Home რუბრიკები ისტორია ქართველ პოლიტიკოსებს “თურქული” შეეყარათ

ქართველ პოლიტიკოსებს “თურქული” შეეყარათ

2072

რატომ არ არის წმინდანად შერაცხილი ქართლკახეთის დიდებული ხელმწიფე ერეკლე II

1225 წლის დეკემბერში ჯალალმა სამზადისი საკმარისად ჩათვალა და თბილისისკენ დაიძრა, მდინარე არაქსთან მცირე ხნით კარვები დასცეს და აქ მოულოდნელი ამბავი გამჟღავნდა _ შალვა ახალციხელი თურმე წერილებს გზავნიდა და თანამემამულეებს ჯალალის გეგმებს ატყობინებდა.

მივაგოთკეისარს კეისრისა

დედამიწის ზურგზე, ალბათ, არ მოიძებნება მეორე ქვეყანა, რომელსაც იმდენი წმინდანი ჰყავს, რამდენიც საქართველოს.

365 დღიდან დაახლოებით ყოველი მეორე თუ არა, ყოველი მესამე ქართველ წმინდანთა მოხსენიების დღეა. ერთი მხრივ, საამაყოა, როდესაც ასეთი ჰეროიკული წარსულის პატრონი ხარ, მაგრამ, მეორე მხრივ, ნამდვილად უბედურია ის ერი, რომელსაც ამდენი მოწამე ჰყავს, რადგან ეს, რა თქმა უნდა, დალხინებული ცხოვრებით არ არის გამოწვეული. როგორც ილია ჭავჭავაძე იტყოდა: “ქრისტე ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის და ჩვენც ჯვარს ვეცვით ქრისტესათვის”.

 სამწუხაროა, რომ წმინდანთა შორის არ არის ქართლ-კახეთის დიდებული ხელმწიფე ერეკლე მეორე (1744–1798 წწ.), “სახალხო მეფე”, რომელიც ერმა მისი ყმაწვილობიდანვე შეიყვარა და პატარა კახი შეარქვა. დიდი ხანია, ხალხმა ღირსეული ადგილი მიუჩინა ისტორიაში ამ დიდ მეფეს, უბრალოდ, დასანანია, რომ ამ შემთხვევაში არ მოქმედებს ფორმულირება, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და, “ხმა ღვთისა, ხმა ერისას” ნაცვლად, მივიღეთ “ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა”.

 რა თქმა უნდა, წმინდანად აღიარებას თავისი კრიტერიუმი აქვს, ჩვენ არ შევუდგებით მასზე დაწვრილებით საუბარს, რადგან ძალიან შორს წაგვიგვანს, მაგრამ შევეცდებთ, დავასაბუთოთ პატარა კახის წმინდანად აღიარების აუცილებლობა.

და მაინც, ვინ იყო მეფე ერეკლე?

1. ქრისტიანი მართლმორწმუნე ხელმწიფე, რომელიც ისე ავიდა ტახტზე, რომ სარწმუნოება არ შეუცვლია. მანამდე, თითქმის 100 წლის განმავლობაში, ქართლსა და კახეთს ქრისტიანი მეფე არ ღირსებია, რადგან ტახტზე ასული თუ ასასვლელი კანდიდატისგან კატეგორიულად მოითხოვდნენ გამაჰმადიანებას. მამა-შვილი _ ქართლის მეფე თეიმურაზ მეორე და კახეთის მეფე ერეკლე მეორე _ იყვნენ პირველები, რომლებმაც გაუძლეს მრისხანე ნადირ-შაჰის ზემოქმედებას და შეინარჩუნეს სარწმუნოება;

2. სარწმუნოების დამცველი. ერეკლე II თითქმის 55 წლის განმავლობაში იბრძოდა ქვეყნისა და ქრისტიანობის დასაცავად. არადა, რა წყალობას არ ჰპირდებოდნენ. ხონთქარიც და შაჰიც მთელი კავკასიის რეგიონს “იმეტებდნენ”, ოღონდ მაჰმადიანობა მიეღო და მათ სამსახურში ჩამდგარიყო, მაგრამ ის კომპრომისზე არ წასულა არც თურქებთან და არც ირანელებთან. პატარა კახი დაუნდობლად მუსრავდა ქვეყნის მტერს და ხმალამოწვდილი იდგა სარწმუნოების სადარაჯოზე.

