Home რუბრიკები ისტორია რატომ იყო სტალინი ხალხის ბელადი

რატომ იყო სტალინი ხალხის ბელადი

1168

მკითხველს მინდა განვუმარტო, რომ 1936-37 წლების გახმაურებული მოვლენებისადმი მიძღვნილ წინა წერილებში მოყვანილი ძირითადი დებულებები და ფაქტობრივი მასალები ამოღებულია რუდოლფ ბალანდინისა და სერგეი მირონოვის საარქივო მასალებზე შექმნილი წიგნიდანგორგალისტალინის გარშემო”, ამერიკელი მკვლევარის _ გროვერ ფერის წიგნიდანანტისტალინური სისაძაგლე”, სერგეი კრემლიოვისდიადი სტალინიდან”, იური ჟუკოვის, ვადიმ კოჟინოვის, იური მუხინის საარქივო კვლევებიდან სათაურით “37 წლის გამოცანა”, გივი ბერძენიშვილისსტალინიდანდა სხვა წყაროებიდან, რომლებსაც ემატება ჩემი მასალები, ამოღებული სტალინის პირადი არქივიდან, აგრეთვე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებული უახლოესი ისტორიის არქივიდან. ჩემ მიერ აწ უკვე გამოქვეყნებული წერილების გარდა, აღნიშნულ თემაზე მოგაწვდით სხვა მასალებსაც, რომლებიც მომავალ საგაზეთო ნომრებში გაგრძელდება.

რიკოვმა სასამართლოს უთხრა, რომ 1932 წელს ბუხარინმა მჭიდრო ურთიერთობა დაამყარა ესერებთან, კერძოდ, სემიონოვთან და მასთან ერთად დაგეგმა სტალინზე თავდასხმა ლიკვიდაციის მიზნით. ამასთანავე, ისიც განუცხადა, რომ სტალინსა და კაგანოვიჩზე თავდასხმას ამზადებდნენ ესერთა სხვა ჯგუფებიც.

რიკოვმა სასამართლოს განუცხადა:

 _ ენუქიძის მიერ შედგენილი გეგმის მიხედვით, 1933 წელს ვაპირებდით “სასახლის გადატრიალების მოწყობას”, ამ საქმეში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა იაგოდას და სამხედროების ჯგუფს ტუხაჩევსკის ხელმძღვანელობით, მასში შედიოდნენ: უბორევიჩი, ეგოროვი და კორკი. ამ გადატრიალების მოსაწყობად შეიქმნა ცენტრი, რომელშიც შედიოდნენ: კამენევი, პიატაკოვი, ენუქიძე, ბუხარინი, ტროცკი და მე. არსებული ვითარების გაანალიზებამ ქვეყნის განვითარების მზარდმა პოტენციალმა და სტალინის უდიდესმა პოპულარობამ ქვეყანაში ხელი აგვაღებინა ამ გადაწყვეტილებაზე.

ვიშინსკი (რიკოვს): _ თვლით თუ არა ბუხარინს მოღალატედ?

რიკოვი: _ ვთვლი, ისევე, როგორც საკუთარ თავს.

ვიშინსკი (კრესტინსკის): _ გვითხარით, რა იცით ტუხაჩევსკის ჯგუფის მემარჯვენე-ტროცკისტულ ბლოკში მონაწილეობაზე?

