2020 წლის 21 ოქტომბერს “საქართველოს ბანკში” მომხდარმა სრულიად საქართველო ააფორიაქა. შეიარაღებული მძარცველი ბანკში შეიჭრა, მძევლები აიყვანა და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათასი დოლარი მოითხოვა. მძევლებს სამართალდამცველი ჩაენაცვლა და მძარცველის მოთხოვნილი თანხაც გადასცა. სამწუხაროდ, დამნაშავემ შეძლო, ხელიდან დასხლტომოდა სპეცრაზმელებს და მიმალულიყო. მას დღესაც ეძებენ. გთავაზობთ ბანკების გაძარცვის ყველაზე გახმაურებულ შემთხვევებს მსოფლიოში.
- მატარებლის დიდი ძარცვა
1963 წლის 8 აგვისტოს 15 მძარცველისგან შემდგარი ჯგუფი ბუკინგემშირის ხიდზე (ინგლისი) თავს დაესხა გლაზგოდან ლონდონში მიმავალ საფოსტო მატარებელს. ძარცვის ორგანიზატორმა, ბრუს რეინდელდსმა, შეიტყო, რომ თვეში ერთხელ გლაზგოდან ლონდონში მატარებლით გადაჰქონდათ გაცვეთილი კუპიურები, რათა ისინი მიმოქცევიდან ამოეღოთ. სწორედ ეს კუპიურები იყო მძარცველთა თავდასხმის ობიექტი.
სარკინიგზო ხაზის სემაფორის (სასიგნალო მოწყობილობა _ ნ.კ.) მუშაობაში ჩარევის შედეგად დამნაშავეებმა გააჩერეს მატარებელი, განაიარაღეს დაცვა, 20 ჩანთით გაიტანეს 2,6 მლნ გირვანქა სტერლინგი (ამჟამად ეს თანხა 40 მლნ გირვანქა სტერლინგის, დაახლოებით 60 მლნ დოლარის, ეკვივალენტია) და ყალბნომრიანი ორი “ლენდროვერით” გაუჩინარდნენ.
15-დან 13 მძარცველი სკოტლენდ-იარმა დააპატიმრა, ორი კი _ რიანი ბიგსი და ჩარლზ უილსონი _ ქვეყნიდან გაიქცნენ. უილსონი 4 წლის შემდეგ კანადაში დააპატიმრეს, ბიგსი კი ბრაზილიაში დაიმალა, მაგრამ 2001 წელს სამშობლოში დაბრუნდა, რათა, მისი თქმით, “როგორც ნამდვილ ინგლისელს, პაბში ერთი კათხა ლუდი დაელია”, ამის შემდეგ კი სამართალდამცველებს ჩაბარდა.
- ბანკ Societe Generale–ს ძარცვა ნიცაში
1976 წლის 18 ივლისს ნიცის (საფრანგეთი) უდიდესი ბანკის, Societe Generale-ს, საცავის ქვეშ ბოროტმოქმედებმა გვირაბი გათხარეს და 50 მლნ ფრანკი (დაახლოებით 30 მლნ ევრო) გაიტაცეს. ბოროტმოქმედთა სავიზიტო ბარათი იყო წარწერა Sans armes, ni haine, ni violence (უიარაღოდ, სიძულვილის გარეშე, სისასტიკის გარეშე), რომელიც საცავის კედელზე დატოვეს. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ძარცვის ორგანიზატორი იყო ფოტოგრაფი ალბერ სპაჟიარი. ის პოლიციამ დააპატიმრა, მაგრამ სასამართლოდან გაიქცა _ ფანჯრიდან ისკუპა, ავტომობილის სახურავზე დახტა, თანამზრახველების მიერ მიყვანილ მოტოციკლზე დაჯდა და გაუჩინარდა. პოლიციამ მის კვალს ვეღარ მიაგნო.
