ქვედა პალატაში, დუმაში, წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების ლიდერებს და სპიკერებს შეხვდა.

პუტინმა კი არ შეხვდა, პუტინი შეხვდა!

* „ამ სიაში ყველაზე მოთხოვნადი ავტორები შევლენ“.

ეს წინადადება არა მხოლოდ არაქართულია, არამედ ქართული ენის აბუჩად აგდებაც გახლავთ.

მკითხველი რომ გავარკვიოთ, რატომ არის ასე, ეს უდღეური წინადადება ახლავე „განვჩხრიკოთ ახლოით“:

აი ახალი და “დიდებული” ქართული: „მოთხოვნადი ავტორები“.

ეს ისეთი წინადადებაა, მკითხველის ფანტაზიას კიდევ უფრო ფართოდ რომ გააშლევინებს ფრთებს და ათქმევინებს:

წაკითხვადი ავტორები“;

გაგებადი ავტორები“;

ძნელად გაგებადი ავტორები“;

ადვილად გაგებადი ავტორები“;

ხანდახან წაკითხვადი ავტორები“;

ძილის წინ წაკითხვადი ავტორები“;

შუაღამისას რომ გაგეღვიძება და აღარ გეძინება, მაშინ წაკითხვადი ავტორები“;

გაღვიძებისთანავე წაკითხვადი ავტორები“;

სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის გამოსადეგადი ავტორები“;

ფულჰონორარისთვის გარჯადი ავტორები“;

უფულოუჰონორაროდ გარჯადი ავტორები“;

ჩამორჩენილ მოსწავლეთათვის წაკითხვადი ავტორები“;

თაროებზე დადებადი ავტორები“;

თაროებიდან ხშირხშირად ჩამოსაღებადი ავტორები“;

თაროებზე მტვერწაყრადი ავტორები“…

აი ასეთი განათლებული და განათლებადი ვაიმოკალმეების ხელშეწყობითა და მონდომებით ვანათლებთ ჩვენს ახალგაზრდობას (და ძველგაზრდობაც!).

რა თქმა უნდა, ეს წინადადება „გასწორებადია“ _  იგი მთლიანად უნდა წაიშალოს და დაიწეროს ახალი.

აბა, თქვენ იცით!

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here