კრესტინსკი: _ 1933 წელს საფრანგეთის ერთ-ერთ ქალაქ შეხვედრისას ტროცკიმ მითხრა, რომ სახელმწიფო გადატრიალებისას არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავეყრდნოთ მხოლოდ ჩვენს ძალებს _ ტროცკისტებს, რადგან ეს ძალები არ არის საკმარისი. ამიტომ ჩვენ აუცილებლად უნდა მოველაპარაკოთ “მემარჯვენეებს” და სამხედროებს. მან განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრო ტუხაჩევსკის, ადამიანს, რომელიც, მისი თქმით, ავანტიურისტულად მიილტვის პირველობისკენ, არა მხოლოდ სამხედრო ხაზით… ტროცკიმ მთხოვა, მისი აზრი გადამეცა პიატაკოვისათვის, ხოლო ტუხაჩევსკის პირადად გავსაუბრებოდი. ტუხაჩევსკის ვესაუბრე 1934 წლის დასაწყისში, მანამდე ის უკვე ელაპარაკა პიატაკოვს. ტუხაჩევსკის გადავეცი ტროცკისთან ჩემი საუბრის შინაარსი. მან მითხრა, რომ მხარს უჭერს, როგორც ძალების გაერთიანებას, ასევე, მის წინაშე დასმულ ამოცანასაც, მაგრამ საკითხი მოითხოვს განხილვას, შესაძლებლობების გარკვევას, შემდეგ იგი პიატაკოვს დაელაპარაკება ამ თამაზე. მათი მოლაპარაკების შესახებ პიატაკოვისგან შევიტყვე 1935 წლის თებერვალში. ამის შემდეგ რამდენჯერმე ვესაუბრე ტუხაჩევსკის ამ თემაზე. ერთ-ერთი საუბრისას მან დამისახელა რამდენიმე პირი, რომლებსაც იგი ეყრდნობოდა _ იაკირი, უბორევიჩი, კორკი, ეიდემანი.

ჩვენი შემდეგი საუბარი გაიმართა საბჭოების VIII საგანგებო ყრილობაზე. ტუხაჩევსკიმ ჩემ წინაშე დააყენა საკითხი გადატრიალების დაჩქარების შესახებ. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ჩვენ გადატრიალების გეგმას ვუკავშირებდით გერმანიის თავდასხმას საბჭოთა კავშირზე, ის კი ჭიანურდებოდა. ამასთანავე, დაიწყო კონტრევოლუციური ძალების თანდათანობით განადგურება. დააპატიმრეს პიატაკოვი, რადეკი, დაიწყო სხვა ტროცკისტების დაპატიმრებაც და ტუხაჩევსკი შეშინდა _ შეთქმულებას ჩავარდნა დაემუქრა. ამიტომაც მოითხოვა კონტრევოლუციური გამოსვლის დაჩქარება. ჩვენ ეს საკითხი განვიხილეთ გამარნიკსა და რუძუტაკთან ერთად და დავასკვენით, რომ ტუხაჩევსკი მართალია. ამის შემდეგ მე ბესონოვის საშუალებით წერილობით დავუკავშირდი ტროცკის, რომლისგანაც მივიღეთ დადებითი პასუხი.

ვიშინსკი: _ განსასჯელო როზენგოლც, ამ ნაწილში თქვენ მხარს უჭერთ კრესტინსკის ჩვენებას?

როზენგოლცი: _ დიახ, მხარს ვუჭერ.

ბუხარინის დაკითხვა ყველაზე ხანგრძლივი იყო. ამან სასამართლო კოლეგიის ოთხი სხდომა დაიკავა. ბოლოს ვიშინსკის შეკითხვას _ ადასტურებს თუ არა სასამართლოზე მის მიერ წინასწარ ძიებაში მიცემულ ჩვენებებს, ბუხარინმა უპასუხა:

_ ძიებაში მიცემულ ჩვენებებს მთლიანად ვადასტურებ. მე ვიყავი ანტისახელმწიფოებრივი ბლოკის ერთ-ერთი ლიდერი. ამ ბლოკის მიზანი იყო საბჭოთა ხელისუფლების დამხობა და რუსეთში კაპიტალიზმის რესტავრაცია. ხელისუფლების დამხობას ჩვენ ვვარაუდობდით უცხო სახელმწიფოების სამხედრო დახმარების საშუალებით, რის საფასურადაც გერმანიის, იაპონიისა და, ნაწილობრივ, ინგლისის სასარგებლოდ ვთმობდით უკრაინას, ბელორუსიას, რიგ სხვა მოკავშირე რესპუბლიკებს.

