Home რუბრიკები საზოგადოება დიმიტრი ლორთქიფანიძე: ყოველგვარი დიალოგი ეკლესიის საკითხებზე ეკლესიის მტრებთან უნდა დასრულდეს

დიმიტრი ლორთქიფანიძე: ყოველგვარი დიალოგი ეკლესიის საკითხებზე ეკლესიის მტრებთან უნდა დასრულდეს

738

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ პატრიარქის მოწამლვის მცდელობის ბრალდებით დაკავებული მამა გიორგი (მამალაძის) აყვანისას გარკვეულ პროცესუალურ დარღვევებს ჰქონდა ადგილი. მისივე თქმით, საპატიმროში მყოფ სასულიერო პირს შეზღუდული აქვს კომუნიკაცია გარე სამყაროსთან, მათ შორის კორესპოდენციის მოთხოვნა და წერილების გაგზავნაც, რაც პროკურორის გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა. 

„როდესაც პროკურატურა საუბრობს საქმის გარემოებებზე და დეტალებზე, ხოლო ადვოკატსა და თავად ბრალდებულს კი გაუთქმელობის პირობაზე აქვთ ხელი მოწერილი და შეზღუდული აქვთ საქმეზე საუბრის საშუალება, ამით, რა თქმა უნდა, მხარეთა თანასწორუფლებიანობა დარღვეულია. ასევე სახეზეა უდანაშაულობის პრეზუმციის დამრღვევი განცხადებები, რომელმაც ფაქტობრივად წალეკა გუშინდელი დღე. პროკურატურის, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების, მინისტრების და მათ შორის პრემიერ-მინისრტრის მხრიდანაც იყო განცხადებები, რომელიც არღვევს უდანაშაულობის პრეზუმციას”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. 

კონკრეტულად რა სახის პროცესუალურ დარღვევებს ჰქონდა დაკავებული სასულიერო პირის მიმართ ადგილი, რამდენად საფუძვლიანია ომბუდსმენის განცხადება და შენიშვნები პროკურატურასთან მიმართებაში, „ საქართველო და მსოფლიო“ კომენტარისთვის უფლებდამცველ დიმიტრი ლორთქიფანიძეს დაუკავშირდა.

დიმიტრი ლორთქიფანიძე:- უწინარესად ეს არის უპრეცენდენტოდ რეზონანსული საქმე და ამ საქმის გარშემო ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. პირველ რიგში აქ აქცენტი უნდა კეთდებოდეს ბრალთან დაკავშირებულ გარემოებებზე, ანუ, ვისგან, რა მიზეზით, რა მიზნით შეიძინა მომწამლველი ნივთიერება კონკრეტულმა პირმა. დგას თუ არა ამ ყველაფრის უკან ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რა მიზანი უნდა მიღწეულიყო მას შემდეგ, რაც მოხდებოდა სასურველი პირის ლიკვიდაცია და ა.შ. აი, ეს საკითხებია უმნიშვნელოვანესი და იმის მაგივრად, რომ ამ მიმართულებით ისმებოდეს შეკითხვები, გამოდის სახალხო დამცველი და რაღაც პროცესუალური ნორმების დარღვევაზე საუბრობს. რა თქმა უნდა, ესეც უნდა აღინიშნოს, მაგრამ ბრალის არსებითი გარემოება სულ სხვა პროექციაა; და როდესაც ლაპარაკია იმაზე, რომ დროულად ვერ შეძლო პიროვნებამ ზარის განხორციელება, მე ვფიქრობ, ამაზე აპელირება არსებითად მნიშვნელოვან საკითხს ვერ გადაფარავს.

ახლა რაც შეეხება იმ სამარცხვინო კამპანიას, რომელსაც ეს დღეებია ამ თემასთან დაკავშირებით თვალ-ყურს ვადევნებთ, „რუსთავი ორის“ ეთერში გუშინ ჩვენ ვიხილეთ კიდევ ერთი სპექტაკლი, რომელიც პირდაპირ მიმართული იყო საპატრიარქოს წინააღმდეგ და რომელშიც რუპორად გამოყენებული იყო ერთ-ერთი უმაღლესი იერარქი, მეუფე პეტრე და მონაზონი, რომელიც არ განეკუთვნება საქართველოს საეკლესიო იურისდიქციას. ამ ორმა ადამიანმა პრაქტიკულად განახორციელა შტურმი საპატრიარქოზე და სასულიერო პირებზე. ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვა: რომ არ დაეკავებინათ დეკანოზი გიორგი (მამალაძე) ციანიდით ხელში, მეუფე პეტრე ამ თემებზე ისაუბრებდა?! ან მონაზონი დედა სიდინია ისაუბრებდა?! ხომ არ ხდება საპატრიარქოში არსებულ კორუფციულ გარემოზე აპელირებით იმ უმნიშვნელოვანესი საკითხის გადაფარვა, რომელიც შეიძლება, მხოლოდ ერთი პიროვნების ლიკვიდაციის განზრახვით არ შემოიფარგლებოდა?! ჩემი აზრით, ასეთი მძიმე დანაშაულის უკან, სავარაუდოდ, უნდა მომხდარიყო შემზადება შემდგომი პროცესებისა, რომელსაც უნდა მოეტანა სერიოზული ზიანი, როგორც ეკლესიისთვის, ისე სახელმწიფოსთვის. საერთოდ, მე მიმაჩნია, რომ ყოველგვარი დიალოგი ეკლესიის საკითხებზე ეკლესიის მტრებთან უნდა დასრულდეს და პლურალისტური გარემო, მათ შორის მედიის თავისუფლება არ უნდა გულისხმობდეს აღვირახსნილი, ცილისმწამებლური და მით უმეტეს დანაშაულის გადამფარავი პროპაგანდის შესაძლებლობას. ჩვენ ძალიან კარგად დავინახეთ, რომ არსებობს კონკრეტულ დანაშაულში ბრალდებული პირი და პროკურატურას ისღა დარჩენია, გამოაცხადოს ზოგიერთი გარემოების შესახებ, რომელიც გამოძიებისთვის ცნობილია, როგორც უტყუარი მტკიცებულება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ასე გაგრძელდა და  კონკრეტულ შეკითხვებს კონკრეტული პასუხები არ გაეცა, საზოგადოებაში დაიწყება ძალიან დიდი ვნებათაღელვა. რაც ყველაზე ცუდია, ეს ყველაფერი ეკლესიის მტრებს მისცემს საშუალებას, ბოლომდე განახორციელონ თავიანთი შავ-ბნელი ზრახვები და საბოლოოდ ამან შეიძლება მიგვიყვანოს ძალიან ცუდ შედეგებამდე.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here