ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ევროპისა და აზიის რამდენიმე ქვეყანაში სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, 170 მილიონი დოლარი, ძირითადად, ოთხ ქვეყანაზე _ უკრაინაზე, საქართველოზე, ლიეტუვასა და ლატვიაზე განაწილდება. ადმინისტრაციის განმარტებით, ეს ქვეყნები პრიორიტეტს იმიტომ წარმოადგენენ, რომ მათთან რუსეთიდან საფრთხის ალბათობა განსაკუთრებით დიდია.
განცხადებაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ მრავალმილიონიანი ფინანსური დახმარების მიზანი აგრესიასთან ერთად “რუსულ დეზინფორმაციასთან” ბრძოლა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებზე მოსახლეობის დეტალური ინფორმირებაცაა, რომლის ნაკლებობის პირობებშიც, თურმე, კრემლის მიერ პოსტსაბჭოთა სივრცესა და აღმოსავლეთ ევროპაში წარმოებული ე.წ. ჰიბრიდული ომის საფრთხეები განსაკუთრებით დიდია. თუმცა, რა სახის ბრძოლას და კამპანიას მოხმარდება ეს თანხები “რუსული დეზინფორმაციის” წინააღმდეგ, უცნობია. განცხადებაში ასევე არაფერია ნათქვამი იმაზე, კონკრეტულად რაში გამოიხატება რუსული დეზინფორმაცია და რა საშუალებებით ახდენს იგი გავლენას ჩვენს მოსახლეობაზე.
რისთვის ხარჯავს ათეულობით მილიონ დოლარს ამერიკის მთავრობა მის საზღვრებს გარეთ, რას ნიშნავს მისთვის რუსული საფრთხე და რას მოუტანს საქართველოს ამ პროცესში ჩართვა? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება დამოუკიდებელი უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე.
_ ბატონო დიმიტრი, ამ დღეებში ცნობილი შეიქნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ფულს გამოყოფს ევროპისა და აზიის ქვეყნების სამხედრო დახმარებისთვის. საუბარია 170 მილიონ დოლარზე, რომელიც ძირითადად საქართველოზე, უკრაინაზე, ლიეტუვასა და ლატვიაზე გადანაწილდება. როგორ ფიქრობთ, რა მიზანი აქვს დღეს ვაშინგტონს რეალურად ამ დახმარების მიღმა და რას მოგვიტანს ან შეიძლება მოგვიტანოს ჩვენ ამ ყველაფერმა?
_ როდესაც საუბარია ევროატლანტიკური სტრუქტურებისადმი სკეპტიციზმის ზრდაზე, გარკვეული პროპაგანდა მუდმივად ცდილობს, წამოწიოს რუსული დეზინფორმაციის თემა და გვესმის რიტორიკა: ეს “დეზინფორმაცია” რომ არა, საზოგადოებაში არავითარი სკეპტიციზმი არ იქნებოდაო. მაგრამ ეს არის აბსურდი, რომელსაც რეალური საფუძველი არ აქვს. სკეპტიციზმი ნატოსა და ევროკავშირისადმი განპირობებულია ორი მიზეზით: პირველი _ რაც დრო გადის, სულ უფრო მეტი ადამიანი ხედავს ამ ორგანიზაციებში, განსაკუთრებით ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის უპერსპექტივობას. მეორე _ არც ერთი და არც მეორე არ არის გარანტი იმის, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები დაცული იქნება.
რაც შეეხება დაფინანსების მიზანს, ვფიქრობ, ეს არის მორიგი გამოწვევა დასავლეთსა და რუსეთს შორის. საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მსგავსი დაფინანსება ყოველთვის მიმართულია მესამე ქვეყნის წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში, აშკარაა, რომ სამიზნეშია რუსეთი. თუმცა ბოლო პერიოდში სირიაში განვითარებული მოვლენები და განსაკუთრებით ის ფაქტი, რომ სამხედრო სიძლიერის თვალსაზრისით მსოფლიოში ერთ–ერთმა მოწინავე ქვეყანამ, თურქეთმა იქ ვერაფერი გააწყო, ადასტურებს, რომ რუსეთს საკმარისზე მეტი რესურსი აქვს მის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი სამხედრო თუ პოლიტიკური კამპანიის აღსაკვეთად.
_ გინდათ, თქვათ, რომ სამხედრო დახმარებამ, რომელსაც ვაშინგტონი საქართველოს უწევს, მომავალში შესაძლოა, საქართველო დიდ სახელმწიფოთა დაპირისპირების არეალად აქციოს?
