Home რუბრიკები პოლიტიკა 10 წელიწადი, რომელმაც შეცვალა მსოფლიო

10 წელიწადი, რომელმაც შეცვალა მსოფლიო

527

რაზე აფრთხილებდა რუსეთის პრეზიდენტი მსოფლიოს მიუნხენში სიტყვით გამოსვლისას

2007 წლის 10 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უსაფრთხოების საკითხებზე მიუნხენში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა, რომელსაც დიდი რეზონანსი ჰქონდა. სსრკის დაშლის შემდეგ პუტინი იყო ქვეყნის ლიდერი, რომელმაც არაორაზროვნად და მკაცრად ილაპარაკა მსოფლიოს პოლიტიკის ძირითად საკითხებზე, სხვა სახელმწიფოების მიმართ ძალის გამოყენებაზე, ნატოს გაფართოებაზე აღმოსავლეთით, აშშის საგარეო პოლიტიკაზე. მისმა განცხადებებმა ბობოქარი რეაქცია გამოიწვია დასავლეთში. ბევრი პოლიტოლოგის აზრით, განვლილმა წლებმა აჩვენა, რომ თეზისებს პუტინის სიტყვიდან დღესაც არ დაუკარგავს აქტუალურობა. რატომ იყო მნიშვნელოვანი რუსეთის პრეზიდენტის 10 წლის წინანდელი გამოსვლა მიუნხენში, რაზე აფრთხილებდა მსოფლიოს და რა მოხდა მისი განცხადებებიდან ამ ხნის განმავლობაში?

გაღიზიანებიდან პატივისცემამდე

მიუნხენში პუტინის გამოსვლამ დასავლეთს დაანახვა, რომ რუსეთი აღარ აპირებს ცივ ომში დამარცხებული ქვეყნის როლის შესრულებას და მზად არის, დაიბრუნოს პოზიციები მსოფლიოს პოლიტიკურ არენაზე.

“მიუნხენში პუტინის სიტყვით გამოსვლით, რომელიც მიმართული იყო ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსებისა და სახელმწიფო მოღვაწეებისადმი, სტარტი აიღო რუსეთის პოლიტიკის სუვერენიზაციის პროცესმა”, _ განაცხადა პოლიტიკური ინფორმაციის ცენტრის დირექტორმა ალექსეი მუხინმა ტელეარხ პი-სთვის (“რაშა თუდეი”) მიცემულ ინტერვიუში.

“რუსეთის ასეთი დამოუკიდებელი პოზიცია ბევრს არ მოეწონა დასავლეთში და მიუნხენის შემდეგ დასავლეთის მასმედიაში ანტირუსული განწყობილების მომატება დაიწყო, პუტინი და რუსეთი კი საინფორმაციო ომის სამიზნეში აღმოჩნდნენ, რომელმაც 10 წლის შემდეგ არნახულ მასშტაბს მიაღწია. დაიწყეს პუტინის პერსონის დემონიზება, რუსეთი კი დასავლეთის ისტებლიშმენტის ძლიერ დაპირისპირებას წააწყდა ყველა მიმართულებით. ამ პროცესის კულმინაცია იყო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, მაგრამ, დასავლეთის ძალისხმევის მიუხედავად, რუსეთმა დაიბრუნა შესაძლებლობა “გაეტარებინა დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა”.

ცხოვრებამ დაადასტურა მიუნხენში პუტინის მიერ ნათქვამის სიმართლე. და დღეს ბევრი რამ, რაზეც ლაპარაკობდა რუსეთის პრეზიდენტი, წინასწარმეტყველურ გაფრთხილებად ჩანს.

“პუტინის მიუნხენური სიტყვა შეიძლება განვიხილოთ, როგორც წინასწარმეტყველური, _ ადასტურებს მუხინი, _ მან მიუთითა დასავლური პოლიტიკური სისტემისა და დასავლური ფასეულობების სისუსტეებზე. იმხანად ამან გაღიზიანება გამოიწვია, ამჟამად კი პატივისცემას იწვევს”.

ზედმეტი პოლიტესის გარეშე

ვლადიმერ პუტინმა თავისი სიტყვა მიუნხენში ემოციურად დაიწყო, და ამით ტონი მისცა არა მხოლოდ ამ გამოსვლას, არამედ რუსეთის საგარეო პოლიტიკას.

