Home რუბრიკები საზოგადოება ნიკოლოზ მჟავანაძე: პროკურატურის სირცხვილია, რომ ნანუაშვილი დაპატიმრებული არ არის

ნიკოლოზ მჟავანაძე: პროკურატურის სირცხვილია, რომ ნანუაშვილი დაპატიმრებული არ არის

496

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ პატრიარქის მოწამლვის მცდელობის ბრალდებით დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს შემაშფოთებელს უწოდებს.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ამ საქმესთან დაკავსირებით პრემიერ-მინისტრის, ვიცე-პრემიერის, იუსტიციის მინისტრისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული განცხადებები უხეშად არღვევს ბრალდებულის უდანაშაულობის პრეზუმციას: საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, „ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით“. ადამიანის უფლებათა ცენტრი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე, შეახსენებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლს, რომლის თანახმადაც, უდანაშაულობის პრეზუმფცია წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლების შემადგენელ უმნიშვნელოვანეს პრინციპს: „ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით“. აღნიშნულ საქმეზე არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენი. ამ ეტაპზე საზოგადოებისთვის უცნობია დაკავებული დეკანოზის პოზიცია. ინფორმაციას მედიას ვერ აწვდის მისი ადვოკატიც, რადგან პროკურატურამ გაუთქმელობის ხელწერილი დააწერინა (თუმცა, უცნობია, საქმეს გრიფისაიდუმლოადევს თუ არა). მედიაში ვრცელდება ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მხრიდან, რომელთა ნაწილი არათუ დეკანოზ გიორგი მამალაძის დამნაშავეობას აყენებს ეჭვის ქვეშ, არამედ თვითონ დანაშაულსაც. ამ ვითარებაში მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული განცხადებები არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რამაც, ამავე დროს, შესაძლოა, ზეგავლენა იქონიოს საზოგადოების წინასწარი აზრის ფორმირებაზე და საფრთხე შეუქმნას სამართლიან და მიუკერძოებელ სამართალწარმოებას აღნიშნულ საქმეზე“, – ნათქვამია განცხადებაში

რამდენად საფუძვლიანია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ გავრცელებული განცხადება, ირღვევა თუ არა რეალურად პატრიარქის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული სასულიერო პირის უდანაშაულობის პრეზუმცია და რატომ ცდილობს რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები მის დაცვას, „საქართველო და სმოფლიო“ „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარეს ნიკოლოზ მჟავანაძეს დაუკავშირდა.

ნიკოლოზ მჟავანაძე:- უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევაა, როცა ბრალდებულს ბრალეულობის დამტკიცებამდე გამოაცხადებენ დამნაშავედ, მაგრამ აქ ლაპარაკია მხოლოდ განზრახვაზე. არსად თქმულა, რომ ის დამნაშავეა და ამას დამტკიცება არ სჭირდება.

რაც შეეხება „ადამიანის უფლებათა ცენტრს“, ის არის უჩა ნანუაშვილის ორგანიზაცია და რეალურად ეს ადამიანი წარმართავს ამ ორგანიზაციას. ასე რომ, მათ სიმართლე კი არ აინტერესებთ, ცდილობენ, ეკლესიას ჩირქი მოსცხონ. ამას ემსახურება მთელი ეს კამპანია, რომ თითქოს ვიღაცის უფლებები ირღვევა, ვიღაცას უკანონოდ აპატიმრებენ. მე თუ მკითხავთ, ნანუაშვილი თვითონ არის დასაჭერი. მეტიც, პროკურატურის სირცხვილია, რომ ნანუაშვილი დაპატიმრებული არ არის, რადგან აქ საუბარია უამრავ ფინანსურ დარღვევებზე… აგერ სულ რამდენიმე დღის წინ მის მიერ გათავისუფლებულმა ადამიანმა სასამართლოში აღიდგინა თავი. კიდევ რამდენი ასეთი უკანონობა ხდება, კაცმა არ იცის… ის არის სექტანტი და მთელი თავის ცხოვრება ებრძვის ეკლესიას. ეს ე.წ. არასამთავრობოები კიდევ მაგის მოკავშირეები არიან, მათ შორის „ადამიანის უფლებათა ცენტრიც“, სადაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან პოზიციაზე მისი ცოლია წარმოდგენილი. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here