 ისიც უნდა ითქვას, რომ ერეკლე მეფე ფულსა და ოქრო-ვერცხლს არ იშურებდა ეკლესია-მონასტრების აღსადგენად, აშენებდა ახალი მონასტრებიც. შაჰ აბასის შემოსევების შემდეგ, თითქმის ასი წლის განმავლობაში, ქართლ-კახეთში არ აშენებულა და არ შეკეთებულა იმდენი ტაძარი, რამდენიც ერეკლე II მეფობის დროს;

3. ერის მსახური. ერეკლეს ასზე მეტი დიდი თუ პატარა ბრძოლა აქვს გადახდილი. მართალია, მას გამარჯვების სიხარულიც განუცდია და დამარცხების სიმწარეც, მაგრამ ბრძოლა არ შეუწყვეტია. დამარცხების მიუხედავად, ძალ-ღონე მოუკრებია და მტრისთვის სამაგიერო მიუზღავს. ასე იყო აზატ-ხანის ლაშქრობების შემთხვევაში. იგივე განმეორდა აღა მაჰმად ხანის საქართველოში შემოსევისას. ერეკლე II ვალმოხდილი წავიდა წუთისოფლიდან.

 როდესაც ერეკლეს ცხედარი განბანეს და გააპატიოსნეს, ხმლისა და შუბისგან დასერილ სხეულზე ადგილი ვერ უპოვეს, რომელზეც მომხდურ მტერს “თავისი კვალი” არ ჰქონდა დატოვებული. მაშინ შეიტყვეს, რა დიდი ტკივილისთვის გაუძლია ლეგენდარული მეფეს;

4. მეფე ასკეტი. ერეკლე ასკეტის ცხოვრებით ცხოვრობდა, მისი სიმდიდრე ხმალი იყო, ხოლო ავეჯ-გარდერობი _ ცხენის უნაგირი. ხაზინას თუ რამე ჰქონდა, იხარჯებოდა არა ფუფუნების საგნების შესაძენად, არამედ ქვეყნის საჭიროებისთვის. ღიმილის მომგვრელია, როდესაც ვერსალს მეფის სასახლეს ვუწოდებთ, ხოლო თბილისში, რიყეზე აგებულ შენობას დარეჯან დედოფლის “სასახლე” ჰქვია. ერეკლეს შეეძლო, ისტორიაში შესულიყო, როგორც ერთ-ერთი მდიდარი მონარქი (ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ნადირ შაჰის ინდოეთში ლაშქრობიდან იმდენი სიმდიდრე ჩამოიტანა, რომ იმ ფულით სამ ვერსალს ააშენებდა), მაგრამ მისი საზრუნავი არა პირადი ბედნიერება, არამედ ქვეყნის სვებედი იყო და ნამდვილად არ იქნება მართებული ამაგდარი მეფის ღვაწლის დაუნახაობა და დაუფასებლობა.

ერთ ისტორიას გავიხსენებ: უკვე სიბერეში შესულ სნეულ მეფეს თურმე თევზი მოართვეს, ერეკლე გაბრაზებულა და უთქვამს: ამ მძიმე მარხვაში თევზი როგორ უნდა ვჭამო. მე რა მაგილითი უნდა მივცე ხალხს?!”

 დაუსრულებლად შეიძლება საუბარი ერეკლეს პერსონის წარმოსაჩენად. შეიძლება ვინმე შემოგვედავოს, რომ ის არ აღესრულა მოწამეობრივი სიკვდილით, მაგრამ ეს არ არის ის არგუმენტი, რომელიც ჩრდილს მიაყენებს პატარა კახის სახელს. შეიძლება ჩამოთვლა უამრავი წმინდა მეფისა, რომლებსაც მოწამეობრივი სიკვდილი არ რგებიათ, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მათი ღვაწლის დაფასებისთვის.