“კონფერენციის ფორმატი შესაძლებლობას მაძლევს, თავიდან ავირიდო ზედმეტი პოლიტესი (თავაზიანობა, ეტიკეტი _ რედ.) და აუცილებლობა, ვილაპარაკო სასიამოვნო, თუმცა არაფრისმომტანი დიპლომატიური შტამპებით”, _ თქვა რუსეთის პრეზიდენტმა, რომელსაც მომდევნო წლებშიც არ უღალატია ამ სტილისთვის მსოფლიოს პოლიტიკურ არენაზე.

ერთპოლუსიანი მსოფლიოს დასასრული

პუტინის მიუნხენური სიტყვის ერთ-ერთი მწვავე თეზისი იყო კრიტიკა ერთპოლუსიანი მსოფლიოსი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის მძიმე მემკვიდრეობად იქცა.

* “თანამედროვე მსოფლიოსთვის ერთპოლუსიანი მოდელი არა მხოლოდ მიუღებელია, არამედ, საერთოდ, შეუძლებელი”, _ განაცხადა რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა.

აშშის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ორი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში ცდილობდა ამ თეზისის უარყოფას და ამერიკელთა განსაკუთრებულობის დამტკიცებას, აგრეთვე, იმის დამტკიცებას, რომ აშშ აქვს უფლება, თავისი პირობები უკარნახოს სრულიად მსოფლიოს, მაგრამ პუტინის მიერ მიუნხენში გამოთქმული მრავალპოლუსიანობის იდეა უფრო სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა.

* “არ ღირს ეჭვის შეტანა იმაში, რომ მსოფლიოს ახალი ეკონომიკური ცენტრების პოტენციალის კონვერტირება პოლიტიკურ გავლენაში გარდაუვალი იქნება და გააძლიერებს მრავალპოლუსიანობას”, _ განაცხადა პუტინმა.

“ახალი ცენტრები” _ ეს არის ჩინეთი, ინდოეთი და რუსეთი და, მათ რომ დღეს ანგარიში არავინ გაუწიოს, შეუძლებელია. თეთრი სახლის ამჟამინდელმა მეთაურმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის, აღიაროს რუსეთი თანასწორუფლებიან პარტნიორად.

“დღეს ჩვენ ვხედავთ აღორძინებას სამკუთხედისა _ რუსეთი-ჩინეთი-აშშ. ეს ძალის სამი უმაღლესი ცენტრია, _ განაცხადა პი-სთვის მიცემულ ინტერვიუში პოლიტოლოგმა ევგენი მინჩენკომ, _ ამასთანავე, პუტინი აღიარებს, რომ აშშ რჩება ერთადერთ ზესახელმწიფოდ, მაგრამ რუსეთი თავისი ბირთვული პოტენციალით არის ქვეყანა, რომელსაც გარანტირებულად შეუძლია, ერთი დარტყმით გაანადგუროს აშშ. შეიძლება ითქვას, რომ დღეს მიმდინარეობს ერთპოლუსიანი მსოფლიოს დემონტაჟი, ამასთანავე, ეს ხდება აშშ-ის შიგნითაც, სადაც აშშ-ის გლობალური პასუხისმგებლობის იდეის გადახედვას თვით ტრამპი ცდილობს”.

ვინ არის დამნაშავე?

“მიუნხენი-2007”-ზე პუტინმა მწვავედ ილაპარაკა აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე _ ამ ქვეყანას პასუხისმგებლობა დააკისრა საერთაშორისო სამართლის ნორმების ფეხქვეშ გათელვის გამო.

* “ჩვენ ვხედავთ, რომ უგულებელყოფილია საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პრინციპები, _ ხაზი გაუსვა რუსეთის ლიდერმა, _ უფრო მეტიც, ცალკეული ნორმები. სისტემა დაექვემდებარა ერთი სახელმწიფოს უფლებებს _ ამერიკის შეერთებული შტატების, რომელმაც გადააბიჯა თავის ნაციონალურ საზღვრებს ყველა სფეროში: ეკონომიკაშიც, პოლიტიკაში, ჰუმანიტარულშიც და ცდილობს, თავისი ინტერესები მოახვიოს თავს სხვა სახელმწიფოებს”.

მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ მუქარად პუტინმა დაასახელა სამხედრო ძალის გამოყენება სხვა ქვეყნების მიმართ. ამ თეზისის ადრესატი, უწინარესად, იყო აშშ.