ბუხარინმა თქვა, რომ მისი კონტრევოლუციური საქმიანობა სათავეს 1920 წლიდან იღებდა. თავდაპირველად დაუახლოვდა ტომსკის, რიკოვსა და უგლანოვს. განზე იდგა იაგოდა, თუმცა მათთან ურთიერთობას ინარჩუნებდა.

“საბჭოთა ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაზე ფიქრი 1932 წლიდან დავიწყეთ. თათბირზე, რომელსაც ვესწრებოდით რიკოვი, ტომსკი, უგლანოვი და მე, შევიმუშავეთ მოქმედების პლატფორმა, რომელიც ითვალისწინებდა ტერორის გზით “სასახლის გადატრიალების” განხორციელებას. ეს იდეა მოდიოდა ენუქიძისგან, რომელიც იმხანად კრემლის დაცვას ხელმძღვანელობდა. მას მხარს უჭერდნენ პიატაკოვი, ტომსკი, რიკოვი, ზინოვიევი, კამენევი. ამავე პერიოდს განეკუთვნება წითელ არმიაში ჩამოყალიბება შეთქმულთა ჯგუფისა, რომლის სათავეში იყვნენ ტუხაჩევსკი, პრიმაკოვი და პუტნა”.

შეკითხვას სვამს ბრალდება:

ვიშინსკი: _ თქვენს ბლოკს ჰქონდა თუ არა მითითება, ტერორის გზით დაეხოცა პარტიისა და მთავრობის ხელმძღვანელები?

ბუხარინი: _ ჰქონდა და, ვფიქრობ, ეს თარიღდება 1932 წლის შემოდგომით.

ვიშინსკი: _ როგორია თქვენი დამოკიდებულება კიროვის მკვლელობასთან? ეს დანაშაული მემარჯვენე-ტროცკისტული ბლოკის მითითებით განხორციელდა?

ბუხარინი: _ ეს ჩემთვის უცნობია.

ვიშინსკი (რიკოვს): _ რა იცით კიროვის მკვლელობის შესახებ?

რიკოვი: _ ჩემთვის უცნობია, მონაწილეობდნენ თუ არა ამ მკვლელობაში მემარჯვენეები.

ვიშინსკი: _ მე გეკითხებით, დაკავშირებული იყო თუ არა “მემარჯვენე-ტროცკისტულ ბლოკი” კიროვის მკვლელობასთან?

რიკოვი: _ დღემდე დარწმუნებული ვარ, რომ კიროვი “მემარჯვენეთა” ჩაურევლად მოკლეს ტროცკისტებმა.

ვიშინსკი: _ თქვენ ურთიერთობა გქონდათ ენუქიძესთან?

რიკოვი: _ 1933 წლიდან.

ვიშინსკი: _ ის ამ ბლოკში რომელ ფრთას განეკუთვნებოდა _ ტროცკისტულს თუ მემარჯვენეს?

რიკოვი: _ ალბათ, მემარჯვენეს.

ვიშინსკი: _ განსასჯელო იაგოდა, ცნობილია თუ არა თქვენთვის, რომ ენუქიძე ბლოკის მემარჯვენე ფრთას წარმოადგენდა და რომ მას უშუალო შეხება ჰქონდა კიროვის მკვლელობის ორგანიზებასთან?

იაგოდა: _ რიკოვი და ბუხარინი ცრუობენ. რიკოვი და ენუქიძე მონაწილეობდნენ ბლოკის იმ სხდომაში, რომელზეც კიროვის მკვლელობის საკითხი იხილებოდა.

ვიშინსკი: _ იყვნენ თუ არა გარეული ამ საქმეში მემარჯვენეები?

იაგოდა: _ რა თქმა უნდა, ბლოკი ხომ “მემარჯვენე-ტროცკისტულია”.