რა კრიტერიუმით უნდა მოხდეს წმინდანების შერჩევა საერო პირების გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის, მაგრამ, ზნეობასთან მწყრალად მყოფი ადამიანები წმინდანებად რომ არ უნდა იწოდებოდნენ, დამეთანხმებით. უცნაურია, მაგრამ ფაქტი: წმინდა მეფეთა შორისარ მოიძებნაერეკლე მეორეს ადგილი, სამაგიეროდ, 5 ივნისს ქართული სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს წმინდა დამიანე (დემეტრეყოფილის) ხსენების დღეს. ჯერ ერთი, შეცდომაა ფორმულირებადამიანე (დემეტრეყოფილი)”, ვინაიდან ის აღესრულა, როგორც ერისკაცი დემეტრე მეორე, ამიტომ უფრო მართებული იქნებოდა, მისთვის დემეტრე (დამიანეყოფილი) გვეწოდებინა.

მათ, ვინც ისტორიასთან მწყრალადაა, მცირე ისტორიულ ექსკურსს ვტავაზობ: 1125 წელს, დავით აღმაშენებლის სიკვდილის შემდეგ, ტახტზე ავიდა მისი უფროსი ძე _ დემეტრე პირველი (1125_1156 წწ). დემეტრე კი ავიდა ტახტზე, მაგრამ, როგორც ჩანს, დავითი მაინც უკმაყოფილო იყო უფლისწულით და ანდერძად დაიბარა, როდესაც ცვატა (დემეტრეს ნახევარძმა) სრულწლოვანი გახდება და დემეტრეზე უკეთესი აღმოჩნდება, ტახტზე ის ავიდესო. დემეტრეს არც უფიქრია მამის ანდერძის შესრულება და მისი ტახტზე ასვლიდან რამდენიმე წელიწადში ცვატა უფლისწულიც დაიღუპა.

უკვე ასაკში შესული დემეტრე კი ცდილობს, ტახტის მემკვიდრედ არა უფროსი ძე _ დავითი, არამედ უმცროსი უფლისწული _ გიორგი დატოვოს. ამის გამო დავითმა ორჯერ სცადა ტახტიდან მამის ჩამოგდება და 1155 წელს მიზანსაც მიაღწია. დემეტრემ დავითგარეჯის მონასტერს შეაფარა თავი და დამიანეს სახელით ბერად აღიკვეცა.

მიუხედავად ამისა, ყოფილი ხელისუფალი აქტიურად ერეოდა სასახლეში მიმდინარე მოვლენებში, მას არ შეუწყვეტია ბრძოლა გიორგი უფლისწულის გასამეფებლად. გამეფებიდან ექვსი თვის თავზე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა მეფე დავით მეხუთე. ტახტზე ასვლა ეკუთვნოდა დემეტრე (დემნა) დავითის ძეს, მაგრამ, ეს რომ არ მომხდარიყო, დემეტრემ განიძარცვა ბერის სამოსი და ისევ საერო ცხოვრებას დაუბრუნდა. დავითგარეჯიდან თბილისს დაბრუნებულმა დამიანემ ხელახლა დაიდგა თავზე გვირგვინი და ისევ დემეტრე მეორედ მოგვევლინა.

ალბათ, არავის სჭირდება იმის შეხსენება, რომ ადამიანი, რომელიც ბერის სამოსს განიძარცვავს და საერო ცხოვრებას უბრუნდება, ძალიან დიდ ცოდვაში დგამს ფეხს. ცოდვილის გაწმინდანება, ცოტა არ იყოს, “სახამუშოა”. მხოლოდ ეს რომ იყოს, კიდევაიტანდაკაცი, მაგრამ იმას რა ვუყოთ, რომ ძალიან დიდი ეჭვი და კითხვის ნიშნები არსებობს მის მიერვე თვალებდათხრილი უფლისწული ცვატასა და დავით მეფის მოულოდნელ გარდაცვალებაზე?! ბერ დამიანეს არც შვილიშვილისთვის ტახტის წართმევა მატებს ღირსებას.

