11 იანვარს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ინიციატივით სასულიერო პირები, ნარკოლოგები და მეცნიერები ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კანონპროექტის განსახილველად “ნარკოპოლიტიკის რეფორმის” ავტორებსა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდნენ. როგორც შეხვედრაზე ითქვა, აღნიშნული კანონპროექტი უამრავ საშიშ ელემენტს შეიცავს, მაგრამ მედია ამ ყველაფერს მიზანმიმართულად ჩქმალავს. სასულიერო პირების განცხადებით, დოკუმენტი საზოგადოების სამსჯავროზე გამოტანასა და ფართო განხილვას საჭიროებს, რადგან არსებული სახით იგი ახალგაზრდებში ნარკომანიას წაახალისებს. კონკრეტულად რა საფრთხეებს შეიცავს ეს კანონპროექტი და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მას? _ “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება სოფელ თელეთის წმინდა ნინოს ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ბასილი (იაშაღაშვილი).
_ მამაო, 11 იანვარს მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ შეხვედრაზე ითქვა, რომ ნარკოპოლიტიკის “ლიბერალიზაციის” კანონპროექტი საშიშ აქცენტებს შეიცავს. კიდევ ერთხელ განვუმარტოთ საზოგადოებას, რა აქცენტებზეა საუბარი.
_ უწინარესად, უნდა აღინიშნოს ის, რომ განხილვას, სასულიერო პირების გარდა, არაერთი მეცნიერი, კვალიფიციური ნარკოლოგი, იურისტი და უფლებადამცველი ესწრებოდა. ამ ადამიანებს დეტალურად ჰქონდათ განხილული და შესწავლილი ეს კანონპროექტი. რაც მთავარია, თავიანთ გამოსვლებში პირდაპირ, დაუფარავად განაცხადეს, რომ ეს კანონპროექტი ხელს შეუწყობს ნარკოტიკებით ვაჭრობას, ყველა ტიპის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-დამზადებასა და გასაღებას პირადი მოხმარების დოზის ოდენობით, რაც, სხვათა შორის, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი; კანონპროექტის მიხედვით კი, ეს ქმედებები 100-ლარიანი ჯარიმით ისჯება, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. თანაც, 4-5 დღის დოზა კაცს შეუძლია ატაროს ჯიბით და ამის გამო მას პოლიცია ვერ დააკავებს, ანუ ვერ დააკისრებს პასუხისმგებლობას. ასევე, არ არის გათვალისწინებული ისიც, რომ ზოგიერთი სახეობა ნარკოტიკის კონცენტრაციის ისეთი რაოდენობის შემცველია, რომ, ამ კანონის მიხედვით, დასაშვები დოზა შეიძლება 100-მა კაცმა გამოიყენოს. აქედან გამომდინარე, ადვილი წარმოსადგენია, როგორ გამოიყენებენ ამ კანონს ნარკომოვაჭრეები: “100-ლარიანი ჯარიმის საფასურად 100 000 ლარს იშოვნიან”, _ თქვეს მეცნიერებათა აკადემიის სხდომაზე; ხოლო პირი, რომელსაც აღმოაჩნდება დიდი ოდენობით ნარკოტიკი, რომლის გასაღებასაც აპირებდა, და დააკავეს გასაღებისას, თუ ის დღეს მოქმედი კანონით უნდა დაისაჯოს 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობით, ახალი კანონპროექტით დაისჯება 3-დან 8 წლამდე ვადით. კარგად ჩანს, რომ კანონი მორგებულია ნარკომოვაჭრეთა ინტერესებზე. ასევე, გამოითქვა აზრი, რომ ამ კანონპროექტის ძალით სრულიად საქართველო გადაიქცევა ნარკოტურიზმის ქვეყნად, როგორც არის მაროკო, სადაც 2017 წელს მხოლოდ ნარკოტიკის მოსახმარებლად 11 მილიონი ტურისტი ჩასულა…
_ ამას წინათ სოციალურ ქსელში გავრცელდა იმ ხუთი დეპუტატის ვინაობა, რომლებიც პირდაპირ ლობირებენ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიცაზიის კანონპროექტს. ესენი არიან: ირინა ფრუიძე, ლევან კობერიძე, აკაკი ზოიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი და სოფიო ქაცარავა. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან და რა მიზანს ემსახურებიან ისინი?
_ კონკრეტულ პირებზე გამიჭირდება საუბარი. შემიძლია ვისაუბრო იმაზე, რაც კანონპროექტის განხილვისას მოვისმინე. მეცნიერებათა აკადემიაში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე დიმიტრი ხუნდაძემ თქვა, რომ ამ კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული ინტერესები ნარკოდამოკიდებულთა ოჯახებისა, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ, და გათვალისწინებულია მხოლოდ ნარკოდამოკიდებულთა ინტერესები. ეს, რა თქმა უნდა, არ არის სწორი მიდგომა. ნარკომანია ავადმყოფობაა, მაგრამ, ამასთანავე, არც კრიმინალისგან არის შორს, რადგან ნარკომანი ნარკოტიკული ნივთიერების გამავრცელებიც არის და საზოგადოებას საფრთხეს უქმნის თავისი არაადეკვატური, შიზოფრენული მდგომარეობის გამო. ახლა _ რა შეიძლება იყოს გამოსავალი: გამოითქვა მოსაზრება, რომ ნარკოდამოკიდებულისთვის ყველაზე რეალური დახმარება იქნება ის, რომ მას შეუწყვიტო ნარკოტიკის მიწოდება. ამისთვის შეიძლება შეიქმნას სამკურნალო იზოლატორი, იმის მსგავსი, როგორიც არის ფსიქიკურად დაავადებულთათვის, ვინაიდან ყველაზე მეტად დაზარალებული და გამწარებული არიან ნარკოდამოკიდებულთა ოჯახის წევრები. ნარკომანი აღარც შვილად ვარგა, აღარც მეუღლედ, აღარც მშობლად და აღარც მეგობრად. აქედან გამომდინარე, ოჯახის წევრებს ურჩევნიათ, თვეში ერთხელ ნახონ ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი, ვიდრე სახლში ჰყავდეთ არაადეკვატური, შიზოფრენით დაავადებული პიროვნება, რომელთანაც ნორმალური ურთიერთობა შეუძლებელია.