ვიშინსკი: _ ჰქონდათ თუ არა ამ მკვლელობასთან შეხება რიკოვსა და ბუხარინს?

იაგოდა: _ პირდაპირი.

ვიშინსკი: _ მართალს ამბობენ ახლა ბუხარინი და რიკოვი, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ?

იაგოდა: _ ეს შეუძლებელია… ბლოკის სხდომაზე ეს საკითხი მათი მონაწილეობით გადაწყდა.

ვიშინსკი: _ თქვენ ამის შემდეგ გაატარეთ რამე ღონისძიება, რომ კიროვის მკვლელობა განხორციელებულიყო?

იაგოდა: _ მე მივეცი განკარგულება ზაპოროჟეცს, ლენინგრადში… როცა დააკავეს ნიკოლაევი… მას პორტფელში რევოლვერი და დღიური ჰქონდა… და მან იგი გაათავისუფლა.

ვიშინსკი: _ და თქვენ ეს მოიწონეთ?

იაგოდა: _ მე ეს ცნობად მივიღე.

ვიშინსკი: _ შემდეგ კი მიეცით მითითება, დაბრკოლება არ შეექმნათ კიროვის მკვლელობისათვის.

იაგოდა: _ დიახ, მივეცი. ვადასტურებ.

შემდეგ ბუხარინს ჰკითხეს, რა დამოკიდებულება ჰქონდა მას ტერორიზმთან. ბუხარინმა უპასუხა: _ მიუხედავად იმისა, რომ ტროცკი ამას დაჟინებით მოითხოვდა, მე წინააღმდეგი ვიყავი.

მაშინ ვიშინსკიმ ჯიქურ დაუსვა კითხვა: _ იყავით თუ არა თქვენ ტერორისტული აქტების მოწყობის მომხრე?

_ ვიყავი, დაახლოებით 1931 წლიდან, _ უპასუხა ბუხარინმა.

ვიშინსკი: _ 1918 წელს თქვენ არ ყოფილხართ ჩვენი პარტიისა და მთავრობის ხელმძღვანელთა მკვლელობის მომხრე?

ბუხარინი: _ არა.

ვიშინსკი: _ ლენინის დაპატიმრების მომხრე ხომ იყავით?

ბუხარინი: _ იყო ორი ასეთი შემთხვევა, რომელთაგან პირველის შესახებ თვითონ ლენინს ვუთხარი; მეორეზე, კონსპირაციის თვალსაზრისით, დუმილი ვარჩიე.

ვიშინსკი: _ ვლადიმერ ილიჩის მკვლელობის განზრახვაზე ლაპარაკობთ?

ბუხარინი: _ 24 საათიით დაკავებაზე იყო ლაპარაკი.

ვიშინსკი: _  და თუ ვლადიმერ ილიჩი არ დანებდებოდა?

ბუხარინი: _ მაგრამ, ვლადიმერ ილიჩი, როგორც ცნობილია, არ ებმებოდა შეიარაღებულ ბრძალაში.

ვიშინსკი: _ იმედოვნებდით, რომ ლენინი დაპატიმრების მცდელობისას წინააღმდეგობას არ გაგიწევდათ?

ბუხარინი: _ სამაგალითოდ ძერჟინსკი გამოდგება. დაპატიმრებისას მას ესერებისათვის შეიარაღებული წინააღმდეგობა არ გაუწევია.

ვიშინსკი: _ ამხანაგი სტალინის დაპატიმრება 1918-ში არ გიცდიათ?

ბუხარინი: _ იყო გეგმა ლენინის, სტალინის, სვერდლოვის დაპატიმრებისა.

ვიშინსკი: _ სამივესი?

ბუხარინი: _ ნამდვილად.

ვიშინსკი: _ რაც შეეხება ლენინის, სტალინისა და სვერდლოვის მკვლელობას?..

ბუხარინი: _ ამას არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებდით.

