პოლონეთის ანტიმონოპოლიურმა უწყებამ პოლონეთისა და გერმანიის მაღაზიებში გასაყიდად გამოტანილი კვების პროდუქტების ხარისხში განსხვავება გამოავლინა.
“სავაჭრო ინსპექციასთან ერთად, შემოწმდა კვების პროდუქტები, რომლებიც იყიდება პოლონეთის, გერმანიისა და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების მაღაზიებში. გაირკვა, რომ პოლონეთის მაღაზიებში გასაყიდად გამოტანილი მაგალითად, გერმანიაში ან საფრანგეთში წარმოებული კვების პროდუქტები გაცილებით დაბალხარისხიანია, ვიდრე იგივე პროდუქტები დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში”, _ განაცხადა პოლონეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამმართველოს წარმომადგენელმა. კერძოდ, შემოწმდა 64 სახის პროდუქტი: საკონდიტრო ნაწარმი, სასმელები, ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქტები, აგრეთვე, სოუსები, რძის პროდუქტები და თევზეული. 58 შემთხვევაში პოლონეთში გასაყიდად გამოტანილ პროდუქტებში აღმოჩენილი იქნა სხვადასხვა მინარევი და დანამატი, რომლებიც არ ყოფილა გერმანელთათვის განკუთვნილ პროდუქტებში.