1139 წელს არანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომელმაც დაანგრია ქალაქი განძა. ამით ისარგებლა დემეტრემ და ქალაქი ადვილად ჩაიგდო ხელში (მიწისძვრისგან შემუსრულ ქალაქს წინააღმდეგობის გაწევის თავი ნამდვილად არ ჰქონდა), მაგრამ არც უცდია მისი შენარჩუნება, განძა გაძარცვა და დიდი ალაფით დატვირთული უკან გაბრუნდა. მეფემ ქალაქის კარიბჭეც ჩამოიტანა, რომელიც გელათის მონასტერს შესწირა და ახლაც იქ ინახება.

რა თქმა უნდა, დემეტრე იყო მეფე და მტერს მტრულად უნდა მოქცეოდა, მაგრამ არსებობს ზნეობრივი ზღვარი, რომელსაც არ უნდა გადააბიჯო. მიწისძვრამ ქალაქი მიწასთან გაასწორა, ათასობით ადამიანი ნანგრვებში მოჰყვა, ხალხს შველა და დახმარება ესაჭიროებოდა და ამ დროს კი დემეტრე რას აკეთებს? _ ძარცვავს ისედაც გაჩანაგებულ ქალაქს.

წმინდანები ასე არ იქცევიან!

უცნაური ხალხი ვართ ქართველები. დალოცვილო, მეფე ერეკლე გყავდეს და წმინდანად სოლომონ მეორეს აღიარებდე, რა ლოგიკაა?! სად ერეკლე და სად… არადა, სოლომონი იყო სუსტი მეფე, რომელიც, რასაც აღწევდა, სულ სხვისი დახმარებით. ის ტახტზე სახელოვანი ბაბუის _ ერეკლე მეორის დახმარებით ავიდა. 1789 წელს მათხოჯთან გამართულ ბრძოლაში ერეკლესა და გრიგოლ დადიანის დახმარებით დავით არჩილის ძემ დაამარცხა თავისი კონკურენტი დავით მეორე და სოლომონ მეორეს სახელით იმერეთის მეფე გახდა. დავითმა 1790 წელს ისევ სცადა ტახტის დაბრუნება, მაგრამ მეფე ერეკლემ სოლომონს თავისი შვილიშვილი იოანე მიაშველა და ლომსიანთ ხევში გამართულ ბრძოლაში გამარჯვება სოლომონს დარჩა.

სოლომონ მეორე რუსეთს ერთგულებას ეფიცებოდა და, ამასთანავე, ოსმალეთშიც გაგზავნა ელჩობა დახმარების სათხოვნელად. პეტერბურგში შეიტყვეს სოლომონის ორმაგი თამაშის ამბავი და 1804 წელს რუსეთის არმიის ნაწილებმა იმერეთი დაიკავეს. მართალია, იმავე წლის 25 აპრილს სოფელ ელაზნაურში დადებული ხელშეკრულებით იმერეთი რუსეთის ქვეშევრდომად ცხადდებოდა, მაგრამ ინარჩუნებდა პოლიტიკურ დამოუკიდებლობას და მეფობა ხელშეუხებელი რჩებოდა (იმერეთის შემადგენლობაში შედიოდა გურიის სამთავროც). მიუხედავად ამისა, იმერეთის მეფე სოლომონ მეორე არ წყვეტდა ოსმალეთთან კავშირს. მან ისარგებლა რუსეთ-თურქეთის ომით (1806– 1812 წწ) და აჯანყება დაიწყო იმერეთიდან რუსების განსადევნად, მაგრამ დახმარება ვერ მიიღო ოსმალეთიდან და რუსეთის ჯართან ბრძოლაში მარცხს მარცხზე განიცდიდა. 1810 წლის 28 მარტს რუსებმა იმერეთის მეფე შეიპყრეს და სუმბათაშვილის სახლში გამოკეტეს. სოლომონმა მოახერხა გაქცევა, ის ჯერ ახალციხის ფაშას ეახლა. ფაშამ, სულეიმან ხიმშიაშვილმა, დიდი ზარზეიმით მიიღო სოლომონი და, როგორცურჯულო”, რუსებთან დაუცხრომელი მებრძოლი, ოქროს უნაგირით აღკაზმული ცხენით დაასაჩუქრა. იმერეთის მეფე ახალციხეში დიდხანს არ გაჩერებულია, იქიდან ტრაპიზონში გაიქცა, სადაც 1815 წელს აღესრულა კიდეც.

