საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის 10 თვეში რუსეთიდან საქართველოში დაახლოებით 250 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ხორბალი შემოვიტანეთ, ე.ი., თვეში 25 მლნ ლარზე მეტ პურ–პროდუქტებს ითვისებს საქართველოს მოსახლეობა. მთლიანობაში გამოდის, რომ საქართველოს წელიწადში 300 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ხორბალი სჭირდება. ხელისუფლება გაძვირებული ხორბლის სუბსიდირებას გეგმავს და თვეში ამ საქმისთვის 2.5 მილიონი ლარი გადადო, ანუ დააფინანსებს მოსახმარებელი პროდუქტის ათ პროცენტს, რაც პურის 10%-ით გაძვირებას ნიშნავს.
ეს ციფრები კი იმიტომ მოვიყვანეთ, რომ 2021 წლის 15 თებერვლიდან 30 ივნისის ჩათვლით რუსეთის მთავრობა მარცვლეულის ექსპორტის კვოტირებას გეგმავს. ამასთანავე, მსოფლიო თანხმდება იმაზე, რომ გაისად ხორბლის არცთუ სახარბიელო მოსავალი იქნება და, შესაბამისად, უკვე ახალი წლის შემდეგ ტონა ხორბალზე ფასი ევროპის მასშტაბით, სულ ცოტა, 25 ევროთი მოიმატებს. ერთი შეხედვით, ტონაზე 25 ევრო ცოტაა, მაგრამ, როცა ასეთ მასშტაბებზე მიდის საუბარი, ძალიან ბევრია. ისე გამოდის, რომ ხელისუფლებას, თუ სუბსიდირებას გააგრძელებს, თანხის მომატება მოუწევს, მაგრამ ეს ნელ-ნელა თავის მოტყუებას ემსგავსება. სახელმწიფო კონკრეტულ პროდუქტზე, თუნდაც ეს პური იყოს, სუბსიდიას მუდმივად ვერ გააკეთებს. საბოლოოდ მივიღებთ იმას, რომ, როცა სუბსიდია შეწყდება, პურის მწარმოებლები იძულებულნი იქნებიან, ფასი ერთბაშად გაზარდონ, ეს კი მოსახლეობას უმძიმეს ტვირთად დააწვება. ამას გარდა, აღსანიშნავია ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი _ ბუნებრივი აირის გაძვირების გამო პურ-პროდუქტები გააძვირეს მცირე საცხობებმა, რადგან მათ გადასახადი მოემატათ და ეს მაშინ, როცა დიდ საცხობებს ძველი ფასი შეუნარჩუნდათ. შედეგად, მცირე საცხობები ნელ–ნელა, მაგრამ აუცილებლად გაკოტრდებიან და ბაზარზე მხოლოდ მსხვილი მოთამაშეები დარჩებიან, რაც მონოპოლიის შესაძლებლობასა და საერთო ფასის შენარჩუნების უდიდეს შანსს აჩენს. გამოდის, აღარ იქნება კონკურენცია და რამდენიმე მსხვილი მწარმოებელი ერთმანეთში შეთანხმდება, რა და როგორ გაყიდოს.
რაც შეეხება რუსულ ბაზარს, ახალი ამბავი არ არის, რომ, როცა მსოფლიოში რომელიმე პროდუქტის დეფიციტია მოსალოდნელი, რუსეთის ხელისუფლება მაშინვე ცდილობს, აღნიშნული პროდუქტის გატანა შეზღუდოს, რადგან საკუთარი ხალხი არ დარჩეს მშიერი. ამ შემთხვევასთან გვაქვს ახლა საქმე და, უდიდესი ალბათობით, რუსეთი უარს იტყვის ხორბლის გაყიდვაზე არამხოლოდ საქართველოში, არამედ, საზოგადოდ, დანარჩენ მსოფლიოში. ჩვენ კი ხორბალი მხოლოდ რუსეთიდან შემოგვაქვს და სასწრაფოდ ახალი გზები უნდა მოვნახოთ, თუ ასეთი არსებობს, რასაკვირველია.