ვიშინსკი: _ მე შუამდგომლობა შემაქვს სასამართლო კოლეგიაში, გამოიძახონ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განსახილველი საქმის მოწმეები _ “მემარცხენე კომუნისტების” ჯგუფის აქტიური მონაწილენი: იაკოვლევა, ოსინსკი, მანცევი, კარელინი, კამკოვი.

სასამართლომ დააკმაყოფილა სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა.

ჩვენების მიცემა პირველმა იაკოვლევამ დაიწყო. მან თქვა, რომ 1918 წელს “მემარცხენე კომუნისტებს” იდეურად ხელმძღვანელობდა ბუხარინი. ის და მისი ჯგუფი ბრესტის ზავის წინააღმდეგი იყო. ერთ-ერთ სხდომაზე, 1918 წლის თებერვალში, ბიუროს წევრმა სტუკოვმა ბუხარინის დავალებით შემოიტანა რეზოლუციის პროექტი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით, ისინი ლენინის, სტალინისა და სვერდლოვის არათუ დაპატიმრებას, მათ ფიზიკურად განადგურებასაც არ მოერიდებოდნენ.

ვიშინსკი (ბუხარინს): _ კარელინთან და კამკოვთან გქონდათ საუბარი ლენინის დაპატიმრების შესახებ?

ბუხარინი: _ ვადასტურებ, მქონდა… და იმ სამეულის შესახებაც, რომლებზეც იაკოვლევამ ისაუბრა.

ვიშინსკი: _ როგორ უნდა დაგეპატიმრებინათ, რის გამო?

ბუხარინი: _ ახალი მთავრობის შექმნის მიზნით.

ვიშინსკი: _ ვინ იყო ლენინის, სტალინისა და სვერდლოვის დაპატიმრების ინიციატორი?

ბუხარინი: _ ინიციატორი იყო ტროცკი.

ვიშინსკი: _ თქვენ დაეთანხმეთ, მხარი დაუჭირეთ?

ბუხარინი: _ დიახ. მხარი აქტიურად დავუჭირე.

იაკოვლევას ჩვენება დაადასტურეს მანცევმა, ოსინსკიმ და კამკოვმა. მანცევმა დასძინა, რომ გადაწყვეტილი იყო პარტიის ბელადების ფიზიკური განადგურება.

ვიშინსკი: _ წინასწარი გამოძიებისას თქვით, რომ 20 წლის განმავლობაში საბჭოთა ხალხისგან დამალული იყო ის, რომ ბუხარინისგან დავალებული გქონდათ ლენინის მკვლელობა. ადასტურებთ ამას?

კარელინი: _ ვადასტურებ.

სასამრთლო გადავიდა მკვლელი ექიმების დაკითხვაზე, რომლებმაც განზრახ, არასწორი მკურნალობის შედეგად, სიცოცხლეს გამოასალმეს მაქსიმ გორკი, მისი შვილი _ მაქსიმ პეშკოვი, კუიბიშევი, მენჟინსკი.

ექიმმა ლევინმა განაცხადა, იაგოდა მეუბნებოდა, მაქსიმ გორკის შვილი მაქსიმ პეშკოვი უვარგისი ადამიანია, იგი ცუდ ზეგავლენას ახდენს მასაზე და მისი მოცილებაა საჭიროო.

ვიშინსკი: _ანუ?

ლევინი: _ უნდა მომეხერხებინა და მომეკლა.

ვიშინსკი: _ უნდა მოგეკლათ?

ლევინი: _ რა თქმა უნდა.

ვიშინსკი: _ მაშასადამე, იაგოდამ თქვენ დაგავალათ ეს საქმე?

ლევინი: _ მან მითხრა, თქვენ ამ საქმეში უნდა დაგვეხმაროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენც და თქვენს ოჯახსაც დაღუპვა გელითო. და მეც ჩავთვალე, რომ სხვა გამოსავალი არ იყო, უნდა დავმორჩილებოდი.

ვიშინსკი: _ პროტესტის გამოთქმა არ გიცდიათ ან ვინმესთვის გამხელა?