_ საქართველო უკვე მრავალი წელია, დაპირისპირების არეალია, მაგრამ არსებობს გარკვეული პერიოდები საერთაშორისო პოლიტიკურ პროცესებში, როცა ეს დაპირისპირება აქტიურ ფაზაში გადადის ან შეიძლება, გადავიდეს. დაფინანსება და სამხედრო თვალსაზრისით ხელშეწყობა არის სწორედ ამის ერთ-ერთი სიმპტომი. რაც შეეხება იმას, რომ თურმე ეს ყველაფერი ჩვენს დასახმარებლად კეთდება და ქართულ ეკონომიკას აძლიერებს, თუ ვინმე დამისახელებს თუნდაც ერთ საწარმოს ან ერთ კონკრეტულ ინვესტიციას, რომელიც ამერიკელებმა საქართველოში განახორციელეს, მაშინ მართლა შეიძლება, ეკონომიკურ ხელშეწყობაზე ვილაპარაკოთ, მაგრამ რეალურად ჩვენ ვხედავთ გაშმაგებულ სამხედრო რიტორიკას, ვხედავთ ისევ და ისევ პროვოკაციულ მიდგომებს და ვისმენთ განცხადებებს, რომ თურმე საქართველო უკვე მოქმედებს, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა. რომელ ნატოს წევრობაზეა საუბარი, როცა ქვეყნის შეიარაღებული ძალების ამოცანა საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით განისაზღვრება. ეს ერთი და მეორე _ არავის ეგონოს, რომ ის მრავალმილიონიანი ფინანსური დახმარებები, რომლებსაც დასავლეთი უწევს საქართველოს, მათ შორის, სამხედრო კომპონენტში, არის საჩუქარი. ეს არის ვალი, რომელიც ედება სახელმწიფოს სხვადასხვა ვალდებულების სახით და მერე წლების განმავლობაში ჩვენ ვიმყოფებით ამ ვალდებულებების ტყვეობაში.
_ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ თქვენი აზრით, რა პოლიტიკური კურსია საქართველოსთვის დღეს ყველაზე ხელსაყრელი?
_ უკვე მრავალი წელია, მე და ჩემი თანამოაზრეები ვამბობთ, რომ დღევანდელ ვითარებაში საქართველოსთვის ყველაზე ხელსაყრელი სამხედრო მიუმხრობლობის პოლიტიკაა. ჩვენ, ჩვენი ურთულესი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, არ შეიძლება ვიყოთ ზესახელმწიფოების ინტერესთა შეჯახების პოლიგონი. ეს არის დამღუპველი ნებისმიერი ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ერისთვის. იმიტომ, რომ დიდ სახელმწიფოთა შორის ინტერესთა კონფლიქტში ყოველთვის ზარალდება მესამე. თუმცა არის მეორე მომენტიც, რომლის უგულებელყოფაც არ შეიძლება, სამხედრო მიუმხრობლობის მიღწევა იმ პირობებში, როცა უკვე აღებული გაქვს ვალდებულებები, არ არის მარტივი. ეს ძალიან რთული პროცესია, რომელსაც სჭირდება სერიოზული ძალისხმევა უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე.
რაც შეეხება, თავის მხრივ, ხელისუფლების მზადყოფნას ამისთვის, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ჭკუათმყოფელი ხელისუფალი უნდა განიხილავდეს ვერსიას, რომლითაც საქართველო დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს; დიდ გეოპოლიტიკურ ცენტრებს შორის დაპირისპირების პროცესში რომელიმე ცენტრისკენ სწრაფვისა და ვითომ ინტეგრირების დემონსტრირებით კი არა, მათი ინტერესების დაბალანსებით და ერთგვარი ხიდის როლის შესრულებით…
_ სამხედრო მიუმხრობლობა ახსენეთ და თქვით, რომ საქართველო თავის საგარეო პოლიტიკურ კურსს ეროვნული ინტერესების შესაბამისად უნდა განსაზღვრავდეს. როგორ ფიქრობთ, ასეთ შემთხვევაში საინტერესო ვიქნებით დასავლეთისთვის? გაგვიწევენ თუნდაც ფინანსურ დახმარებას?
_ ჩვენ ერთხელ უკვე გვქონდა ლაბორატორიული მოდელი იმისა, რას ნიშნავს დახმარება შეერთებული შტატებისგან, როდესაც ერთგვარი “მარშალის გეგმა” განხორციელდა აგვისტოს ომის შემდეგ და მაშინ მივიღეთ მილიარდებიანი დახმარება. ვინმეს შეუძლია, მითხრას, სად წავიდა ეს დახმარება? რაში დაგვეტყო, ეკონომიკაში, სამხედრო ძლიერებაში, ჯანდაცვაში თუ სხვა რამეში?
_ ამით რის თქმა გინდათ?
