Home რუბრიკები საზოგადოება ღამურა-ევროპელები

ღამურა-ევროპელები

1358

დამოუკიდებელისაქართველო დღეს იმაზე უფრო სავალალო ყოფაშია, ვიდრე კოლონიის სტატუსით იქნებოდა

ადამიანისთვის, რომელიც სატანის სამსახურშია და ნებიერი ცხოვრება საკუთარი სულის ეშმაკისთვის მიყიდვით მოუპოვებია, აღარც ისტორიის გაკვეთილები არსებობს და აღარც სამშობლოს სიყვარული. ამგვარი არსება უბედურებაა ერისთვის. საშინელმა გაჭირვებამ ადამიანებს ბრძოლის უნარი დაუქვეითა, მაგრამ წუთითაც არ უნდა შენელდეს საქართველოს გამთლიანებისთვის ბრძოლა და უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს ერთიანობას მხოლოდ სუფთა ხელებისა და სპეტაკი სინდისის მამულიშვილები აღადგენენ.

რაც დღეს საქართველოში ხდება, ქვეყნისა და ერის ღალატია მათი მხრიდან, ვინც ესოდენ მორჩილად ასრულებს უცხოეთის დამამცირებელ მოთხოვნებს ყოველივე ქართულის საზიანოდ და საკუთარი თანამდებობის შესანარჩუნებლად.

ვის ეკუთვნის საქართველო?

იქნებ იმ ფულიან ბღენძთა კასტას, მამა-პაპათა სისხლით გაპოხილ მიწას მფარველთა საამებლად უცხოელებზე რომ არიგებს?!

როდემდე გაუძლებს ერი ამ პარაზიტთა გაუმაძღრობას?!

დღეს “დამოუკიდებელი” საქართველო იმაზე უფრო სავალალო ყოფაშია, ვიდრე ოფიციალურად აღიარებული კოლონიის სტატუსით იქნებოდა.

ჩვენი ღამურა “ევროპელების” გარდა, სხვა ვინ იკადრებდა ასე სამარცხვინოდ ეროვნული სიამაყით ვაჭრობას?!

რისთვის გვინდოდა დამოუკიდებლობა? ღამურა-ევროპელების ხუშტურების ზეგავლენით დასავლეთთან სამათხოვროდ?

დასავლელებმაც სწორედ მათხოვრად და თეთრკანიან პაპუასებად მიგვიღეს.

ღამურაევროპელების დროშაზე წარწერას: “მე ქართველი ვარ, მაშასადამე, ვარ ევროპელი”, ქართველთა სულიერ და ზნეობრივ სისპეტაკესთან საერთო არაფერი აქვს, მეხსიერებას კი სამარცხვინოდ შემორჩა; ისევე, როგორც ნაციონალების მიერ ქართველი ხალხის დასაკნინებლად და გასაუბედურებლად წამოწყებული ცხინვალის ავანტიურა, რომელსაც ვერაფრით გაასაღებენ საქართველორუსეთის ომად, რადგან ქართველ და რუს ხალხს საერთო მტრების წინააღმდეგ ბრძოლებში ერთად დაღვრილი სისხლით ნაკურთხი ძმობა აკავშირებს.

მათი მუხთლობა სამარცხვინოდ შემორჩება შთამომავლობას, ისევე, როგორც ბუმბერაზი სტალინის ძეგლთან აწრიპინებული ამ პარაზიტების მიერ დავით აღმაშენებლის ძეგლის თბილისიდან გატანა და რეიგანის კი _ რიყეზე წამოსკუპება.

 ყველა ერს აქვს თავისი წილი სილამაზე კაცობრიობის დიდ თაიგულში. სხვა სხვის მიწაზე მხოლოდ ნარ-ეკალს ამრავლებს და ცდილობს, კაცობრიობის ეს საამაყო სილამაზე საფრთხობელად აქციოს. დღეს ჩვენ სწორედ ეს უბედურება გვჭირს _ საქართველოში ქართველების გადაგვარება-გადაჯიშების დემონი მძვინვარებს. მაშ, რა შეიძლება ეწოდოს ტელევიზიის შოუმენთა უზნეო მასხრობას, რა ქნან, რაზე ისაუბრონ, როდესაც ქვეყანაში ყველაფერი წმინდა და სპეტაკის ტალახში ამოსათხვრელად ბილწთა და არამზადათა მარათონია გამართული?!

მსოფლიოში აღიარებული, ნიჭიერი რეჟისორების სამჭედლო, მძლავრი კინოსტუდია დაწვეს. მეოთხედ საუკუნეზე მეტია, ერთი ნორმალური ფილმი არ გადაუღიათ. რა ქნან ამჟამინდელმა მსახიობებმა, სად გამოავლინონ თავიანთი ნიჭი? ტელეშოუებზე ატლინკებენ ახალგაზრდებს პოლიტიკური ღვარძლით, შურითა და ადამიანთა შეურაცხმყოფელი დიალოგებით.