ლევინი: _ არა. იაგოდასთან ჭიდილი შეუძლებელი იყო. მოგვიანებით, ეს უკვე 1933-ში, შემეკითხა მენჟინსკის ჯანმრთელობის შესახებ და, როცა ვუთხარი, რომ იგი მძიმე ავადმყოფია, მითხრა, რა საჭიროა გაჭიანურება, დავაჩქაროთ, ის მაინც განწირულიაო.

ვიშინსკი: _ თქვენ არ უთხარით იაგოდას, რომ მენჟინსკი კიდევ იცოცხლებდა?

ლევინი: _ რა თქმა უნდა, ვუთხარი.

ვიშინსკი: _ რა გიპასუხათ?

ლევინი: _ მითხრა: “მე მაქვს ინფორმაცია, რომ იგი ცოცხალი ლეშია”.

ვიშინსკი: _ გითხრათ იაგოდამ, რომ მენჟინსკის მოკვლა აუცილებელია?

ლევინი: _ მითხრა.

ვიშინსკი: _ და თქვენ უთხარით, რომ საჭირო იყო, ამ საქმეში ჩაერთოთ…

ლევინი: _ ექიმი კაზაკოვი.

ვიშინსკი: _ თქვენ მოიწვიეთ კაზაკოვი მენჟინსკის სამკურნალოდ? თუ მოსაკლავად?

ლევინი: _ მოსაკლავად.

ვიშინსკი: _ ბრალდებულო კაზაკოვ, ადასტურებთ ლევინის ჩვენებას?

კაზაკოვი: _ ძირითადად, ვადასტურებ.

ლევინმა განაცხადა: _ ერთხელ იაგოდამ პირდაპირ გვითხრა: “აუცილებელია მაქსიმ პეშკოვის მოკვლა. საქმე ის არის, რომ გორკის ძალიან უყვარს თავისი შვილი, მისი სიკვდილი მძიმე დარტყმა იქნება მამისთვის, იგი მას უწყინარ მოხუცად აქცევს… თქვენ უნდა მოკლათ მაქსი”. ჩვენი ერთობლივი, მავნებლური მოქმედების შედეგად 1934 წლის 10 მაისს გარდაიცვალა მენჟინსკი, ხოლო მეორე დღეს _ მაქსიმ პეშკოვი. მომდევნო მსხვერპლად იაგოდამ კუიბიშევი დაასახელა”.

ვიშინსკი: _ განსასჯელო იაგოდა, ადასტურებთ ლევინის ჩვენებებს?

იაგოდა: _ დიახ, ვადასტურებ.

ვიშინსკი: _ ასეთ დავალებებს აძლევდით?

იაგოდა: _ კი, ვაძლევდი.

ექიმმა ლევინმა ილაპარაკა იმაზეც, როგორ გამოასალმეს სიცოცხლეს კუიბიშევი და გორკი: “ეს იყო უაღრესად არასწორი, მავნებლური “მკურნალობის” შედეგი”, _ დაასკვნა მან.

ვიშინსკი: _ რა როლი ითამაშეს რიკოვმა და ბუხარინმა გორკის მოკვდინებაში?

იაგოდა: _ ენუქიძისგან ვიცოდი, რომ ისინი მონაწილეობდნენ აღნიშნული საკითხის განხილვაში.

ვიშინსკი (ბუხარინს): _ თქვენთვის ცნობილი იყო, რომ გორკის მიმართ მტრულად იყო განწყობილი არა მხოლოდ ტროცკი, არამედ მისი მიმდევრებიც?

ბუხარინი: _ 1935 წელს ტომსკიმ მითხრა, რომ ტროცკი გორკის წინააღმდეგ მტრულ აქციას ამზადებდა.

ვიშინსკი: _ მაშასადამე, თქვენ იცოდით, რომ გორკის მიმართ მზადდებოდა მტრული აქცია?