_ იმის, რომ ის თანხა მაშინ ძალიან სწრაფად აითვისა ხელისუფლებამ და შედეგად კიდევ უფრო გაძლიერდა რეჟიმი, რომელსაც ძალაუფლება წლების განმავლობაში ჰქონდა უზურპირებული. სხვათა შორის, იმ მილიარდიან დახმარებას ძალიან საეჭვოდ დაემთხვა დავით კეზერაშვილის ფინანსური აღზევება. კაცი, რომელიც წაგებულ ომში თავდაცვის მინისტრი იყო, უცებ მოგვევლინა უმდიდრეს ადამიანად და სხვადასხვა კომპანიას ჩაუდგა სათავეში.
რაც შეეხება ამჟამინდელ 170 მილიონს, დარწმუნებული ვარ, ეს თანხაც ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა უკრაინა და საქართველო, გამოყენებული იქნება კონკრეტული პოლიტიკური მიზნებისთვის. ერთ-ერთი ასეთი მიზანი შეიძლება იყოს ის, რომ სირია-თურქეთის საზღვარზე მიმდინარე დრამატული პროცესები გადმოტანილ იქნას რუსეთის სამხრეთ საზღვრებთან. ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება, იმიტომ, რომ ძალიან დიდი ხანია, არის მცდელობები, მოხდეს დესტაბილიზაცია და 20 ივნისის პროვოკაცია ამის კლასიკური მაგალითია.
_ ეს საფრთხე დღეს რეალურია?
_ რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ სირიაში ნატოს წევრი ქვეყანა თურქეთი მარცხდება ასადის ხელისუფლებასთან, რაც თავისთავად არის რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური ძლიერების უტყუარი ნიშანი. ახლა რა გზები და საშუალებები არსებობს დღევანდელ ვითარებაში, რომ ეს საფრთხეები ავიცილოთ თავიდან და 2008 წლის მსგავსად კიდევ ერთხელ არ ვიქცეთ დიდი სახელმწიფოების დაპირისპირების არეალად: ჩვენ, პირველ რიგში, უნდა გვესმოდეს ერთი რამ: რუსეთი არის გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყანა, რომელიც ფლობს მსოფლიოში ყველაზე მეტ ბირთვულ ქობინს და მას თავისი სამხედრო დოქტრინიდან გამომდინარე, შეუძლია, მიიტანოს წერტილოვანი დარტყმები ყველგან, სადაც მის სახელმწიფოებრივ ინტერესებს რამე დაემუქრება. აი, ეს არის რეალობა და როდესაც წლებია, პატარა ფინიასავით გვაყეფებენ დათვის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, სამიზნეში ვართ ამოღებული, რათა დაგვარტყან. ამ მდგომარეობაში ყოფნა არის დასტური იმისა, რომ ჩვენ არ ვართ სუვერენული სახელმწიფო და აღარ განვსაზღვრავთ ჩვენს პოლიტიკურ ორიენტაციას. მოკლედ, ეს მრავალმილიონიანი დაფინანსებები დასავლეთისგან, დახმარება და ვითომ ხელშეწყობა გათვლილია ერთადერთ რამეზე _ შექმნან დაძაბულობა რუსეთის სამხრეთით და პროცესების დროდადრო გამწვავებით კრემლი იძულებული გახადონ, გარკვეული თუნდაც წერტილოვანი რაღაც მოქმედებები განახორციელოს. არ ვამბობ, რომ ეს ხვალ ან ზეგ მოხდება, მაგრამ საუბარი სამხედრო გაძლიერებაზე ამას ემსახურება. რაც შეეხება ხელისუფლებას, მას უკვე ჰქონდა რეალური შანსი რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების და უვიზო მიმოსვლაც ძალიან ახლო პერსპექტივის ამბავი იყო, მაგრამ 20 ივნისის პროვოკაციამ ყველაფერი წყალში ჩაყარა. ეს, რა თქმა უნდა, იყო მმართველი გუნდის სისუსტეც და ხელისუფლება სამწუხაროდ დღესაც იმ პოლიტიკურ კომპლექსებშია. სხვათა შორის, ამ გამძვინვარებული ეპიდემიის პირობებში, როცა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისა და საქართველოს ეკონომიკაც კრიზისშია, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება. იმიტომ, რომ რუსეთი დღეს ჩვენთვის ეკონომიკური ჟანგბადია, და სწორედ რუსეთის ბაზარმა შეიძლება გადაგვატანინოს კრიზისი. სხვანაირად, ლაპარაკი, რომ თურმე ევროკავშირი გაგვიხსნის ბაზარს და ქართული პროდუქცია გრიალ-გრიალით წავა ან კრედიტებს გამოგვიყოფენ და ა.შ. არის ბლეფი. თუმცა ეს ბლეფი, როგორც ჩანს, ხელისუფლებაში მყოფი გარკვეული ჯგუფისთვის მომგებიანია და სანამ უშუალოდ ფაქტის წინაშე არ დავდგებით, ალბათ ამის მოსმენა კიდევ ბევრჯერ მოგვიწევს…
ესაუბრა ჯაბა ჟვანია