Home ახალი ამბები მსოფლიო ბომბი ევროსთვის: რატომ აპირებს იტალია ევროს პარალელური ვალუტის შემოღებას

ბომბი ევროსთვის: რატომ აპირებს იტალია ევროს პარალელური ვალუტის შემოღებას

იტალიის პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე კლაუდიო ბორგიმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ევროს პარალელური ე.წ. Mini-BOT-ის _ ეროვნული ვალუტის _ გამოსახულება. რა სურს რომს და როგორ აისახება ეს გეგმები ევროკავშირის ფულად ერთეულზე? 

რა არის BOT-ი

BOT-ი _ Bუონი Buoni Ordinari del Tesoro ითარგმნება ასე: “ჩვეულებრივი სახაზინო ობლიგაცია”. “მინი” ნიშნავს, რომ მისი ნომინალი გაცილებით მცირეა ჩვეულებრივი ობლიგაციის ღირებულებაზე (სულ 100 ევრო).

გადაწყვეტილების აზრი არის ის, რომ ამ ქაღალდებით იტალიის მთავრობა დაფარავს ნაციონალური კომპანიებისა და მეურნეობების დავალიანებას, რომელიც 52 მლრდ ევროს შეადგენს. შემდეგ Mini-BOT-ის მფლობელებს შეეძლებათ გადასახადების, აგრეთვე, საქონლისა და მომსახურების საფასურის გადახდა, თუ მიმწოდებელი დათანხმდება. გამყიდველებს არ ავალდებულებენ “ჩვეულებრივი სახაზინო ობლიგაციების” მიღებას. ეს საშუალებას აძლევს რომს, ამტკიცოს, რომ Mini-BOT-ი სულაც არ არის ევროპული კანონმდებლობით აკრძალული ევროს პარალელური ვალუტა. მინი-ობლიგაციის მომხრეები თავგამოდებით ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ ეს მხოლოდ სახელმწიფო ვალის დაფარვის საშუალებაა.

ყველაფრის მიუხედავად, ასეთი ქაღალდების გამოშვება ცოტათი თუ განსხვავდება ფულის გამოშვებისგან. კერძოდ, კომპანიები, რომლებიც მიიღებენ უფლებას, გადასახადები Mini-BOT-ებით დაფარონ, თავიანთი განვითარებისთვის მეტ ფულს დახარჯავენ.

შედეგი, არსობრივად, ისეთივეა, როგორც გადასახადების მასშტაბური შემცირების დროს. ეს გარანტიას იძლევა, რომ Mini-BOT-ებზე დიდი მოთხოვნა იქნება კომერსანტთა შორის და საგადასახადო საშუალებად მათ დაკანონებას ბევრი კომპანია დასთანხმდება. ამას გარდა, მიუხედავად იმისა, რომ “ჩვეულებრივი სახაზინო ობლიგაციები” ნომინირებულია ევროებში, მთავრობას შეეძლება, თავისი შეხედულებისამებრ დააწესოს ამ ქაღალდებზე საპროცენტო განაკვეთი და დაარეგულიროს Mini-BOT-ის კურსი. ეს აჩენს ეკონომიკის სტიმულირების დამატებით პერსპექტივას, კერძოდ, ექსპორტიორების მხარდაჭერის მხრივ.

გამორიცხული არ არის, რომ ამ უპირატესობების წყალობით რამდენიმე წლის შემდეგ Mini-BOT-ი ძირითად საგადასახადო საშუალებად იქცეს იტალიაში, ევროს კი გამოიყენებენ საერთაშორისო ანგარიშსწორებისთვის.

ჩაო, ევრო!

ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ რომის გეგმა გაცილებით მასშტაბურია. “ეს არის პირველი ნაბიჯი ევროს ზონიდან გამოსვლისთვის იტალიის მოსამზადებლად”, _ განუცხადა ჰავიის უნივერსიტეტის ეკონომიკის კათედრის დოცენტმა რიკარდო პუგლისიმ გამოცემა The New York Times-ს. პუგლისი აღნიშნავს, რომ, როცა Mini-BOT შევა მიმოქცევაში, საკმარისი იქნება, მთავრობამ გამოსცეს ბრძანება, მათი, როგორც საგადასახადო საშუალების ,აუცილებელი მოხმარების შესახებ და იტალიის საკუთარი ვალუტა მყისვე რეალობად იქცევა. მოვლენების ასეთი განვითარება შესაძლებელია, თუკი გავიხსენებთ, რომ მატეო სალვინისა (“ჩრდილოეთის ლიგა”) და ლუიჯი დი მაიოს (“5 ვარსკვლავის მოძრაობა”) მმართველი კოალიცია ევროსკეპტიციზმით გამოირჩევა. სალვინი წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას პირდაპირ ამბობდა, რომ მისი პარტიისთვის მიცემული ხმა _ ეს არის ევროზე უარის თქმისა და ნაციონალური ვალუტის დაბრუნებისთვის მიცემული ხმა. გასაკვირი არ არის, რომ ამ ინიციატივის ავტორია “ჩრდილოეთის ლიგის” დეპუტატი კლაუდიო ბორგი _ პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე. თავის წიგნში “Mini-BOT: დემოკრატია და სუვერენიტეტი” ბორგიმ ამ ობლიგაციებს უწოდა “სათადარიგო ბორბალი, რომელიც მნიშვნელოვნად გააიოლებს ეროვნულ ვალუტაზე შესაძლო გადასვლას”.

“თუ იტალია ოდესმე გადაწყვეტს ევროზე უარის თქმას, ლოდინი არ დაგვჭირდება ბანკნოტების დაბეჭდვის გამო, _ აღნიშნა მან, _ იმიტომ, რომ უკვე ყველაფერი გაკეთებულია: საკმარისია, უბრალოდ, გამოცხადდეს Mini-BOT-ი ახალ ვალუტად”.

საქმე სერიოზულადაა

ივნისის დასაწყისში იტალიის პარლამენტმა ერთხმად მოიწონა “ჩრდილოეთის ლიგის” წინადადება “Mini-BOT-ის შესაძლო შემოღების საკითხის შესწავლის შესახებ”. სალვინის პარტიის ინიციატივის ასეთმა ნეიტრალურმა ფორმულირებამაც კი გამოიწვია ბრიუსელის შეშფოთება. “Mini-BOT-ი _ ეს არის ან ფული, რაც არაკანონიერია, ან ვალის ქაღალდები, რომელთა გამოც სახელმწიფოს ვალი მოიმატებს ევროკავშირის ნორმატივების დარღვევით, _ განაცხადა ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა მარიო დრაგიმ, _ არ ვფიქრობ, რომ არსებობს მესამე ვარიანტი”.

13 ივნისს იტალიის ეკონომიკის მინისტრი ჯუზეპე ტრია, რომელიც არაერთხელ გამოვიდა ახალი ობლიგაციების წინააღმდეგ, ევროკავშირის მაღალჩინოსნების დაწყნარებას შეეცადა. “მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მინი BOT-ის გამოშვებაზე არანაირი ზომები მიღებული არ არის. ევრო კვლავინდებურად პოპულარულია იტალიაში”, _ განაცხადა მან ევროპარლამენტში. გახარებული ექსპერტები ალაპარაკდნენ იმაზე, რომ Mini-BOT-ის საშუალებით რომი ცდილობს, დათმობები მიიღოს ბრიუსელისგან ბიუჯეტის საკითხში, მაგრამ კლაუდიო ბორგიმ რამდენიმე დღის წინათ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ახალი ობლიგაციების გამოსახულება იტალიის სანავთობე კომპანია ENI-ის დამფუძნებელ ენრიკო მატეის პორტრეტით და ვითარება მკვეთრად შეიცვალა.

“კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ენრიკო მატეიმ გაიმარჯვა კამილოსა და ადრიანო ოლივეტოზე, პიეტრო ფერერისა და ჯოვანი ანიელიზე”, _ მიაწერა ილუსტრაციას ბორგიმ. აღსანიშნავია, რომ იტალიაში ენრიკო მატეი ეკონომიკური სუვერენიტეტისა და გლობალური იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ ითვლება. მის მიერ შექმნილმა ENI-მა მსოფლიო ბაზარზე დაანგრია ბატონობა “შვიდი დის” ოლიგოპოლიისა _ უდიდესი ამერიკული და ბრიტანული სანავთობე კომპანიების. ამას გარდა, იტალიელები არცთუ უსაფუძვლოდ ვარაუდობენ, რომ ავიაკატასტროფა, რომელშიც დაიღუპა მატეი, ამერიკისა და ბრიტანეთის სპეცსამსახურების მიერ იყო ორგანიზებული. ასე რომ, მატეის პორტრეტის არჩევა “პარალელური ფულისთვის” ბევრ რამეზე მეტყველებს.

კრიზისი გარდაუვალია

Mini-BOT-ის გამოშვების თარიღს არ ასახელებენ, თუმცა ექსპერტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ეს უახლოეს თვეებში მოხდება ბიუჯეტის საკითხზე რომისა და ბრიუსელის კონფლიქტის გამო.

5 ივნისს ევროკომისიამ ოფიციალურად დაადანაშაულა იტალია ევროკავშირის საბიუჯეტო წესების დარღვევაში. ერთი კვირის შემდეგ ევროკავშირის ქვეყნების ფინანსთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ იტალიის დიდი ვალი ეწინააღმდეგება წესებს და ქვეყანა უნდა დაისაჯოს 3-დან 4 მლრდ ევრომდე თანხის ჯარიმით. ამას გარდა, მინისტრებმა გადაწყვიტეს, რომის წინააღმდეგ აამოქმედონ ბიუჯეტის მეტისმეტი დეფიციტის საწინააღმდეგო პროცედურა, როდესაც ბრიუსელი, ფაქტობრივად, გააკონტროლებს სახელმწიფოს ყველა გასავალს.

მატეო სალვინიმ და მისმა პარტნიორმა კოალიციაში _ ლუიჯი დი მაიომ უკვე განაცხადეს, რომ არ აპირებენ კაპიტულაციას ბრიუსელის წინაშე და უარს არ იტყვიან გადასახადების შემცირებასა და სოციალური დახმარების გაზრდაზე. “არ ვაპირებ თავის ჩამოხრჩობას რაღაც სულელური ნორმატივის გამო, _ განაცხადა “ჩრდილოეთის ლიგის” ლიდერმა. _ სანამ უმუშევრობის დონე არ დაეცემა 5 პროცენტამდე, ჩვენ უფლება გვაქვს, ინვესტიციები ჩავდოთ ეკონომიკის განვითარებაში. ჩვენ გვაქვს რეგიონები, რომლებშიც უმუშევრობის დონე ახალგაზრდებში 50%-ს აღწევს. ჩვენ გვჭირდება დადებითი ფინანსური შოკი ქვეყნის გადასატვირთად”.

ეს ნიშნავს იმას, რომ, თუ ევროკავშირი მართლა შეეცდება იტალიის საბიუჯეტო პოლიტიკის გაკონტროლებას, სალვინისა და დი მაიოს მოქმედებას ერთადერთ ვარიანტად დარჩებათ პარლამენტში კანონპროექტის შეტანა Mini-BOT-ის შესახებ, რომელსაც დეპუტატები უეჭველად მოიწონებენ. შემდეგ იტალიის გასვლა ევროზონიდან მხოლოდ დროის საკითხი იქნება.

ეს მუქარაა ევროპის ცენტრალური ბანკისთვისაც. ბუნდესბანკმა ცოტა ხნის წინათ განაცხადა: “თუკი ისეთი დიდი ქვეყანა, როგორიც არის იტალია, გავა ევროს ზონიდან და გამოაცხადებს დეფოლტს ევროპის ცენტრალური ბანკის წინაშე, სუვერენული ვალის კრიზისი აუცილებლად დაიწყება ესპანეთსა და პორტუგალიაშიც. შედეგად ევროპის ცენტრალური ბანკის ბალანსში გაჩნდება დაახლოებით ტრილიონი ევროს ზომის ნახვრეტი, რომლის ამოვსებასაც მთელი კაპიტალი დასჭირდება და, ამასთანავე, საჭირო იქნება ევროკავშირის ქვეყნების ცენტრალური ბანკებიდან თანხების ამოღება”.

ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here