ბუხარინი: _ ვიცოდი.

შემდეგ ჩვენება მისცა კრიუჩკოვმა, რომელმაც განაცხადა, რომ მაქსიმ გორკისა და მისი შვილის, მაქსიმ პეშკოვის, სიკვდილი მის სინდისზეა, და რომ ეს მან ჩაიდინა იაგოდას დავალებით და მისი მუქარის საპასუხოდ.

სამედიცინო ექსპერტმა დაადასტურა, რომ დაღუპულთა გარდაცვალების მიზეზი ექიმების მხრიდან დანაშაულებრივი, არასწორი მეთოდებით მკურნალობის შედეგი იყო.

ვიშინსკიმ თავის საბოლოო საბრალდებო სიტყვაში აღნიშნა, რომ პროცესმა ბოლომდე გამოააშკარავა “მემარჯვენე-ტროცკისტული ბლოკის” საქმიანობის ანტისახელმწიფოებრივი ხასიათი; დაასაბუთა, რომ ამ ბლოკში იყო ფაშისტური დაზვერვის აგენტი და ბლოკის წევრები მოქმედებდნენ მისი დავალებით.

ბუხარინები და რიკოვები, იაგოდები და ბულანოვები, კრესტინსკები და როზენგოლცები… ეს იგივე “მეხუთე კოლონაა”, ეს ერთ-ერთი რაზმი იყო საერთაშორისო არენაზე მოქმედი პროვოკატორებისა და ომის გამჩაღებლებისა.

ბრალდებულმა იაგოდამ სასამართლო პროცესზე აღიარა, რომ კიროვის მკვლელობა მოაწყვეს “მემარჯვენე-ტროცკისტული ბლოკის” გადაწყვეტილებით. მანვე აღიარა, რომ ბუხარინი, რიკოვი და ენუქიძე მონაწილეობდნენ ამ გადაწყვეტილების შემუშავებასა და მიღებაში. ამ ბლოკის დავალებით დახოცეს მაქსიმ გორკი, მისი შვილი მაქსიმ პეშკოვი, მენჟინსკი და კუიბიშევი. საბოლოო სიტყვას განსასჯელები წარმოთქვამდნენ იმავე მიმდევრობით, როგორითაც ჩვენებებს იძლეოდნენ. ყველა მათგანმა აღიარა დანაშაული, მათმა უმრავლესობამ დანაშაულის გამოსყიდვის მიზნით ითხოვა პატიება და სიცოცხლის შენარჩუნება.

რიკოვმა საბოლოო სიტყვაში თქვა: “მე ვუღალატე სამშობლოს, რაც გამოიხატა ჩემს ურთიერთობაში საბჭოეთის მოსისხლე მტრებთან, რომლებთანაც ვგეგმავდით საკუთარი ქვეყნის დამარცხებას მომავალ ომში. ჩვენ ვამზადებდით სახელმწიფო გადატრიალებას, კულაკთა აჯანყებას, ვიყენებდით ბრძოლის ტერორისტულ მეთოდებსჩემი ბოლო სიტყვა მინდა გამოვიყენო იმისათვის, რომ გავლენა ვიქონიო ჩემს ყოფილ მომხრეებზე, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან დაპატიმრებულნი და განიარაღებულნიმინდა, მათ იცოდნენ, რომ ყველანი, ვინც კი შემორჩა ჩემს მეხსიერებას, გავეცი და გამოვააშკარავე. მე მსურს, რომ ყველამ, ვინც ჯერ კიდევ არ არის დაპატიმრებული და გამოაშკარავებული, სასწრაფოდ და ღიად გააკეთონ ესშეიგნონ, რომ განიარაღება იძლევა რაღაცნაირ შემსუბუქებას, გათავისუფლებას იმ საზარელი სიმძიმისაგან, რომელიც ამ პროცესმა გამოააშკარავა. განიარაღებაშია მათი ერთადერთი შველა”.