არ გვინდა, ეჭვი შევიტანოთ წმინდანად გამოცხადების წესის მართებულებაში, მაგრამ აშკარაა, რომ ამ საკითხში გადამწყვეტ როლს პოლიტიკური კონიუნქტურა თამაშობს: ერეკლემ რუსებს გაუფორმა გეორგიევსკის ტრაქტატი _ ესე იგი, არ ვარგა; ხოლო სოლომონი ებრძოდა რუსეთს და წმინდანია, ამას წყალი არ გაუვა (ამ ლოგიკით, ბარემ ნოე ჟორდანიაც გამოვაცხადოთ წმინდანად, ისიცებრძოდარუსეთს და მანაც უცხოეთში დალია სული)… როგორც ჩანს, “შაბლონებსვერც ჩვენი დედაეკლესია გაექცა.

საქართველო უსახელო გმირების ქვეყანაა, მათი ამაგი ჯეროვნად არ არის დაფასებული. ამის ნათელი მაგალითია ყირიმელი თათრების საქართველოში შემოჭრა. არ მეგულება ქართველი, რომელსაც არ სმენოდეს თევდორე მღვდლის გმირობის ამბავი, მაგრამ მაინც დავუბრუნდებით ამ ისტორიას.

მეფე ლუარსაბ მეორე მცირე ამალით ცხირეთის ციხეში იყო დაბანაკებული. მტერმა შეიპყრო კველთელი მღვდელი თევდორე და მეგზურობა უბრძანა. მღვდელმა მტერს შეგნებულად აუბნია გზა და ცხირეთს დააშორა. თათრები გვიან მიხვდნენ ამას და მღვდელი ხმლით აკუწეს. ამ თავდადებისთვის თევდორე კველთელი ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

კეთილი და პატიოსანი, მაგრამ უცნაური ისაა, რომ, სანამ თევდორეს გადაეყრებოდნენ, მანამდე ყირიმელმა თათრებმა ხუთ შემთხვევით შემხვედრ ქართველს უბრძანეს მეგზურობა, ხუთივემ სასტიკი უარი განაცხადა და ამის გამო ხუთივემ სიკვდილით ზღო. ისინი, რა თქმა უნდა, გმირები არიან და ნამდვილად იმსახურებენ სათანადო პატივის მიგებას, მაგრამ პატივს ვინ დაეძებს, მათი სახელებიც კი არ შემორჩენია ისტორიის ფურცლებს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 12 მარტს მეფე დემეტრე თავდადებულის (1270_1289 წწ.) ხსენების დღეს აღნიშნავს. წმინდანად აღიარეს ადამიანი, რომელიც “ურწმუნოებისა” და “აღვირახსნილი” ცხოვრების გამო არაერთხელ გადასცეს ანათემას. მას კონფლიქტი ჰქონდა სასულიერო პირებთან. აი რას წერს მემატიანე: “თუმცა უწესობათა დიდად ამხილებდა ნიკოლოზ კათალიკოზი და ნიკოლოზ მაწყუერელი ჯუანშერის ძე… მაგრამ არავინ ყურად არ იღებდა სიტყუასა მათსა”. მეფესთან რომ ვერაფერს გახდა, კათალიკოსი გადადგა, ანუ “ვერ არწმუნა და დაუტევა კათალიკოზობა”.

