ქუმსიშვილი ლარის კურსზე პროგნოზს ვერ და არ აკეთებს, მაგრამ პარლამენტის ტრიბუნიდან ამაყად საუბრობს იმაზე, როგორ აჟრიალებდა ბღუჯა ლარის დანახვაზე. დოლარის მიმართ ლარი, კარგა ხანია, ბღუჯაზე მეტია და ვიცეპრემიერის ჟრიალის ამპლიტუდის მატებაც აშკარად აისახება მის კომენტარზე
ორ წელიწადზე მეტია, რაც ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება დაიწყო. მოსახლეობას პროდუქტების გაძვირება და ხელისუფლებისა თუ საბანკო სექტორის წარმომადგენლების არაკომპეტენტური, არასაიმედო განცხადებები შიშის ზარს სცემს. თუკი თავის დროზე ლარის კურსის დაცემას იმჟამინდელმა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა “პატარა შოკუნია” უწოდა, დღეს ლარის გაუფასურება ძალიან დიდ შოკად და თავსატეხად იქცა მოსახლეობისთვის.
ლარის კურსს განიხილავენ სოციალურ ქსელებში, ტრანსპორტში, სამზარეულოში, ქუჩაში. მსჯელობენ პოლიტიკოსები და ექსპერტები, მაგრამ გამოსავალი არ ჩანს. ერთადერთი, ვინც ლარისთვის ძველი დიდების დაბრუნებას გვპირდება, არის საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე. “მომეცით ექვსი თვე და დაგიბრუნდებათ ძველი ლარი! არარეალისტურია? გეთანხმებით. რეალისტური ისაა, რასაც ვხედავთ”, – წერს “ალ კუპონედ” წოდებული რეფორმატორი სოციალურ ქსელში. არარეალისტურია? _ სულაც არა, გავიხსენოთ გასული საუკუნის 90-იან წლებში კუპონის გაკუპონებაში გოცირიძის როლი და მილიონერობაც გარანტირებული გვაქვს. მართალია, ამჟამად “კუპონას” ლარის დაცემა-გამყარებასთან არაფერი აკავშირებს, მაგრამ აშკარაა, არც ხელისუფლებას აქვს წარმოდგენა, როგორ გამოიყვანოს ქვეყანა ამ კრიზისული ვითარებიდან.
“კიდევ ერთხელ ვიტყვი: პროგნოზს არ და ვერ გავაკეთებ, ეს არის მცურავი კურსი. ანალიზი ყოველდღიურად კეთდება. რასაც ვუყურებთ, არის ის, რომ საკმაოდ ბევრი ფორვარდული გარიგება დაიდო ბაზარზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ იანვრის დასაწყისიდან ვალუტაზე მოთხოვნა უნდა დაგვაკლდეს. რასაც ჩვენ ვუყურებთ, გამყიდველების მიმართულებით გარკვეული ინვესტორების აქტივობა უნდა გამოჩნდეს უახლოეს მომავალში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყველანაირი პროგნოზისგან თავს შევიკავებ. აქვე ვიტყვი, რომ ეროვნული ბანკის განცხადება იყო მნიშვნელოვანი, რომელიც გუშინ დილით გაკეთდა. ეროვნულმა ბანკმა გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ბანკი მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოყენებით მოახდენს ბაზარზე გავლენას იმ შემთხვევაში, თუ ისინი დაინახავენ, რომ ფუნდამენტიდან უკვე საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არის გადახრილი ლარის კურსი”, _ განაცხადა პირველმა ვიცეპრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ლარის კურსზე დასმული კითხვის პასუხად.
ქუმსიშვილი ლარის კურსზე პროგნოზს ვერ და არ აკეთებს, მაგრამ პარლამენტის ტრიბუნიდან ამაყად საუბრობს იმაზე, როგორ აჟრიალებდა ბღუჯა ლარის დანახვაზე. დოლარის მიმართ ლარი, კარგა ხანია, ბღუჯაზე მეტია და ვიცეპრემიერის ჟრიალის ამპლიტუდის მატებაც აშკარად აისახება მის კომენტარზე.
ასეთივე “სიბრძნით” არის დატვირთული სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის კომენტარი ლარის კურსზე. დავითაშვილმა საზოგადოება ასე დაამშვიდა: “ლარის გაუფასურება ფასებთან პირდაპირ ბმაში არ არის. ინფლაციის ტემპის კონტროლს ახორციელებს ეროვნული ბანკი, ინფლაციური კუთხით ჩვენ არ გვაქვს საგანგაშო მდგომარეობა. ამ შემთხვევაში არ შეინიშნება ფასების ზრდა”.
ლარის უმწეო მდგომარეობა ორიგანალურად ახსნა BGEO ჯგუფის ხელმძღვანელმა ირაკლი გილაურმა, რომელიც “საქართველოს ბანკის” ყოფილი გენერალური დირექტორი და სააკაშვილის პრემიერმინისტრ ნიკა გილაურის ძმაა. მან ლარის კურსის დაცემა აცივებას დააბრალა. მისი თქმით, აცივებასთან ერთად, როდესაც გაზის იმპორტი იზრდება, ჩნდება მოლოდინი, რომ ლარის კურსი დავარდება და სწორედ ამ მოლოდინიდან გამომდინარე ბაზრის მოთამაშეები ყიდულობენ დოლარს.
“ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, მარტის ჩათვლით გაზის იმპორტი ხდება საქართველოში და ყველა სპეკულირებს იმას, რომ კურსი დავარდება. ამ დროს მოლოდინები იქმნება, რომ კურსი დავარდება, იმიტომ რომ ცივდება და კურსი ვარდება, ანუ, როცა შემცივდება დავარდება კურსი ხოლმე. ძალიან ბუნებრივი მოვლენაა, ახალი არაფერია, თავისუფალ ეკონომიკაში ასე ხდება. მოლოდინებიდან გამომდინარე, ბაზრის მოთამაშეები ფიქრობენ, რომ კურსი დავარდება და ამიტომ ყიდულობენ დოლარს”, _ განაცხადა ირაკლი გილაურმა.
ვიდრე ლარი ფუნდამეტიდან ჯერ ისევ დავარდნილ-გადახრილია, “ფეისბუქში” რიგითი მოქალაქეები ქილიკობენ და ლარის გამოსალოც ლოცვას ავრცელებენ. საქართველოს ხელისუფლებას კი, რომელიც უუნაროა ამ პრობლემის გადაჭრაში, ისღა დარჩენია, დილა-საღამოს მაინც გამოულოცოს “სიცივისგან” რეკორდულად დაცემულ ლარს:
“ძალა მზის და მთვარისა
შელოცვა ვთქვათ ლარისა.
ლარო, ჩადექ საფულესა,
ხბოს შეგწირავთ საფურესა.
გაიმყარე თავად კურსი,
ლახვარს ნუღარ ჩაგვცემ გულში.
ლარო გამყარდი, გამყარდი,
რას მისდევ მწვანე დოლარსა.
გაჩერდი, გიჟად არ იქცე,
დაგიწყებთ ქვების სროლასა.
ძალა მზისა და მთვარისა,
სიმყარე ვთქვათ ლარისა”.
ნიკა გელაშვილი