Home რუბრიკები საზოგადოება შიზოგადოებრივი მაუწყებელი

შიზოგადოებრივი მაუწყებელი

498

ბიძინა ივანიშვილი ჰიბრიდულ ოლიგარქულ რეჟიმს აყალიბებს, რომლის პირობებში საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისუფალი სიტყვის კუნძულად ვერ დარჩება

როდესაც “საზოგადოებრივ მაუწყებელზე” ვსაუბრობთ, ხშირად ბანალურ დასკვნამდე მივდივართ _ მაუწყებელი ზუსტად ისეთია, როგორიც საზოგადოება. აშკარაა, რომ მას გარდაქმნა და განვითარება სჭირდება, მაგრამ შემოთავაზებული მეთოდების გონივრულობა ეჭვს იწვევს; ბევრს ჰგონია, რომ არაფერი შეიცვლება.

სიტუაცია “საზოგადოებრივ მაუწყებელში” იყო უკონტროლო და პათოლოგიური, როგორც კიბო ტერმინალურ სტადიაში. დაარსებიდან დღემდე მასზე თითქმის ნახევარი მილიარდი საბიუჯეტო ლარი დაიხარჯა, მაგრამ მაყურებლებმა (გადამხდელებმა) ვერა და ვერ მიიღეს ის სატელევიზიო პროდუქტი, რომლის ხარისხი გაწეულ ხარჯს თუნდაც ნაწილობრივ გაამართლებდა. ამაზე მიუთითებს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ახალი ხელმძღვანელობაც, მაგრამ აქ, ალბათ, უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რამდენად სწორია ამ კონტექსტში საუბარი დაბალ რეიტინგზე.

“პირველი არხის” ნებისმიერი შედარება კერძო ტელეკომპანიებთან მიზანშეუწონელია, რადგან მას განსხვავებული მისია აკისრია. განვითარებადი (თუ განუვითარებელი) დემოკრატიის ქვეყნებში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთი სატელევიზიო არხის არსებობას, რომელზეც პოლიტიკური დებატები გარანტირებულად დაბალანსებული იქნება (ან შედარებით დაბალანსებული, რადგან იდეალური ამქვეყნად არაფერია). ამასთანავე, აუცილებელია იმის გააზრება, რომ გადაცემები და ფილმები ისტორიაზე, კულტურაზე აპრიორი ვერ მიიზიდავს იმდენ მაყურებელს, რამდენსაც უცხოური სერიალები თუ გასართობი შოუები, მაგრამ მათი შექმნა კრიტიკულად მნიშვნელოვანია საზოგადოების განვითარებისთვის. განსაკუთრებული სტატუსიდან გამომდინარე, “საზმაუმ” არ შეიძლება გამოიყენოს ხელოვნური სკანდალი, ძალადობა, სექსი, მიზანმიმართული მანიპულირება მაყურებლის ემოციებით რეიტინგის “ასაქაჩად”, როგორც ამას ბევრი კერძო ტელევიზია აკეთებს. მათი შედარება, უბრალოდ, არ შეიძლება, მაგრამ საქმე ისაა, რომ აპელირებას რეიტინგების მიმართ სწორედ აქეთ მივყავართ.

გამოჩენილმა ეკონომისტმა, “შავი გედის თეორიის” ავტორმა ნასიმ თალებმა ახლახან გამოაქვეყნა საინტერესო სტატია ინტელიგენტები, მაგრამ იდიოტები”. სტატია იმ ადამიანებზეა, რომლებიც ცდილობენ, საზოგადოებრივი აზრი (და სრულიად მსოფლიო) მართონ, მაგრამ ბევრ რამეზე ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ. იქ არის ასეთი ფრაზაც: “ისინი იყენებენ სტატისტიკურ მონაცემებს, მაგრამ არ ესმით, როგორ ხდება მათი მიღება”. საინტერესოა, აქვთ თუ არა მათ, ვინც დღეს რეიტინგებზე საუბრობს, წარმოდგენა იმაზე, რა მეთოდებით და რა მიზნებისთვის ხდება მათი შედგენა? დისკუსიას რეიტინგზე სიფრთხილე სჭირდება; ის მნიშვნელოვანია, მაგრამ არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც ერთადერთი (ან მთავარი, ხარისხობრივ კვლევასთან ერთად) ობიექტური კრიტერიუმი, რომელიც სატელევიზიო სივრცეში “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გადაცემების მდგომარეობას აღწერს, ხოლო მისი შეფასება კერძო, მათ შორის “პარტიულ” ტელევიზიებთან პარალელების გავლების საფუძველზე სასურველია საერთოდ გამოირიცხოს. სასაცილო კი ამ სიტუაციაში, ალბათ, ის არის, რომ ყველაზე ბევრს რეიტინგებზე ამ დღეებში საუბრობენ ისინი, ვისაც ცხოვრებაში არც ერთი რამდენადმე რეიტინგული სატელევიზიო გადაცემა არ შეუქმნია.

ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირებას შეუდგნენ, აქვთ გარკვეული წარმოდგენა იმაზე, როგორი უნდა იყოს იდეალური ტელევიზია, მაგრამ წარმატებული ტელევიზიის შექმნის გამოცდილება _ არა.. ჩვენ დიდი სიფრთხილით ვეკიდებით გამოუცდელ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამბობენ, რომ იციან, როგორ შექმნან იდეალური სახელმწიფო და საზოგადოება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი ხისტი მოქმედებისთვის კარტ-ბლანშს გვთხოვენ და, სავარაუდოდ, განხილულ შემთხვევაშიც ამ მიდგომით უნდა ვიხელმძღვანელოთ.

გადაცემების დახურვა თუ “გაფილტვრა” გაამარტივებს საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირების პროცესს, მაგრამ მაყურებელი წინასაარჩევნო პერიოდში შეიძლება მეტ-ნაკლებად დაბალასებული პოლიტიკური დებატების გარეშე დარჩეს, რაც ერთმნიშვნელოვნად ცუდია, თუმცა გაცილებით მნიშვნელოვანია სხვა რამ _ ასეთი მიდგომა ხელისუფლებას შესაძლებლობას მისცემს, გაცილებით იოლად, პრაქტიკულად “სუფთა ფურცლიდან” შექმნას მორჩილი ტელევიზია, ასე ვთქვათ, “ჭორვილას მაცნე” _ ეტაპობრივი, ევოლუციური ხასიათის რეფორმის პირობებში ეს საფრთხე შედარებით მცირე იქნებოდა. რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა შევიტანოთ ეჭვი რეფორმატორების გულწრფელობაში მხოლოდ იმიტომ, რომ მათი არგუმენტები არასრულყოფილია, მაგრამ ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისინი ივანიშვილის მიერ შექმნილი სისტემის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ.

1990-იანი წლების დასაწყისში ძველმა “სატელევიზიო ელიტამ” ზვიად გამსახურდიას დამხობაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა. ამ გარემოებიდან გამომდინარე, ყველა მომდევნო ხელისუფლება ცდილობდა, “პირველი არხი” და მისი კოლექტივი 100%-ით გაეკონტროლებინა და ძველი რევოლუციური სცენარის გამეორების ალბათობა შეემცირებინა. 1992 წლის გადატრიალების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, გაჩნდა კერძო ტელევიზიები, მოხდა მნიშვნელოვანი საკადრო ცვილებები, თუმცა მთავარი პრინციპი კვლავინდებურად იგივეა – ხელისუფლება ტელესივრცის და “სატელევიზიო ელიტის” მაქსიმალური გაკონტროლებისკენ მიისწრაფვის, ხოლო “პირველ არხს” თავის “სამეფო დომენად” განიხილავს.

სააკაშვილის რეჟიმი ყოველთვის იყენებდა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” კონცეფციას, როგორც “შირმას”, რომელიც უცხოელების თვალში ყოფილ “პირველ არხზე” მის კონტროლს აკეთილშობილებდა. როგორც კი შესაძლებლობა გაუჩნდა, იქ ნამდვილი “საკადრო გენოციდი” მოაწყო. იმ პერიოდში “საზმაუში” მუშაობა დაიწყო რეჟიმის არაერთმა ტვინგაყინულმა მსახურმა, ხოლო საინფორმაციო გამოშვებები რაღაც მომენტში გებელსის “პროპაგანდის სამინიტროს” პროდუქციას დაემსგავსა. მიუხედავად ამისა, საზოგადოებრივ მაუწყებელში ერთობ პარადოქსულად შენარჩუნდა პლურალისტული ატმოსფეროსა და თავისებური დემოკრატიულობის ნარჩენები, რომელიც “პარტიულ ტელევიზიებში” არ არის. ეს საკმაოდ უცნაური დემოკრატიულობა იყო, რომელიც სათავეს ჯერ კიდევ 1980-იანი წლებიდან იღებდა და თანაარსებობდა მუდმივ ინტრიგებთან, ნეპოტიზმთან და ადმინისტრაციის კორუმპირებულობასთან, თუმცა მაინც ასრულებდა გარკვეულ დადებით როლს.