მეფეს იმხანად განთქმული საეკლესიო მოღვაწე ბერი ბასილ ათონელიც ამხელდა. მან მეფეს საშინელი მომავალი უწინასწარმეტყველა და შეაჩვენა. საპასუხოდ დემეტრემ ბერ-მონაზონი ბილწი სიტყვებით გალანძღა. როდესაც დარწმუნდა, რომ მკრეხელ მეფეს ვერაფერი შეაგონა, მამა ბასილიც, ნიკოლოზ კათალიკოზის მსგავსად, საქართველოს გაეცალა.

და მრუში, გარყვნილი მეფე უცებ წმინდანად იქცა. ამას წინ უძღოდა მონღოლთა ყაენის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულება, რომელიც არღუნ ყაენის (1284_1291 წწ.) ვაზირმა ბუღა ჩინგსანგმა მოაწყო. ბუღა სიკვდილით იქნა დასჯილი. მის შვილსა და ნათესავებს იგივე ბედი ეწია, ისევე, როგორც ამ შეთქმულების ყველა მონაწილეს.

ვინაიდან დემეტრე ბუღასთან მეგობრობდა, ყაენთან დაიბარეს. იქ, მართალია, დემეტრე სიკვდილით დასაჯეს, მაგრამ იმის თქმა, რომ მეფემ წინასწარ იცოდა თავისი აღსასრულის შესახებ, სიბრიყვეა და მეტი არაფერი. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ყაენის გადაწყვეტილება, რომელმაც დემეტრეს შედარებით მსუბუქი სასჯელი _ “არგნით ცემა” _ აკმარა (მონღოლური წესისამებრ, ვინც არგნით გაიშოლტებოდა, სიკვდილით აღარ ისჯებოდა). ალბათ, ყველაფერი ამით დასრულდებოდა, რომ არა სადუნ მანკაბერდელის ძის _ ხუტლუბუღას საშინელი შურისძიება. სადუნ მანკაბერდელს ორი თანამდებობა ეკავა (იყო ათაბაგი და სპასალარი) ჯერ დავით ულუს (1247–1270 წწ.), ხოლო შემდეგ დემეტრეს სამეფო კარზე. სადუნის სიკვდილის შემდეგ დემეტრემ ხუტლუბუღას სპასალარობა უბოძა, ხოლო ათაბაგად (შესაბამისად _ პირველ ვაზირად) ტარსაიჭ ორბელი დაიყენა. ორბელმა თანდათან შეავიწროვა ხუტლუბუღა და მისი გავლენა სამეფო კარზე მინიმუმამდე დაიყვანა. მეფეზე განაწყენებულმა ხუტლუბუღამ ილხანთა ყაენში იპოვა მფარველი და მისი ერთგული მსახური გახდა. შემდეგ, როგორც კი მიეცა საშუალება, დემეტრე მეფეზე შური იძია. ყურადღება მივაქციოთ: ყაენი არ აპირებდა მეფის სიკვდილით დასჯას. უბრალოდ, მან შეასრულა ერთგული მსახურის _ ხუტლუბუღას თხოვნა და განაჩენი შეცვალა.

არავინ აკნინებს მეფე დემეტრეს თავდადებას, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ყაენი არ აპირებდა მის დასჯას და დემეტრე თავისივე “სპასალარის” შურისძიების მსხვერპლი შეიქნა. გარდა ამისა, მართალია, მონღოლთა დიდი ლაშქარი არ შემჭრილა საქართველოში, მაგრამ იმხანად ჩვენს ქვეყანაში მონღოლთა საოკუპაციო რაზმები იდგნენ ისინი ამყარებდნენ “წესრიგს”, საქართველოს გაჩანაგებაში “ეხმარებოდნენ” მონღოლ ბასკასებს, ანუ ხარკის ამკრეფებს და “კომპეტენციის ფარგლებში” არც ქართველი ხალხის დაწიოკებასა და დახოცვას თაკილობდნენ. საუბედუროდ, ეს რაზმები ქვეყნის ფარგლებს გარედან შემოჭრილ ჯარზე არანაკლებ ზიანს გვაყენებდნენ, ამიტომ იმის თქმა, რომ დემეტრემ თავისი სიკვდილით ქვეყანას დიდი საფრთხე ააცილა, გადაჭარბებულია.