“რუსული ხორბლის ფასი საერთაშორისო ბაზარზე ყოველთვის შედარებით დაბალია, ვიდრე მაგალითად ფრანგული, გერმანული ან ამერიკული ხორბლის. ეს ბევრი ფაქტორითაა გამოწვეული. დღეს ფოთში რუსეთიდან გემით შემოტანილი ხორბლის ფასი არის 255 დოლარი, რომელსაც 15 თებერვლიდან 25 ევრო დაემატება და ძალიან ცოტა ხორბალი გამოვა რუსეთიდან. ეს ფასი საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ფასებს გაუთანაბრდება. მაგალითად, რაც ფრანგული ხორბალი ღირს, ზუსტად ის ფასი ექნება რუსულ ხორბალსაც და ჩვენ შეიძლება წავიდეთ და ვიყიდოთ ფრანგული ან თუნდაც უნგრული ხორბალი. ამის გამოცდილება გვაქვს. რუსული ხორბალი დღეისთვის მხოლოდ იმიტომ შემოგვაქვს, რომ უფრო იაფია”, _ განაცხადა ფოთის მარცვლეულის ტერმინალის დირექტორმა ქეთი კუბლაშვილმა.
“იმ შემთხვევაში თუ რუსული ხორბლის ფასები და პირობები არ იქნება კონკურენტუნარიანი, ბიზნესი მოახდენს ბაზრების დივერსიფიკაციას, იმისთვის, რომ ეს არ აისახოს საქართველოში ხორბლის მოწოდებაზე”, _ ეს კი უკვე სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის სიტყვებია.
ის, რომ საფრანგეთი მსოფლიოში ხორბლის ბაზარზე ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშეა, ახალი ამბავი არ არის. მეტიც, საფრანგეთიდან ხორბლის შემოტანის მცდელობა ჯერ მიხეილ სააკაშვილის მთავრობას ჰქონდა, შემდეგ იმავეს გაკეთებას გიორგი მარგველაშვილიც შეეცადა, ბოლოს კი საფრანგეთში ვიზიტად მყოფი სალომე ზურაბიშვილი საუბრობდა ამ თემაზე. ზურაბიშვილი საფრანგეთში მიღებული პერსონაა, არაერთი წელი იქაურ საგარეო საქმეთა სამინისტროში მაღალ თანამდებობებზე იმუშავა, თუმცა ვერც მან შეძლო, საფრანგეთი ჩვენთვის ხორბლის მოწოდებაზე დაეყოლიებინა. მიზეზი მარტივია _ ფრანგები არ რისკავენ, არამდგრადი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოებთან საქმე დაიჭირონ და ხორბალი ნისიად მისცენ.
რჩება უნგრეთის ვარიანტი, რომელსაც საუკეთესო ხორბალი არ აქვს, მაგრამ… აქ სხვა კითხვაც ჩნდება _ თუ უნგრეთი ახერხებს იმას, რომ ექსპორტზე გასატანი ათეულათასობით ტონა ხორბალი დათესოს და მოიყვანოს, რატომ ვერ ვაკეთებთ ამას ჩვენ? არადა, წინა თუ ამჟამინდელი ხელისუფლება იმას გვიმტკიცებს, უნგრეთი, პოლონეთი და ბულგარეთი ჩვენზე ძალიან წინ არ არიან, მალე დავეწევითო. ჰოდა, სანამ სხვა რამეში დავეწევით უნგრეთს, ბულგარეთსა თუ სხვა ქვეყანას, იქნებ ჯერ იმ საამაყო ხორბლის ჯიშების მოყვანა ვისწავლოთ, რომლებიც გვაქვს და ვერ ვიყენებთ? წესითა და რიგით, ხორბალი უკვე დათესილი უნდა გვქონდეს, მაგრამ გადახედეთ საქართველოს მინდორ–ველებს და მიხვდებით, რომ უკეთესის სურვილს ტოვებს მათი მდგომარეობა. ეს, ჩვენი სიზარმაცის გარდა, იმის ბრალიცაა, რომ ხელისუფლებას სოფლის მეურნეობა მივიწყებული აქვს, არსად ჩანს დაპირებული სუბსიდია, რომელიც, წესით, სწორედ ამ სფეროს აყვავებას უნდა მოხმარებოდა. კი ამბობენ “ოცნების” ლიდერები, _ სოფლის მეურნეობაში 2 მილიარდ ლარზე მეტი ჩავდეთო, მაგრამ, ბატონებო, შედეგი სადაა? თუ მართლა ჩადეთ, მოიკითხეთ ეს თანხები, რადგან შედეგი, უბრალოდ, არ არის და, თუ არ მოიკითხავთ, სამომავლოდ გამეტებულ ფულსაც ისე გააქრობენ, როგორც ეს გააქრეს. გაბზარულს გატეხილი სჯობსო და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ აქ ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს პროდუქციის წარმოებას მისი შემოტანა ურჩევნია, რადგან ასე დიდძალი ფული იშოვება.
