ამერიკული გამოცემა აღნიშნავს, რომ, კიევი სამხედრო–პოლიტიკურ ბლოკში რომ ყოფილიყო, ვაშინგტონი იძულებული იქნებოდა, ჩართულიყო მისთვის აბსოლუტურად არასაჭირო ომში მოსკოვთან.
წერილის ავტორ დუგ ბენდოუს აზრით, აზოვის ზღვის აკვატორიაში მომხდარი ინციდენტი ხელს აძლევს მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს, რომელიც კარსმომდგარ საპრეზიდენტო არჩევნებში არ არის ფავორიტი.
“მოსკოვი შეშფოთებულია უსაფრთხოების გამო. ქერჩის სრუტეზე გადებულ მის ხიდს შეიძლება თავს დაესხან… როგორ გაგვიმართლა, რომ პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა უმცროსმა წარუმატებლობა განიცადა, როდესაც ცდილობდა უკრაინის ჩართვას ნატოს შემადგენლობაში. ეს რომ გაეკეთებინა, ახლა ვაშინგტონი ვალდებული იქნებოდა, უკრაინას დახმარებოდა, თუკი ეს ქვეყანა მოითხოვდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წესდების მე-5 პუნქტის ამოქმედებას მოსკოვის წინააღმდეგ. ამერიკის მხარდაჭერით კიევი გაცილებით აგრესიულად იმოქმედებდა რუსეთის მიმართ”, _ ნათქვამია სტატიაში. ჟურნალისტი ბენდოუ დარწმუნებულია: უკრაინა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი რომ ყოფილიყო, პოროშენკო შეეცდებოდა ომის პროვოცირებას ყირიმის დაბრუნების მიზნით და ამ ომში აშშ ავტომატურად იქნებოდა ჩათრეული, მაგრამ, მისი თქმით, ასეთ საომარ მოქმედებაში მონაწილეობის აუცილებლობა ვაშინგტონს ახლა არ აქვს, რადგან უსაფრთხოების გეგმის მიხედვით დასავლეთი კიევისადმი განსაკუთრებულ ინტერესს არ იჩენს, უკრაინის პრობლემები კი საფრთხეს არავის უქმნის.
“ნატომ თავი ამოწურა და დღეს მისგან სარგებელი ძალიან ცოტაა. ამ ორგანიზაციამ ამერიკა შეიძლება ჩაითრიოს არასაჭირო ომში, რომელშიც ევროპელი მოკავშირეების უმრავლესობა არაფერს გააკეთებს, დაკვირვების გარდა. ამ ომიდან გამოსვლა გაცილებით რთული საქმეა, ვიდრე მასში ჩართვა. დროა, ვაშინგტონმა შეწყვიტოს ალიანსის გაფართოება მასში ახალი წევრების მიღების ხარჯზე, რომლებიც მისთვის ზედმეტ ტვირთს წარმოადგენს უსაფრთხოების კუთხით”, _ წერს დუგ ბენდოუ.