საცოდავერეკლეს არც დედაეკლესია აუკლია ბილწსიტყვაობით, ასაკოვანი მეფე წირვალოცვებსაც ესწრებოდა და მარხვასაც ზედმიწევნით იცავდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც ვერ მოიგო ეკლესიის მესვეურთა გული. თუ მისიდანაშაულიის იყო, რომ სტამბოლში წასვლასა და კუნძზე თავის დადებას ასპინძის ომში თურქების მრავალრიცხოვანი ჯარის განადგურება არჩია?! ამაზეა ნათქვამი, “ზოგისა ბამბაც ჩხრიალებს, ზოგის _ კაკალიც არაო.”

მეფე ერეკლე რომ არ გვყოლოდა, უნდა “გამოგვეგონებინა” და მისი ჰეროიკული ცხოვრების მაგალითზე გაგვეზარდა მომავალი თაობები. ჩვენ კი როგორ ვიქცევით?! _ მის ღვაწლსა და დამსახურებას ვჩქმალავთ და აქცენტს ყალბ გმირებზე ვაკეთებთ. ვინ იქნება წმინდანი _ ეს რიგითი მოქალაქეების გადასაწყვეტი ნამდილად არ არის, მაგრამ ისტორიული სამართლიანობა გვავალებს, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და მივაგოთ “კეისარს კეისრისა”.

მგონია, რომ ერეკლე მეორეს წმინდანად გამოცხადება, ადრე თუ გვიან, მაინც მოხდება. ეს გარდაუვალია, რადგან შეუძლებელია ამ დიდი მეფის ამაგის დავიწყება. როგორც სულმნათი ილია ჭავჭავაძე ბრძანებდა: “ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი, თავისდა საუბედუროდ, თავის ისტორიას ივიწყებს”. ამას კი არც ერთი ერი არ დაუშვებს.

ვანო სულორი

P.S. სამწუხაროა, რომ ისტორიულ წარსულთან, მხოლოდ სასულიერო პირები კი არა, მასმედიის წარმომადგენლებიც ვცოდავთ. ჩვენი წარსულის პოპულარიზაციის ნაცვლად, ტელეეთერს ვუთმობთ თურქულ ისტორიულ სერიალებს. ამის გამო ქართველ საზოგადოებას უფრო სრული წარმოდგენა თურქეთის ისტორიაზე ექმნება, ვიდრე საკუთარი ქვეყნის წარსულზე. ერთ პარადოქსზე გავამახვილებ მკითხველის ყურადღებას: ღამით ქართველიმორწმუნეცრემლს აღვარღვარებს სერიალქოსემის რისხვისპერსონაჟ სულთან ახმედ ხანის ტრაგიკულ ბედზე, მეორე დილით კი ეკლესიაში სანთელს უნთებს სულთან ახმედის მეომრების მიერ სიკვდილით დასჯილ წმინდან თევდორე ბერს. მსგავსი რამ მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს.

1 COMMENT

  1. დემეტრე პირველმა თავის მცირეწლოვან ძმას 12 წლის ცვატა ვახტანგის თვალები დასთხარა ისტორიაში გააქრო და მომავალი პოლიტიკური მოქიშპე მალევე მოიშორა… და ასევე არ აღასრულა დავითი აღმაშენებლისს ანდერძი… ასევე პოლიტიკურად სასიკვდილოდ გაიმეტა ერთადერთი შვილისშვილი ვაჟი ტახტის მემკვიდრე დემნა ბატონიშვილი…

  2. ნუ ერევით ეკლესიის ფუნქციებში, ერეკლე მეორის კათოლიკებთან ლაციცის შესახებ გსმენიათ ? საერო დამსახურებას მას არავინ უკარგავს, მაგრამ…
    გაზეთ “მრევლში\\\” იბეჭდებოდა სტატიების სერია ამ თემაზე და დაინტერესებულებს შეუძლიათ მოიძიონ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here