_ აქტიურადაა ჩართული სამღვდელოება ამ კანონპროექტის განხილვებში? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ, ეკლესია ჩამოაშორონ მიმდინარე საზოგადოებრივ–პოლიტიკურ პროცესებს. და კიდევ _ ერთსულოვანნი არიან დეპუტატები დოკუმენტის მიღების მიმართ?
_ 28 დეკემბერს ჩვენ, სასულიერო პირები, ვესწრებოდით ჯანდაცვის კომიტეტში ამ კანონპროექტის განხილვას და პროცესი რამდენიმე საათით გადაიდო. მიზეზი იყო ის, რომ განხილვაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის _ აკაკი ზოიძის პირველმა მოადგილე დიმიტრი ხუნდაძემ და კიდევ რამდენიმე პარლამენტარმა. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს ახალი კანონპროექტი ხელს უწყობს ნარკოტიკებით ვაჭრობას და ნარკომანიის გავრცელებას. სხდომა მათ გარეშე ჩატარდა. სხვათა შორის, აკაკი ზოიძე კარგი მოხსენებით წარდგა, მაგრამ, სამწუხაროდ, კანონპროექტში, რომელიც წარმოდგენილი იყო განსახილველად, მისი მოხსენების საწინააღმდეგო რამ ეწერა…
აღსანიშნავია ისიც, რომ, როგორც 28 დეკემბერს ჯანდაცვის კომიტეტში, ისე 12 იანვარს მეცნიერებათა აკადემიის კრებაზე, პროექტის ავტორებმა: აკაკი ზოიძემ და ლევან კობერიძემ აღიარეს მითითებული შეცდომები. ისინი შეგვპირდნენ, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდებოდა და კონკრეტული ნაწილი ამ კანონპროექტისა შეიცვლებოდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, საჭიროა მათი მუშაობის შემოწმება, რათა ისევ არ განმეორდეს შეცდომები. საერთოდ, კარგი იქნება, თუ გაერთიანდებიან სასულიერო პირები, იურისტები, პარლამენტარები, სოციალური მუშაკები და შეიმუშავებენ ისეთ კანონპროექტს, რომელიც რეალურად დაეხმარება ნარკოდამოკიდებულს განკურნებაში, ხოლო საზოგადოებას დაიცავს მათი მავნე გავლენისგან. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ კანონპროექტის ავტორები დაფიქრდებიან და არ დაიდებენ ათასობით ადამიანის ცოდვას.
_ თქვით, რომ კონკრეტული დეპუტატები კანონპროექტში გარკვეული მუხლების შეცვლას დაგპირდნენ. თუ კანონპროექტი იმ სახით დამტკიცდა, რომლითაც მიუღებელია, რა ბერკეტი რჩება ეკლესიას და საზოგადოებას, წინ რომ აღუდგეს ამ პროცესს?
_ ეკლესია ყოველთვის აღიმაღლებს ხმას ცოდვის წინააღმდეგ. როდესაც უნდა მიეღოთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, ეკლესიამ განაცხადა, რომ არ შეიძლებოდა ამის გაკეთება, მაგრამ მთავრობამ კანონპროექტი მაინც დაამტკიცა. მამათმავლობა ნორმად გამოცხადდა და დღეს საზოგადოების დიდი ნაწილი ვეღარ ბედავს ამ უკიდურესი უზნეობის საჯაროდ მხილებას, პირიქით _ სატელევიზიო ეთერში მიმდინარეობს პროპაგანდა და იწამლება ახალგაზრდობა. მეტიც, უკვე საბავშვო ბაღებსა და სკოლებშიც დაიწყეს მამათმავლობის პროპაგანდა, როგორც ეს, უკვე დიდი ხანია, მიღებულია აშშ–ში, კანადასა და ევროპაში, ანუ მიმდინარეობს მომავალი თაობების სულიერი და ხორციელი დეგრადაცია, გარყვნა, ზნეობრივი დაცემა და გაუბედურება. აი, როგორია ანტიდისკრიმინაციული კანონის ნაყოფი. ახლა ვსვამ შეკითხვას: ვის კისერზე იქნება ეს ცოდვა? ცოდვა დაუსჯელად არ ჩაივლის _ უფალი ამბობს: “ვაი იმ კაცისა, რომლისგან მოვიდეს საცდური”.
თუ მთავრობა არ გაითვალისწინებს ეკლესიის შეგონებას და საპატრიარქოს განცხადებას, ასეთივე შედეგი ექნება ამ ახალ კანონპროექტსაც, რომელიც ხელს უწყობს ნარკოტიკების გავრცელებას.
ესაუბრა ჯაბა ჟვანია