მხოლოდ ის რად ღირს, ისედაც მწირ ქართულ მოსავალს მაშინვე აზიის ქვეყნებისკენ რომ გაუყენებენ ხოლმე გზას, მერე იმავე აზიიდან გაცილებით მდარე ხარისხის პროდუქცია შემოაქვთ და ჩვენზე ასაღებენ. ხომ უნდა მიხვდეს ვინმე, რომ ჭარბად შეგვიძლია ამ ყველაფრის წარმოება და, როგორც გატანა, ისე საშინაო მოხმარებისთვის გამოყენება. ეს, უწინარესად, ადამიანების ჯანმრთელობაზე იმოქმედებს დადებითად და შემდეგ ეკონომიკასაც წაადგება, ადგილობრივ მოსახლეობაში ფული გაჩნდება და… ის თუ იცით, ტურიზმის გადამკიდე, სვანეთში ბევრი კარტოფილის თესვას რომ თაკილობს და თურქულ თუ ირანულ კარტოფილს ყიდულობს? ჰო, იმ სვანეთში, სადაც კარტოფილი შემოსავლის მთავარი წყარო იყო, მაგრამ ახლა, როცა ტურისტი ერთ ღამეში ორი ტომარა კარტოფილის ფასს ტოვებს, ეზარებათ. ლორით განთქმულ რაჭაში გაყინული ღორის ხორცი ააქვთ ქალაქიდან სამწვადედ და ასე, ნელ-ნელა იმასაც ვანადგურებთ, რაც აქა-იქ შემორჩენილი იყო.
ისევ ხორბალსა და რუსულ ბაზარს დავუბრუნდეთ. არაერთხელ დაგვიწერია, რომ, თუ რუსეთი ხორბალს არ მოგვაწვდიდა, უდიდესი პრობლემის წინაშე დავდგებოდით. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ განგაშის ზარებს შემოჰკრას, არარეალურ ილუზიებს მიჰყვება და არ აღიარებს, რომ იანვრის ბოლოს დიდი გამოწვევის წინაშე დადგება ქვეყანა. ძალიან საეჭვოა, ფრანგებმა საკუთარი დალაგებული ჩვენ გამო არიონ, მითუმეტეს ამ ვირუსის ფონზე, როცა თითოეული ნაბიჯი კარგად არის გასათვლელი და დასათვლელი. როგორც რუსული მედია წერს, რუსეთის ხელისუფლებამ პირველად ნოემბერში განაცხადა, რომ ხორბლის გატანაზე კვოტებს დააწესებდა, ეს ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული კომპანიები მთავრობასთან შეთანხმებული რაოდენობის გატანას შეძლებენ და მეტი, უბრალოდ, აღარ გავა. უდიდესი ალბათობით, ეს რუსეთმა შიდა ბაზარზე ფასების დასარეგულირებლად განახორციელა. ჰოდა, სანამ იქ სიტუაცია არ დარეგულირდება, სანამ საბოლოოდ არ დარწმუნდება ხელისუფლება, როგორი პირი უჩანს 2021 წლის მოსავალს, მანამდე ეს შეზღუდვები იარსებებს. რუსეთის ფედერაცია, პირველ რიგში, საკუთარ თავზე ფიქრობს, ზუსტად ისე, როგორც დანარჩენი ქვეყნები და ჩვენ რატომ ვფიქრობთ მუდმივად სხვაზე? უფრო სწორად, რატომ ვართ მუდმივად სხვის იმედად? არ ვამტკიცებთ იმას, რომ მუხლებზე ხოხვით უნდა ჩავიდეთ რუსეთში, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ კვოტირების პირობებშიც კი საქართველო რუსეთის საერთო სქემიდან არ ამოვარდეს და ხორბალი ჩვენთან კვლავ შემოვიდეს, ნამდვილად შეიძლება. ამისათვის კი სურვილი და ამ სურვილის ხმამაღლა თქმაა საჭირო, თუმცა ხელისუფლება ხმამაღალ განცხადებას ერიდება, აქაოდა, რუსეთუმეობა არ დამწამონო. ეს მაშინ, როცა დანარჩენი მსოფლიო მაქსიმალურად ცდილობს რუსეთის, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ბაზრის, ათვისებასა და ამ ქვეყნის, როგორც ერთ-ერთი უდიდესი იმპორტიორის, სათავისოდ გამოყენებას. ჩვენ კი…
ახალ წელს გილოცავთ, ხვავი, ბარაქა და ჯანმრთელობა დაგებედოთ!
ბესო ბარბაქაძე