Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე ყველაზე ძვირად ღირებული ალკოჰოლური სასმელები

ყველაზე ძვირად ღირებული ალკოჰოლური სასმელები

ელიტური ალკოჰოლური სასმელი ხაზს უსვამს მომხმარებლის სტატუსს და მიუთითებს დახვეწილ გემოვნებაზე, მაგრამ ზოგჯერ ერთი ბოთლი ალკოჰოლური სასმელის ფასი ბინის ან ავტომობილის ღირებულების ტოლია. პროდუქტის ფასზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ შიგთავსი, არამედ ბოთლის დიზაინიც _ გაფორმება ძვირფასი ქვებით, ოქროთი და პლატინით. 

ლუდი

ალკოჰოლური სასმელების ეს კატეგორია ყველაზე იაფფასიანია, თუმცა 1 კათხა ბელგიური ლუდი Vielle Bon Secour-ი, რომელსაც ლუდსახარში La Brasserie Caulir-ი 12-ლიტრიანი ჭურჭლით ყიდის, 55 დოლარი ღირს, ამიტომ ამ ძვირად ღირებული ლუდის დაჭაშნიკების მსურველს 660 დოლარის გადახდა მოუწევს ან უნდა ჩაჯდეს თვითმფრინავში და გაფრინდეს ლონდონში, რადგან მხოლოდ დიდი ბრიტანეთის დედაქალაქშია ბარი, რომელშიც იყიდება ჩამოსასხმელი ლუდი Vიელლე Bონ შეცოურ-ი, რომელიც, სვიის გარდა, ანისულსა და ზამბახს შეიცავს.

რომი

ყველაზე ძვირად ღირებული რომი კუბური ან დომინიკური კი არა, იამაიკური რომია. Wray & Ne­p­hew-ის მარკის რომი, კონკრეტულად კი 1940 წელს ჩამოსხმული საპრემიო კოლექციის 1 ბოთლი 53 ათასი დოლარი ღირს. სამწუხაროდ, მისი დამზადების ტექნოლოგიამ ჩვენამდე ვერ მოაღწია. რეცეპტი დაიკარგა და ამ ორიგინალურ სასმელს ვეღარ ამზადებენ, ამიტომ არის დანარჩენი ეგზემპლარების ფასი ასე მაღალი. ამ ელიტური რომის ნაცვლად ამჟამად ამზადებენ კოქტეილ მაი ტაის, რომელიც გემოთი ჰგავს Wray & Nephew-ს და მასში, რომის გარდა, ვაჟინი და ლიქიორიც შედის.

ღვინო

რა თქმა უნდა, ყველაზე ძვირად ღირებული ღვინო ფრანგულია, კონკრეტულად _ “შატო ლაფიტი”, რომელსაც 1787 წლიდან აყენებენ. ამ ელიტური ალკოჰოლური სასმელის ერთი ბოთლი 90 ათას დოლარად გაიყიდა. სხვათა შორის, “შატო ლაფიტის” პირველი მყიდველი და ჭეშმარიტი კოლექციონერი იყო აშშ-ის მე-3 პრეზიდენტი თომას ჯეფერსონი.

ტეკილა

ტეკილას სამშობლო მექსიკაა. იქ იზრდება ცისფერი აგავა, რომლისგანაც მზადდება ტეკილა Ley.925. 1 ბოთლი ეს სასმელი 225 ათასი დოლარი ღირს. ის არის ტეკილების სარეიტინგო სიაში პირველი. Ley.925-ის ზღაპრული ფასი განპირობებულია დიზაინით. მწარმოებელმა ალკოჰოლური სასმელის ბოთლი პლატინითა და ოქროთი გააფორმა. ცოტა ხნის წინათ კი გამოუშვეს ტეკილას ერთადერთი ბოთლი, რომლის ფასიც 1,5 მლნ დოლარია, ძვირფას ლითონებს დამატებულია ალმასები. ამ იშვიათი პროდუქტის შეძენის მსურველი ჯერჯერობით არ ჩანს.