ცხადია, საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა შეიცვალოს, შტატების ოპტიმიზაციისა და უკეთესი გადაცემების მომზადების პრობლემას თავი რომც დავანებოთ, სასურველია, ტელევიზია დატოვოს ყველამ, ვინც მჭიდროდ თანამშრომლობდა სააკაშვილის რეჟიმთან. ხელისუფლება ცდილობს, ამ თემას გვერდი აუაროს, რათა განსხავებული პოლიტიკური თვალსაზრისის მქონე ადამიანების მჩაგვრელად არ წარმოჩინდეს, მაგრამ ამის გარეშე ნებისმიერი რეფორმა აზრს კარგავს. მათ, ვინც სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებრივ ქმედებებს “აპრავებდა”, “საზოგადოებრივზე” არაფერი ესაქმება. თუმცა რთულია ამ საკითხში პრინციპულობის გამოვლენა მოსთხოვო ხელისუფლებას, რომელმაც იუსტიციის საბჭოში ლევან მურუსიძე დასვა, პარლამენტში _ ვანო ზარდიაშვილი, ინფრასტრუქტურის სამინისტროში _ ზურაბ ალავიძე და, საბოლოო ჯამში, დღეს, უპირველესად, “პორტირებულ” ნაციონალებს და მათთან გათანაბრებულ პირებს ეყრდნობა. როგორც ჩანს, მათი მართვა ბიძინა ივანიშვილისთვის გაცილებით მარტივი და კომფორტულია.

დღეს დისკუსია ძირითადად გადაცემების ხარისხზე მიმდინარეობს, ხოლო მთავარი თემა _ ცუდი მენეჯმენტი უკანა პლანზეა გადაწეული; არ დასმულა საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ხელმძღვანელების თუნდაც მორალური პასუხისმგებლობის საკითხი. ისე საინტერესო კია, რამდენად შესაძლებელია “საზმაუს” კარგი მართვა მუდმივი პოლიტიკური ბრძოლისა და ზეწოლის პირობებში _ უკლებრივ ყველა დირექტორმა პოსტი ვადის ამოწურვამდე დატოვა, ხოლო სამეურვეო საბჭოს გარშემო განვითარებულ ინტრიგებს ბოლომდე ბორჯიას ოჯახის ცნობილი წარმომადგენლებიც კი ვერ გაშიფრავდნენ.

პირველი, რასაც ასეთ სიტუაციაში ნებისმიერი ბიზნესმენი, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, გააკეთებდა, მართვის ოპტიმიზაციაა. ეს თითქოს ლოგიკურია, მაგრამ პროცესი, დიდი ალბათობით, ერთმმართველობაზე მორგებული ვერტიკალის ფორმირებით დასრულდება _ ასე მოხდა ივანიშვილის კონტროლს დაქვემდებარებულ ყველა მედიასტრუქტურაში, რომლებიც ნამდვილად არ უწყობენ ხელს პლურალისტური გარემოს ჩამოყალებებას, ხოლო მათი პროდუქცია, საკმაოდ დიდი ბიუჯეტების მიუხედავად, განსაკუთრებულს არაფერს წარმოადგენს (თუმცა ეს უფრო ივანიშვილის პრობლემაა, ვიდრე ჩვენი). ტონალობით, ინფორმაციის მოწოდების სტილით ისინი ნამდვილად განსხვავდებიან სააკაშვილის ფსიქოპათური, მართლაც რომ ტოტალიტარული მედიასაშუალებებისგან, მაგრამ ამ განსხვავებას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. ორივე მხოლოდ და მხოლოდ საინფორმაციო ან, თუ გნებავთ, ფსიქოლოგიური იარაღია.

საბოლოოდ, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ქაოსის ელემენტები და სირთულეები საზოგადოებრივი მაუწყებლის მართვაში პარადოქსულად წარმოადგენდა აუცილებელ ელემენტს შემოქმედებითი და პლურალისტული გარემოს დასამკვიდრებლად. ეს არ ნიშნავს, რომ არსებული სისტემა კარგია _ ის საშინელია, მაგრამ ახალი შეიძლება უარესი აღმოჩნდეს. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი ჰიბრიდულ ოლიგარქულ რეჟიმს აყალიბებს, რომლის პირობებში საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისუფალი სიტყვის კუნძულად ვერ დარჩება.

წინააღმდეგობის გაწევა პრაქტიკულად შეუძლებელი ჩანს, რადგან ყველაფერი კანონიერია, ხოლო საზოგადოება მოითხოვს ძირგამომპალი სისტემის რეფორმირებას და ნაკლებად ფიქრობს იმაზე, რით შეიძლება დასრულდეს პროცესი. ყველაზე დიდი უბედურება ამ სიტუაციაში, ალბათ, არის ის, რომ ცვლილებებს საზოგადოებრივ მაუწყებელში ყველაზე ხმამაღლა ნაციონალები აპროტესტებენ. აქედან გამომდინარე, სხვები პროტესტის გამოხატვისას თავს უხერხულად გრძნობენ _ მათ არ სურთ, სააკაშვილის მიმდევრების გვერდით აღმოჩნდნენ. ალბათ, სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის სჭირდებოდა ბიძინა ივანიშვილს “დიდ პოლიტიკაში” ძველი რეჟიმის ნარჩენების დატოვება.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here