* “დღეს ჩვენ ვხედავთ თითქმის არაფრით შეკავებული ძალის გამოყენებას საერთაშორისო საქმეებში, სამხედრო ძალისა, რომელიც მსოფლიოს კონფლიქტების მორევში ითრევს”, _ განაცხადა რფ-ის პრეზიდენტმა.

აშშმა არ შეისმინა პუტინის ნათქვამი და ობამამ ბოლო წლებში უფრო გაართულა ვითარება სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევითა და ახალი სამხედრო კონფლიქტების წარმოქმნით. ბოლო ათწლეულში ამერიკული პოლიტიკისმიღწევებიშთამბეჭდავია: რევოლუციების ტალღა ჩრდილოეთ აფრიკაში; ლიბიის სახელმწიფოს განადგურება; გადატრიალება და სამოქალაქო ომი უკრაინაში; კონფლიქტი სირიაში, შედეგად მსოფლიო დიდი ომის ზღურბლზე აღმოჩნდა.

“აშშ-ის ადმინისტრაციის უპასუხისმგებლო მოღვაწეობის შედეგად ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის ერაყი და ლიბია, გააქტიურდა ე.წ. ისლამური სახელმწიფო, _ განაცხადა მინჩენკომ, _ ერაყის არმია რომ არ დაეშალათ, არ იქნებოდა “ისლამური სახელმწიფო”, როგორც ანგარიშგასაწევი სამხედრო ძალა, ამ ტერორისტული ორგანიზაციის ძირითადი ძალა ხომ ერაყის არმიის ყოფილი ოფიცრები არიან”.

დონალდ ტრამპი თავის წინასაარჩევნო განცხადებებში ხაზს უსვამდა აშშ-ის აგრესიული საგარეო-პოლიტიკური კურსის შეცვლის აუცილებლობას. მიუხედავად ლოზუნგისა “გადავაქციოთ ამერიკა კვლავ დიად ქვეყნად”, ტრამპი არ მიიჩნევს, რომ აშშ პასუხისმგებელი უნდა იყოს მსოფლიოზე.

ტერორიზმი, როგორც გლობალური საფრთხე

2007 წელს ვერავინ შეძლებდა, ევარაუდა “ისლამური სახელმწიფოს” გამოჩენა და მასშტაბი, მაგრამ დღეს აქტუალურია პუტინის სიტყვები ტერორისტული საფრთხეების მომატების გამო გლობალური უსაფრთხოების კომიტეტების გადახედვის აუცილებლობაზე.

* “გამოჩნდა პრინციპულად ახალი საფრთხეები, რომლებიც ადრეც ცნობილი იყო, მაგრამ დღეს გლობალური ხასიათი მიიღო, ისეთმა საფრთხემ, როგორიც არის ტერორიზმი, _ თქვა პუტინმა, _ დარწმუნებული ვარ, მივედით იმ ზღვრულ მომენტამდე, როდესაც სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურაზე”.

ნატო საზღვრებთან

* “ნატო თავისი მოწინავე ძალების თავმოყრას ცდილობს ჩვენს საზღვრებთან”, _ რუსეთის ლიდერის მიუნხენში ნათქვამმა ამ ფრაზამ თეთრი სახლისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენელთა “იმედგაცრუება” გამოიწვია.

ნატოს იმჟამინდელმა გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა პუტინის გამოსვლის შემდეგ განაცხადა: “მის განცხადებებს მივიჩნევ, როგორც იმედგაცრუებას, მისი განცხადებები, აგრეთვე, არც ისე პროდუქტიულია იმის გამო, რომ, რაც თქვა ნატოს გაფართოებაზე, სინამდვილეში ალიანსის გამსხვილებაა”.

დღეს ალიანსის “გამსხვილება” გრძელდება. ნატო თავის ორბიტაზე იზიდავს ახალ-ახალ ქვეყნებს რუსეთის საზღვრის პერიმეტრზე, რუსეთის გარშემო “ანაკონდას რგოლს” ქმნის და აძლიერებს იქ თავის სამხედრო დაჯგუფებებს.