2011 წლის იანვარში ფრანგმა პოლიციელებმა დააკავეს ადამიანი, რომელმაც, სავარაუდოდ, ჩაიდინა თავხედური ძარცვა ნიცაში, მაგრამ დანაშაულის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო ციხეში ვერ ჩასვეს.
- ალმასების საცავის ძარცვა ანტვერპენში
2003 წლის 17 თებერვალს ბელგიის ქალაქ ანტვერპენში მოხდა ალმასების დიდი საცავის ძარცვა. ბოროტმოქმედებმა მიწისქვეშა შესასვლელიდან შეაღწიეს საცავში, სადაც ინახებოდა ალმასები და კერძო მფლობელების სხვა ძვირფასეულობა. მათ ისე გახსნეს 123 სეიფი, რომ არც დაცვის სისტემა დაუზიანებიათ და არც ვიდეოკამერები.
მოგვიანებით პოლიციამ დაადგინა მძარცველთა ვინაობა და ისიც, როგორ დააცარიელეს საცავი. გაირკვა, რომ ბოროტმოქმედები 2 წლის განმავლობაში გეგმავდნენ საცავის ძარცვას. შეისწავლეს უსაფრთხოების სისტემა, დაამზადეს გასაღებების ასლები, შეცვალეს ვიდეოჩანაწერები.
ძარცვის ორგანიზატორს 10 წლით აღუკვეთეს თავისუფლება, ჯგუფის წევრებს _ 5-5 წლით, თუმცა მათ მაინც არ გაამხილეს, სად გადამალეს ნაძარცვი, რომლის ღირებულებაც რამდენიმე ათეული მილიონია.
- ფასიანი ქაღალდების საცავის ძარცვა სტოკჰოლმში
2009 წლის 23 სექტემბერს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში 20 წუთში გატეხეს ფირმა G4S-ის ფასიანი ქაღალდების საცავი და დაახლოებით 6 მლრდ დოლარი გაიტაცეს. ბოროტმოქმედებმა შენობის სახურავზე დასვეს ვერტმფრენი, შემდეგ ლომებით გატეხეს რამდენიმე ფანჯარა, შენობის შიგნით შეაღწიეს და საცავის შესასვლელი ააფეთქეს. პოლიციამ შენობასთან მისვლა კარგა ხანს ვერ მოახერხა, რადგან ირგვლივ ფოლადის მავთულხლართები იყო გაბმული, ხოლო შენობის სახურავზე, პოლიციის ვერტმფრენი რომ არ დამჯდარიყო, დადეს ვითომ ასაფეთქებელი მოწყობილობა წარწერით “ბომბი”, რომელიც მულიაჟი აღმოჩნდა. რამდენიმე დღის შემდეგ ამ ძარცვის მონაწილე რამდენიმე პირი პოლიციამ დააპატიმრა.
- მუზეუმის ძარცვა ბოსტონში
1990 წლის 18 მარტს ბოსტონში (აშშ) მუზეუმ იზაბელა სტიუარტ გარნდნერის კარზე პოლიციის ფორმიანმა ორმა მამაკაცმა დააკაკუნა და მუზეუმის ერთ მცველს განუცხადა, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით შენობაში მძარცველია. ცრუ-პოლიციელებმა მუზეუმის მცველი და მისი მეწყვილე განაიარაღეს, სარდაფში ჩაიყვანეს და ბორკილებით წყლის მილს მიაბეს.
ამის შემდეგ ბოროტმოქმედებმა დაუბრკოლებლად გაიტანეს მუზეუმიდან 13 ნახატი, მათ შორის: იან ვერმეერის, რემბრანდტის, ედგარ დეგასა და ედუარდ მანეს ტილოები.
30 წელიწადია, ამ საქმეს იძიებს მუზეუმის დაცვა გამოძიების ფედერალური ბიუროს ბოსტონის ფილიალთან ერთად, მაგრამ უშედეგოდ. დღეს მუზეუმის კედლებზე დატოვებულია ჩარჩოები, რომლებშიც ნახატები იყო ჩასმული.
მოამზადა ნიკა კორინთელმა