შამპანური

ელიტური სასმელის კოლექციონერები ცდილობენ, “ისტორიის” მქონე სასმელები შეიძინონ. Pip­er-Heidsieck-ი _ ასე ჰქვია შუშხუნა ღვინოს, რომლის პარტიაც რუსეთის მეფის, ნიკოლოზ II-ის, შეკვეთით შვედური ხომალდით გადაჰქონდათ. მეზღვაურთა საუბედუროდ, ხომალდი ჩაიძირა. ამის მიზეზი იყო გერმანული წყალქვეშა ნავი. რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ჩაძირული ხომალდი მყვინთავებმა აღმოაჩინეს და ნახეს, რომ შამპანურის პარტია უვნებელი იყო. ეს ისტორია Pi­per-Heidsieck-ისთვის შესანიშნავი რეკლამა აღმოჩნდა და… დღეს 1 ბოთლი ამ შუშხუნა ღვინის ფასი 275 ათასი დოლარია.

არაყი

არყის დამზადების ტექნოლოგიაში დიდი ყურადღება ექცევა ფილტრაციას. ყველაზე ძვირად ღირებული არყის _ Diva-ს, ტექნოლოგიაში იყენებენ მერქნის ნახშირს, თანაც არა უბრალო ხის, არამედ იშვიათი ჯიშის _ კარელიის არყის ხის მერქანს. შემდეგ სითხეს ატარებენ ალმასების ქვიშაში, რაც განაპირობებს სასმელის უზარმაზარ ფასს. მწარმოებელი უფრო შორს წავიდა და დიზაინშიც გამოიყენა ძვირფასი ქვები. Diva-ს რამდენიმე ვერსიას ამზადებენ, ტექნოლოგიური პროცესიდან გამომდინარე, არყის ფასი 3,7 ათასიდან 1,6 მილიონ დოლარამდე მერყეობს.

კონიაკი

კონიაკის დამზადების ტექნოლოგიით ორმაგი დისტილაციაა (გამოხდა) გათვალისწინებული, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი შერევაა. კეთილშობილი სასმელი, ისევე როგორც შამპანური, ზეიმის ატრიბუტი და საქმიანი შეხვედრების თანამგზავრია. გარიგების განმტკიცება კონიაკის ბოკალით, თუ ეს სასმელი 2 მილიონი დოლარი ღირს, სტატუსს ძალიან მაღლა სწევს, სწორედ ეს ფასი ადევს Henri IV Dudognon Heritage-ს. სოლიდური ფასი განპირობებულია 100-წლიანი დაძველებით, აგრეთვე, ელიტური შეფუთვით, დიზაინერებმა მთავარი აქცენტი ძვირფას ქვებზე გააკეთეს.

ვისკი

ინგლისური ვისკი Isabellas Islay ნატიფი გემოვნებისა და ხანგრძლივი საიუველირო მუშაობის შეთავსების ნაყოფია. ჭურჭელი დაფარულია ალმასებითა (8000 ცალი) და ლალებით (300 ცალი), ბოთლი კი ძვირად ღირებული ინგლისური ბროლისგან არის დამზადებული. ხელოვნების ამ ნიმუშის ფასი 6,5 მლნ დოლარია. ანალოგიური ვისკი Isa­be­l­las Islay, ოღონდ ნაკლები ძვირფასი ქვებით, 740 ათასი დოლარი ღირს.

ლიქიორი

მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ლიქიორი არის DAmalfi Limoncello Supreme. ბოთლზე მიკრულმა 4-მა დიდმა ალმასმა განაპირობა ლიქიორის კოლოსალური ფასი _ 43,6 მლნ დოლარი. ამ ბოთლში ჩასხმულ ლიმონის ლიქიორს, როგორც მისი დამამზადებლები ამტკიცებენ, შეუძლია შესანიშნავი განწყობა შეგიქმნათ და სიმხნევე შეგმატოთ. მსოფლიოში სულ 2 ასეთი ლიქიორია, ერთი ინგლისელმა კოლექციონერმა შეიძინა, მეორე _ ჯერ კიდევ ელოდება მყიდველს.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here