ყველაფერი კანონის მიხედვით

აქტუალურობა არ დაუკარგავს პუტინის ფრაზას სამხედრო ძალის გამოყენების ლეგიტიმურობის შესახებ მხოლოდ გაეროს მანდატის ჩარჩოებში _ საკმარისია, გავიხსენოთ აშშ-ის შეჭრა ერაყში, ლიბიაში, დასავლეთის სამხედრო შენაერთების ყოფნა სირიაში. მიუნხენში გაცხადებული პოზიციიდან რუსეთს არასოდეს გადაუხვევია და ყოველთვის მოუწოდებდა დასავლეთს, ემოქმედა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების მიხედვით.

* “დარწმუნებული ვარ, სამხედრო ძალის გამოყენებაზე გადაწყვეტილების მისაღები მექანიზმი უნდა იყოს მხოლოდ გაეროს წესდება, _ თქვა პუტინმა მიუნხენში, _ ლეგიტიმურად უნდა მივიჩნიოთ ძალის გამოყენება მხოლოდ მაშინ, თუ გადაწყვეტილება მიღებულია გაეროს წესდების ჩარჩოებში და სულაც არ არის საჭირო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეცვლა ნატოთი, არც ევროკავშირით”.

ეუთოს დეგრადაცია

მიუნხენში ვლადიმერ პუტინმა გააკრიტიკა ეუთოს გარშემო შექმნილი ვითარებაც.

* “ცდილობენ, ეუთო გადააქციონ ერთი ქვეყნის ან ქვეყნების ჯგუფის საგარეოპოლიტიკური ინტერესების დამცველ ვულგარულ ინსტრუმენტად”, _ თქვა პუტინმა.

დღეს რუსეთის ლიდერის სიტყვების დამადასტურებელი ახალ-ახალი ფაქტები ვლინდება. კერძოდ, ეს ეხება ეუთოს მუშაობას დონბასში _ ეუთოს მისიის წარმომადგენლებს, რომლებიც “მოღვაწეობენ” უკრაინული კონფლიქტის ზონაში, უპრინციპო პოზიციის დაკავების გამო “ბრმებსა და ყრუებს” უწოდებენ.

მიუნხენი 2.0

მიუნხენში პუტინის სიტყვით გამოსვლიდან 10 წლის განმავლობაში რუსეთი “რეგიონული სახელმწიფოდან” კვლავ გარდაიქმნა მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი ლიდერად, რუსეთმა აიძულა მსოფლიო, პატივი ეცა მისთვის და გაეთვალისწინებინა მისი თვალსაზრისი. და ეს გარდაქმნა დაიწყო მიუნხენში.

* “ჩვენ ძალიან ხშირად, და პირადად მე, ძალიან ხშირად ვისმენთ მოწოდებებს ჩვენი პარტნიორების მხრიდან, მათ შორის ევროპელი პარტნიორების მხრიდან, რომ რუსეთმა უფრო აქტიური როლი შეასრულოს მსოფლიოს საქმეებში. ამის გამო თავს უფლებას მივცემ, გავაკეთო ერთი პატარა რემარკა. ჩვენ არ გვჭირდება ამისკენ ბიძგი და სტიმულირება.

რუსეთი _ ეს არის ქვეყანა ათასზე მეტი წლის ისტორიის და ის, პრაქტიკულად, ყოველთვის სარგებლობდა პრივილეგიით, გაეტარებინა დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა. ჩვენ არ ვაპირებთ, შევცვალოთ ეს ტრადიცია დღეს”, _ განაცხადა პუტინმა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში კარდინალურად შეიცვალა დასავლეთის დამოკიდებულება არა მხოლოდ რუსეთის, არამედ მისი პრეზიდენტის მიმართაც.

ბევრი რამ, რაზეც ვლადიმერ პუტინმა მიუნხენში ილაპარაკა (ორმაგი სტანდარტები, იდეოლოგიური სტერეოტიპები, შაბლონური აზროვნება), კვლავინდებურად უშლის ხელს რუსეთის ურთიერთობას დასავლეთთან, მაგრამ ამ მომენტში მიუნხენური გამოსვლა 2.0-ის აუცილებლობა არ არის. უკვე ყველამ გააცნობიერა თავისი როლი ახალ მრავალპოლუსიან მსოფლიოში. რაც შეეხება აშშ-ს, ეს ქვეყანა, უბრალოდ, ჯერ მზად არ არის, თავის თავს გამოუტყდეს, რომ აღარ არის მსოფლიოს ჰეგემონი სახელმწიფო.

უცხოურ პრესაში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here