ბუხარინმა ანაცხადა:

_ მე თავს ვცნობ დამნაშავედ სოციალისტური სამშობლოს ღალატში, კულაკთა აჯანყებების ორგანიზებაში, ტერორისტული აქტების მომზადებაში, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში… მე კონტრრევოლუციური საქმის ხელმძღვანელი ვიყავი და არა მეისრე. აქედან გამომდინარე, ბევრი კონკრეტული საქმე შეიძლება არ მცოდნოდა, და სინამდვილეშიც არ ვიცოდი, მაგრამ ეს პასუხისმგებლობისგან არ მათავისუფლებს. მე ვაღიარებ ჩემს დანაშაულს საბჭოთა კავშირის დანაწევრების ავაზაკურ მცდელობაში, რადგან ტროცკი მოლაპარაკებას აწარმოებდა ტერიტორიულ დათმობებზე, მე და ის კი ერთ ბლოკში ვიყავით.

ხშირად მონანიებას ხსნიან სხვადასხვა სრულიად უაზრო რაღაცებით, თუნდაც ტიბეტური ფხვნილებით და ა.შ. მე ჩემს შესახებ ვიტყვი, რომ ციხეში, სადაც ვიჯექი, თითქმის ერთ წელს ვმუშაობდი, ვმეცადინეობდი, შევინარჩუნე აზროვნება. ეს კი არის ფაქტობრივი უარყოფა ყველა არარსებული და უაზრო კონტრრევოლუციური თქმულებისა, რომლებსაც ამ საკითხზე ინფორმაციის ზოგიერთი საშუალება ავრცელებს. საუბრობენ ჰიპნოზზე, მაგრამ მე ხომ პროცესზე ჩემი თავის იურიდიული დაცვაც მიმყავდა, ე.ი. ვაზროვნებდი; ვებმებოდი პოლემიკაში. მოსამართლეებთან, პროკურორებთან, მოწმეებთან, განსასჯელებთან. Aაქედან გამომდინარე, გამოუცდელი მედიცინის მუშაკისათვისაც კი ნათელია, რომ აქ ჰიპნოზი გამორიცხულია.

ახლა ვისაუბრებ ჩემ შესახებ, მონანიების მიზეზებზე, სამი თვის განმავლობაში უარზე ვიყავი, არ ვტყდებოდი. შემდეგ დავიწყე ჩვენების მიცემა. ამის მიზეზი კი არის ის, რომ ციხეში ჩემი წარსული გადავაფასე… ახლა ჩვენ უკვე განადგურებული ვართ. სინანული გამოვთქვით ჩვენს საზიზღარ დანაშაულზე… და უნდა იყო ტროცკი, რომ არ განიარაღდე. ტროცკი მოძრაობის მთავარი ძრავა იყო, ყველა სასტიკი მითითება _ ტერორი, დაზვერვა, ქვეყნის დანაწევრება, მავნებლობა _ მისგან მომდინარეობდა.

შემიძლია ვივარაუდო, რომ ტროცკი და სხვა ჩემი მოკავშირეები, აგრეთვე, IV ინტერნაციონალი, შეეცდებიან ჩვენს დაცვას, კერძოდ, ჩემს დაცვას. მე ამ დაცვას უარვყოფ, რადგან მუხლმოდრეკილი ვდგავარ ქვეყნის, პარტიის, მთელი ხალხის წინაშე. ჩემი საზარელი დანაშაული უსაზღვროა. ამ შეგნებით ველოდები განაჩენს, აქ საქმე მონანიებული მტრის გრძნობებთან კი არ გვაქვს, არამედ აყვავებულ სსრ კავშირთან, მის საერთაშორისო მნიშვნელობასთან”.

გრიგოლ ონიანი

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

1 COMMENT

  1. ზიზღი! სტალინ-ჯუღაშვილს, ქართველი ერის უღირს შვილს, ზიზღი წითელ არმიას, ძალით შემოსულს თბილისში

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here