ამგვარ მოდას აყოლილთაგან რომელიმე ახალგაზრდა სცენაზე გამოდის და ინგლისურად მღერით იჭაჭება ისე, ინგლისელებს დამცინავ ღიმილს რომ მოჰგვრის. დარბაზში შეყრილნი აღფრთოვანებული ღრიალით ჭერს აზანზარებენ; “კომპეტენტური” ჟიურის წევრები ამ “გამაოგნებელი” მომღერლისთვის დაფნის გვირგვინის საძებნელად ქების ისეთ ლაბირინთში იბლანდებიან, სირცხვილისგან გაწითლებული ტელევიზორი გათიშვას ითხოვს.

გასართობი არც სხვა მხრივ გვაკლია: პირდაპირ ეთერში გამოიყვანენ ერთმანეთის მოწინააღმდეგე პოლიტიკური თვალსაზრისის მქონე წარმომადგენლებს, სიტყვიერი ურთიერთშეურაცხყოფის შემდეგ ერთმანეთს დაერევიან და გალიერაში (მამლების ჩხუბი) მონაწილე მამლებივით აბდღვნიან ცხვირ-პირს. რა გაეწყობა, ასეთია დასავლეთის მიერ ჩვენთვის მოწონებული დემოკრატია.

ასეთი ყალბი დამოუკიდებლობა, ოქროსად შემოტყუებული, ლაყე კვერცხს ჰგავს, რომლითაც ევროატლანტიკური საკვებით დანაყრებული ილუზიონისტი ქოცმენი პარტიები ჟონგლიორობენ. არადა, ამ ლაყე კვერცხს ბზარები გაუჩნდა, მალე ხელში შემოემსხვრევათ და სიმყრალისგან ვეღარაფერი გარეცხავთ.

ისე, პრეზიდენტიც გვყავს, პარლამენტიც, მთავრობაც, დამოუკიდებელი სასამართლოც, ორასზე მეტი პოლიტიკური პარტიაც. დამოუკიდებლებს ვგავართ, აბა, რა! თუ ამერიკის ელჩს კადრების შერჩევისას იაღლიში მოსდის, არ უნდა გვეწყინოს. მათაც ხომ ჰყავდათ პრეზიდენტად ბუში, ავსტრიას ავსტრალიისგან რომ ვერ არჩევდა?! ობამას კიდევ ეგონა, რომ ამერიკას 57 შტატი ჰქონდა (50-ის ნაცვლად), თავისი პრეზიდენტობის დიდ წარმატებად კი ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინების დაკანონებას თვლიდა. ამის შემდეგ რა გასაკვირია, რომ მათი მოწონებული საქართველოს პრეზიდენტი მდიდარი სექსით იწონებს თავს?!

დამისახელეთ საქართველოს გამთლიანებისთვის თავდადებული, უცხოეთის მიერ შემოსაღებული, გამთლიანებისთვის ფუჭი ყბედობის მამხილებელი, ქვეყნისა და ერის სასიკეთოდ სანთელივით ანთებული ერთი სკამოსანი მამულიშვილი მაინც, საქართველოს დამოუკიდებლობის მითი რომ დავიჯერო.

საქართველოს დამაქუცმაცებელი, ხალხის გამღატაკებელი “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ცოდვიან პარლამენტში გუგულებივით სხედან. თბილისში პარლამენტის სხდომათა დარბაზის ამაოხრებელი და რუსთის არმიასთან დანა-ჩანგლით შებრძოლების მოწოდებით მეურმის მამალივით აყივლებული დავით ბაქრაძე (თვითონ წითელი ხიდისკენ რომ გარბოდა), იმის ნაცვლად, რომ პასუხი ეგო, დაცვით დაბრძანდება. რისგან ან ვისგან იცავენ ამ ცოდვიანებს?

 იმის მაგიერ, რომ ქუჩაში გამოსულებს ხალხი აღფრთოვანებული შეძახილებით ეგებებოდეს, დაცვის ნაჭუჭში შემძვრალები დაძვრებიან, რათა ტელევიზიის ეკრანიდან ღვარძლისა და ბოღმის კორიანტელი დააყენონ. აბა, რა, დაცვა სჭირდება სააკაშვილს, ადეიშვილს, მოსამართლე კუბლაშვილს; მერაბიშვილი ისედაც “დაცულია”; უსუფაშვილს კი ნამდვილად სჭირდება დაცვა, სანამ საქართველოში მისი მოთხოვნით ამერიკის ბაზები არ აჯაგრულა, თორემ მერე აქეთ დაგვჭირდება მისგან დაცვა. ამერიკის ელჩი კი ბაზების გარეშეც შეუფერხებლად ატრიალებს ქართველთა ბედის ბორბალს წაღმაუკუღმა.

ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების ენაგალესილმა წარმომადგენლებმა, თავაწყვეტით რომ უსრულებენ მფარველებს სურვილებს, იქნებ ხალხს აუწყონ, ვის, რომელ პოლიტიკოსს დაენიშნა დაცვა, რათა არავინ გამორჩეთ და ქუჩაში ფეხქვეშ არ გაიგდონ. თანხაზე ნუ დაღონდებიან: თუ ბიუჯეტიდან არ ეყოფათ, აგერ არიან პენსიონერები. რა მნიშვნელობა აქვს, შიმშილით ორ თვეში გასძვრებათ სული თუ ორ კვირაში?! ჰოდა, ის ვაიპენსია გაუნახევრეთ ან სულ მოუსპეთ. სწორედ ასე დაუნიშნავთ დაცვას ყველა ავსა და ბოროტს, რათა “შარდენბარში” განცხრომისას ვინმემ არ გატყიპოს.

ევროატლანტიკელ მფარველებს ნაციონალებზე ფიქრი არ ასვენებთ და საქართველოს ხელისუფლებას ყველანაირი მეთოდით უშლიან ხელს, სააკაშვილის რეჟიმის სისხლიანი ნაკვალევი რომ არ გამოჩნდეს. ამას ხალხი ძალიან კარგად ხვდება და მწარე ღიმილით აკვირდება ნაციონალთა ამ ჭირისუფლების დემოკრატიისნიღბიან ვოიაჟს. ესენიც იმის მაგიერ, რომ ყოველდღე ეკლესიაში ლოცვით მოინანიონ ჩადენილი ცოდვები, უსირცხვილოდ იბრალებენ იმის დამცველობას, რასაც თვითონვე სპობდნენ და ანადგურებდნენ. ევროპული დემოკრატია, ადრე ნაციონალების ძალადობაზე ყურსაც რომ არ აპარტყუნებდა, ახლა ცდილობს ამ ყვავების გათეთრებას, მაგრამ ავიწყდება, რომ ყველა ყვავი ყრანტალებს, შავია თუ თეთრი.

შედეგად, დაუსჯელობის სინდრომის ტყვეობაში გაპაპაჯორებულირუსთავი 2” თავს სახელმწიფოდ თვლის სახელმწიფოში და ქვეყნის სასიკეთოდ ამოძრავებას თვალში ჯოხივით ეჩხირება. ღვარძლის, შურის, მტრობისა და თვითნებობის ბუდე გაწბილებული კარიერისტებისა და ძალაუფლებადაკარგული ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა დაგროვილი ბოღმის დანთხევის ადგილად იქცა. ქვეყანა შეწუხდა მათი თავხედობით. უცხოეთის წნეხის მიუხედავად, მათ მიმართ ხელისუფლების მხრიდან მართალი, პრინციპული და შეუპოვარი პოზიციის დაკავება ხალხის ინტერესების დაცვის ტოლფასია.

დრო კი არ ჩერდება, წუთისოფლის ბორბალიც შეუფერხებლად ბრუნავს. დღევანდელობაც ხვალინდელობას შერჩება მისი ყველა ავ-კარგისთვის კუთვნილი ადგილის მისაჩენად.

დღეს კი სასოწარკვეთამდე მისულ ადამიანებში ნევროზი, ფსიქოზი და უამრავი სულიერი დაავადება მძვინვარებს. გაუსაძლისი ყოფა ადამიანებს სულს უხუთავს, საშინელი სტრესით ტანჯავს… შველა სჭირდება ხალხს და არა მუქარა, მუშტი და სასჯელი. ამაზე უარესი უბედურებისთვის დაუღწევია თავი ქართულ ჯიშსა და ჯილაგს, რადგან გადაგვარებულ უძღებ შვილებზე ასჯერ და ათასჯერ მეტი ჰყოლია სამშობლოსთვის თავდადებული ერისშვილი, ხალხის მწუხარებითა და სიხარულით რომ ცხოვრობენ. მათ არ სჭირდებათ დაცვა, რადგან სიყვარული, ადამიანთა ბედნიერებისთვის ბრძოლა, ერისკაცობა ამშვენებთ.

დღეს შვებად და იმედად ჩანს ფსიქოთერაპევტი გივი მაზმიშვილი, კაცი ქველმოქმედი, სიტყვით რომ კურნავს სნეულ ადამიანებს. ამ გაჭირვებული ცხოვრების ჟამს უცხოეთში მდიდარი, პატივითა და აღიარებით გაჯერებული საქმიანობა რომ მიატოვა და საქართველოში დაბრუნდა ხალხისთვის ამ მძიმე ყოფის თავისი შესაძლებლობით შესამსუბუქებლად. ასეთი ადამიანი უნდა ლაპარაკობდეს ტელევიზიის ეკრანიდან, დამშეული ხალხისთვის კერძების მზადების ჩვენების ნაცვლად.

საქართველოს ნათელი მომავლის შექმნა ტელევიზიაში აყბედებულ, სასაცილო, მოდას აყოლილ, უცხოეთის ლაქია, მანჭვა-გრეხვაში დაოსტატებულ ქარაფშუტებს არ ხელეწიფებათ. საქართველოს ნათელი მომავალი ცხოვრების უკუღმართობასთან ბრძოლით მამულის უსაზღვრო სიყვარულის ქურაში ნაწრთობმა ერის საამაყო ახალგაზრდობამ უნდა გამოჭედოს!

გივი სომხიშვილი,

მწერალი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here